Home რუბრიკები ეკონომიკა იყიდე–გაყიდე რა, – ქარვასლაა?

იყიდე–გაყიდე რა, – ქარვასლაა?

GEWORLD.GE:
ცნობილი გახდა, რომ მალე შესაძლებელი გახდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წილები და აქციები უცხო ქვეყნის საფონდო ბირჟებზე გაიყიდოს. ამასთან დაკავშირებით „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილება შედის. ახალი კანონის მიხედვით, წილებისა და აქციების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით.

საფონდო ბირჟაზე გატანის შესაძლებლობის გარდა, პროექტის მიხედვით, უქმდება წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემის ნორმაც.
ახალმა კანონპროექტმა უკვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ წრეებში. ცნობილია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მრავალი მაგალითი დაგროვდა იმისა, თუ რა ფორმით და როგორ მიზანმიმართულად ასხვისებს მოქმედი ხელისუფლება ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებს, თანაც საკმაოდ დაბალ ფასად.
ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარი ეკონომიკის ექსპერტს, დემურ გიორხელიძეს ვთხოვეთ.
– ზოგადად, კომპანიების აქციების საერთაშორისო ბირჟაზე განთავსება მიღებული პრაქტიკაა. არ მიმაჩნია ეს რაიმე აღსანიშნ მოვლენად. სახელმწიფოსათვის უკეთესია, რაც უფრო ნაკლები სახელმწიფო ობიექტი იქნება ეკონომიკის სფეროში. არსებობს მოსაზრებები, რაც სახელმწიფოს სტრატეგიულ პოლიტიკას ეხება, რომ სახელმწიფო საკუთრების საზღვარგარეთ აუქციონებზე გატანით ინვესტორებს საშუალებას ვაძლევთ, ხელში ჩაიგდონ სახელმწიფო ქონება. თუ ხელისუფლება მზადაა საკუთარი ეკონომიკის გასავითარებლად, ასეთ გადაწყვეტილებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
– არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა ამ ობიექტების მყიდველებად ისეთი ქვეყნები მოგვევლინონ, რომლებიც შეეცდებიან თავიანთი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა გაზარდონ ჩვენს ქვეყანაზე, რამაც სავალალო შედეგები შეიძლება მოიტანოს.
– ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. სავალალო არაფრით არ შეიძლება იყოს ის ფაქტი, რომ ეკონომიკური ობიექტები კერძო სექტორის ხელში გადავიდეს. ამ ობიექტებით კი, ჩემი აზრით არავინ დაინტერესდება, გარდა ოფშორული კომპანიებისა. უკეთესია, ეკონომიკურად არამიმზიდველი ობიექტები, რომლებსაც საზოგადოებრივი დანიშნულება აქვს, ინვესტორის ხელში გადავიდეს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების 100%–იან წილში სახელმწიფო ქონებაზე, 20 %–ს სწორედ ეს უცხოური ოფშორული კომპანიები ჩაანაცვლებენ.
რედაქციის შენიშვნა: პრობლემა სწორედ იმაშია, რომ სერიოზული ინვესტორების ნაცვლად სახელმწიფო ქონებას ან გაუმჭვირვალე ოფშორული კომპანიები, ან სახელდახელოდ შექმნილი ფირმები ეპატრონებიან, ხოლო სტრატეგიულ ობიექტებს რაც შეეხება, მათ გასხვისებას საქართველოს ხელისუფლებამ კანონში ამ ცვლილებების მიღებამდე გაცილებით ადრე მიჰყო ხელი!
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here