Home რუბრიკები საზოგადოება რეზო ძოძუაშვილი: დიდ გუნდებს დიდი მწვრთნელები აკეთებენ

რეზო ძოძუაშვილი: დიდ გუნდებს დიდი მწვრთნელები აკეთებენ

GEWORLD.GE:
რეზო ძოძუაშვილთან ინტერვიუ შეთანხმებისამებრ ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურებში ჩატარებულ მატჩებზე საუბრით დავიწყეთ: “ბაიამ” შინ წააგო “ვით-ჯორჯიასთან”. “დინამომ” ფოთის “კოლხეთს” მოუგო 3:0, “ზესტაფონმა” გასვლით შეხვედრაში 2:1 მოუგო ბოლნისის “სიონს”, “მერანი”-”დილა” _ 2:2 დამთავრდა და ა.შ. შედეგები ლოგიკურად მიიჩნია _ ასეც იყო მოსალოდნელიო. მაგრამ

_ ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ყოველი თამაშის ახალი ტაქტიკური მონახაზებით გამდიდრება, რასაც პრაქტიკულად ჩვენი გუნდები მოედანზე ხორცს შეასხამენ.
ეროვნული ჩემპიონატის ყოველი ტური, თითოეული თამაში უნდა იყოს სწორება ევროპულ, მსოფლიო ფეხბურთზე,  საკუთარ წვენში არ უნდა მოვიხარშოთ.
ამ თვალსაზრისით ახალი ვერაფერი ვნახეთ, რადგან არ ჩანს რაიმე მცდელობა, რომ ვუახლოვდებით იმ დინებასა თუ ნაკადს, რომელიც ევროპისა და ლათინური ამერიკის საუკეთესო გუნდების სათამაშო დონეს დაგვაახლოებს.
_ ესე იგი, ვრჩებით პროვინციული ფეხბურთის დონეზე?
_ ყოველ შემთხვევაში, არ შეიძლება იმით დაკმაყოფილება, რომ თბილისის “დინამომ” მოიგო ბოლნისთან, თუ რომელიმე სხვა რაიონის გუნდთან. თავისთავად ცუდი არ არის, რომ გუნდები ისწრაფვიან პირველ ოთხეულში მოხვედრას, მაგრამ ისიც ხომ უეჭველია, რომ მარტო ამ მიზნისკენ სწრაფვით შორს ვერ წავალთ.
მაღალი სტანდარტების დაუფლება ჰაერივით სჭირდება ქართულ ფეხბურთს. და მარტო მას რომ არა, ეს დაგვანახა ჩვენი კალათბურთელების, მორაგბეების, მოჭიდავეების საერთაშორისო შეჯიბრებებში ამ ბოლო პერიოდის გამოსვლებმა.
პრეტენზიებს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან მივყავართ, კლუბების პრეზიდენტებთან და, რასაკვირველია, მწვრთნელებთან. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ კრიტიკული შენიშვნები უმეტესობას არ აინტერესებს. წინადადებების გათვალისწინებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი!
_ რატომ ხდება პროფესიონალების შენიშვნების ასეთი პირწმინდად იგნორირება?
_ იმიტომ, რომ არ არის მოთხოვნა. მოთხოვნა არა იმის, რაც შეუძლებელია, არამედ იმის, რისი უნარიც და შესაძლებლობაც გააჩნია თითოეულ მათგანს.
ეს მოთხოვნა თითოეულ ფეხბურთელს უნდა წავუყენოთ, რადგან ტექნიკურად ძლიერი და ტაქტიკურად მოაზროვნე შემსრულებლის გარეშე ნებისმიერი ტაქტიკური მონახაზი პრაქტიკულად ვერ განხორციელდება.
ეს ელემენტარულია.
ჩვენი ფეხბურთი, ჩემი აზრით, “ბარსელონასთან”, “მილანთან”, “მანჩესტერთან”, “რეალ მადრიდთან” და ასე შემდეგ თამაშისთვის უნდა ემზადებოდეს. ასეთი თამაშის დასაძლევად უნდა ვამზადებდეთ ჩვენ _ მწვრთნელები ჩვენს აღსაზრდელებს. იმ გრანდებს რომ მოვუგოთ, ისინი რომ დავჩაგროთ.
მაშინ იქნება ჩვენი ჩემპიონატი წელში გამართული და ჩვენი სტადიონები _ მაყურებლებით სავსე.
_ დღეს ინერციით მივგორავთ თუ მივჩანჩალებთ?
_ ერთიცაა და მეორეც. მაგრამ ბოლომდე რომ მართალი ვიყო, ვიტყვი, რომ სიახლის რაღაც კონტურები მაინც ჩანს, თუმცა _ პირობითად.
“გაგრის” მწვრთნელმა პისკოვეცმა, რომელიც უკრაინელი სპეციალისტია და ეს გუნდი პირველი ლიგიდან უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა, გაიხსენა წლების წინათ მიღებული სისტემა _ სამი-ხუთი-ორი და მეორე წელია, ამის მიხედვით ათამაშებს თავის ფეხბურთელებს.
_ “ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია”…
_ ასეა. მაგრამ უბედურება ისაა, რომ ამ “ძველ სიახლეს” პრაქტიკულად ბევრმა ვერ აუღო ალღო, ვერაფერი დაუპირისპირა. ეს ჩვენი მწვრთნელების ტაქტიკური აზროვნების სიღარიბესა და მათს მოუქნელობაზე მეტყველებს.
_ იქნებ, არც აინტერესებს ზოგიერთს?
_ ამასაც ვერ გამოვრიცხავთ. თუმცა სიახლეები მაინც ბუნებრივად შემოდის. გამოფხიზლების მაგალითებიც არის. ფოთის “კოლხეთმა”, რომელსაც წვრთნის ქართული ფეხბურთის ტრადიციების ერთგული დამცველი ფილია, მონახა კონტრმონახაზი, რომელიც დაუპირისპირა “გაგრას” და გასვლით თამაშში 2:0 მოუგო.
ქართულ ფეხბურთში არსებულ ტენდენციებს პროფესიონალები უნდა ამჩნევდნენ და აანალიზებდნენ.
_ კონკრეტულად თქვენ პირადად რას იტყოდით?
_ დღეს, მაგალითად, ფლანგებიდან შეტევა პრაქტიკიდან ამოვარდნილია. არიან ერთი ცენტფორვარდით თამაშის მომხრეები, სხვები ორ ცენტრფორვარდს აძლევენ უპირატესობას, ზოგს სამი თავდამსხმელი ურჩევნია ჰყავდეს. ეს ბოლო ვარიანტი შესანიშნავად გამოიყენა რუსთავის “ოლიმპმა” და ფლანგებიდან თამაშით მოუგო ქუთაისის “ტორპედოს”.
ჩვენი პრობლემა ტოტალური ფეხბურთის ათვისებაა _ ნებისმიერ ფეხბურთელს ნებისმიერ ადგილზე რომ შეეძლოს თამაში, იქ, სადაც აუცილებელია მატჩის მსვლელობისას და რასაც მწვრთნელის ტაქტიკური ჩანაფიქრის განხორციელება მოითხოვს.
_ ერთი თამაშის მოგება, რომელიც მაგალითად მოიყვანეთ, ნიშნავს, რომ გუნდი სწორ გზას ადგას?
_ არა, არ ნიშნავს, რადგან იმავე “ოლიმპმა” მომდევნო შეხვედრა წააგო. მაგრამ, თუ რამე კარგი გაკეთდება, უნდა შევამჩნიოთ და შევაფასოთ. უყურადღებობა, სულერთია განწყობილება, მოგეხსენებათ, დამღუპველია.
_ ორიოდ დღის წინათ, როცა “ბარსამ” 8:0 მოიგო, მადრიდის “რეალმა” წააგო, დამარცხდა “მილანიც” (1:3), ეს ნიშნავს, რომ დასუსტდა სამეფო კლუბის გუნდიც და იტალიის მოქმედი ჩემპიონიც? თუ პრინციპი “ბურთი მრგვალია” ყველგან ერთნაირად მოქმედებს?
_ ჯერ ერთი, “ბურთი მრგვალია” პრიმიტიული ფორმულაა, თუმცა სიურპრიზები გამორიცხული არაა და ამითაა საინტერესო ფეხბურთი. მეორეც, დამარცხებული გუნდები კი არ დასუსტდნენ, არამედ დამარცხებამ უფრო გამოაწრთო, გამოაფხიზლა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ “რეალისა” და “მილანის” მაღალი პროფესიონალიზმის დონეს თანდათან უთანაბრდებიან სხვა, შედარებით სუსტ კოლექტივებად მიჩნეული გუნდები.
ესეც ფეხბურთის ხიბლია: ტიტულოვან გრანდებს მშვიდი ცხოვრება არ უწერიათ.
არ უნდა გამოვრიცხოთ ერთი ასეთი კანონზომიერებაც: არცთუ იშვიათად მოგება გამარჯვებულს სჯის.
მოგება სჯის მოგებულებს.
_ “ვარსკვლავური” სენი?
_ ადვილად შეიძლება შეეყაროს ნებისმიერს, მით უფრო, თუ ფსიქიკურად მდგრადი ნებელობა არ აქვს.
_ ჩვენს გუნდებს “მკურნალები” _ ფსიქოლოგები შტატში არ ერიცხებათ?
_ არა. ფეხბურთის პედაგოგიკა მარტო ერთ მწვრთნელზე არ არის ორიენტირებული. აქ ჩვენც ვიგულისხმებით: მეც, თქვენც, თქვენი მკითხველებიც, მთელი საზოგადოებრიობა.
_ ფეხბურთი “მასების სპორტია”?
_ რა თქმა უნდა, მაგრამ მასში გადამწყვეტია პროფესიონალის სიტყვა. პრესას, აზრის გამოთქმას, რაც ზოგიერთს “ბლატაობა” ჰგონია, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
_ ვინ უნდა იყოს ასეთი გარჩევა-გაანალიზების მოთავე და ორგანიზატორი?
_ სწორი, პროფესიული ანალიზი, რასაკვირველია, ფეხბურთის ფედერაციის საქმეა. ითვლება, რომ ასეა, მაგრამ _ არ არის. მხოლოდ კარგის თქმით თავის მოქონვა იმიტომ, რომ კარგი მეგობრები ვართ, იმ პირამიდის ძირის მოშლას გამოიწვევს, რომელსაც ქართული ფეხბურთი ჰქვია.
ფილტრაცია აუცილებელია. კრიტიკის საცერი მხოლოდ დაგვეხმარება იმ ღვარძლისგან გათავისუფლებაში, რომელიც ხარისხს უკარგავს ჩვენს ფეხბურთს.
ფედერაციის ხელმძღვანელმა დღეში მინიმუმ ორ ათას შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი, ამოხსნას ფეხბურთის უამრავი საიდუმლო. ფედერაციის პრეზიდენტმა უნდა შეძლოს პროფესიულად გააანალიზოს, მაგალითად, ქუთაისის “ტორპედოს” მარცხი ორით ნოლი.
მოგისმენიათ ოდესმე?
_ არა.
_ ეგაა უბედურება. ისეთი “მრგვალი მაგიდა” მაინც უნდა შექმნას, სადაც აზრის გამოთქმის შესაძლებლობა ექნებათ გამოცდილ პროფესიონალებსაც და ახალბედებსაც, თუ საჭიროა. თორემ ტელევიზიებით გადმოცემული საათიანი პროგრამები ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარეობის სრულყოფილ სურათს ვერასოდეს დაგვანახებს.
წვრილმანებზეა ხოლმე ლაპარაკი. ისეთ ადამიანებს იწვევენ ხშირად, ვინც მსოფლიო ფეხბურთის მხოლოდ ათი პროცენტი იცის. არადა, როგორც ვთქვით, ჩვენი სასინჯი ქვა ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონების ლიგა, მსოფლიო ჩემპიონატი უნდა იყოს.
მსგავსი არაფერია. სამაგიეროდ ერთხელ დაგვიძახეს გაყიდული მატჩების გასარჩევად: თურმე ისეთი ფეხბურთელები გვყოლია, რომლებმაც გარკვეული ანაზღაურების ფასად თამაშის მსვლელობისას ათჯერ კუთხურზე უნდა გადააგდონ ბურთი და ოცჯერ _ აუტში.
ამის გარჩევის იქით არ წავსულვართ.
_ “ბარსელონამ”, როგორც ვთქვით, წინა ტურში 8:0 მოიგო. “ბარსელონასგან” ეს არ გვიკვირს, იმიტომ, რომ აშკარა ლიდერია. არის ასეთივე გამორჩეული გუნდი საქართველოში?
_ ასეთი გუნდი გვყავდა _ 90-იანი წლების დასაწყისის თბილისის “დინამო”: ქინქლაძე, არველაძეები, ყაველაშვილი, ჯამარაული, ანჩაბაძე, შელია. ისე ვუგებდით, რომ გვეხვეწებოდნენ, სამ ბურთზე მეტს ნუ გაგვიტანთო.
დღესაც შეიძლება ასეთი გუნდის გაკეთება.
“ბარსელონა” გვარდიოლათი იწყება, მთავარი მწვრთნელით, რომელიც თავის დროზე თამაშობდა ისეთ ფეხბურთს, რომელსაც მისი გუნდი თამაშობს დღეს. მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელს _ მაურინიოს დიდი ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ როგორ გუნდს უდგას სათავეში!
ნოდარ ახალკაცს საყვედურობდნენ _ დიდი ფეხბურთი არ გითამაშიაო. მაგრამ, ჯერ ერთი, თამაშობდა “ლოკომოტივში”, კარგი სკოლა გაიარა. შემდეგ მუშაობდა თბილისის “დინამოს” ისეთი მწვრთნელების გვერდით, როგორებიც იყვნენ იაკუშინი, კაჩალინი, მასლოვი და ა.შ. ლობანოვსკისთან ერთად საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი იყო.
_ დიდი ფეხბურთელი დიდი მწვრთნელი ვერ დადგებაო?
_ ტყუილია! დიდი ფეხბურთელები მწვრთნელობას გაურბიან არა იმიტომ, რომ არ შეუძლიათ, კონკურენციის და სახელის დაკარგვის ეშინიათ, არამედ იმიტომ, რომ ფეხბურთისთვის უდიდესი თავგანწირვისა და თავის შეწირვის შემდეგ, ნორმალურ ცხოვრებაში სურთ დაბრუნება. ამის შესანიშნავი მაგალითია ბეკენბაუერი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა მოიგო და მწვრთნელად კი არ წავიდა, არამედ თავისი დიდი გამოცდილება და პროფესიონალიზმი გერმანული ფეხბურთის ორგანიზების საქმეს მიუძღვნა.
_ ესე იგი, ვის რა და როგორ შეუძლია, ისე უნდა განაგრძოს მოღვაწეობა ფეხბურთში?
_ დიახ, მაგრამ ეს დასკვნა უნდა გამოიტანოს ფედერაციამ და მისმა დირექტორატმა, მან უნდა მისცეს რეკომენდაცია. აქაც კვლავ და კვლავ ფედერაციის პრეზიდენტამდე მივდივართ!
მოკლედ: დიდ გუნდებს დიდი მწვრთნელები აკეთებენ. მაგრამ აქ კიდევ ბევრი კომპონენტია, ბევრი საიდუმლოებაა ფეხბურთში. მკითხველებს თავი რომ არ მოვაბეზროთ, დღევანდელი საუბარი ამით დავამთავროთ.
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here