Home რუბრიკები საზოგადოება რობერტ სტურუას ადგილს ბუბა კიკაბიძის გერი დაიკავებს

რობერტ სტურუას ადგილს ბუბა კიკაბიძის გერი დაიკავებს

GEWORLD.GE:
რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების კვალდაკვალ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის ადგილს მსახიობი მარინა საღარაძე დაიკავებდა.

თავად საღარაძე უარყოფს ამ ინფორმაციას, მაგრამ დანამდვილებით არის ცნობილი, რომ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის გაუქმების შემდეგ „მხატვრული დირექტორის“ ახალი თანამდებობა იქმნება. მისი მოვალეობა კი ფაქტობრივად, იგივეა – თეატრის შემოქმედებითი მიმართულების განსაზღვრა, რასაც დღემდე სამხატვრო ხელმძღვანელი ასრულებდა.
მსახიობი მარინა საღარაძე, რომელიც სულ რაღაც ათი დღის წინ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის  მმართველის მოადგილედ დაინიშნა, აცხადებს, რომ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის გაუქმების შესახებ არაფერი იცის. იმ ვითარებაში, როცა ყველა საინფორმაციო საშუალება ამის შესახებ წერს, მას არც ის სცოდნია, რომ რობერტ სტურუა თანამდებობიდან გაათავისუფლეს.  „გაათავისუფლეს? არაფერი ვიცი. მისი გათავისუფლების შესახებ პირველად თქვენგან ვიგებ. ამიტომ რა კომენტარი შემიძლია გავაკეთო. ამჟამად ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა მარინა საღარაძემ.  მარინა საღარაძე ვერც იმას აკონკრეტებს, თუ რა  უფლება-მოვალეობები აკისრია მმართველის მოადგილის თანამდებობაზე: „თუ რას გავაკეთებ, ეს განსაზღვრული იქნება თეატრის შიდა განაწესით. დავსხდებით მე და მმართველი ზაალ ჩიქობავა და ამ საკითხზე საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით. მე მსახიობი ვარ და, შესაბამისად, ალბათ ხვდებით, რომ ფინანსებთან საქმე არ მექნება”.
ვინ არის მარინა საღარაძე და რატომ უნდა შეცვალოს რობერტ სტურუა? ეს მსახიობი ქართველ მაყურებელს ფილმიდან „სიყვარული, ხანძარი და პომპიეროდან“ ახსოვს, რომელშიც რუს ჯარისკაცზე შეყვარებულ კახელ გოგონას – თაფლოს განასახიერებდა. ფილმს იმანაც კი ვერ უშველა, რომ მასში რამაზ ჩხიკვაძე თამაშობდა. კიდევ ერთი სახე, რომელიც მარინა საღარაძემ კინოში შექმნა, იყო მეორე პლანის როლი ზაზა კოლელიშვილის ფილმში „გარიგება“. დასამახსოვრებელი სახე არც ამ შემთხვევაში გამოვიდა. დიდი მსახიობების შვილის და შვილიშვილის (ბებია და ბაბუა ასევე რუსთაველის თეატრის მსახიობები იყვნენ) სხვა სამსახიობო მიღწევები ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. სამაგიეროდ, კარგად არის ცნობილი მისი და მისი გამზრდელის აღფრთოვანება მიხეილ სააკაშვილით.
ქართული მედია ამ პოსტის პრეტენდენტს, მარინა საღარაძეს მსახიობ გურამ საღარაძის შვილად მოიხსენიებს, მაგრამ არავინ ამბობს, რომ დედ–მამის გაყრის შემდეგ პატარა მარინა მისმა მამინაცვალმა, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ გაზარდა. ამ უკანასკნელის გამონათქვამები კი იმის შესახებ, რომ „მიშა ღმერთმა გამოგვიგზავნა“, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. გარდა ამისა, მარინა საღარაძე მამუკა არეშიძის ყოფილი მეუღლეა. რატომ არ მიიწვიეს იგი „ყოფილი ცოლების კლუბში“, უცნობია, თუმცა, როგორც ჩანს, მას, არც მეტი და არც ნაკლები, რობერტ სტურუას ადგილს უმზადებდნენ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here