Home რუბრიკები სამართალი ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებს სცემენ

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებს სცემენ

880

საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგიმ ტუღუშმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, დაიწყოს წინასწარი გამოძიება ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.
2011 წლის 11 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ ქუთაისის N2 დაწესებულების დაახლოებით 100 პატიმარს, რომელთა უმეტესობა საუბრისას აღნიშნავდა, რომ 2011 წლის 09 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, #2 დაწესებულებაში შევიდა სპეციალური დანიშნულების რაზმი, პატიმრების გარკვეული ნაწილი გამოიყვანეს საკნებიდან (ძირითადად C და D კორპუსში განთავსებული პატიმრები), სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ზოგი საკანში დააბრუნეს, ზოგი კი სამარტოო საკანში გადაიყვანეს. ოთხმა მსჯავრდებულმა წერილობითაც დაადასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი.
2011 წლის აგვისტოს თვეში სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ქუთაისის #2 დაწესებულებაში გეგმური მონიტორინგი ჩაატარა. მონახულებული პატიმრები აღნიშნავდნენ, რომ უკანასკნელ პერიოდში კვლავ თავი იჩინა მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებმა. პატიმართა თქმით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, სამარტოო საკანში გადაყვანის ნაცვლად, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, პატიმართა უმეტესობა ჯერ დაწესებულების „ბოქსში“ გადაჰყავდათ და იქ ფეხშიშველა, საცვლებისამარა ათავსებდნენ 3–დან 24 საათამდე. ზოგიერთმა მსჯავრდებულმა ისიც აღნიშნა, რომ ისინი სცემეს, თუმცა აღნიშნული ფაქტების წერილობით დაფიქსირებისგან თავი შეიკავეს.
ქუთაისის #2 დაწესებულებაში ზემოაღნიშნული პრაქტიკის არსებობა დაადასტურა მონახულებული პატიმრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ (დაახლოებით 600 პატიმარი), რაც განსაკუთრებით დამაჯერებელს ხდის აღნიშნულ ფაქტებს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქუთაისის დაწესებულება არის დახურული ტიპის, სადაც სხვადასხვა საკნებში მოთავსებულ პატიმრებს არანაირი კონტაქტი არ აქვთ ერთმანეთთან.
სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს ქუთაისის #2 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობით, მით უმეტეს, რომ უკანასკნელ ხანებში არასათანადო მოპყრობა აღარ წარმოადგენდა სასჯელაღსრულების დაწესებულებების სისტემურ პრობლემას, რა მოსაზრებაც, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს, თუ არანაირი ზომა არ იქნა გატარებული არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრისთვის და დამნაშავეების გამოვლენისა და დასჯისთვის.
 
 

1 COMMENT

  1. ძალიან მაინტერესებს! ქართველ კაცს რომ შეგიგინებენ: ცოლ-შვილს,დედას და ოჯახის წევრებს იმას რა პასუხი უნდა გასცეს???? ჩემი აზრით! სასიკვდილოთ უნდა ცემო რომ მეორეთ სურვილიც კი არ ქონდეს შეგინებისა. ამას მარტო სამარტოო საკანში ნამდვილად არც ყოფნის და არც შველის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here