Home რუბრიკები საზოგადოება ვისი მითითებით გადაწვეს ვარიანში მღვდლის ქონება?

ვისი მითითებით გადაწვეს ვარიანში მღვდლის ქონება?

GEWORLD.GE:
“საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური მამა გრიგოლ გოგიჩაძე.
_ მამაო, თქვენ სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური ბრძანდებით, მაგრამ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გაქვთ გორის რაიონის სოფელ ვარიანთან. ამ რამდენიმე თვის წინათ, ტელეეთერით სიუჟეტი გავიდა, სადაც სოფლის მოსახლეობა განსაკუთრებული მადლიერებით გიხსენიებდათ იქაური გაჭირვებული ოჯახების დახმარების გამო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ სოფლის მოძღვარი უკვე აღარ ხართ, თქვენს კარებთან მოსულ ადამიანებს დახმარების ხელს უწვდიდით. ა. წ. 12 სექტემბერს ტელეიმედის რვასაათიანი “ქრონიკის” ერთ სიუჟეტში კი სულ სხვა სურათი ვიხილეთ _ სოფლის მკვიდრნი ბრალს გდებდნენ საეკლესიო მიწების მიტაცებაში, სოფლის ორად გახლეჩვასა და სხვა, რბილად რომ ვთქვათ, არასასიამოვნო ფაქტებში. თუმცა სოფლის სხვა მკვიდრნი პირიქით ამბობენ _ რომ დაზარალებული თქვენ ხართ და მიწებს უკანონოდ გედავებიან. რა ხდება სინამდვილეში?

 
_ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით 1994-95 წლებში დავიწყე გორისა და სამთავისის ეპარქიაში, სოფელ ვარიანში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მსახურება. სოფლის მოსახლეობა მოძღვარს ითხოვდა და მე გამიშვეს. ეს იყო ჩემთვის უცხო გარემო, უცხო ხალხი, თავდაპირველად არც მეგობარი მყავდა ვინმე, არც ამბის მკითხველი. ოჯახით ჩავედი და ძალიან გაჭირვებული ვიყავი. სოფლის ხელმძღვანელობის მხრიდან იყო დაპირებები, რომ ხელფასის სახით გარკვეული რაოდენობის თანხა გადაეხადათ, რომ საარსებო საშუალება მქონოდა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. დავიწყე ცხოვრება ისე,  როგორც ერთმა რიგითმა მოსახლემ ამ სოფლისა _ იმ ჭირით, ლხინით, იმ განსაცდელით თუ სიხარულით, რომელიც სოფელს, გლეხს ჰქონდა. თავდაპირველად სოფლის ამბულატორიის შენობაში ურთულეს პირობებში ვცხოვრობდით. ეკლესიას არც ერთი სარკმელი არ ჰქონდა, არც კარი, ყველაფერი აღსადგენი და გასაკეთებელი იყო, მაგრამ ღვთის წყალობითა და ადგილობრივი მოსახლეობის დიდი მონდომებით (ისინი ფიზიკურად მეხმარებოდნენ, ფინანსურად კი ვეძებდი სახსრებს გორში, თბილისში, მეგობრებში, ახლობლებში, რომ როგორმე ტაძარი გამეკეთებინა) ეკლესია გავაკეთეთ. ასეთი გაჭირვებით ვცხოვრობდი წელიწად-ნახევარი და შემდეგ, როცა დავინახე, რომ ვერავინ მეხმარებოდა, არც დანაპირები ხელფასი ჩანდა, გადავწყვიტე, მეც ისე მეცხოვრა და მეარსება, როგორც სოფლის ყველა მოსახლეს, მიწაზე ფიზიკურად მემუშავა, მებოსტნეობით მერჩინა თავი და როგორც უკვე სოფლის მცხოვრებმა, მოვითხოვე მიწა. მაშინ ვარიანში მეურნეობის დირექტორი  ყველასათვის ცნობილი მოკრივე, გიორგი კანდელაკი გახლდათ და სწორედ მან გადმომცა საბოსტნედ ეს ადგილი. ეკლესიისთვის ცალკე ვითხოვდი ათ ჰექტარ მიწას, რომ უკეთ მიმეხედა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა…
სატელევიზიო სიუჟეტში საუბარი იყო სამ ჰექტარ მიწის ფართობზე, მაგრამ სინამდვილეში პირად სარგებლობაში, როგორც სოფლის მკვიდრს, გადმომეცა ჰექტარ-ნახევარზე ნაკლები (მგონი, სახნავი ფართობი მაგდენიც არაა, იქ ხრეშიანი, არასამეურნეო მიწაცაა).
ამ მიწაზე კომბოსტოს მოყვანა დავიწყე (ამ სოფელში, ძირითადად, ეს კულტურაა გავრცელებული), ფიზიკურად ძალიან ბევრს ვმუშაობდი. დღესაც ბევრს ახსოვს, კაბას ქამარში ჩავიკეცავდი და მეც გლეხივით ვშრომობდი და ღვთის წყალობით, არავის ხელში შემყურე არ ვყოფილვარ, ჩემს ოჯახს ლუკმაპური არავისთვის სათხოვნელი არ ჰქონდა.
_ანუ ეს მიწა პირად სარგებლობაში გადმოგეცათ, მამაო?
_ ეს მიწა გადმომეცა მე, როგორც სოფლის მღვდელს, ისევე, როგორც იმ პერიოდში მისცეს კრივის მასწავლებელს და კბილის ექიმს, რომლებიც სხვა სოფლიდან დადიოდნენ. ყველას მისცეს სასახლკარე და საბოსტნე მიწის ფართობი. მაშინ ასეთი წესი იყო, ჰექტარი და 250 მეასედი ეკუთვნოდა ყველა მოსახლეს და მეც, რადგან იქ ჩავსახლდი, როგორც მოსახლე, ამიტომ მომცეს. შემდეგ სახლიც ვიყიდე. 1994 წლიდან 2000 წლამდე ვარიანში ვმსახურობდი. შემდეგ თბილისშია, ჯვრის მამის ტაძარში გადმოვედი, თუმცა ვარიანში არ შემიწყვეტია მსახურება, რადგან მაშინ სოფელში მღვდელმსახური არ იყო და ასე, თბილისსა და ვარიანს შორის ვმოძრაობდი. როდესაც მეუფე ანდრია ეპარქიის მმრათველად მობრძანდა, მითხრა, რომ ან ვარიანში უნდა დავრჩენილიყავი, ან თბილისში გადმოვსულიყავი. მე თბილისი ვარჩიე, რადგან უკვე აქ ვმსახურობდი.
_ როცა მეუფე ანდრიამ (სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი, რომელიც საპატრიარქოში შექმნილი ზნეობრივი კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. _ შ.ს.) გითხრათ, რომ, თუ თბილისში გადმოხვიდოდით, მღვდელმსახურება ვარიანში უნდა შეგეწყვიტათ, მაშინ თქვენი მიწის დათმობაზე საუბარი არ ყოფილა?
_ არა, მაშინ მიწების დათმობაზე ლაპარაკი არ ყოფილა, მაგრამ ერთხელ, როდესაც საბურთალოს ძმათა სასაფლაოს წმინდა გიორგის ტაძარში წინამძღვრად ვმსახურობდი, მეუფე ანდრია მობრძანდა ჩვენს ახლობელთან, იღუმენ ბარსანოფისთან ერთად და მითხრა, რომ ჩემი სახლ-კარი და საბოსტნე ადგილი მისთვის შემოწირულობის სახით გადამეცა, რადგანაც ეს მღვდლობის დროს გაქვს შეძენილიო.
მე ამაზე უარი ვუთხარი, რადგან ეს სახლ-კარი და მიწაც ჩემთვის ძალიან დიდი მონაპოვარი იყო და იმ დროს მაგონებდა, როდესაც სრულიად გაჭირვებული, უქონელი შიშველი ხელებით ჩავედი სოფელში. არ მრცხვენია და ვიტყვი, რომ სოფლის ყველაზე გაჭირვებულ მცხოვრებზე უარეს პირობებში ვიყავი, უსახლკაროდ, სრულიად უცხო გარემოში, ნათესავის, ახლობლის, პურის, წყლის მომწოდებლისა და მომკითხველის გარეშე. მაშინ, არ მახსოვს, ვინმე დიდი იერარქი მოსულიყოს ჩემი ამბის საკითხავად…
…ძალიან ძნელია, ასე გაჭირვებით და შენი ალალი ოფლით მოპოვებული სხვას გადასცე. შეიძლება მე ასეც უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ, ალბათ, რწმენა არ მეყო, რომ ეს ჩემი შენაძენი ასე უცბად მისთვის დამეთმო, შემეწირა… ალბათ, ჩემზე დიდი სულიერების ადამიანი გააკეთებდა ამას.
_ მამაო, გულწრფელად მითხარით, ახლა ნანობთ, რომ არ გადაეცით?
_ ვაღიარებ, რომ არ ვნანობ… იმიტომ, რომ ის მიწა მე მახარებს, მაგონებს იმ წარსულს, რომელიც, მართალია, მძიმე იყო, მაგრამ ჩემი ცხოვრების ორგანული ნაწილია, თანაც მართლა მიყვარს მიწაც და მიწაზე მუშაობაც, მოსავალიც, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია და დღესაც ისევე ვშრომობ, როგორც მაშინ, ახალჩასული. მართალია, ღვთის წყალობით, მერე გავფართოვდი, კიდევ შევიძინე მიწები, დიდი სამეგობროც მყავს, ერთმანეთი მართლა გვიყვარს და პატივს ვცემთ. ისინიც გვერდში მიდგანან, ჭირსა და ლხინს ვიზიარებთ ერთმანეთისას და ამ ურთიერთობების ერთბაშად დათმობა ადამიანურად მართლა მიმძიმს. აქ მხოლოდ მიწაზე არაა ლაპარაკი, მგონი, ხვდებით… ეს იმათაც იციან, ვინც ამას მედავება…
_ მამაო, თქვენ გიორგი კანდელაკი ახსენეთ, რომ მისი მეურნეობის დირექტორობის დროს გადმოგეცათ ის მიწის ნაკვეთი. რამდენადაც ვიცი, თქვენ მისი მოძღვარიც იყავით. სოფლის მოსახლეობის ნაწილი საუბრობს თქვენ შორის დაპირისპირებაზეც _ თითქოს მას თქვენი ვალი აქვს. თქვენ კი მას არ უპირისპირდებით. სინამდვილეში რა ხდება?
_ მე არა მხოლოდ გიორგის, არამედ მისი ოჯახის მოძღვარიც ვიყავი _ მეუღლის, შვილების, ჯვარიც მე დავწერე. მას ძალიან კარგი, ქრისტიანული ოჯახი ჰყავს, მისი მეუღლეც ძალიან ღირსეული ქალია, დედაც. ჩემი ვარიანში ჩასვლის დღიდან ყოველთვის ვცდილობდი, რომ განურჩევლად ყველასთან თბილი და ტკბილი დამოკიდებულება მქონოდა. გიორგისთან უფრო ხშირად მიწევდა ურთიერთობა, რადგან მასთან ბევრი სპორტსმენი, ბევრი ახალგაზრდა იკრიბებოდა, მე სპორტი ძალიან მიყვარს და მასთან ესეც მქონდა საერთო. გიორგი შეძლებისდაგვარად გვერდით გვედგა, თუ რამე შეეძლო, უკან არ დაუხევია. მეც, როგორც შემეძლო, ისე ვედექი მის ოჯახს გვერდში. ბოლო წლებში შეიძლება რაღაც გაუგებრობა მოხდა და ერთმანეთთან ისე ახლოს ვერ ვართ, მაგრამ მე ის ძალიან მიყვარს და დარწმუნებული ვარ, რომ მასაც ვუყვარვარ, იმიტომ, რომ ჩვენ შევეზარდეთ ერთმანეთს, უკვე თითქმის თვრამეტი წელია.
_ახლა აღარ ხართ მისი მოძღვარი?
_არა. ეს ბოლო წელიწად-ნახევარია, რაც ჩვენ ახლოს აღარ ვართ… მაგრამ კიდევ გეუბნებით, რომ სიყვარული ჩვენ შორის არსებობს და მე მისი მადლიერი ვარ იმისთვის, რაც მან ეკლესიისთვის და თუნდაც ჩემთვის, როგორც მოძღვრისთვის, გააკეთა. გიორგი რომ არა, მე სოფელში შეიძლება ამდენ ხანსაც ვერ გავჩერებულიყავი.
_ თუკი თქვენ ასე გიყვართ ერთმანეთი და მე გატყობთ, რომ თქვენ მასზე ახლაც სიყვარულით, გულდაწყვეტით, მადლიერებით საუბრობთ, რა დაემართა ამ ადამიანს? რაშია საქმე? თქვენ როგორ ფიქრობთ?
_ ადამიანები ამბობენ, რომ ეს რაღაც თანხის გამო ხდება, მაგრამ ჩვენ შორის ფული სადავო არასოდეს ყოფილა. თუ მას სჭირდებოდა, მე რაც შემეძლო, ვეხმარებოდი და ასევე აკეთებდა ისიც. ასე უსიტყვოდ ვიყავით გულგახსნილნი ერთმანეთის მიმართ. ჩემი გადასახედიდან, მე ასე ვიცოდი, ასე მწამდა და ასე ვფიქრობ დღესაც. იმედია, სიკვდილის წინ მაინც შევრიგდებით…
_ მე გულით გისურვებთ, რომ სიკვდილამდე შერიგდეთ, მამაო… თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც სერიოზული მიზეზი იქნებოდა, რადგან, როდესაც ადამიანებს, მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის ასეთი თბილი ურთიერთობაა, ალბათ, რაღაც სერიოზული რამ უნდა მოხდეს, დიდი ეშმაკი უნდა ჩაერიოს, თანაც ძალიან მზაკვრულად, რომ ასე გაითიშოთ და ეს კონფლიქტი ასე საჯარო გახდეს და თუნდაც ჩემი, როგორც ჟურნალისტის ყურამდეც მოაღწიოს…
_ მე ზუსტი მიზეზი არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისეთი საგანგაშო ეს მიზეზი ვერ იქნება, რომ ჩვენ ერთმანეთი შევიძულოთ და მტრად მოვეკიდოთ. მე მჯერა, მოვა დრო, ის აუცილებლად მოვა ჩემთან. და თუ ის არ მოვა, მე მივალ მასთან და ისევ ძმურად ჩავეხუტებით ერთმანეთს… ყველაფერი აუცილებლად სიყვარულით დალაგდება, ღვთის წყალობით!
_ მამაო, გულახდილად გეტყვით: საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრის უკან გიორგი კანდელაკი დგას. თქვენს წინააღმდეგ მისი ძმაკაცები აქტიურობდნენ, თუმცა მისი სახელი არ ფიგურირებდა, მაგრამ მისი უშუალო დირექტივებით ხელმძღვანელობდნენ ადამიანები, რომლებმაც ტელესიუჟეტში ბევრ უკეთურებაში დაგდეს ბრალი. რას გვეტყვით ამაზე?
_ მე არ მინდა დავიჯერო, რომ ამ ყველაფრის უკან გიორგი დგას, არ შეიძლება მაგის თქმა, იმიტომ, რომ, თუ ასეა, ეს დიდი ცოდვაა და მირჩევნია, არ დავიჯერო.
…კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მედავებიან მიწას, რომელიც პირად სარგებლობაში, როგორც სოფლის მღვდელს და იქ მაცხოვრებელს გადმომეცა. ეს არ ყოფილა ეკლესიის მიწა, როგორც ტელეეთერით თქვეს და არც იმდენი ფართობისაა, რასაც მედავებიან.
_ იურიდიული დოკუმენტაცია გაგაჩნიათ, რომ ეს მიწის ნაკვეთი თქვენია? სიუჟეტში სოფლის ერთი მცხოვრები ამბობს, რომ ნახევარი სოფლის მიწები ზოგი კანონიერად შეიძინეთ, ზოგი უკანონოდ და მერე მოაქციეთ კანონის ჩარჩოებში. რომ ტაძრისთვის შეწირული მასალით ააშენეთ ღორების ფერმა, რომ სოფელი ორად გახლიჩეთ და დააპირისპირეთ ერთმანეთს. ერთმა მცხოვრებმა, თემურ ედიშერაშვილმა კი ბრალი დაგდოთ, რომ მისგან ცხრა ათას დოლარად ღირებულ მიწის ნაკვეთში მხოლოდ ორი ათასი გადაუხადეთ და დანარჩენ ნაწილს არ აძლევთ. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?
_ რა თქმა უნდა, მაქვს დოკუმენტები. რაც შეეხება იმ ჰექტარ-ნახევარ სადავო მიწას, რომელიც, როგორც უკვე მცხოვრებ მღვდელს გადმომცეს, 2007 წელს აუქციონის წესით, ყოველგვარი კანონის დაცვით შევიძინე, რადგან მისი წართმევა მემუქრებოდა. თავის დროზე არ მივიჩნიე საჭიროდ მისი გადაფორმება და ამიტომაც გახდა შემდეგ აუცილებელი მისი შესყიდვა. მაშინდელი წესის თანახმად, გაუფორმებელი მიწები ან აუქციონის წესით უნდა შეგეძინა ან ჩამოგერთმეოდა. ამაზეც მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი კანდელაკს, რადგან მისი მეურნეობის დირექტორობის დროს, მისი თანხმობით მოეწყო ეს აუქციონი. ეს მიწა რომ ეკლესიის ყოფილიყო, გიორგი მას აუქციონზე ვერ გაიტანდა.
რაც შეეხება სხვა მიწებს, რომლებიც შემდგომ შევიძინე და დღესაც მებოსტნეობას ვეწევი, როდესაც ვიყიდე, მაშინვე არ გადმოვიფორმე, რა ვიცი, არ ჩავთვალე საჭიროდ. მეორეხარისხოვნად მივიჩნიე ეს ფორმალური მხარე, მაგრამ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. მიწის გაფორმება მის შეძენასთან ერთად უნდა მომეხდინა, რადგან მერე ადამიანები იცვლებიან და ეშმაკი ვის რას ჩააგონებს, არავინ იცის. ამის ერთი მაგალითიც არსებობს. თქვენ თემურ ედიშერაშვილი ახსენეთ _ რომელმაც ტელეიმედის ეთერში ბრალდება წამიყენა, რომ მიწაში, რომელშიც ცხრა ათას დოლარს ითხოვდა, მე სამი ათასი გადავუხადე, რაც ტყუილია და ძალიან გული მტკივა ამ კაცის ასეთ საქციელზე.
მე ამ პიროვნებისგან მართლაც შევიძინე მიწა, მე არ მივსულვარ მასთან, ის თვითონ მოვიდა ერთი ადამიანის ოჯახში, სადაც ვიმყოფებოდი და მითხრა, რომ, მამაო, მიწას ვყიდი და ჩემთვის სასურველია, რომ თქვენ იყიდოთ, შემდეგ შემოსავლიდან რაღაც ნაწილს მომცემო. ქალიშვილი გავათხოვე და სასწრაფოდ მჭირდება ორი ათასი დოლარიო. მე შევისყიდე ეს მიწა, გადავუხადე ეს თანხა და გავიფორმე ეს ადგილი. რამდენიმე ხნის შემდეგ მოვიდა და მითხრა, რომ ახლა ამ მიწაში ათი ათას დოლარს მაძლევენ და იქნებ შენ ცხრა მაინც მომცეო. მე ვუთხარი _ თემო, ჩემთან ერთად იმუშავე, როგორც შევთანხმდით ამ ნაკვეთში, როგორც საკუთარში და შენ გარდა იქ არავის შევუშვებ, მე, უბრალოდ, თანხით დაგეხმარები, გვერდით დაგიდგები და ცხრა ათასიც შეგხვდება და მეტიც-მეთქი. ახლა კომბოსტო ექსპორტზე გადის უკრაინაში და ფასიც შესაბამისად იზრდება. მეტიც, ერთ წელიწადს მოსავალმა ხარჯებიც ვერ დაფარა და მან თავის გასამრჯელოზე უარი თქვა, მაგრამ მაინც გავუგზავნე ხუთასი ლარი, რადგან იწვალა და იშრომა. მე სიტყვა შევასრულე. დღემდე ის მუშაობს იმ მიწაზე, მე იქ სხვა არავინ შემიშვია. მთლიანობაში მისთვის გადახდილი მაქვს 6500 აშშ. დოლარი და 500 ლარი.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გულნატკენი ვარ და გაკვირვებული, მაინც ვცდილობ, რომ გული არ გამიცივდეს. აქამდე ვიყავით მეგობრული ურთიერთობით და მინდა, რომ ეს ურთიერთობა ასე ტკბილად გაგრძელდეს. ვიღაც შეიძლება მართლა იდგეს ამ პროცესის უკან, თუმცა ვერ ვხვდები, ვის რაში დასჭირდა ეს. თუ ვინმეს აინტერესებს ამ ჩვენი გარიგების დეტალები _ სად და როგორ შედგა ჩვენ შორის მოლაპარაკება, არიან ამის თვითმხილველები და ჩავლენ და იკითხავენ, ამას რად უნდა ტელევიზია და ქვეყნის შეყრა?
…ჩემს წინააღმდეგ სოფლის თხუთმეტი-ოცი კაცი გამოდის, ეს, რა თქმა უნდა, ექვსასკომლიანი სოფლის ნახევარი ნამდვილად არაა და ამას ბევრი თვლა არ სჭირდება. წარმოუდგენელია, ყველას ერთნაირად ვუყვარდე, თუმცა მე ის ადამიანებიც მიყვარს, ვინც ასე საქვეყნოდ ცილი დამწამა და გული მატკინა…
…რაც შეეხება ბრალდებას, რომ ფერმა ტაძრისთვის შეწირული ფულით ავაშენე, დიდი ტყუილია! საშენი მასალები ჩემმა მრევლმა შემომწირა, ზოგი მე თვითონ შევიძინე, აშენებაში კი სოფლის მცხოვრებლები დამეხმარნენ და უღრმესი მადლობა მათ ამისათვის. რაც მთავარია, ამ ფერმაში ხალხი იყო დასაქმებული, რაც მახარებდა. ეს ფერმა დღეს დამწვარია, რამდენიმე დღის წინ გადაწვეს.
_ რას ქვია გადაწვეს? ვინ გადაწვა? როგორ მოხდა ეს?
_ ამ ერთი კვირის წინ, საღამოს ათი საათისთვის დამირეკეს სოფლიდან, რომ ჩემი ფერმა იწვოდა. იცით, მე რა თქმა უნდა, ამ ფერმის დაწვამ გული მატკინა, მაგრამ ყველაზე საშინელი ჩემთვის ეს სისასტიკეა და ვფიქრობ, რომ ასეთი სისასტიკის და ბოროტების წინააღმდეგ ყველამ ერთად უნდა გავილაშქროთ, რომ არ განმეორდეს “საქმის გარჩევის” ასეთი მეთოდები.
…ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ დაახლოებით ცხრა საათზე ტელეფონით მესაუბრა თემურ ედიშერაშვილი, ნასვამ მდგომარეობაში იყო, მთხოვდა ფულს, რომელიც მას დახმარების სახით შევპირდი, ბილწსიტყვაობდა და მემუქრებოდა. მე მას კიდევ ერთხელ ავუხსენი, რომ ის არასწორად ითხოვდა ფულს. როგორც მერე აღმოჩნდა, საუბრის დროს ის ადამიანი მარტო არ ყოფილა, მასთან ერთად იდგა სოფლის მოძღვარიც _ მამა თადეოზი. მოძღვართან ერთად მლანძღავდა უშვერი სიტყვებით. უბრალოდ, მიკვირს, რომ მან ეს ადამიანი არ გააჩერა… ამ საუბრიდან დაახლოებით ნახევარ საათში სოფლიდან დამირეკეს, რომ ჩემი ფერმა იწვოდა.
ვინმესთვის ბრალის წაყენება გამოძიების საკითხია, მაგრამ ეს ადამიანი იმდენად აღელვებული იყო, რომ არაა გამორიცხული, ეშმაკს მისთვის გონება დაებინდა, მსგავსი ქმედებისკენ ვინმეს წაექეზებინა. მე 4 დღის შემდეგ ჩავედი ვარიანში და გამიკვირდა, როცა სოფლის პოლიციისგან შევიტყვე, რომ დაკითხვისას უთქვამს, რომ მოძღვრის თანდასწრებით მესაუბრებოდა და მისი მხრიდან არანაირი ბილწსიტყვაობა და დამუქრება არ ყოფილა. ამას მოძღვარიც ადასტურებს, რამაც ეჭვი უფრო გააღრმავა. რატომ მალავს, თქვას, რომ ნასვამი იყო და შეცდა. ფაქტი ერთია, რომ მოძღვარს უნდა დაეწყნარებინა. ბილწისიტყვაობდა და უნდა შეეჩერებინა, რადგან დღეს თუ მე მაყენებს შეურაცხყოფას, ხვალ არც იმას დაინდობს!
_ მამაო, ღმერთმა ნუ ქნას და რომ დამტკიცდეს, ფერმა მართლა თემურ ედიშერაშვილმა დაწვა, ალბათ, შეუნდობთ და აპატიებთ.…
_ რა თქმა უნდა, ვაპატიებ! მე მის წინააღმდეგ საჩივარიც არ შემიტანია. პირისპირ რასაც ვეუბნები, მე ამას გამოძიებასაც არ ვეტყვი. თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ის ადამიანი არ ვარ, ვერ ვხვდებოდე, სინამდვილეში რა ხდება… თუმცა გამოძიების კომპეტენციაში არ შევიჭრები…
_ მამაო, ეს ის მამა თადეოზია, რომელმაც ტელეკომპანია “თრიალეთის” სატელევიზიო გადაცემაში “ანარეკლი”, რბილად რომ ვთქვათ, აუგად მოგიხსენიათ? რატომ გააკეთა ეს? რას გედავებათ ეს ადამიანი?
_ როცა იქ ვმოღვაწეობდი, ძალიან კარგი დამოკიდებულება მქონდა მამა თადეოზ ქებაძესთან, მის ოჯახთან, მისი მამაც ძალიან კეთილშობილი კაცი იყო. მისი მეუღლე, ქალბატონი მანანა, ძალიან კარგი პიროვნებაა. მამაოს კარგი, მრავალშვილიანი ოჯახი ჰყავს. მომეწონა ეს პიროვნება. ის თბილისში ცხოვრობდა. მე ძალიან მინდოდა, რომ სოფელში ადგილობრივი მღვდელი ყოფილიყო, ისეთი, რომელიც გვერდში დამიდგებოდა ჯერ მედავითნედ, შემდგომ კი მღვდლად დარჩებოდა, თუ ამას უფალი ინებებდა. ეს ადამიანი ჩემი მომზადებულია, ჩემი შერჩეულია, თავს მივცემ უფლებას და ვიტყვი, რომ ამ ადამიანზე შევჩერდი. ბევრ კარგ პიროვნებას შევთავაზეთ, მაგრამ ისინი მოუმზადებლები აღმოჩნდნენ მოძღვრობისთვის. მამა თადეოზი ასაკითაც უფროსი ადამიანია და ვიფიქრე, რომ სიბრძნე მეტი ექნება-მეთქი. წარმოშობით ვარიანელია და მინდოდა, რომ ვარიანელი ყოფილიყო იქ მომსახურე მღვდელი, რადგან იქ ყოფნა და ადამიანებთან ურთიერთობა უფრო გაუადვილდებოდა. აქვე გეტყვით, რომ შეიძლება ჩასულ ადამიანს, მოძღვარს, შეიძლება ზოგიერთები მთლად ვერ აფასებდნენ.
…გულწრფელად გეტყვით, არ ვიცი, ასე ცუდად ჩემზე რატომ ილაპარაკა.  მე არ მომისმენია იმ გადაცემისთვის, მაგრამ, როგორც მრევლმა გადმომცა, მასაც იმ მიწაზე აქვს პრეტენზია.
აქვე ვიტყვი, რომ მღვდელმსახურმა, მოძღვარმა არ უნდა ილაპარაკოს მეორე მოძღვარზე ტელევიზიით სხვისი ნათქვამი. ეს არ არის სწორი საქციელი.
ყველაფერი რომ გავიაზრო, ირკვევა, რომ სოფლის მოსახლეობის იმ ნაწილის უკან მამა თადეოზი დგას, სამწუხაროდ…
_ და მამა თადეოზის უკან ვინ დგას, მამაო? კულუარებში არა მხოლოდ საერო, არამედ სასულიერო პირებიც ამბობენ, რომ მთელი ეს ამბავი კარგად მართულია და ეპარქიის მმართველის _ მეუფე ანდრიას კურთხევის გარეშე არც მოსახლეობის ნაწილი და არც მღვდელი ასე აშკარად, საქვეყნოდ ვერ დაგიპირისპირდებოდათ…
_ ნამდვილად არ მინდა დავიჯერო, რომ საპატრიარქოს ზნეობრივი კომისიის ერთ-ერთი თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ანდრია დგას ამ ყველაფრის უკან და სოფლის მოძღვარი მისი კურთხევით მოქმედებდა. ღმერთმა ნუ ქნას, ეს ასე იყოს…
_ მამაო, მე ვიცი, რომ თქვენ თბილისში ტაძარიც ააშენეთ და დღეს იქ არ ხართ, რატომ?
_ დიახ, საბურთალოს სასაფლაოზე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი ავაშენე. იქ სულ ჯაგები, ეკალ-ბარდები იყო… იქაური მრევლის, ჩემი ახლობლების დახმარებით ავაშენე ის ტაძარი. გვერდით გვედგა ირინა ენუქიძე _ სანდრო გირგვლიანის დედა. სანდროს სახელზე დავიწყეთ იმ ტაძრის მშენებლობა. შემდგომ, ასე დავთმე მისი უწმინდესობის კურთხევით. გამიძნელდა, მაგრამ…
_ გულწრფელად მითხარით, იქიდან რატომ წამოხვედით? როგორც წესი, როცა მოძღვრები ტაძარს აშენებენ, იქვე რჩებიან.
_ პატრიარქის კურთხევა იყო და წამოვედი!.. მან მაკურთხა, რომ სამების საპატრიარქო ტაძარში გადმოვსულიყავი. მე კი კურთხევა შევასრულე! ჩვენ მის კურთხევას ყველანი უნდა დავემორჩილოთ.
უნდა გვახსოვდეს, რომ, თუ დღეს რამე გაგვაჩნია, ეს უფლის მადლითა და უწმინდესის ლოცვა-კურთხევის წყალობითაა. მადლიერების გრძნობა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ შევასრულოთ მისი ლოცვა-კურთხევა. არ შეიძლება, დავივიწყოთ მისი მამობრივი ამაგი. ამიტომ არ შეიძლება ჩვენი პირადი ინტერესები დავაყენოთ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევაზე მაღლა.
_ კი… მესმის, მაგრამ იშვიათად მინახავს მღვდელმსახური, რომელიც აშენებს ტაძარს, მერე სხვას უტოვებს და თვითონ მიდის სხვა ტაძარში… რატომ მაინც და მაინც თქვენ? მიჩნდება აზრი, რომ რაღაც სხვა მიზეზი არსებობს.
_ ეტყობა, იმ ტაძრისთვის შეუფერებელი ვიყავი… და ამიტომაც მაკურთხა უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში გადმოვსულიყავი.
_ მამაო, ვერ გავიგე… იმ ტაძრისთვის შეუფერებელი იყავით და სამების საკათედრო ტაძრისთვის შესაფერისი? მღვდელმსახურის შესაფერისობას ტაძარი განაპირობებს?
_ უწმინდესმა ასე გადაწყვიტა!…მისი უწმინდესობის კურთხევა ასეთი იყო. იქ მარტო ვიყავი. აქ მორჩილებაში ვარ და, ალბათ, ამიტომ… ალბათ, ეგეც პრობლემა იქნებოდა.
_ მამაო, გულწრფელად მითხარით, რას აკეთებდით იქ ისეთს, რომ თქვენი “მორჩილებაში მოქცევა” აუცილებელი გახდა?
_ ეტყობა, ვაშავებდი… არის რაღაც ცოდვები, რომელსაც შენ ვერ ხვდები და რომელსაც უცხო თვალი უფრო ხედავს. ეს, ეტყობა, უწმინდესმა შეამჩნია და ამიტომაც მირჩია, აქეთ გადმოვსულიყავი.
…მადლობა უფალს! მთავარია, ავაშენოთ!  ვერც ერთი ჩვენგანი ამ ქვეყნიდან ვერაფერს წავიღებთ, ხელცარიელები მივდივართ, მისი უწმინდესობის კურთხევა კი გაგვყვება თან და ის მადლიერების გრძნობა მის მიმართ მოძღვრებმა არ უნდა დავკარგოთ!..
_ თუმცა გატყობთ, რომ ადამიანურად გეწყინათ…
_ ეგ უკვე მეორეხარისხოვანი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, არ გამიხარდა, რადგან ძალიან ძნელია. იმავე სიყვარულით  ვაშენებდი ტაძარს, როგორითაც იმ სოფელს, სოფლიდან დაიწყო ჩემი ეს მოძღვრული გზა… მეც სოფლელი ვარ, ახმეტის რაიონიდან, სოფელ აწყურიდან…
_ მამაო, არ დაგიმალავთ, ჩვენი საუბრიდან ერთი დასკვნა გამოვიტანე, რომ ძალიან კარგად შენიღბული ძალა გებრძვით და თვითონ არ ჩანს, იარაღად კი სოფლის მცხოვრებთ იყენებს… მუდმივად თქვენს ძვირადღირებულ მანქანაზე ლაპარაკობენ, კომბოსტოს ფულით საიდან შეძლო ამდენიო. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას აშკარად “ყელში ეჩხირებით”.
_ რა გითხრათ… მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ვიღაცას შეიძლება მოვწონდე, ვიღაცას არა.
… იქნებ ძალიან ცოდვილი ვარ ან იქნებ შურიცაა ამის მიზეზი, მაგრამ უფალმა იცის, რომ არავისთვის არაფერი დამიშავებია, არ წამირთმევია. ვშრომობ და არ მეთაკილება შრომა…
…რაც შეეხება ამ ჩემს ავტომანქანას, მრევლმა შემომწირა და, თუ ძალიან დააინტერესებთ, ვეტყვი ვინაა. დასამალი არაფერი მაქვს. მე უკიდურესი გაჭირვება გამოვიარე და ბევრჯერ ჩემს ოჯახს პურიც არ ჰქონია, მაგრამ მადლობა უფალს, არ გავბოროტებულვარ და შრომის სურვილი, უფლის მოწყალების იმედი არ დამიკარგავს! კიდევ ერთხელ დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის!
_ როცა თქვენ მიერ აშენებულ ტაძარზე საუბრობდით, რაღაცნაირად სინანული შეგნიშნეთ, რაც, ალბათ, ადამიანურია. თქვენ დათმეთ ტაძარი, რომელიც ამხელა რუდუნებითა და სიყვარულით ააშენეთ, ახლა გედავებიან იმ მიწას, რომელიც თურმე, როგორც ახლა ირკვევა, ყველა წესის დაცვით შეგიძენიათ. მამაო, გამაგებინეთ, კატეგორიულად რომ მოგთხოვოთ მეუფე ანდრიამ, შეხვალთ მასთან ამ დაპირისპირებაში, თუ დათმობთ?
_ არა მგონია, საპატრიარქოს ზნეობრივი კომისიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა უკანონო რამ მომთხოვოს! მანაც და ყველამ იცის, რომ ამ მიწების კანონიერი მფლობელი ვარ. თუ ეს მიწა ვიღაცას აწუხებს… მგონი, მიწა არ უნდა იყოს პრობლემა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გადაჭრით არ ვამბობ, რომ მეუფე ანდრია მიპირისპირდება…
_ მამაო, დიდი მრევლი გყავთ?
_ მრევლი, ორი ადამიანიც რომ იყოს, მაინც დიდია. მრავალრიცხოვნობას თუ გულისხმობთ, საკმაოდ არიან. მადლობა უფალს! ფაქტია, რომ ვუყვარვარ, არ მაშიმშილებენ. მეც ვშრომობ. მე ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი და მათაც ვუყვარვარ…
_ მამაო, ვიცი, რომ საზღვარგარეთაც გყავთ დიდი მრევლი, კერძოდ ლონდონში. რამდენადაც ვიცი, ლონდონშიც ბრძანდებოდით და იქ საღვთო ლიტურგიაც ჩაატარეთ.
_ დიახ, მაშინ ლონდონის სამწყსო მეუფე აბრაამის დაქვემდებარებაში იყო და მისი კურთხევით წარმადგინეს უწმინდესთან. ჩავედი და ვწირე იქ მცხოვრები ქართველებისთვის. და ერთ წელიწადში, ღვთის წყალობით, ჩვენს საკუთარ ტაძარში ვიზეიმეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. მე ჩავატარე პირველი წირვა. ეს იყო ღვთის დიდი მადლი და წყალობა. მადლობა უფალს!
_ იმ ხალხს რას ეტყოდით, ვისაც არ მოსწონხართ, ვინც რაღაცას გედავებათ (არ აქვს მნიშვნელობა, ერის ადამიანია თუ სასულიერო პირი, დიდი იერარქია თუ პატარა)?
_ სიყვარული უნდა გვაკავშირებდეს და სიყვარულით უნდა ვიყოთ და, თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს ჩემთან, პირში ვუთხრათ ერთმანეთს და რაც შეეხება მღვდლებს შორის დამოკიდებულებას, ჩვენ მღვდელმსახურები ერთმანეთს საერო კანონებით არ უნდა ვუპირისპირდებოდეთ. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ადამიანურად გული ძალიან მეტკინა, რომ სოფლის მოძღვარმა სატელევიზიო საშუალებით გამლანძღა და აუგად მომიხსენია. მე მისგან ამას არ ვიმსახურებდი _ არც როგორც ადამიანი და არც როგორც მღვდელმსახური. ეს მისთვისვეა ცუდი, მე ამით ვერაფერი დამაკლო _ მე ვარიანშიც მიცნობენ, გორშიც და თბილისშიც… თუმცა არც მისი რეპუტაციის შელახვა მსიამოვნებს. სასულიერო პირებს შორის ასეთი დაძაბულობით მრევლი ბრკოლდება და ეს ეკლესიის მტრების წისქვილზე ასხამს წყალს.
მე დღესაც ამ გაზეთის ფურცლებიდან ყველას მათ სიყვარულით მოვიკითხავ და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მე ისინი მიყვარს. მართალია, ადამიანურად ზოგიერთმა მათგანმა ძალიან გული მატკინა, მაგრამ იმ ხალხსაც სიყვარულით მოვიკითხავ, მივალ და ისევ ჩავეხუტები და არც არასოდეს ვაგრძნობინებ, რომ ასე “გამიმეტეს”. კიდევ გეუბნებით: მე მოძღვრისგან მეწყინა, თორემ ეს ერის ადამიანებს ეპატიებათ. ადამიანი, რომელიც შენ გამოარჩიე, ყველაფერი გააკეთე, რომ ღვთის მსახური გამხდარიყო და მართლა გულით მიიღე, მან არ უნდა გატკინოს ასე გული.
_ დამლოცეთ, მამაო!
_ უფალმა სიხარული, სიყვარული, მადლი და წყალობა არ მოგაკლოთ! ამინ!
ესაუბრა 
შორენა სიხარულიძე
 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here