Home რუბრიკები საზოგადოება «რამკიანი პრეზიდენტი»

«რამკიანი პრეზიდენტი»

GEWORLD.GE:
24 სექტემბერს «სპეციალურმა რეპორტაჟმა» საზეიმოდ გახსნა სატელევიზიო სეზონი და სხვა მრავალ «იმედის გმირს» კიდევ ერთი _ პრეზიდენტი სააკაშვილიც მიამატა. შალვა რამიშვილისგან განსხვავებით, ლაშა ხარაზიშვილი პრეზიდენტის კარ-მიდამოში უპრობლემოდ შეუშვეს, _ არც კამერა წაურთმევიათ და არც მიკროფონი, თუმცა პრობლემამ მაინც იჩინა თავი: სახლი მხოლოდ ერთი რაკურსით და ისიც მოჭრილად იყო ნაჩვენები. როგორია მთლიანობაში ნაგებობა, ამას, ალბათ, სიტყვიერად თუ მოყვებიან გადამღები ჯგუფის წევრები, თუმცა ამას შალვა რამიშვილიც მოახერხებს.

პროფესიის ანბანია, რომ ნებისმიერი რესპონდენტი (მით უფრო _ პრეზიდენტი) ვიზუალურად საინტერესო გარემოში უნდა ჩაწერო, მაგრამ, როცა კადრის ერთ ნახევარში ნახევარი შენობაა, ხოლო მეორეში _ ერთფეროვანი ვენახის რიგები, იძულებული ხდები, რაღაც მოიფიქრო. «იმედელებმაც», ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, კადრს დამუქებული ჩარჩო გაუკეთეს და საქართველოს პრეზიდენტი «რამკიან პრეზიდენტად» აქციეს.
თუმცა მარტო ჩარჩომ არ უშველა და რეჟისორმა სპეცეფექტებსა და «აღმშენებლობითი» ხასიათის ჭრებს მიმართა; კომბაინიდან წვიმასავით წამოსული ხორბალი, მშენებარე და აშენებული ობიექტები, ჰესები და წყალსაცავები, მთავრობის სხდომა ვერტმფრენში, მოსავლის აღება, ანაკლია, საირმე, მესტია… ამგვარი იყო 80-იანი წლების სატელევიზიო ესთეტიკა, სწორედ ასე იქმნებოდა ქვეყნის წინსვლის სურათი საბჭოთა ტელევიზიის ეკრანებზე. «იმედმა» ისევე ამოიღო ნაფტალინიდან ეს ტელეხერხები, როგორც მმართველმა პარტიამ _ ლოზუნგი «გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია»!
«კომუნისტებს არაფერი გაუკეთებიათ»!
სააკაშვილმა გაიხსენა კომუნისტები და მათი 70-წლიანი რეჟიმი, «ნაცმოძრაობის» 8-წლიანი მოღვაწეობისგან განსხვავებით, მკაცრად შეაფასა: «კომუნისტებს არაფერი გაუკეთებიათ, რასაც აკეთებდნენ, თავისთვის აკეთებდნენ. ერთი პიცუნდა გააკეთეს და ისიც იმიტომ, რომ მოსკოვთან ახლოა»! 1800 კილომეტრი თუ ახლოა, 1645 კილომეტრი შორია? არადა, ბიჭვინთამდე სწორედ 1800 კილომეტრია, თბილისამდე კი – 1645. თუმცა ეს ყველაფერი პირობითია, რადგან თბილისიდან ბიჭვინთამდე დღეს გაცილებით შორია, ვიდრე თბილისიდან _ შიდა ქართლში მდგომ რუსულ ჯარამდე.
სააკაშვილის გეოგრაფია ყოველთვის პოლიტიკურ ქვეტექსტზე დგას და ამ წვრილმანზე ნუ შევედავებით. ამ ტირადაში უფრო სხვა რამ არის საინტერესო: მსხვილი პრივატიზაცია, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება ინვესტიციების მოზიდვის სურვილით ხსნის, სწორედ იმ ობიექტების გაყიდვაა, რომელიც კომუნისტებს «არ აუშენებიათ».
«ყველგან ხალხი ფუსფუსებს»
ხშირად გამეორებული ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ გზები და ინფრასტრუქტურა სწორედ უმუშევრობის დაძლევას ემსახურება, სააკაშვილმა რამდენიმეჯერ გაამყარა ფრაზით «ყველგან ხალხი ფუსფუსებს»!
«იმედის» თანამშრომლებს უნდა შევახსენოთ, რომ ასეთ შემთხვევაში ვენახში ხალხს უშვებდნენ და «აფუსფუსებდნენ» იმ ეპოქაში, რომელსაც «უძრაობის ხანა» ერქვა და რომლის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო პროგრამასაც სულ უფრო ემსგავსება ნაციონალური არხების ტელეპროდუქცია. ხოლო როცა პრეზიდენტის ზურგს უკან კარგად მოვლილი, მაგრამ უკაცრიელი ვენახია, ფრაზა «ყველგან ხალხი ფუსფუსებს» მთელ დანარჩენ ინტერვიუსაც არადამაჯერებელს ხდის.
აღმშენებლობის მაგალითების ჩამოთვლისას ლაშა ხარაზიშვილი «წაეხმარა» კიდეც პრეზიდენტს: «პროგრესია, სერიოზული»! მანაც მიიღო ეს კომპლიმენტი და საკუთარი ხალხი გაიხსენა: «მე ვიცი დედა, რომელსაც მთელი ზაფხული თბილისში ჰყავდა ორი შვილი იმიტომ, რომ საშუალება არ ჰქონდა, სადმე გაეყვანა. ახლა ის რომ ტელევიზორში უყურებს, როგორ ვარეკლამებ მესტიას, თხილამურებზე ვსრიალებ, მერე ანაკლიაში ვყვინთავ (უფრო სწორად, _ ბათუმში), ის ღიზიანდება, რა თქმა უნდა». ამ ინტერვიუში სააკაშვილმა, ყველასთვის მოულოდნელად, ბევრი ილაპარაკა იმაზე, რომ ხალხს უჭირს. ნუგეშის მომტანი კი ის არის, რომ «სახელმწიფომ ეს იცის».
«ბევრი სამართლიანი საყვედური მოვისმინე»
ადამიანურად, დაღლილი სახით, მან შეცდომებსა და გადაცდომებზეც ილაპარაკა. საგადასახადოს «გოგოებსა და ბიჭებს» ბიზნესზე «მიწოლა» დაუწუნა, საკუთარ თავს კი _ ხისტი გამონათქვამები. «ვაღიარებ, რომ გამონათქვამები ხანდახან ზედმეტი მომდის, მერე ვნანობ, რომ ჯობდა, არ მეთქვა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ, ჯერ ერთი, ყველას, მათ შორის მეც, გვაქვს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ ყველას აზრს» (საინფორმაციო სააგენტოებმა ამ ინტერვიუდან, ბეჭდური სახით გავრცელებისას, მორცხვად ამოიღეს ის, რაც სააკაშვილმა დაამატა: «თუმცა ჩემი სიტყვის თავისუფლება უფრო შეზღუდულია, რა თქმა უნდა». რაღა მაინცდამაინც იმას ამოიღებენ ხოლმე, რაც სიმართლეა?).
შემდეგი სიმართლე ასე გამოიყურება: «ზედმეტად გაგვიტაცა რეიტინგებმა. ყველა თავს ვიწონებთ, რომ საქართველო მსოფლიოს პირველი რეფორმატორია, კორუფციის დაბალი დონეა. ეს მართალია, მაგრამ ერთია, ქაღალდზე რა წერია, და მეორე, _ რაც ხდება რეალობაში.
…ჯარიმები იყო უსამართლო, სახელმწიფო კი _ ჩასაფრებულის პოზიციაში», თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ახალი ეკონომიკური კურსის შედეგად ვითარება შეიცვალა.
«ჩემი მთავარი ელექტორატი ბავშვებია»
სააკაშვილმა ისიც გაიხსენა, რომ მომავალ პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა სწორედ ოპოზიციამ მოითხოვა. «ბევრ რაღაცას არ ვეთანხმები იმ მოლაპარაკებებში, რომლებიც ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შედგა. მთელი ოპოზიცია ითხოვდა დეპუტატების რაოდენობის გაზრდას და მე არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ბევრი კამათის შემდეგ გადავდგით ეს ნაბიჯი. მერე ამ ოპოზიციის ნაწილი გამოხტა და თქვა, რომ ეს რეფერენდუმის შედეგებს ეწინააღმდეგებოდა. სინდისიც ხომ კარგი საქონელია, თუ გინდა თანხმობა, რაღაცაში შევთანხმდეთ. ჩემი ინიციატივა იყო პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირება, მაგრამ ასევე ხალხის დაკვეთაა, რომ ჩვენ რაღაცაზე შევთანხმდეთ და ეს ხალხი ითხოვს ოპოზიციის პარლამენტში მოხვედრას. თუ გაიზრდება დეპუტატების რაოდენობა, მეტი შანსი აქვს ოპოზიციას პარლამენტში მოხვედრის».
აქ სააკაშვილმა მთელი ოპოზიცია გააშიშვლა და ის, რასაც ხალხი გუმანით გრძნობდა, ხელისგულზე გადაუშალა. ერთის მხრივ, იგი ხალხის მხარესაა და არ ეთანხმება დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას, ხოლო მეორეს მხრივ, ისევ ხალხის მხარესაა და ყაბულს არის, რაკი «ხალხი ითხოვს ოპოზიციის პარლამენტში მოხვედრას». მერედა, თუ ითხოვს, შეუშვით, ამას რად უნდა პარლამენტარების რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდა? თუმცა ყველაზე გონებამახვილური პასაჟი მაინც ის ხუმრობა იყო, რომელიც ხარაზიშვილმა სერიოზულად არ აღიქვა:
«მე პირადად ყველაზე პოპულარული ვარ ბავშვებში. ჩემი მთავარი ელექტორატი ბავშვებია. თუ გამიჩნდა შანსი, რომ პარლამენტში გავიტანო კანონი, აუცილებლად სამი-ოთხი წლის ბავშვებს უნდა მივცეთ საარჩევნო უფლება. მაშინ სულ «ნაციონალური მოძრაობა» გაიმარჯვებს. ვხუმრობ, ამას ნამდვილად არ ვაპირებ».
არადა, ეს სულაც არ არის ხუმრობა. ჯერ ერთი, ეს საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა, რადგან, მიუხედავად მოწიფული ასაკისა, ოფიციალური მონაცემებით, ისინი ზუსტად ისე აძლევენ ხმას, როგორც სამი-ოთხი წლის ბავშვები. და მეორეც: ეს ბავშვები გაიზრდებიან და 2026 წლისთვის ხმის უფლებას ისედაც შეიძენენ. მთელი ეს ხუმრობა სინამდვილეში იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილი არათუ 2013 წელს, არამედ 2026 წლის შემდეგაც არ აპირებს ძალაუფლების დათმობას. თუ იმასაც გაიხსენებთ, რომ ამას წინათ მან 2025 წლის გეგმებზე ილაპარაკა, ნათელია, რომ იგი იმედებს სწორედ დღევანდელ ბავშვებზე ამყარებს.
«სპეციალური რეპორტაჟის» სატელევიზიო სეზონისა რა მოგახსენოთ, მაგრამ სააკაშვილმა უკვე გახსნა წინასაარჩევნო მარათონი. ხალხზე ზრუნვით დაღლილი, თმაშევერცხლილი, სახელმწიფოს მართვაში დაბრძენებული სააკაშვილი სულ სხვა გზავნილს სთავაზობს ხალხს: «დიახ, იყო შეცდომები, გადაცდომები, მეც ბევრჯერ მინანია რაღაც, ყველაფერი არც ისე კარგადაა, მაგრამ წინსვლა გვაქვს (იმდენად, რომ ელექტროენერგიას რუსეთზე ვყიდით, ოღონს რესტორნებში რუსულ სიმღერებს ვკრძალავთ. _ ნ. დ.). ოპოზიცია კი ბევრად უფრო უარესია და ეს პატარა ბავშვებსაც ესმით, ამიტომ სხვა არჩევანი ქართველ ხალხს არ აქვს.»
«იმედის» ჟურნალისტებისთვის ნაგვიანევია იმის ახსნა, რომ რეპორტაჟი ინტერვიუ არ არის. რეპორტაჟის დანიშნულებაა, რომ ოპერატიულად და დამაჯერებლად მოგვითხროს კონკრეტული მოვლენის შესახებ და მაყურებელი ამ მოვლენის მოწმედ, თანამონაწილედ აქციოს. სააკაშვილის ინტერვიუ არც მოვლენაა და არც ამბავი. ის მხოლოდ ინტერვიუა, უკეთეს შემთხვევაში, «აქტუალური ინტერვიუ». მისი თანამონაწილე კი ჩვენ ვერ გავხდებით, ისევე, როგორც მის მიერ ბევრჯერ მონათხრობი მიღწევებისა და წარმატებების.
ამერიკაში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრების წინ ჩაწერილი ინტერვიუს პათოსი ეთერში გასვლის დღესვე გააქარწყლა რუსეთის მმართველი პარტიის ყრილობამ, რომელზეც მედვედევმა პუტინის პრეზიდენტობას დაუჭირა მხარი, ხოლო პუტინმა მას საპარლამენტო სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობა შესთავაზა. ყველა, ვინც მათ დაპირისპირებაზე აპირებდა ხელის მოთბობას და მეტიც, «რუსეთის ჩამოშლას» წინასწარმეტყველებდა, თითქმის შოკში აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილის მეგობარ მაკკეინს ეს არ დაუმალავს.
ამიტომ არ შეიძლება ერთი კვირის წინ ჩაწერილ ინტერვიუს «სპეციალური რეპორტაჟი» დაარქვა და სწორედ იმ დღეს გაუშვა ეთერში, როცა ერთსა და იმავე დროს – მტერი და ბიზნეს-პარტნიორი ქვეყნის მმართველი პარტია წინასაარჩევნო განაცხადს აკეთებს. დღეს უკვე ცხადია, რომ სააკაშვილს თავისი ტაქტიკის რადიკალურად შეცვლა მოუწევს, მაგრამ მან ხომ ეს ერთი კვირის წინ არ იცოდა!
ნანა დევდარიანი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here