Home რუბრიკები საზოგადოება 27 სექტემბრის ინფოდაიჯესტი

27 სექტემბრის ინფოდაიჯესტი

648

დღეს ჯვართამაღლებაა

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს.
ჯვართამაღლების დღესასწაული მეოთხე საუკუნეში დაწესდა. მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა დაკარგული ჯვარი ისევ მოიძიეს. ეს მოხდა 326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორი,, კონსტანტინე დიდის (306-337 ) დროს. კონსტანტინე დიდმა ჯვარის მოსაძიებლად იერუსალიმში დედამისი, დედოფალი ელენე გაგზავნა. ელენე დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. ბოლოს უფალმა მხცოვანი იუდეველის, იუდას მეშვეობით გააცხადა დაფარული. იპოვეს მაცხოვრის საფლავი, მის მახლობლად კი – სამი ჯვარი, პილატეს დავალებით გაკეთებული დაფა სამენოვანი წარწერით და ოთხი ლურსმანი, რომლითაც  ძელზე მიამსჭვალეს ქრისტე. რომ გაეგოთ, რომელი იყო ცხოველსმყოფელი ძელი უფლისა სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა.
 
კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც გოლგოთა და უფლის საფლავი უნდა მოეცვა. ტაძარი დაახლოებით ათ წელს შენდებოდა და იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს. მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.
სოხუმის დაცემიდან დღეს 18 წელი შესრულდა.

ამ დღესთან დაკავშირებით პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები , ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიებებს მართავენ. საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში კი აფხაზეთში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა.
აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.
ილია მეორე: აფხაზეთის ომში ორივე მხარე დამარცხდა

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჯვრის ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა.
„ არ ვიცი, ეს იყო აფხაზეთის გამარჯვება თუ დამარცხება საქართველოსი. სად არის გამარჯვება და სად არის დამარცხება, მეტად რთული საკითხია. ეს არ იყო აფხაზეთის გამარჯვება, ეს არ იყო საქართველოს დამარცხება. ეს იყო ორივეს დამარცხება. ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის, ეს იყო ომი მათ წინააღმდეგ, ვისაც შურდა ჩვენი, მაგრამ მეგობრობა გაიმარჯვებს. ქართველები და აფხაზები ვგრძნობთ იმას, რომ არ შეგვიძლია უერთმანეთოდ. ქართველი გრძნობს, რომ აფხაზები ჩვენი სისხლი და ხორცია. აფხაზებიც იგივეს გრძნობენ. მალე დადგება დრო, როდესაც ჩვენ ვიქნებით ერთად“ – ბრძანა უწმინდესმა.
დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს

ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი, დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.
პარლამენტის პლენარულ ხდომაზე ლორთქიფანიძემ, მისი საპარლამენტო დელეგაციებიდან გამოწვევის საკითხზე გამართულ დებატებზე განაცხადა:  „ჩემს მიმართ  პოლიტიკური დევნა ხორციელდება, ისევე, როგორც მთელი ფრაქციის წინააღმდეგ სხვადასხვა ფობიების გამოყენებით. ამ საკითხს ასე ნამდვილად არ დავტოვებ. ხელოვნურად ხდება ფრაქციის ჩამოშორება საერთაშორისო პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზიდან და ამის ხელშემწყობი, ბატონო დავით, თქვენ ბრძანდებით“ – მიმართა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის ბიუჯეტის ხარჯზე „ფეისბუქელ“ მეგობრებთან რესტორან „კოპალა“-ში „პურმარილების  მოწყობის შეწყვეტისკენაც მოუწოდა. საპასუხოდ დავით ბაქრაძემ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ცუდ მაგალითად „პატიმართა ოჯახებისთვის ფულის გამოძალვა“ დაუსახელა.
რამდენიმე დღის წინ, დავით ბაქრაძე Facebook-ში თავისი გვერდის აქტიურ მომხმარებლებს შეხვდა. პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ კი, შეხვედრის მონაწილეებმა რესტორან „კოპოლაში“ ისადილეს, რაც პარლამენტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
დავით ბაქრაძე ოპოზიციას სთხოვს, არ გამოიყენონ მიკროფონები ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ

ამის შესახებ ბაქრაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებ პეტრე მამრაძისა და აკაკი ბობოხიძის ფიზიკური დაპირსპირების შემდეგ განაცხადა.
„ყველას მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ. მაგრამ ისიც მესმის, რომ არსებობს საზღვარი, რასაც არავინ უნდა გადავიდეს. ეს არის სახელმწიფო ინტერესები“, – დასძინა ბაქრაძემ.
მისი თქმით, მართლაც რთულია მოსმენა იმისა, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ჩამოიშორა მისი ორი სისხლი და ხორცი – აფხაზეთი და სამაჩაბლო. მან ოპოზიციას პირობა მისცა, რომ სანამ პარლამენტის თავმჯდომარეა, ხელისუფლების კრიტიკის გამო მიკროფონს არავის გამოურთავს.
აკაკი ბობოხიძე დეპუტატ პეტრე მამრაძეს ფიზიკურად მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მამრაძემ სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის აგვისტოს ომს „ქართული პროვოკაცია“ უწოდა. ბობოხიძემ მამრაძეს „ახვარი“ უწოდა და ჩაარტყა. ბობოხიძის დამშვიდება უმრავლესობის წევრებმა შეძლეს.
აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია გახდა

აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა აფხაზეთის პრემიერ-მინისტრად ლეონიდ ლაკერბაია დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. შესაბამის ბრძანებულებას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ხელი დღეს მოაწერა.
„ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ასევე მიიღო და დააკმაყოფილა განცხადება მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ“,– იუწყება აფხაზური მხარე. მათივე ინფორმაციით, ალექსანდრე ანქვაბმა ახალ ე.წ. პრემიერ-მინისტრს ახალი ე.წ. მინისტრთა კაბინეტის დაკომოლექტება დაავალა.
ლეონიდ ლაკერბაია აფხაზური სეპარატისტული მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2002 წლიდან თანათავმჯდომარე სეპარატისტული მოძრაობისა „აიტაირა“. 2005 წლიდან აფხაზეთის ე.წ. მთავრობის ე.წ. პირველი ვიცე-პრემიერი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ცხოვრობს გუდაუთაში.
ანდრეი დენისოვი: საქართველოს გარდა რუსეთს ყველასთან თანასწორი ურთიერთობა აქვს

რუსეთს საქართველოს გარდა ყველა მეზობელ ქვეყანასთან თანასწორი და მდგრადი ურთიერთობები აქვს. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ანდრეი დენისოვმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„თუკი ჩვენ  მეზობელ ქვეყნებს ავიღებთ, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ესაზღვრება, ან მასთან ახლოს გეოგრაფიულ ზონაში იმყოფება, ჩვენ ყველასთან თანასწორი, დაბალანსებული და მდგრადი ურთიერთობები გვაქვს. ერთადერთი გამონაკლისი, ჩვენთვის არასასიამოვნო ცნობილი მოვლენების გათვალისწინებით – საქართველოა. არსებობს პრობლემები მის უმაღლეს პოლიტიკურ ხალმძღვანელობასთან, მაგრამ არა თავად საქართველოსთან და ქართველ ხალხთან“– აცხადებს დენისოვი.
28 სექტემბერს ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღინიშნება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხვალ  ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სწორედ ამ დღეს საიას თბილისის, ქუთაისის, თელავისა და გორის ოფისები გამართავენ ღონისძიებებს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე.
თბილისში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” საია გამართავს პროექტის „ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში მომზადებული კვლევის „თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობაზე თანხმობის გაცემა“ და საიას საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის პრეზენტაციას.
კვლევაში ასახულია თბილისის ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ ადგილებში, გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსებაზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვების კანონიერების პროცესი, ძირითადი ტენდენციები და პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემები. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა გადაწყვეტილებების ტენდენციურად მიღების ფაქტები, „პრივილეგირებული“ კომპანიების არსებობა, ასევე, მიღებული გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობა.
 
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here