საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ვესაუბრებით ცნობილ ქართველ პოლიტიკოსს ალექსანდრე ჭაჭიას. – ბატონო ალექსანდრე, გასულ კვირას სააკაშვილმა ანაკლიაში საკურორტო ზონა გახსნა და განაცხადა: „იქით არიან ბარბაროსები, აქეთ კი ცივილიზაციაა. იქით არის მონღოლოიდური გადმონაშთები და იდეოლოგია, ხოლო აქ ნამდვილი, უძველესი კოლხური ევროპა, უძველესი ცივილიზაცია“. ქართველმა ექსპერტებმა და უფლებადამცველებმა სააკაშვილის ეს განცხადება ქსენოფობიად და ერთა შორის შუღლის გაღვივებად მონათლეს. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით, როგორი პოლიტიკური შეფასება შეიძლება მიეცეს სააკაშვილის ასეთ განცხადებას და რა შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნის პრეზიდენტად წოდებული ადამიანის ასეთმა ლაპარაკმა? – მე არა მგონია, რომ სააკაშვილი ქსენოფობი იყოს! მისთვის ეროვნებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არადა, რომ ჰქონდეს, ეს საქართველოსა და ქართველი ერისათვის უკეთესი იქნებოდა. ის დამოკიდებულება, რაც ამჟამინდელ ხელისუფლებას ახასიათებს აფხაზების, ოსების მიმართ, საერთოდ, ამ კონფლიქტებისა და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მიმართ, ჩვენ კატასტროფამდე მიგვიყვანს.
დიახ, დღევანდელი ხელისუფლება განგებ აკეთებს ყველაფერს საქართველოს მოსახლეობაში იმ აზრის ჩამოსაყალიბებლად, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელია! მმართველი გუნდის წარმომადგენლების ყოველი გამოსვლა, ყოველი აქცია, რომელიც საერთაშორისო არენაზე ხორციელდება, მოწმობს იმას, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას განზრახული აქვს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საბოლოოდ მოშორება და ამ ტერიტორიებზე უარის თქმა! – კი მაგრამ, სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტია თუ გამოცხადებული მტერი? – საქმე ისაა, რომ აქ სააკაშვილის ნება-სურვილზე არაფერია დამოკიდებული. დიახ, ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს მეპატრონეზე – ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ამერიკელებს კი აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი არაფერში სჭირდებათ! აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტის გამო საქართველო მსოფლიოში ითვლება არშემდგარ ქვეყნად, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული აქვს. ყოველივე ეს ხელს უშლის ამერიკელებს საქართველოს ტერიტორიაზე საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ბაზებისა თუ შეიარაღებული ძალების განლაგებაში. რაც შეეხება სააკაშვილის ხელისუფლებას, მას იდეფიქსად აქვს გადაქცეული ნატოში შესვლა და აფხაზეთი და სამაჩაბლო აქაც ხელისშემშლელი ფაქტორია, რადგან ქვეყანას, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული აქვს, ნატოში არავინ მიიღებს. ამიტომაც აქვს განზრახული დღევანდელ მმართველ ძალას აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლება აუცილებლად დაიწყებს ასეთ პროპაგანდისტულ კამპანიას – დროებით ვაღიაროთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, შევიდეთ ნატოში და ნატო ჩვენ ამ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს. მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, არ წამოეგოს ამ კამპანიას, რადგან ეს არის წმინდა წყლის ბლეფი! – არადა, ბატონო ალექსანდრე, დღევანდელი პოლიტიკური მმართველი ძალა მუდმივად გამოთქვამს მზადყოფნას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად რუსეთთან დიალოგისა და მოლაპარაკებებისათვის… – ვისთან უნდა დაჯდეს ეს ხელისუფლება მოსალაპარაკებლად – „ბარბაროსებთან“ და „მონღოლოიდებთან“? თქვენ არ გეგონოთ, რომ სააკაშვილი ასეთ განცხადებებს სისულელით ან სიგიჟით აკეთებდეს. არა, ეს არის აბსოლუტურად მიზანმიმართული პოლიტიკა და სააკაშვილმა მშვენივრად იცის, რომ კაცი, რომელსაც დედას აგინებს და ბარბაროსს ეძახის, მასთან მოლაპარაკებაზე არ წამოვა! – 2011 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომის დაწყებიდან 19 წლისთავზე, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ბათუმში კონცერტი და ტაშფანდური მოაწყო. ესეც მიზანმიმართულად კეთდება? – ასეთი რამეები არის ჩვენი ცნობიერების გაუკუღმართებისა და განადგურების მცდელობა. 2008 წლის აგვისტოში, როცა ცხინვალში ომი დაიწყო და საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო ფაქტი მოხდა, ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე კონცერტი გამართა, სადაც გამოდიოდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები, მღეროდნენ, ცეკვავდნენ და ა.შ. რა შეფასება შეიძლება მიეცეს ამას? არაფერი, გარდა იმისა, რომ ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი არის დეგრადირებული. ესენი ცდილობენ, მოსპონ დიდი ქართული თვისებები, ეროვნული ღირებულებები, რომლებიც ჩვენს ერს საუკუნეების განმავლობაში ამოძრავებდა. ცდილობენ კი არა, უკვე მოსპეს ეს ღირებულებები! დღევანდელი სახელისუფლო ძალები, პრაქტიკულად, ამბობენ: „მოდი, კონცერტი გავმართოთ და ვიზეიმოთ ომის დაწყება“. ამას აკეთებენ იმისათვის, რომ ეს ტრაგიკული ისტორიული თარიღები ერის ცნობიერებიდან ამოშალონ და ტაშფანდურით ჩაანაცვლონ. ეს არის დიდი ფსიქოლოგიური ომი, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლება ქართველი ერის წინააღმდეგ წარმატებით აწარმოებს! აი, შეხედეთ, ქართველი ინტელიგენცია განადგურებულია და, პრაქტიკულად, აღარ არსებობს! – რატომ ფიქრობთ, რომ ქართველი ინტელიგენცია აღარ არსებობს? – ინტელიგენცია, როგორც ერთიანი ფენომენი, რომელსაც აქვს საკუთარი პოზიცია და ავტორიტეტი, საქართველოში აღარ არსებობს! ინტელიგენციის ძველი თაობის ცალკეული წარმომადგენლები ახლა ხვდებიან, თუ რა დანაშაული ჩაიდინეს მაშინ, როცა შევარდნაძესთან თანამშრომლობდნენ, როცა შევარდნაძეს ტაშს უკრავდნენ. აი, ეს ინტელიგენტები ახლა ცდილობენ, გამოვიდნენ, იყვირონ, იწივლონ… მე მესმის მათი, გული სტკივათ საქართველოს დღევანდელ უბედურებაზე, იმიტომ, რომ მართლა ქართველები არიან, მაგრამ „მატარებელი“, სამწუხაროდ, წავიდა! გარდა ამისა, ქართველი საზოგადოება, როგორც კულტურულ-ისტორიული ფენომენი, თითქმის აღარ არსებობს! საქართველოში საზოგადოება რომ არსებობდეს, ტრაგიკულ დღეებში კონცერტები და ცეკვა-თამაშები არ გაიმართებოდა! – და, ალბათ, ვერც რობერტ სტურუას მოხსნიდნენ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან? – დიახ, რობერტ სტურუასთან დაკავშირებით რაც მოხდა, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში არც საზოგადოება და არც ინტელიგენცია, როგორც ერთიანი ორგანიზმი, აღარ არსებობს. წარმოიდგინეთ, რობერტ სტურუა, კაცი, რომელმაც ქართულ თეატრში სრულიად ახალი ეპოქა შექმნა, გამოდის, საკუთარ აზრს გამოთქვამს ხელისუფლების მიმართ და ამის გამო მას თანამდებობიდან ხსნიან, ამ დროს კი საზოგადოება გაჩუმებულია, იმიტომ, რომ საზოგადოება აღარ არსებობს. ხელისუფლებამაც მშვენივრად იცის, რომ აღარ არსებობს ქართველი საზოგადოება, აღარ აქვს არანაირი ძალა ქართველ საზოგადოებას და ამიტომაც დგამს გაბედულად ასეთ თავხედურ ნაბიჯებს! რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონიც სწორედ ამიტომ მიიღო ხელისუფლებამ. მართლმადიდებლობის დისკრედიტაცია და მოსპობა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქართველი ერი, როგორც კულტურულ-ისტორიული ფენომენი, დაინგრეს და დაიშალოს! დიახ, მართლმადიდებლობის მოსპობა ნიშნავს ერის მოსპობას! სხვათა შორის, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ სომხურ საკითხთან და სომხეთთან დაკავშირებით, რადგან ეს ძალიან სახიფათო თემაა და სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს! – რა საფრთხეებს გულისხმობთ? – გარწმუნებთ, რომ ძალიან ბევრი ძალაა დაინტერესებული ქართველებსა და სომხებს შორის კონფლიქტის განვითარებით. ამით განსაკუთრებით არის დაინტერესებული ზოგიერთი სომხური რადიკალური ძალა, რადგან საქართველოსა და სომხეთს შორის კონფლიქტის გაღვივებისთანავე დადგება საქართველოსგან ჯავახეთის გამოყოფის საკითხი. ეს უნდა ვიცოდეთ და ფრთხილად უნდა ვიყოთ! შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფალთა ხელში დაწყებულია საქართველოს დაშლის პროცესი, რომელმაც თითქმის შეუქცევადი ხასიათი მიიღო და ჩვენ იმდენი მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ ამ ხელისუფლების წასვლამდე ქვეყანა როგორმე არსებულ მდგომარეობაში შევინარჩუნოთ! – ეს გასაგებია, მაგრამ როგორ უნდა წავიდეს დღევანდელი ხელისუფლება, ამის რაიმე პერსპექტივას ხედავთ? – სამწუხაროდ, ამათი წასვლის პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს, იმიტომ, რომ საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა დამოუკიდებლად მოაზროვნე, ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკური კლასი. ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს პოლიტიკურ არენაზე მოქმედებენ, ხალხის ნდობით ვერ სარგებლობენ, რადგან წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ ანტიეროვნულ რეჟიმებთან: ჯერ – შევარდნაძესთან, მერე – სააკაშვილთან! რეალური ძალა, რომელიც ხალხის თვალში იქნება სააკაშვილის ხელისუფლების ალტერნატივა, საუბედუროდ, დღეს საქართველოში არ არსებობს! – მაშინ, აღარ ყოფილა ჩვენი საშველი, ბატონო ალექსანდრე! – იცით, რაშია საქმე? ქართველ ერს აქვს ერთი საოცარი თვისება – დაღუპვის პირას რომ მივა, სულ ბოლო მომენტში იცის გამოფხიზლება და ამის იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი გამოფხიზლდება და ისეთი ეროვნული ძალაც გამოჩნდება, რომელიც ქვეყნის გადარჩენას შეძლებს! (ალექსანდრე ჭაჭიასთან ინტერვიუ უკვე ჩაწერილი და გაზეთში დასაბეჭდად გამზადებული მქონდა, როცა ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთში გამართულ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა. ალექსანდრე ჭაჭიას კვლავ დავუკავშირდით და ამ ფაქტის შეფასება ვთხოვეთ.) – ბატონო ალექსანდრე, გავრცელებული მოსაზრებით, რუსეთის ხელისუფლება სერგეი შამბას კანდიდატურას უჭერდა მხარს, მაგრამ დე ფაქტო არჩევნებში გაიმარჯვა ალექსანდრე ანქვაბმა, რომელიც პროქართველ პოლიტიკოსად მოიაზრება. რას იტყვით ამ ყველაფერთან დაკავშირებით? – ჭორები, თითქოს რუსეთი შამბას უჭერდა მხარს, ჩემი აზრით, თვითონ შამბას მომხრეების მიერ იყო გავრცელებული. სინამდვილეში, რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთში არჩევნების პროცესებისგან დისტანცირებული იყო და არაფერში ერეოდა, რაც სავსებით კარგი და სწორი საქციელი იყო. როდესაც სერგეი ბაგაფში გარდაიცვალა, მე ინტერვიუ მივეცი რამდენიმე რუსულ გაზეთს და მათ ვუთხარი, აფხაზეთის შემდეგი პრეზიდენტი აუცილებლად ანქვაბი გახდება-მეთქი! დიახ, ვინც იცის შიდა სიტუაცია, თუ რა ხდება აფხაზეთში, ყველასათვის ნათელი იყო, რომ ანქვაბი გაიმარჯვებდა. მეტიც, ვთქვი, რომ ანქვაბი გაიმარჯვებდა პირველსავე ტურში და არანაირი მეორე ტური არ იქნებოდა. – გამოდის, რომ თქვენი პროგნოზი ასპროცენტიანი სიზუსტით ახდა… – დიახ, ასე მოხდა, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ხაჯიმბამ ხმების დაახლოებით 20 პროცენტი მიიღო. ეს მისთვის ძალიან ბევრია. მეგონა, რომ შამბა მიიღებდა ხაჯიმბაზე მეტ ხმებს! რაც შეეხება იმას, რომ ანქვაბი არის პროქართული პოლიტიკოსი, ესეც ჭორებია, რომლის გავრცელებაშიც ზოგიერთმა ჩვენმა თანამემამულემ მიიღო მონაწილეობა. ანქვაბი არის, პირველ რიგში, პროაფხაზური პოლიტიკოსი, საკმაოდ დამოუკიდებელი აზროვნების მქონე! ანქვაბი ღირსეული პიროვნებაა, კარგი კაცია, დიდი ხანია, ვიცნობ, ყოველთვის ვიყავი მასთან კარგ ურთიერთობაში და ახლაც ვარ. მიმაჩნია, რომ ანქვაბის პრეზიდენტად არჩევით აფხაზეთის მოსახლეობამ ღირსეული არჩევანი გააკეთა! აფხაზი ხალხისათვის, აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის ეს არის შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე კარგი გამოსავალი! უნდა აღვნიშნო, რომ ანქვაბი არ არის ვიწრო ნაციონალისტი. იგი ადამიანებს აფასებს არა ეროვნების, არამედ პიროვნული ღირსებების მიხედვით. ამიტომ ანქვაბს ყოველთვის ჰქონდა კარგი ურთიერთობა თავის ქართველ მეგობრებთან. საერთოდ, სანდო მეგობარი და უღალატო კაცია. მიხარია, რომ ალექსანდრე ანქვაბმა დიდ პოლიტიკურ წარმატებას მიაღწია! – ბატონო ალექსანდრე, როგორ ფიქრობთ, ანქვაბი კრემლისაგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას შეძლებს? – დამოუკიდებელ პოლიტიკას აფხაზეთი ვერ გაატარებს, რადგან, რეალურად რომ ვთქვათ, რუსეთი არის ერთადერთი დიდი ქვეყანა, რომელმაც აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მეტიც, რუსეთი ფინანსურად ეხმარება აფხაზეთს და, პრაქტიკულად, მეორე ბიუჯეტს უქმნის. საინვესტიციო პროექტები, რომლებიც აფხაზეთში ხორციელდება, ესეც რუსეთის სახელმწიფო ფულით კეთდება, ამიტომ აბსოლუტურად დამოუკიდებელ პოლიტიკას აფხაზეთი ვერ გაატარებს. საერთოდ, აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქვეყანა მსოფლიოში სულ სამი-ოთხია, მაგრამ არც სერგეი ბაგაფშის დროს არ იყო და არც ანქვაბის პრეზიდენტობის დროს აფხაზეთი ისე მაინც არ იქნება დამოკიდებული რუსეთზე, როგორც საქართველოა დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ანუ აფხაზეთი რუსეთის ხელში სრული მარიონეტი არ იქნება. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ თავის დროზე რუსეთს არ უნდოდა სერგეი ბაგაფშის გაპრეზიდენტება და სხვა კანდიდატს უჭერდა მხარს, მაგრამ აფხაზეთის მოსახლეობამ და პოლიტიკურმა ელიტამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც პრეზიდენტი სერგეი ბაგაფში გახდა. საქართველოში კი მსგავსი რამ არ მომხდარა – არჩევნებში მხოლოდ ის „იმარჯვებს“, ვისაც ამერიკა უჭერს მხარს, ანუ ჩვენ გაცილებით უფრო დამოკიდებული ვართ ამერიკაზე, ვიდრე აფხაზეთი – რუსეთზე. საერთოდ, მინდა, გითხრათ, რომ ალექსანდრე ანქვაბი არ არის ის პიროვნება, რომელიც შეიძლება ვინმეს მარიონეტი იყოს! დიახ, მას ურჩევნია, თავი მოიკლას, ვიდრე ვინმეს მარიონეტი გახდეს! – თქვენი აზრით, ანქვაბის პრეზიდენტობის პერიოდში ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში რაიმე დადებითი ძვრები შეიძლება მოხდეს? – დადებითი ძვრები არ იქნება, იმიტომ, რომ ეს არ შედის საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში! საქართველოს ხელისუფლებას არც ბაგაფშის პრეზიდენტობის პერიოდში გადაუდგამს რაიმე ნაბიჯი აფხაზეთთან ურთიერთობების დასალაგებლად და არც ახლა – ანქვაბის პრეზიდენტობის პერიოდში, გააკეთებს ამას! მე ძალიან ახლოს ვიყავი ბაგაფშთან და არაერთი მცდელობა მქონდა, რომ საქართველოსა და აფხაზეთის მმართველი წრეები დაახლოებულიყვნენ, მოლაპარაკებები დაწყებულიყო და პოზიტიური პროცესები წასულიყო, მაგრამ ეს კატეგორიულად მიუღებელი იყო საქართველოს ხელისუფლებისათვის. მე რამდენჯერმე შევთავაზე საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ესა თუ ის პროექტი, რომელიც პროგრესს შემოიტანდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მოლაპარაკებები მქონდა ბაგაფშის შეხვედრაზე სააკაშვილთან. დავურეკე ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, სააკაშვილთან დაახლოებულ პიროვნებას, და ვუთხარი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ბაგაფში თბილისში ჩამოვიდეს, მაგრამ თქვენი პოზიცია მაინტერესებს-მეთქი. ამ კაცმა მითხრა, ჩვენთვის ეს საკითხი აქტუალური არ არის, ჩვენ აფხაზეთში სიტუაციას ვაკონტროლებთ და მალე ნახავთ წინსვლას ამ პრობლემის გადაწყვეტაშიო. ვნახეთ ჩვენ, რა წინსვლაც მოხდა – ომი და უბედურება! – ბატონო ალექსანდრე, თუ საიდუმლო არ არის, ვისთან გქონდათ ეს საუბარი? – ვისთანაც ეს საუბარი მქონდა, ჩემი ამხანაგია, წლების განმავლობაში ჩვენ ახლო ურთიერთობა გვქონდა და ახლა არ მინდა მისი ვინაობის დასახელება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ იგი იყო ერთ-ერთი უმაღლესი რანგის მაღალჩინოსანი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში. როცა 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში ომი დაიწყო, მაშინვე გაზეთ „ალიას“ ფურცლებიდან მივმართე საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ დავიწყოთ მოლაპარაკება რუსეთთან, თორემ ერთი კვირაც თუ დააგვიანეთ, რუსეთი აფხაზეთსაც და სამხრეთ ოსეთსაც აღიარებს-მეთქი! დიახ, საქართველოს ხელისუფლებას შევთავაზე, ოღონდ თქვენ გამოთქვით მზადყოფნა და მე მოვაგვარებ მოლაპარაკების საკითხს, შევაჩეროთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პროცესი-მეთქი. ამაზე მიპასუხეს, რუსეთი ვერ გაბედავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, ამას საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაუშვებსო. კიდევ ერთხელ დავურეკე ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელს და ვუთხარი – გადაეცით მიშა სააკაშვილს, რომ თუ თვითონ არ შეუძლია მოლაპარაკებებში ჩართვა, ეს ეკლესიის მეშვეობით გავაკეთოთ-მეთქი! მზად ვიყავი, მაღალი რანგის რამდენიმე ქართველი სასულიერო იერარქი ჩამეყვანა ჯერ ილორში და მერე სოხუმში და დაწყებულიყო მოლაპარაკებები, მაგრამ ამ შეთავაზებაზეც არანაირი პასუხი არ მიმიღია! ეს იმას ნიშნავს, არანაირი მიმართულებით, არანაირი ხაზით, არანაირი საშუალებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში წარმატების მიღწევა დღევანდელ ხელისუფლებას არ სჭირდება. აი, ეს არის სიმართლე, მორჩა და გათავდა! ესაუბრა ჯაბა ხუბუაwww.asavali.ge