Home რუბრიკები საზოგადოება გენო კალანდია: ანქვაბი იყო და არის საიმედო კაცი!

გენო კალანდია: ანქვაბი იყო და არის საიმედო კაცი!

1371

GEWORLD.GE:
ბატონმა გენო კალანდიამ სოხუმი მაშინ დატოვა, როცა ცეცხლმოკიდებულ ქალაქში დარჩენა უაზროდ თავის გაწირვას ნიშნავდა. თითზე გადასახვევი ძაფიც არ წამოუღია შინიდან, ნემსი რომ ნემსია, – ისიც კი. დიდი ტკივილი გამოიტანა – მისი თაობის სატარებელი მძიმე ჯვარი – ჩვენ იქნებ ვერც მოვესწროთო ამ ჭრილობის განკურნებას… მეთვრამეტე უაფხაზეთო შემოდგომის პირია, დრო, როცა «თბილისი ოქროსფერი მეწყერია, განსაკუთრებით შემოდგომის დამდეგს», – მისი ლექსიდანაა.
– როგორ დაიწყო აფხაზეთი თქვენთვის, ბატონო გენო?

–  სამეგრელოში ვიზრდებოდი, ზუგდიდში. ჩვენს მეზობლად  ჩამოსახლდა ფიფიების ოჯახი. პატარა ბიჭი ვიყავი მაშინ და, როგორც ყველა ბავშვს სჩვევია, დღეში ხუთჯერ შევდიოდი იმათ სახლში. ეზოში ჯორკოზე იჯდა ყოველთვის ამ ოჯახის ბებია, დღევანდელი გადასახედიდან რომ ვაფასებ, ოთხმოცს გადაცილებული ქალბატონი, რომელიც ყალიონს ეწეოდა, შავი თავსაფრით შებურული შაოსანი. რამდენჯერაც შევიდოდი, წამოდგებოდა ჯორკოდან და მიმიპატიჟებდა:
– მობრძანდი, ნან!
ნანა კი არა, ნან…
მეგრელებს ზრდილობა არ აკლიათ, მაგრამ ასეთი ხაზგასმული პატივისცემა ოჯახის ზღურბლს მომდგარისადმი, უცხოდ მეჩვენებოდა.
ერთ მშვენიერ დღეს განვუცხადე დედაჩემს, რომ აღარ შევიდოდი მეზობლებთან, რადგან იმათი ბებია ყოველთვის თავს იწუხებს – ფეხზე დგება და ისე მეგებება-მეთქი.
– დედაო, – მითხრა, – ესენი აფხაზები არიან. ვინც გინდა შევიდეს იმათ ოჯახში – ბავშვი, მოზრდილი თუ ხანდაზმული, ყველას ფეხზე ადგომით ხვდებიან.
მაშინ პირველად გავიგე სიტყვა «აფხაზეთი»: ასე – ფეხზე მდგომი შემოვიდა აფხაზეთი ჩემში.
– 2009 წელს, როცა საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო პრიორიტეტების ჩამონათვალიდან ფაქტობრივად ამოშალა აფხაზეთის პრობლემა, თქვენ, გენო კალანდიამ აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის სახელით გამოეცით უნიკალური წიგნი «აღელვებული ზღვა», რომელშიც თავი მოუყარეთ აფხაზი პოეტების ლექსებს საქართველოზე.
რა იდეა გამოძრავებდათ?
– მე მყავდა ერთი აფხაზი მეგობარი, თქვენი კოლეგა – აფხაზეთის ტელევიზიის პირველი თავმჯდომარე შამილ ფილია, ცოტა ამბიციური პიროვნება, რის გამოც ვკამათობდით ხოლმე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაზე. მეგობრებს შორის კამათი თუ არ არის, მაშინ მეგობრობა კი არა, პირფერობაა. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მას არც საქართველო და არც ქართველები ეხატებოდა გულზე.
თურმე ასე არ ყოფილა.
მას შემდეგ, რაც სოხუმი დაეცა და დავკარგეთ აფხაზეთი, სრულიად შემთხვევით ხელში ჩამივარდა მისი ლექსი, რომელმაც შემძრა და ამაფორიაქა:
«ვხედავ, ჩვენს შორის
ტყვია ჩამდგარა,
ერთურთს ამაგი ვერ
დავუფასეთ,
მაგრამ რა ვუყო ამ გულს,
რომელიც
ვერ დაივიწყებს
ნოდარ დუმბაძეს».
თურმე შამილი ბოლომდე ვერ მიცვნია, თურმე ის ჩემსავით იტანჯება იქ… მაშინ დამებადა იდეა, რომ გამომეცა ჩემი მეგობარი აფხაზი პოეტების ლექსები საქართველოზე.
აფხაზეთის მწერალთა კავშირი მაშინ იყო ერთი დიდი საკრებულო აფხაზებისა და ქართველების. აფხაზეთში საოცრად უყვართ თავიანთი პოეტები, მწერლები, რომლებიც ყოველთვის ნდობითა და ავტორიტეტით სარგებლობდნენ ხალხში. ჩვენ ყველგან ერთად ვიყავით, არ დარჩენილა სოფელი, სადაც შემოქმედებითი შეხვედრები არ გაგვიმართავს.
– ლიხნშიც იყავით?
– აბა, რაზეა ლაპარაკი! არ დარჩენილა არც ერთი მეტ-ნაკლებად ცნობილი ოჯახი, სადაც სუფრაზე არ ვმჯდარვარ და სიყვარული არ მიმიღია.
აი, ამ ერთობის დასტურად გამოვეცით ეს წიგნი – საქართველო აფხაზურ პოეზიაში.
– სახელწოდება – «აღელვებული ზღვა» საიდან გაჩნდა?
– დიმიტრი გულიას ლექსიდანაა – «აღელვებული ზღვა», რომელიც ზუსტად გამოხატავს იმ მდგომარეობას, რომელიც ჩვენ შორისაა დღეს, მაგრამ მოვა დრო და, როგორც ზღვა დამშვიდდება, დაწყნარდება, დაიწმინდება ჩვენი ურთიერთობაც.
საქართველოს ისტორიის მაგალითები გვიდასტურებს ამას.
– როგორც ვიცი, ეს კეთილშობილური საქმე – «აღელვებული ზღვის» გამოცემა სპონტანური აქტი არ იყო. ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის პერიოდში თქვენი ინიციატივით და იმ პერიოდში აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის – თამაზ ნადარეიშვილის მხარდაჭერით დაარსდა გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია, რომლის პირველი ლაურეატები გამოჩენილი ქართველი მწერლები გახდნენ.
– დიახ, ასე იყო. 92-ის 14 აგვისტოს ომი რომ დაიწყო, ბევრი ვიფიქრე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო შუამავალი ჩვენსა და აფხაზებს შორის? ჩემი აზრით, საუკეთესო იქნებოდა გიორგი შარვაშიძე, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მემკვიდრე, დიდი აფხაზი, ბრწყინვალე პოეტი, პუბლიცისტი და უფრო უკეთესი დრამატურგი.
პირველთა შორის, ვისაც ეს პრემია მიენიჭა, იყვნენ შოთა ნიშნიანიძე, თამაზ ჭილაძე, ხუტა ბერულავა, ისტორიკოსები – ვინც აფხაზეთის თემასა და საკითხებზე წერდა.
ამ პრემიას ისეთივე დატვირთვა ჰქონდა, როგორც შემდეგ «აღელვებული ზღვის» გამოცემას – ხაზგასმა იმისა, რომ ქართველთა და აფხაზთა დაპირისპირება იყო დროებითი მოვლენა, რომ ბოლოს და ბოლოს უნდა გაიმარჯვოს ერთად ყოფნის სიკეთემ, იმ სიმართლემ, რომლის უკვდავ ფესვებზეც ჩვენი ხალხებია აღმოცენებული.
– ანქვაბის მოსვლას აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად ანალიტიკოსები ახალ ეტაპად მიიჩნევენ, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში, მინიმუმ, – განსხვავებულ სიტუაციად. როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამ ვითარებაში გამყარებული გაუცხოების დასაძლევად?
– წინასაარჩევნო პერიოდში ანქვაბმა განაცხადა, რომ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე საქართველოსთან ერთად მოსალაპარაკებლად უნდა დავსხდეთო. ამ განცხადებით მას შეიძლება დაეკარგა ულტრასეპარატისტთა მხარდაჭერა, მაგრამ მან თქვა ეს. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ანქვაბი იყო და არის საიმედო კაცი.
ომამდე მისი მოღვაწეობა მაქსიმალისტურად შეურიგებელი სეპარატიზმით იყო გამორჩეული. მაგრამ ომის დაწყების შემდეგ მასზე უფრო ობიექტური პოლიტიკური მოღვაწე აფხაზთა შორის მე არ მახსოვს. ეს გამოჩნდა ტყვეთა გაცვლის, მოლაპარაკებების პროცესში და სხვა კონფლიქტურ სიტუაციებში.
– რით ხსნით ამას?
– იმით, რომ შინაგანად, ბუნებით იგი უაღრესად პატიოსანი კაცია. ხუთჯერ თავდასხმა რომ მოუწყვეს, შემთხვევით არ იყო.
დარწმუნებით ვიტყვი, რომ იგი ორმაგ თამაშს არ ითამაშებს. ანქვაბის საქმიანობა პატიოსნებაზე არის აგებული.
ვფიქრობ, რომ ანქვაბი შეეცდება, ნიადაგი შეამზადოს კონფლიქტის მოსაგვარებლად. ეს უნდა იქონიონ მხედველობაში ჩვენმა პოლიტიკოსებმა. ასეთია ჩემი პირადი აზრი და შეხედულება.
– იფიქრონ ამაზე პოლიტიკოსებმა. ჩვენ კი, თქვენი თანხმობით, შევცვალოთ საუბრის მიმართულება.
ბევრი კარგი მოგონება მსმენია თქვენგან აფხაზ და ქართველ მწერალთა მეგობრობის შესახებ.
– აფხაზეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ივანე თარბა საქართველოს დიდი პატრიოტი იყო, ეს იმ დროს, როცა მწერალთა კავშირს დიდი წონა და ავტორიტეტი ჰქონდა. 17 წლის ბიჭი ჩავედი აფხაზეთში და მამასავით მომიარა, გამზარდა, აფხაზურ ტრადიციებს მაზიარა, მოქცევა მასწავლა იმ გარემოში. როცა დაიძაბა სიტუაცია აფხაზეთში, ვანო გააგდეს სამსახურიდან.
იმდენი ჭკუა არ ეყო ჩვენს ხელისუფლებას, რომ ასეთი კაცი თავისი ოჯახით შეეკედლა. მისი მეუღლე – ეთერ კოღონია აფხაზეთის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, აკაკი ხორავას სტუდენტი, ბრწყინვალე მსახიობი (ქართულად თამაშობდა სპექტაკლებს, კაცო!) ომის დროს საცოდავად მოკვდა – ჭურვი მოხვდა ფეხში, მოგლიჯა კიდური და სისხლისგან დაიცალა.
ვანო თარბას ბინის კარს ყოველ დღე შავი საღებავით აწერდნენ, რომ აფხაზის ერის მოღალატე და გამყიდველია. ისე ინერვიულა ამ კაცმა, რომ არაადეკვატური გახდა, გაგიჟდა. ლენინგრადში წაიყვანეს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, იქ გარდაიცვალა უთვისტომოდ დარჩენილი კაცი…
ვერ ვუმეგობრეთ, ვერ ვუპატრონეთ მისმა ქართველმა კოლეგებმა…
– მაგრამ კარგიც ხომ გახსოვთ, ბატონო გენო?
– რა თქმა უნდა! ჩვენი ურთიერთობა სხვა სამყარო იყო: ისე ვიყავით შეხმატკბილებულები ერთმანეთთან, მეგობრულად შეხუმრებულებიც კი, რომ მავანმა შეიძლება არც კი დაიჯეროს.
ერთ ანეგდოტურ ამბავს მოგიყვებით.
ის პერიოდია, როცა სერგეი ბაგაფში პარტიის ოჩამჩირის რაიკომის პირველი მდივანია, მწერალთა კავშირის თავჯდომარე – ივანე თარბა, მე ამ კავშირის მდივნად ვარ არჩეული. მიგვიწვიეს ოჩამჩირეში ყველა, ვინც კი თვალსაჩინო მწერალი და პოეტი ვიყავით აფხაზეთში. ჩვენ შორის ბაგრატ შინკუბაც იყო, სახალხო პოეტი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობდა ავტონომიურ რესპუბლიკაში.
საღამოს სერგეი ბაგაფში უძღვება.
სიტყვას აძლევს ბაგრატ შინკუბას და ჩამოთვლის მთელ მის ტიტულებს. ტაშით დაიქცა დარბაზი.
შემდეგი გამომსვლელია ივანე თარბა, რომელსაც ბაგაფში წარადგენს როგორც ცნობილ საბჭოთა პოეტს და სასიქადულო მამულიშვილს. ტაშის გრიალი.
– სიტყვა ეძლევა ცნობილ საბჭოთა პოეტს – პლატონ ბებიას! – კვლავ ტაშით ხვდებიან გამომსვლელს.
– სიტყვა ეძლევა კალანდიას, – აცხადებს ბაგაფში. ასე – არც სახელი, არც ცნობილი, არც არაფერი. არადა, მაშინ უკვე ვიბეჭდებოდი რამდენიმე მილიონიანი ტირაჟის მქონე ჟურნალ «იუნოსტში», საკავშირო გაზეთ «იზვესტიაში», უპოპულარულეს ჟურნალებში «ნოვი მირ» და «დრუჟბა ნაროდოვ».
ვითომ არაფერი!
მივუბრუნდი აფხაზ კოლეგებს და ვუთხარი:
– თქვენ ვაი ხალხო, თქვენ რომ მკითხველები გყავთ, იმდენი ქალები მყავს და ვინაა ცნობილი – მე თუ თქვენ?!
ატყდა სიცილი და მქუხარე ტაში.
ასე ახლოს რომ არ ვყოფილიყავით, ამის მთქმელი ვერ ვიქნებოდი ბაგრატ შინკუბასა და ივანე თარბას თანდასწრებით.
მახსენდება, როგორ შევახვედრე პოეტი ნიკოლოზ კვიწინია, ბარათაშვილის, გალაკტიონისა და სხვათა აფხაზურად მთარგმნელი, ჟურნალ «ალაშარას» მთავარი რედაქტორი ჭაბუა ამირეჯიბს, როგორ ითარგმნა აფხაზურად და გამოიცა «დათა თუთაშხია»…
იყო ასეთი ურთიერთობა…
ნოდარ დუმბაძე, კარლო კალაძე, ივანე თარბა თავისი ძმებით, გიგლა ხუხაშვილი, გიგლა ფირცხალავა სუფრაზე რომ დასხდებოდნენ ნოდარის აგარაკზე და სიმღერას რომ იტყოდნენ, მოძრაობა ჩერდებოდა გულრიფშში!
მართლაც: «რა ვუყოთ ამ გულს, რომელიც ვერ დაივიწყებს ნოდარ დუმბაძეს»…
დიდი სიყვარულისა და მოწიწების გარეშე ვერ დაიწერებოდა ბაგრატ შინკუბას ლექსი მთაწმინდაზე, სადაც ასეთი სტროფია:
«შენს მკერდზე გაჩნდა
სხივი დილის მზის,
კალთებს გეყრება ოქროს
ბწკალები,
შენ მეუფე ხარ დიდი
თბილისის,
მარადიული მისი
თვალები».
წრფელი გრძნობის გარეშე ასე ვერ მიმართავდა ლეონტი ლაბახუა აფხაზ ძმებს:
«ჰეი, აფხაზნო, საუკუნოდ
მოგვცემს დიდებას,
მქუხარ სიმღერით
გამარჯვება ამგვარ ჭიდილში,
ქართველთა გულიც
სიხარულით
დაიკვირტება,
ჩავიხატებით
ქართველების
მზიურ ღიმილში».
ვერც ალექსი ჯონუა ეტყოდა ქართველ პოეტებს:
«თქვენს ტკბილ ლექსებში
ჟღერს აფხიარცა,
ვით მეგობრობის
ლაღი სიმღერა.
არა, ჩვენს წინსვლას
არ აქვს ჯებირი,
გვესმის ერთურთის
გულების ფეთქვაც.
დასაბამიდან ღვიძლი
ძმებივით
ვიყავით,
ვართ და
ვიქნებით ერთად!»
აბა, ივანე თარბას ეს სტროფი ნახეთ, რა ქართულია – გოგლა ლეონიძის «ნისლების თემის» – «როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი, ქართლის ხეობებს ასდით ნისლები» – ღირსეული გაგრძელება:
«ქიმი ჩანდა მწვერვალისა,
უზარმაზარ კოშკის დარი.
ფართო ჭალებს,
როგორც დიდ ქვაბს,
ასდიოდა ოხშივარი.
წმინდა რძისებრ როგორ
დუღდა
ალაზანი, ვნახე დილით,
ნიავი რომ დაქროლებდა,
ნისლს იკრავდა
ნაღებივით».
აფხაზმა თუ გიძმო, არ გიღალატებს, მაგრამ ამ ძმობაშიც მორიდებულია. ერთხელ ზუგდიდის თეატრის სცენაზე მუშნი ჯოპუას პიესა, რომელიც მე ვთარგმნე, აფხაზმა რეჟისორმა დიმიტრი კორტავამ დადგა და პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა. აფხაზეთის მთელი ინტელიგენცია დაესწრო წარმოდგენას. მაგრამ აფხაზეთიდან ჩამოსულთათვის საგანგებოდ გაშლილი 200-კაციანი სუფრა კინაღამ გაგვიცუდდა, რადგან სტუმრებმა ფეხი აითრიეს: ისედაც შეწუხდით ჩვენთვის, სპექტაკლი დადგით, პატივი დაგვდეთ და ახლა ჩვენი სტუმრობით თავს არ მოგაბეზრებთო.
მითხრეს ეს ამბავი მე, სოხუმში ბრუნდებიანო აფხაზები. სასწრაფოდ მივედი და ვუთხარი:
– ძმებო, სულ აფხაზურ სუფრაზე რომ ვართ, ახლა მეგრული პურმარილით გამასპინძლების საშუალება მოგვეცა და უარს ნუ გვეტყვით, მიირთვით და ისიამოვნეთ-მეთქი. უარი მართლაც ვერ მითხრეს და დილამდე ვიქეიფეთ. ქართულ-აფხაზური ძმობის ზეიმი იყო ის შემოდგომის ღამე სამეგრელოში.
ამის დავიწყება შეუძლებელია.
– მაგრამ დაივიწყეს. აფხაზურმა ელიტამ, კულტურის მოღვაწეებმა, მწერლებმა რატომ ვერ შეძლეს გახლეჩის, დაპირისპირების თავიდან აცილება?
– მე მაინც ვფიქრობ, რომ ბევრ რამეში მაინც ჩვენ ვართ დამნაშავე.
ისინი რას ითხოვდნენ?
მეტ უფლებებს ითხოვდნენ. მაგალითად, არ არის აუცილებელი თბილისელი ხელმძღვანელი კადრების მაინც და მაინც აფხაზეთში დასაქმება. მართლები იყვნენ პრინციპულად. ბევრ რამეში არ ტყუოდნენ და ჩვენ უნდა დაგვეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნები.
ინტეგრაცია ფორმალური არ უნდა ყოფილიყო, ისეთი, როცა ერთი-ორი კაცი მოჰყავდათ თბილისში რესპუბლიკურ სტრუქტურებში სამუშაოდ, ისიც მცირე ხნით.
შვიდი წელიწადი იმუშავა ანქვაბმა თბილისში და სხვანაირ კაცად დაბრუნდა. ასი ასეთი ანქვაბი რომ ყოფილიყო, ვერავითარი «დაინტერესებული ძალა» ვერ არევდა სიტუაციას.
– ის ქართველები, რომლებიც იმ კრიტიკულ წლებში აფხაზეთში მოღვაწეობდნენ, აღმოჩნდნენ საჭირო სიმაღლეზე გართულებულ ვითარებაში?
– ყველანი – არა. ბევრ მათგანთან კონფლიქტი მქონდა. შიშის სინდრომი სძლევდათ. იჩაგრებოდნენ ქართველებიც. მოკლედ – ბალანსი ორივე მხარეს დარღვეული იყო. ქართული ეროვნული მოძრაობა, რომელიც მაშინ გაძლიერდა, აფხაზეთში გადავიდა და თვითგამორკვევაზე მათაც დაიწყეს ფიქრი და მოქმედება. ჩვენი და მათი ეროვნული ინტერესები გარკვეულ მომენტში დაშორდა ერთმანეთს.
– და დაუპირისპირდა.
– კადრების დარგში ყველაზე დიდი შეცდომა ვლადისლავ არძინბას დაწინაურება იყო, არ უნდა მოეყვანათ. არადა, იყვნენ აფხაზეთში დიდებული ადამიანები. უპირველეს ყოვლისა, ბორის ადლეიბას დავასახელებ, პარტიის საოლქო კომიტეტის პირველ მდივანს, რომელსაც თავის დროზე ჩვენმა პარტაქტივმაც უღალატა… გულმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა.
– სისხლია ჩამდგარი ჩვენ შორის… თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს სისხლი გაიწოვოს?
– აფხაზეთი ეპიზოდურად გვახსენდება. ბოლო 2-3 წელიწადია, აფხაზეთზე არავინ ლაპარაკობს, თითქოს ეს თემა დაიხურა.
რა უნდა ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას, ქართველ ხალხს იმაზე დიდი სატკივარი და საზრუნავი, ვიდრე აფხაზეთი და სამაჩაბლოა?!
როცა აფხაზეთის დეპუტაცია საქართველოს პარლამენტში ვიყავით, კვირა არ გავიდოდა, აფხაზეთის საკითხი არ დაგვეყენებია.
– დღეს არც დეპუტაციაა პარლამენტში, არც – საკითხის დამყენებელი. შეგნებულად ხომ არ გაკეთდა ასე?
– სამწუხაროდ, ასეა. ხდება ამბავი, «ოდისეაში» აღწერილის მსგავსი: ლოტოფაგები – ლოტოსის მჭამელი მითიური ტომი, შეეცადა ოდისევსისთვის შეეჭმევინებინა ეს ეკზოტიკური მცენარე, რადგან ლოტოსის მჭამელ ადამიანებს ავიწყდებოდა წარსული.
აშკარად იკვეთება პარალელი: ლოტოფაგების მეთოდით გვავიწყებენ აფხაზეთს! და მეც შევეცადე, ჩემს ლექსში – «ოლიფანტე» მეთქვა ამის შესახებ:
მიირთვი, მიირთვი
უშფოთველად,
მიირთვი კარგად, მიეძალე.
მორჩილად დახარე
ეგ თავი მონის,
თხუნელასავით
სარდაფში ჩადი…
წარსული დაივიწყე…
გიყვარდეს ახალი
საქართველო, ოლიფანტე!
დღეს ეშმაკიც ვერ დაადგენს, რას მოხმარდა ის დახმარება, რომელიც აფხაზეთიდან დევნილებისთვის გაიღო საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ისე ჩანს, რომ ლტოლვილები ზედმეტი ჭირია ჩვენი მთავრობისთვის. ამათ აფხაზეთი არც აინტერესებთ. რამდენიმეს გამოკლებით, აფხაზეთში ნამყოფებიც კი არ არიან.
ვისაც აფხაზეთი სტკივა, ისინი პარლამენტიდან გაუშვეს. ჩვენ ჩვენი თავმოყვარეობა გვაქვს და საპროტესტო აქციებს ვერ მოვაწყობდით… არადა, მეგონა, რომ საჭირონი ვიყავით ჩვენი ხელისუფლებისთვის.
ჩვენისთანა რესურსი რომ არსებობს, მე რომ ვარ და ჩემზე უკეთესები, ბიჭო, გამოიყენე, ჩემი აფხაზი მეგობრები – ალექსი გოგუა, ვალოდია აჯინჯალი, ბორის გურგულია, ნიკოლოზ კვიწინია, ჯუმა ახუბა, შამილ ფილია, შოთა სალაყაია, სხვები და სხვები გამოგვიყენე!
განსაკუთრებით მინდა ვთქვა ალექსანდრე ჭაჭიაზე, მეცნიერსა და მოღვაწე ადამიანზე, რომელიც აფხაზეთიდან არის, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ბაგაფშთან, მეგობრობს ანქვაბთან, უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს აფხაზეთში. ალექსანდრე ჭაჭია გყავდეს და მისი პოტენციალი არ გამოიყენო აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაში, ეს არა მარტო არაფრით არ არის გამართლებული, არამედ სიბეცეა და პოლიტიკური შეცდომა.
გამოგვიყენეთ, სანამ ვარსებობთ, თორემ მივდივართ ნელ-ნელა.
საქმიანი წინადადება
როცა მთავრობას აზროვნების დამბლა სჭირს, ხალხი ერთმანეთთან მისასვლელ გზებს ეძებს. ერთი წინადადება ასეთია:
– უჭირთ ცხოვრება აფხაზეთში, – ამბობს ბატონი გენო, – ერთადერთი ქუჩა სოხუმის ცენტრში მშვიდობის პროსპექტის ისეთი, რომელსაც შეეხედება. თითო-ოროლა ადამიანს თუ ნახავდი გასულ ზაფხულს სოხუმის პლაჟზე.
თავის დროზე, 1650-1655 წლებში, როცა სამეგრელოს მთავარი ლევან დადიანი რუხის ციხეს აშენებდა, მას სავაჭრო ქალაქად მოიაზრებდა. 50 ოჯახი ჩამოიყვანა ჩხარიდან და დაასახლა – კარგი ვაჭრობა იციანო.
გავხსნათ რაიმე მსგავსი ჩვენც რუხში – მანქანების ბაზრობა ან საერთოდ ბაზრობა თუნდაც. მთელი აფხაზეთი მოგვაწყდება. ამაზე უფრო დიდ და ეფექტიან საქმეს ჩვენი მთავრობა ვერ გააკეთებს.
მაგრამ რად გინდა? იყო ასეთი ბაზრობა ერგნეთში. მოშალეს. და რით დამთავრდა «კონტრაბანდასთან» ბრძოლა, 2008-ის აგვისტოში ვნახეთ.
 ალტერნატივა ბოლოთქმის ნაცვლად
ახლა საით? – ამ შეკითხვას გენო კალანდიამ ორი ამბის მოყოლით უპასუხა, გზაგასაყარზე ლოდზე წარწერილს რომ ჰგავდა:
–  სოხუმში ქალბატონ ნაირა გერგედავას ღონიერი ოჯახი ჰქონდა. ლტოლვილად რომ აქციეს, ვაჟთან ერთად თბილისის გზას დაადგა. კინდღთან ბანდიტებმა გააჩერეს, შვილის მოკვლით დაემუქრნენ. ოღონდ ამას ნუ იზამთო და დედამ, რაც სამკაული და ოქროულობა ჰქონდა შინიდან წამოღებული (ცოტა არ იყო), «გამათავისუფლებლებს» გადასცა.
მაინც მოუკლეს შვილი. თვითონ თმებით ხეზე დაკიდეს და რამდენიმე წუთის წინათ დახვრეტილი უცნობი მამაკაცის სისხლიანი თვალი ძალით გადააყლაპეს: – Глотай, стерва!
არ გათენდება
შენი ცა უკვე,
არ აფეთქდება სისხლით
მორწყულ განთიადებში
შენი ფიქრის იასამანი,
არ შეიკვრება შენი ტანი
ფიჭვის კვარივით
ცხელი მზეების
ცისარტყელებით.
შენ, როგორც წმინდა
მწუხარება,
კარი-კარ ივლი,
ჩემო საბრალო ანტიგონე,
დაო ბედკრულო!
ეს – ტრაგიკული ამბავი.
მეორე ოპტიმიზმის ვარაყითაა შემკული.
– ახალგაზრდა აფხაზ კაცს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მოახერხეს და ჩამოიყვანეს თბილისში. თან გადაჰყვნენ ჩემი ძმისშვილი და მისი მეგობრები.
გადაარჩინეს. განიკურნა.
აფხაზეთში დაბრუნების წინ უკითხავს ჩემი ძმისშვილისთვის, რისი გაკეთება შემიძლიაო სანაცვლოდ?
მონატრებული სოხუმი მაჩვენეო.
ერთ კვირაში მიიწვია, ჭუბურხინჯთან დახვდა და შეუძღვა აფხაზეთში. სოხუმში ოჯახები იწვევდნენ და, როგორც შეეძლოთ, პატივს სცემდნენ. ერთ მშვენიერ დღეს კი გუდაუთაში წაიყვანა მასპინძელმა ბაბუამისის ორმოცზე (ორმოცდამეცამეტე დღეს უხდიან მიცვალებულს აფხაზები). ორასკაციანი სუფრა დახვდათ. წამომდგარან ფეხზე აფხაზები და სათითაოდ მადლობა გადაუხდიათ ჩემი ძმისშვილისთვის, გამორჩეულ ადგილზე დაუსვამთ და დიდი პატივი უციათ.
იყო ეს სულ ერთი თვის წინათ.
აი, ასეთი ალტერნატივაა და – აირჩიე, საქართველო!
და მაინც ბოლოთქმა
«სანამდე ვიყოთ ასე?» – კითხულობს გენო კალანდია, – ვის უხმობს საქართველოს გამაერთიანებელი მეფის – ბაგრატ მესამის დროს ჩამოსხმული ბედიის ზარი?
რა თქმა უნდა, ჩვენ, – ქართველებსა და აფხაზებს!
მაშ, ვილოცოთ ერთმანეთის სულების გადასარჩენად».
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here