GEWORLD.GE:
ემუქრება თუ არა საფრთხე თავისუფალ მედიას, რა არის ქართული ჟურნალისტიკის მთავარი პრობლემა და რატომ გაუჩნდა საბჭოთა წყობილებასთან ასოციაცია, ჟურნალისტი შალვა რამიშვილი გვესაუბრება.
_ ბოლო დროს, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პირადად პრეზიდენტის მხრიდან ჟურნალისტების მისამართით ხშირად ისმის არაკორექტული გამოთქმები. მედიის წარმომადგენლებს ხან «მონებს» და «ეგრეთ წოდებულს», ხან «ვაი თქვენს პატრონს» ეძახიან… ამ ფონზე, თუ ფოტოგრაფების გახმაურებულ საქმესა და «მედიაპალიტრაში» შესვლის ფაქტსაც გავიხსენებთ, შესაძლებელია, ეს ყველაფერი ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ღია ბრძოლის დაწყებას ნიშნავდეს?
_ ხელისუფლება ქვეყანაში ავტორიტარიზმს ამკვიდრებს, ტელეკომპანიები _ «იმედი» და «რუსთავი 2» არამხოლოდ ბრეჟნევისეულ, არამედ შუა აზიურ, დიქტატორულ ქვეყნებში არსებულ ტელევიზიებს დაემსგავსა, სადაც მხოლოდ აღვირახსნილობის პროპაგანდა მიმდინარეობს. 40 წუთი ეთმობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტებს. ამ სიუჟეტებში ჟურნალისტიკის ნატამალიც არ არის. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის არა ჟურნალისტების, არამედ სააკაშვილის პრესსამსახურის თანამშრომლების მიერ გადაღებული კადრებით შეზავებული მიშას დითირამბები.
ცხადია, სააკაშვილი ებრძვის მედიას. თუნდაც ის ფაქტი, რომ «კვირის პალიტრის» მედიაჰოლდინგში შემოსავლების სამსახურმა შემოწმება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა და დღემდე არანაირი გადაწყვეტილება არ გამოუტანიათ (არადა, სამი თვე ამოწმებდნენ და ვერაფერი იპოვეს), მოწმობს იმას, ხელისუფლება უკვე არამარტო ბიზნესკომპანიებს უკრძალავს ზოგიერთ მედიასაშუალებაში რეკლამის განთავსებას, არამედ ღიად ილაშქრებს მისი გავლენის ქვეშ არმყოფი მედიასაშუალებების წინააღმდეგ. ხელისუფლებას არ აკმაყოფილებს ის, რომ ელექტრონული მედიის მძლავრ საშუალებებს აკონტროლებს და უკვე იმ პატარა მედიასაშუალებების დამოჩილებაც სურს, რომლებიც მისგან განსხვავებულ, ალტერნატიულ აზრს ახმოვანებენ.
_ ფოტოგრაფების გახმაურებული დაპატიმრების შემდეგ, ბევრი ჩვენი კოლეგა ფიქრობს, რომ შესაძლოა ჟურნალისტების დაჭერა გაგრძელდეს.
_ მე რამდენადაც ვიცი, ევროპელებისა და ამერიკელების ფაქტორი აკავებს სააკაშვილს და ღია რეპრესიებზე არ გადადის, თორემ უარესს იზამდა. რა თქმა უნდა, მხოლოდ სხვების იმედზე ვერ ვიქნებით, მაგრამ, მედიაზე თავდასხმის ნებისმიერ შემთხვევაში, ჟურნალისტებმა ერთსულოვნება უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას და არ უნდა დავუთმოთ.
_ როდესაც ფოტოგრაფები დაიჭირეს, იმ დღეებში ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ ბრძოლას არ შეწყვეტდნენ და საქმეს შუა გზაზე არ მიატოვებდნენ.
_ მე მსურდა, ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებულ ფოტოგრაფებს არ ეღიარებინათ დანაშაული, მაგრამ ახლა, როცა დანაშაულიც აღიარეს და გამოუშვეს კიდეც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა იმისთვის, რომ კვლავ განაგრძო ამ თემაზე საუბარი. გზები მოჭრილია.
ყველა თავად წყვეტს, აღიაროს თუ არა დანაშაული, დაჰყვეს თუ არა ხელისუფლების ნებას. მე პირადად ვერავის რეკომენდაციას ვერ მივცემ, როგორ მოიქცეს, მაგრამ თავად არ ვაღიარე დანაშაული და ამის გამო 4 წელი ციხეში ვიჯექი, თუმცა შეწყალების სიაში მოხვედრის შანსი მქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ასე უნდა მოიქცეს.
_ «ვიკილიქსის» მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სააკაშვილს საქართველოს პრობლემად არა თავისუფლება, არამედ მედიის დაბალი პროფესიონალიზმი მიაჩნია.
_ რა თქმა უნდა, ისევე, როგორც სხვა სფეროებში, ჟურნალისტიკაშიც ბევრი პრობლემაა. რა, ხელისუფლებაში მყოფი მინისტრები მაღალკვალიფიცურნი არიან?
მედიის პროფესიონალიზმის ნაკლებობას, ბევრი ფაქტორი განაპირობებს, თუნდაც ის, რომ ქვეყანაში არ იყო სათანადო განათლების მიღების შესაძლებლობა, ზოგადსაკაცობრიო აზროვნების მიღწევები და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი გვიან აღწევდა ჩვენამდე, მაგრამ, თუ სააკაშვილს მედიის კომპეტენცია არ მოსწონს, მაშინ მან უნდა შექმნას კონკურენცია ტელევიზიებსა და რადიოებს შორის, რადგან, თუ ასე გაგრძელდა, ტელეჟურნალისტიკა შეიძლება ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.
პროფესიონალიზმზე მეტად, საქართველოში პრობლემატური მედიის თავისუფლებაა. ხელისუფლება ყველანაირად ზღუდავს მედიის თავისუფლებას, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება როგორც ჟურნალისტების კომპეტენციაზე, ისე ზოგადად დემოკრატიის ხარისხზე.
_ ცოტა ხნის წინათ «კვირის პალიტრაში» წერილი გამოაქვეყნეთ სათაურით «ახალი კომუნისტები», სადაც წერთ, რომ «სულ უფრო და უფრო მღრღნის ეჭვის ჭია, რომ კომუნისტები არ წასულან, აქ არიან! ფერად-ფერადი ფასადებიდან მიყურებენ დამცინავად, მოცეკვავე შადრევნებიდან მიქნევენ ხელს». რატომ გაგიჩნდათ საბჭოთა წყობილებასთან ასოციაცია?
_ როცა ვუყურებ გაუთავებელ ზეიმებს, ახალი ხიდების, სასტუმროების, ქარხნების გახსნას, ვიგრძენი, რომ ბავშვობაში დავბრუნდი.
ჯერ ადამიანების მასობრივი დაპატიმრებები არ მიმდინარეობს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ნებისმიერი სფეროს ძალიან მკაცრ კონტროლს ახორციელებს, უზურპირებული აქვს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლება და ახლა მედიაც დაისაკუთრა, ეს ნათელია ყველასთვის, ვისაც რაღაცის დანახვა სურს.
_ ამას წინათ Facebook-ზე წერდით, რომ თუ ჟურნალისტის სტატიებს, გადაცემებს გავლენა არ აქვს, თუ არ იცვლება რაღაცები შენი საქმიანობის შედეგად, მაშინ ჟურნალისტი ემსგავსება ქალს, რომელიც საკუთარ თავს ეპრანჭება სარკეშიო… მაშინ, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრესას არ კითხულობენ, ჟურნალისტებისთვის დაკეტილია ყველა კარი, თქვენს გადაცემაშიც ვნახეთ პატარა ინციდენტი, როცა ვაზისუბანში «ნაციონალების» ოფისში სტუმრობის დროს კარიც არ გაგიღეს, როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი?
_ ჩვენ მაინც ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, უბრალოდ, ვეცადოთ, რომ ამას ერთჯერადი ხასიათი არ ჰქონდეს და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივყვეთ. ჟურნალისტმა მაინც უნდა დაწეროს, აჩვენოს და ყველას დაანახოს, რა ხდება სინამდვილეში. აჩვენოს, თუ როგორ არ სურთ ხელისუფლების წარმომადგენლებს ჟურნალისტებთან საუბარი.
რა თქმა უნდა, როცა გრძნობ, რომ შენს ნაწერს არ აქვს გავლენა საზოგადოებაზე, საკუთარი მუშაობით არ შეიძლება კმაყოფილი იყო. მე არა მგონია, რომ ჩვენი მუშაობა არ ახდენდეს გავლენას საზოგადოებრივ აზრზე, უბრალოდ, ხელისუფლება ნაკლებად ითვალისწინებს საზოგადოების აზრს.
_ ხშირად გახსენებენ ხოლმე გადაცემაში, რომ მექრთამე ხარ…
_ მე ყოველთვის ვამბობ, რომ არ ვარ მექრთამე, გამომძალველი ვარ. მე არ მაქვს სურვილი, ამ ადამიანებს ვუმტკიცო ჩემი უდანაშაულობა, რადგან მე ვიცი, რომ დამნაშავე არ ვარ. მე არ ჩამიდენია სისხლის სამართლის დანაშაული. ყველაფერს თავისი დრო აქვს და, როცა სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მე მოვიხადე ის სასჯელი, რაც სახელმწიფომ მომისაჯა, და არავის ვალი არ მაქვს. შესაბამისად, ასეთ გამონათქვამებს ჩემი ძალიან კომპეტენტური კითხვების იგნორირების მცდელობად აღვიქვამ. არ გიპასუხებ იმიტომ, რომ ციხეში იჯექიო, რა პასუხია?
_ «თბილისის ფორუმზე» გაიხსნა თემა, არის თუ არა შალვა რამიშვილი საშიში? როგორ ფიქრობთ, ხართ საშიში?
_ გადაჭარბებული შეფასებაა, პირდაპირ გეტყვით.
_ როდესაც ეთერში «აკრედიტაციის გარეშე» გავიდა, განაცხადეთ, რომ გადაცემის მიზანია, საზოგადოებას «სარკეში ჩაახედოს» და აჩვენოს შეუნიღბავი სიმართლე. შეასრულა თუ არა გადაცემამ მიზანი?
_ თავიდანვე გადაცემის მიზანი იყო, ხალხს დაენახა, თუ რა იდიოტიზმამდე მიდის ხელისუფლების ბიუროკრატიზმი _ როცა ხელისუფლების წარმომადგენლები უნებართვოდ იმის გადაწყვეტილებასაც ვერ იღებენ, ელემენტარულ კითხვებზე რა პასუხი გაგცენ. ამ გადაცემით მე ყველას დავანახე საზოგადოებაში არსებული შიში, ზოგიერთი ოპოზიციონერის უნიჭობა და სიზარმაცე და, მგონი, ბევრი რამ.
_ ტელეკომპანია «მაესტროს» მფლობელებს შორის დაპირისპირება როგორ აისახება ტელეკომპანის მუშაობაზე?
_ მე არ ვარ «მაესტროს» თანამშრომელი, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი ტელევიზიაში არსებული სიტუაცია. ამდენად, ეს დაპირისპირება არანაირად არ ასახულა და არც აისახება ტელეკომპანიაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ახდენს დღეს «მაესტროზე» ზეგავლენას.
«მაესტრო» არის შპს და მის წევრებს უფლება აქვთ, საკუთარი წილი გაყიდონ, გააჩუქონ, მაგრამ ნებისმიერი, ვინც არ უნდა მოვიდეს, თუ ეცდება ჟურნალისტების შეზღუდვას, ტელეკომპანიას ის ხიბლი დაეკარგება, რაც დღეს აქვს, და ვიღაცის ჯიბის ტელევიზიად იქცევა.
_ ოპოზიციის დაპირებული შემოდგომა მოვიდა, თუმცა ვითარება არ შეცვლილა.
_ «ეროვნული ფორუმის» მარში ხომ არის დაგეგმილი?
_ ფიქრობთ, რომ ოპოზიციის აქტიურობა დაიწყო?
_ ასე ვიტყოდი: 2012 წლის არჩევნებისთვის მზადება ყველა პარტიაში დაიწყო. ეს მზადება გამოიხატება თუ არა მაინც და მაინც აქციებში, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ 2012 წლის არჩევნები არ იქნება ისეთი მშვიდი, როგორიც წარსულში იყო. ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა დახარჯავს ენერგიას, ფულს და დროს, რათა პარლამენტში მოხვდეს.
ესაუბრა
შორენა ცივქარაშვილი
P.S. ინტერვიუ უკვე მომზადებული იყო გამოსაქვეყნებლად, როცა შევიტყვეთ, რომ შალვა რამიშვილი ყვარელში, პრეზიდენტის ვენახში დააკავეს გადაცემის «აკრდეიტაციის გარეშე» მომზადებისას. «საქართველო და მსოფლიო» ჟურნალისტს დაუკავშირდა.
_ შალვა, რა გახდა თქვენი დაკავების მიზეზი, კანონი დაარღვიეთ?
_ ყვარელში სააკაშვილის ვენახისა და მისი სახლის გადასაღებად ჩავედით. მიშას მამულს არც ღობე აქვს, არც ჭიშკარი და არც არანაირი გამაფრთხილებელი წარწერა. არავის უთქვამს, რომ გადაღება არ შეიძლებოდა. სიმართლე გითხრათ, ზუსტად არც კი ვიცოდი, სააკაშვილის სახლი იყო თუ არა. გადამღებ ჯგუფთან ერთად შევედი ტერიტორიაზე, მარანში, ოთახებში. შემდეგ მოვიდა ვიღაც კაცი (როგორც შემდეგ შევიტყვეთ, ყვარლის პოლიციის უფროსი თემურ გურაშვილი), რომელიც ხელის კვრით ცდილობდა, გავეძევებინე, მაგრამ ვინ იყო, არ მეუბნებოდა; არც ფორმა ეცვა და არც საბუთი უჩვენებია. შემდეგ სამოქალაქო ტანისამოსიანმა ადამიანებმა, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ძალიან უხეშად მოგვათავსეს მანქანაში და გაგვიტაცეს. ვინაიდან მიშა მოფრინავდა, გასცეს ბრძანება, იქედან გავეგდეთ და გადაღებული მასალაც წაერთმიათ.
_ სად წაგიყვანეს და როგორ გექცეოდნენ?
_ თავიდან ძალიან აგრესიულად მექცეოდნენ, მერე მიხვდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა ამ აგრესიას. ორ კილომეტრში ჩამოგვსვეს მანქანიდან და ორი თანამშრომელი მოგვიჩინეს. ვეკითხებოდით, ვინ ხართ-თქო, მაგრამ მხრებს იჩეჩდნენ და არც ვინაობას და არც თანამდებობას არ ამხელდნენ. უბრალო მოქალაქეები ვართო, ამბობდნენ.
_ ამ დროისთვის თუ დაგიბრუნეს წართმეული აპარატურა?
_ არა. «ჩიპები», რაზეც გადაღებული ვიდეომასალა იყო და მიკროფონი, ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.