Home რუბრიკები სამართალი პრეზიდენტმა სააკაშვილმა სვანები შეიწყალა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სვანები შეიწყალა

755

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კანადელი ინვესტორისთვის თანხის გამოძალვის საქმის 5 ფიგურანტი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის მესტიის საკრებულოს წევრი ნელი ნავერიანი, მესტიის საჯარო სკოლის დირექტორი მზევინარ ჯაფარიძე, მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ყოფილი უფროსი დავით ჯაფარიძე, ს.ს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მესტიის სამსახურის ყოფილი მთავარი ინჟინერი ტარიელ ჯაფარიძე და ადგილობრივი შოთა ჯაფარიძე არიან.

აღნიშნული ფაქტი სააგენტო „პირველს“ ნელი ნავერიანის უფლებების დამცველმა ნოდარ ჩხვიანმაც დაუდასტურა. მისი თქმით, პრეზიდენტის მესტიაში ბოლო ვიზიტისას რეგიონში რამდენიმე ახლადაშენებული ობიექტის გახსნაზე სვანებმა ზემოთ აღნიშნული პირების დაკავების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს. პრეზიდენტმა მათ დახმარება აღუთქვა და ამ საქმეზე მუშაობა სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ პროკურორ როლანდ ახალაიას დაავალა.
„საზოგადოებას ალბათ ახსოვს, როგორი კატეგორიული იყო მიხეილ სააკაშვილი ამ საქმის მონაწილეების მიმართ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ. ცნობილია, რომ სვანები ბოლო პერიოდში ხელისუფლებით მაინცდამაინც კმაყოფილები არ არიან, განსაკუთრებით – მიწების საკითხთან დაკავშირებით. პრეზიდენტმაც, ალბათ, ამ ფაქტორის საფუძველზე სვანების თხოვნის გათვალისწინება გადაწყვიტა“ – აღნიშნა ადვოკატმა.  მისი ინფორმაციით, ახლა გახმაურებული საქმის ყველა დაკავებული ფიგურანტი თავისუფალია, ხოლო ერთზე, რომელიც ამ დრომდე არ დაუკავებიათ, ძებნა გრძელდება. ძებნაში ჯამბულ ჯაფარიძეა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მასზე შეწყალება არ გავრცელებულა, რადგან ჯაფარიძეზე ძებნა იყო გამოცხადებული და ამ საქმის გარდა, მას სისხლის სამართლის სხვა საქმეში მონაწილეობის გამო პირობითი მსჯავრი ჰქონდა შეფარდებული.
შეწყალების ფაქტი თავად მსჯავრდებულებისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა და „ქალბატონები საპყრობილედან ფაქტობლივად ცალ-ცალი ჩუსტით გაიყვანეს“. ნელი ნავერიანი, მზევინარ ჯაფარიძე, დავით  ჯაფარიძე, ტარიელ ჯაფარიძე და შოთა ჯაფარიძე სამართალდამცველებმა გასული წლის 9 ივლისს დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული პირები კანადელ ინვესტორს დაბა მესტიაში არსებული ყოფილი ტურისტული ბაზის აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისთვის ხელის არშეშლის სანაცვლოდ 70 000 ლარს სძალავდნენ.   ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ქალბატონებს – თავისუფლების 4-4 წლით აღკვეთა, მამაკაცებს კი 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ შეწყალებამდე ნავერიანმა რაიონულ პროკურატურას საპროცესო გარიგების თხოვნით ორჯერ მიმართა, მაგრამ პროკურატურამ იგი არ დააკმაყოფილა და მიზეზად დანაშაულის სიმძიმე დაასახელა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here