Home რუბრიკები პოლიტიკა გია ჟორჟოლიანი: დასავლეთი, როგორსაც დღევანდელი ხელისუფლება ხატავს, არ არსებობს

გია ჟორჟოლიანი: დასავლეთი, როგორსაც დღევანდელი ხელისუფლება ხატავს, არ არსებობს

GEWORLD.GE:
«საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა «სოციალ-დემოკრატების» ლიდერი გია ჟორჟოლიანი.
– ბატონო გია, არის თუ არა იმის ალბათობა, რომ ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი გადაიზარდოს პოლიტიკურ კრიზისში და რით განსხვავდება ქართული კრიზისი, მაგალითად, საბერძნეთში არსებული კრიზისისგან?

– საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კრიტიკულზე მეტია. როცა ევროპის ქვეყნებში მასობრივ პროტესტებს აქვს ადგილი, ეს გამოწვეულია არა იმით, რომ იმ ქვეყნებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უფრო უარესია, ვიდრე საქართველოში, არამედ – იმით, რომ ის ადამიანები მიიჩნევენ, რომ მთავრობები არიან პასუხისმგებელნი ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე; რომ მთავრობა პასუხისმგებელია ქვეყანაში არსებულ უმუშევრობაზე, ბიუჯეტში სოციალური ხარჯების შესაძლო შემცირებაზე. ევროპაში კრიზისია არა იმიტომ, რომ ევროპა საქართველოზე უარესია, პირიქით – შეუდარებლად უკეთესია. საბერძნეთში საშუალო  წლიური ხელფასი 25 ათასი ევროა, საქართველოში კი საშუალო წლიური ხელფასი 4 ათასი დოლარია. საბერძნეთში კრიზისია იმიტომ, რომ საბერძნეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პოლიტიკურად აქტიურია და ითხოვს ხელისუფლებისგან ხალხისთვის სასარგებლო პოლიტიკის გატარებას. საქართველოში კი მედია, პოლიტიკური ისტებლიშმენტი და შექმნილი საზოგადოებრივი აზრი ქვეყანაში არსებულ ვითარებას წარმოადგენს როგორც კარგს.
საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის არ წარმოიდგინება სხვა, ალტერნატიული მოქმედების მექანიზმები იმისთვის, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამიტომ ხალხი ფიქრობს: – თუ გაუმჯობესება შეუძლებელია, მაშინ მთავრობა არ არის დამნაშავე. ესპანელები და ბერძნები კი ფიქრობენ, რომ შესაძლებელია. აქ უიმედობაა, იქ კი პროტესტი ოპტიმისტურად განაწყობს საზოგადოებას და პოლიტიკური სისტემისა და მთავრობის პასუხისმგებლობის ამაღლებისკენ არის მიმართული. ის ხალხი მეტ ყურადღებასა და იმ მინიმუმს მოითხოვს, რომელიც აუცილებელია არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ ღირსეული ცხოვრებისთვის, ღირსეული მუშაობისთვის. საქართველოში უმუშევრობის დონე ბევრად მაღალია, ვიდრე სამხრეთ ევროპაში. რეალურად საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტი უმუშევარია. ამავე დროს, საბერძნეთსა და ესპანეთში, სადაც დღეს კრიზისებია, იქ ჩასული ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი დღესაც პოულობს სამუშაოს. საქართველოს ხელისუფლება ხალხს უმალავს, რომ ალტერნატივა არსებობს. საქართველოში არ არსებობს რეალური დემოკრატიული მექანიზმები და ხალხის მონაწილეობა პოლიტიკაში დაყვანილია მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ არჩევნებში მონაწილეობაზე.
– არსებული ხელისუფლების პოლიტიკა გასაგებია, მაგრამ «სოციალ-დემოკრატები» რა ალტერნატივას ხედავთ?
– მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ის მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით, არ არის ერთადერთი და მისი შეცვლა შეიძლება. პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგად, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში. ხელისუფლება ცრუობს, როცა ამბობს, რომ ასე ცხოვრობენ განვითარებულ ქვეყნებში, იქ საერთოდ განსხვავებული სოციალური და ეკონომიკური მოწყობაა.
– როგორ უნდა შეიცვალოს, ახალი ხალხი უნდა მოვიდეს?
– ეს ცვლილებები ვერ განხორციელდება მხოლოდ პერსონალიების შეცვლით, მთავარია, შეიცვალოს პოლიტიკა. ამ ცვლილებას «სოციალ-დემოკრატებმა» ვუწოდეთ «სხვა საქართველო». «სოციალ-დემოკრატები» ვაპირებთ,  მთელ საქართველოს გავაგებინოთ, რომ ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი არ მიგვიყვანს ჩვენს სანუკვარ მიზნამდე. ისეთი დასავლეთი, როგორსაც დღევანდელი ხელისუფლება ხატავს, არ არსებობს.
– აბა, როგორია სხვა დასავლეთი და როგორია თქვენეული «სხვა საქართველო»?
– ეს არის სოციალ-დემოკრატიული საქართველო, ისეთი საქართველო, სადაც მთავრობა არის პასუხისმგებელი, სადაც მოქალაქეები არიან აქტიურები და სადაც სოლიდარული მოქმედებით უზრუნველყოფილია ღირსეული ცხოვრების პირობები. «სხვა საქართველო» ეს არის მაქსიმალური სამუშაო ადგილები, ეს არის ჯანდაცვის, განათლებისა და ცოდნის სრული ხელმისაწვდომობა. ეს საჭიროა არა მარტო გადარჩენისა და მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის, არამედ განვითარებისთვისაც. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ქვეყნის მოქალაქეები იმ პოლიტიკური უფლებების რეალიზებას, რომლებიც თითქოს დაშვებულია, მაგრამ რეალიზებული არაა. პოლიტიკური უფლებების რეალიზება ადამიანებს შეუძლიათ, თუ შეუძლიათ გადაადგილება, არიან ჯანმრთელები, თუ აქვთ ცოდნა, განათლება და კომპეტენცია. ეს არის არა მარტო საწყისი განათლება, არამედ მუდმივი განათლების შესაძლებლობა, კვალიფიკაციის ამაღლება და ა.შ. თუ ადამიანი არ არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არ მუშაობს, არ ირჩენს თავს, ის პოლიტიკურად აქტიური არ იქნება და ვერაფერს შეცვლის.
– როგორ უნდა ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობა, რომელსაც დღემდე ინფორმაციაც კი არ აქვს საკმარისად?
– სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობა საკმაოდ საღად აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და მოთხოვნებიც შესაბამისი აქვს როგორც ხელისუფლებისადმი, ასევე ხელისუფლებაში მოსვლის მსურველი ძალებისადმი. ჩვენ, ქართველი «სოციალ-დემოკრატები» მომავალი, «სხვა საქართველოს» ღერძად და ხერხემლად მივიჩნევთ არა რომელიმე ძალოვან სტრუქტურას, არამედ ქართულ სოფელს. ჩვენთვის სოფლის მეურნეობა ქვეყნის ფეხზე დადგომისა და განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. სოფლები დღეს, ფაქტობრივად, როგორც საცხოვრებელი ადგილები, როგორც წარმოშობისა და იდენტობის ადგილები, გაუქმებულია.
საქართველოში ადმინისტრაციულად არსებობს მხოლოდ რაიონები, სოფლები კი არ არის გაერთიანებული ისეთ ერთობაში, რომელიც მიიღებდა გადაწყვეტილებას ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. უნდა განვითარდეს თვითმმართველობის ინსტიტუტები და სოფლები ჩამოყალიბდეს, როგორც კოლექტიური ერთობები. მიწებისა და ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი სრულად უნდა იყოს სოფლების განკარგვაში. ადამიანებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ეს როგორ გამოიყენონ, ცხადია, ეკოლოგიური და საერთოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. სოფლებში ფართოდ უნდა განვითარდეს კოოპერირება. ევროპაში სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების 60% გაერთიანებულია კოოპერატივებში. საბჭოთა პერიოდში არსებულ კოლმეურნეობებში დასაქმებული ადამიანები იღებდნენ მხოლოდ 30%-ს, დანარჩენი მიჰქონდა სახელმწიფოს. თუ კოოპერირება კარგია ევროპაში, რატომ არ შეიძლება კარგი იყოს საქართველოში?! მცირენაკვეთიანი კომლების სოფლებში სერიოზული სოფლის მეურნეობის განხორციელება შეუძლებელია. ამას აქვს ორი ალტერნატივა – კოოპერირება და მსხვილი ლატიფუნდიების შექმნა კერძო ინვესტორების მიერ. საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობა, ძირითადად, უცხოელებს აქვთ. ამ ინვესტიციებით შეიქმნება მსხვილი კერძო მეურნეობები, რომლებშიც გლეხები გადაიქცევიან დაქირავებულ მუშაკებად. ეს მნიშვნელოვნად შეასუსტებს იდენტობასა და დემოკრატიულ წესრიგს, რადგან ეს ხალხი ისევ ჩამოეკიდება ვიღაც ერთ ადამიანს. ლატიფუნდიების გამართლებას ცდილობენ ინვესტიციების მოზიდვით, მაგრამ უცხოელები ვერ ააშენებენ ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა ჩვენვე უნდა ავაშენოთ.  დღევანდელ სოფელს ჩამორთმეული აქვს არსებობის და განვითარების უფლება, ჩამორთმეული აქვს მიწა, საძოვრები, ტყეები, მდინარეები… საჭიროა ქართულმა სოფელმა დაიბრუნოს ის, რაც მას ეკუთვნის.
– ნაციონალიზაციას გულისხმობთ?
– ის, რაც დაკავშირებულია ადამიანების იდენტობასთან, ამ ადამიანებს უნდა ეკუთვნოდეს. ეს არის ტყეები, მდინარეები, პორტები, კომუნიკაცია და ა.შ.  ეს მიდგომა არ შემოიფარგლება მხოლოდ სოფლით. ჯანდაცვის სფეროში უნდა შეიქმნას ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო სექტორი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანა ჰოსპიტალური მომსახურებით იმ შემთხვევაშიც, თუ კერძო ორგანიზაციები არ მოინდომებენ ინვესტიციების ჩადებას ამ სფეროში. ცხადია, კომპანიებმა ან პირებმა, რომლებმაც შეიძინეს ქონება, უნდა შეინარჩუნონ ის, მათ ეს ქონება არ ჩამოერთმევათ. მაგრამ, ვინც მოქმედებდა სახელმწიფოსა და კონსტიტუციის წინააღმდეგ, მათი ქონების შესახებ გადაწყვეტილებები გადაიხედება, რადგანაც აშკარაა, რომ დღეს ქვეყნის მმართველები კერძო მფლობელობაში ფლობენ იმ რესურსებს, რომლებიც კომუნისტურ პერიოდში სახელმწიფოს საკუთრება იყო. საბჭოთა საქართველოს მმართველები, ისევე, როგორც მთელი საბჭოთა ნომენკლატურა, მართალია, იყენებდნენ იმ რესურსებს საკუთარი სარგებლისთვის, მაგრამ ის არ შეეძლოთ, რომ ქვეყნის რესურსები და სტრატეგიული ობიექტები კერძო საკუთრებად ექციათ.
სახელმწიფომ არ შეიძლება მოიხსნას პასუხისმგებლობა. ტყუილია, რომ არ შეიძლება ბიუჯეტის გადათამაშება, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე. ჩვენ ვაკრიტიკებთ, რომ საბჭოთა დროს არ იყო საბაზრო ეკონომიკა, იყო საგეგმო კომიტეტი და ა.შ. ვინც მას აკრიტიკებს, არ იცის, რომ საბაზრო ეკონომიკა დიდწილად ექვემდებარებოდა დაგეგმვას, თუმცა სხვა ფორმით. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იაპონია, საფრანგეთი, გერმანია, მთელი ევროპის განვითარება ამას დაეყრდნო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამერიკაშიც რუზველტის დროს შეიქმნა სოციალური საბაზრო ეკონომიკა, კონსესუსი შედგა მოსახლეობის უდიდეს ჯგუფებს შორის, ხოლო სახელმწიფოს მხარდაჭერით იქმნებოდა საერთო საზოგადოებრივი პროდუქტი.
– თქვენი აზრით, საქართველოშიც უნდა შეიქმნას სტრუქტურა, რომელიც დაგეგმავს ეკონომიკას?
– კონკრეტულ მექანიზმებზე არ ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებების აღებაზე და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებაზე. სახელმწიფომ უნდა აუხსნას მოსახლეობას ამა თუ იმ ქმედების მნიშვნელობა, მაგალითად, რატომ უნდა ჩატარდეს კონცერტი და არ აშენდეს ქარხანა, ან არ დავეხმაროთ სოფელს კოოპერატივის შექმნაში.
– საიდან მოვა ფული იმ გეგმების განსახორციელებლად, რომლებზეც საუბრობთ? თუ სახელმწიფო გადაწყვეტს სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის ან განათლების საკუთარი მფარველობის ქვეშ აყვანას, ამას დაჭირდება ფული, რომელი სხვა დარგი უნდა შეიკვეცოს ამისთვის?
– ერთ-ერთი სფერო, რომელსაც უნდა შეუმცირდეს დაფინანსება, იქნება შეიარაღება.
– მაშინ რუსეთს რა დავუპირისპიროთ?
– მგონი, არავინ სერიოზულად არ ფიქრობს, რომ საქართველოს შეუძლია მის წინაშე არსებული პრობლემების ძალით გადაწყვეტა. ეს პრობლემები უნდა გადაწყდეს მხოლოდ მშვიდობიანად. რაც შეეხება უსაფრთხოების სხვა ზომებს, მშვიდობიანი რეგიონული პოლიტიკა არის ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს შეუქმნის უკეთეს პირობებს თავისი ინტერესების გატარებისთვის.
– რატომ გგონიათ, რომ ხალხი სოციალ-დემოკრატიის გზას აირჩევს?
– იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არის ევროპული განვითარების ევროპული კულტურის ხალხი. ევროპამ აირჩია სოციალ-დემოკრატიული განვითარების გზა, მთელი კონტინენტური ევროპა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები არიან სოციალური დემოკრატიის საუკეთესო მოდელები. ეს არის ყველაზე განვითარებული და ყველაზე პერსპექტიული ქვეყნები მთელ მსოფლიოში. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ პერსპექტიული ქვეყანა. უახლოეს მომავალში ჩვენ ვიცხოვრებთ სოციალ-დემოკრატიულ საქართველოში, ისეთ ქვეყანაში, რომელიც თითოეულ ადამიანს მისცემს განვითარების შესაძლებლობას.
ესაუბრა დავით ბაზაძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here