„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, 26 წლის თემურ მეტრეველი, რომელმაც ერთი წლის წინ, თელავში, 42 წლის დიტო დენტოშვილი მოკლა, წინასაარჩევნოდ ციხიდან გაათავისუფლეს.
2010 წლის 3 ივლისს, თელავში, კულტურისა და დასვენების პარკში ჩხუბი მოხდა. სახელისუფლებო პარტიიდან თელავის საკრებულოს წევრმა თემურ მეტრეველმა, 42 წლის დიტო დენტოშვილი სასტიკად ცემა. ცემის შედეგად დენტოშვილმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. ის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობით თელავის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. თელავის პოლიციაში საავადმყოფოდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე სს საქმე იმავე დღეს აღიძრა. დენტოშვილი 7 ივლისს გარდაიცვალა, თუმცა მეტრეველს არ აკავებდნენ.
მეტრეველის მიერ დენტოშვილის ცემის ფაქტზე ინფორმაცია პირველად, 9 ივლისს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა. სამართალდამცავები იძულებულები გახდნენ მეტრეველი დაეკავებინათ.
შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა თემურ მეტრეველი 9 ივლისს, 16:25 საათზე, ლაგოდეხში დააკავეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მეტრეველი აზერბაიჯანში გადასვლას ცდილობდა.
10 ივლისს, თელავის რაიონულმა სასამართლომ თეიმურაზ მეტრეველს აღკვეთის ღონისძიების სახით 2–თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა მეტრეველს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებდა. აღნიშნული მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჟურნალისტებმა ვერცერთხელ ვერ შეძლეს სასამართლო პროცესებზე დასწრება. სასამართლო სხდომის დარბაზში ხან ადგილი არ იყო, ორ შემთხვევაში კი პროცესი როდის იყო ჩანიშნული ინფორმაცია ვერ მივიღეთ.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, 2010 წლის შემოდგომაზე, სასამართლომ მეტრეველს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ერთი წლით ციხეში და სამი წელი პირობითი მსჯავრი.
რამდენიმე დღის წინ, თეიმურაზ მეტრეველი ციხიდან გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილი დიტო დენტოშვილის ოჯახის წევრებმაც დაუდასტურეს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის გელა მთივლიშვილის თქმით, რომელმაც 2010 წლის ივლისში, მეტრეველი – დენტოშვილის საქმეზე ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა, სამართალდამცავმა ორგანოებმა პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთეს, რომ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არ დაკვალიფიცირებულიყო და მეტრეველისთვის სასჯელი შეემსუბუქებინათ.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი მოსიაშვილის განცხადებით, საქართველოში მართლმსაჯულების კუთხით ორმაგი სტანდარტები მოქმედებს.
„თუ ნაციონალური მოძრაობის წევრი ხარ, მკვლელობაც გეპატიება და თუ არ ხარ, მაშინ ნემსის ქურდობა მძიმე დანაშაულია. მაგალითად, ოპოზიციის წევრს ერეკლე ცოცანიძეს, რომელსაც პროკურატურა სასაქონლო ზედნადებების გაყალბების პროცესში მონაწილეობას აბრალებს, თელავის სასამართლომ საპროცესო შეთანხმების შედეგად 18 თვით პატიმრობა შეუფარდა და 3 000 ლარი ჯარიმა გადაახდევინა. ის დღეს გისოსებს მიღმაა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კი, რომლის ქმედების შედეგადაც კაცი მოკვდა, თავისუფალია“, – ამბობს მოსიაშვილი.
ნინო კორაშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი