Home რუბრიკები საზოგადოება მამა პეტრე (კვარაცხელია): ეს კანონპროექტი და ის, რაც დღეს ხდება, წინაპირობაა სარწმუნოების,...

მამა პეტრე (კვარაცხელია): ეს კანონპროექტი და ის, რაც დღეს ხდება, წინაპირობაა სარწმუნოების, ქართველობის წინააღმდეგ ბრძოლის

GEWORLD.GE:
«საქართელო და მსოფლიოს» ესაუბრა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე (კვარაცხელია).
– მამაო პეტრე, ჩვენს მკითხველს ახსოვს თქვენი ძალიან გულწრფელი და გაბედული ინტერვიუ, სადაც ხმამაღალი განცხადებები გააკეთეთ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე, სასულიერო პირების მდგომარეობაზე, სომხეთის პატრიარქის ვიზიტსა და სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზე. ეს ის სიმართლე იყო, რომელსაც საზოგადოება გულით ატარებდა, მაგრამ ვერ ან არ თქვა. თქვენ დასაკარგი ბევრი გქონდათ… იცოდით, სასწორზე რასაც დებდით. რა შეიცვალა თქვენი, როგორც მღვდლის, უბრალოდ, ადამიანის ცხოვრებაში იმ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ?

– იმ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ რეალურად ბევრი რამ შეიცვალა. შეიცვალა შეხედულებაც, შეიცვალა ფიქრიც, დავკარგე მოსვენებაც, ყოველდღიურად უფრო დაძაბული ვხდები და უფრო მეტად მტკივა, მაგრამ სამსჯავრო სკამზე დღესაც რომ დამსვან და ამ ინტერვიუს გამო პასუხი მომთხოვონ, ისევ იმავეს გავიმეორებდი. სწორედ ამით ვარ ბედნიერი. ვთქვი ის, რაც მტკიოდა და ვთქვი ყველას – ერისა და ბერის გასაგონად. იმ დროს მე მეტის გაკეთება არ შემეძლო. ეს იყო მაშინ ჩემი დიდგორი, ბრძოლა პირველ რიგში საკუთარ თავთან, გამოფხიზლებისთვის, მანკიერი მხარეების წინააღმდეგ. საბრძოლო იარაღი ამ შემთხვევაში იყო ცხოველი, ჭეშმარიტი სიტყვა, რომელიც გასროლილი ისარია და ვერ დაიჭერ… ჩემი სიტყვა თავისუფალი იყო და სწორედ ამ სიტყვის თავისუფლებიდან გამომდინარე, იმ დღესაც, ახლაც და, ალბათ, მთელი ცხოვრება უკან არასოდეს დავიხევ და ჩემს თითოეულ სიტყვაზე პასუხს ვაგებ…
მე ერთადერთი დასაკარგი მაქვს – ეს ჩემი სულია!.. სულის გამო ყველაფერს დავთმობ. ოჯახსაც სასწორზე ვდებდი, მაგრამ ოჯახსაც დავთმობ უფლისთვის, უფლის სიყვარულისთვის. ვერ დავთმე და ვერ დავკარგე ის, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია, ხელი-ხელ საგოგმანებია და რის გამოც ადამიანი მთელი ცხოვრება იბრძვის – სულის მოპოვებისთვის, სულის შენარჩუნებისთვის და უფალთან მყოფობისთვის.…მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის დგება ჟამი, როცა ის საკუთარ თავში უნდა დარწმუნდეს, თუ უფლისთვის, ეკლესიისთვის რეალურად რისი გაკეთება შეუძლია. მე არ ვიცი, რას შევძლებ მომავალში, მაგრამ ერთი რამის თქმას კი გავბედავ – თუკი ქრისტეს ეკლესიას ისევ საფრთხე დაემუქრება, უკან არასოდეს დავიხევ, რა განსაცდელიც უნდა მელოდებოდეს, იმიტომ, რომ მინდა, ჩემი სიტყვით და საქმით ვემსახურო უფალს, იქნებ ამით შემინდოს ჩემი აურაცხელი ცოდვები ღმერთმა… და სჯობს, აქ დამსაჯონ სიმართლისთვის, ვიდრე იქ, უფალთან მომეკითხოს. მე მთელი ჩემი ცხოვრება უფლისთვის მინდა, ჩემი სულის ცხონებისთვის მინდა და, როცა ვიღაც ამას თავისი ბინძური ხელებით წაეპოტინა, ამიტომ ავიმაღლე ხმა და უკან არ მომიხედავს, არ მიფიქრია, ამის გამო აქ როგორ «გამასამართლებდნენ».
– დიდი იერარქები დღესაც ამტკიცებენ, რომ არაფერი საგანგაშო და ტრაგიკული არ მომხდარა. მამაო, დღესაც მიიჩნევთ, რომ ვიღაც ბინძური ხელით ეპოტინებოდა იმას, რაც თქვენთვისაც და ჩვენთვისაც ასე ძვირფასია? რომ ეკლესია არც ისე ერთიანია, როგორც ამას გვაჩვენებენ? გულწრფელად მითხარით.
– მე ასე ვფიქრობ. ეს შეიძლება ვიღაცისთვის მცდარი აზრი იყოს, მაგრამ მე შინაგანად ეს განცდა მაქვს. ძალიან განვიცდი და ძალიან მტკივა. მტკივა იმიტომ, რომ დღეს ყველაზე მეტად ჩამოწვა უსიყვარულობის ბურუსი, მტკივა იმიტომ, რომ თითქოს ქართველობა აღარ ქართველობს, თითქოს ვერ ვიდავითეთ, თითქოს ჩვენი არ ყოფილა დიდგორის ბრძოლა, შამქორი და ბასიანი… როდესაც ქართველს ქართველობას და სარწმუნოებას ართმევენ, ის საკუთარ თავზე უარს აცხადებს და იწყებს შეუპოვარ ბრძოლას სულის შენარჩუნებისთვის. ასე იყო ოდითგან, …ასე მინდა იყოს ახლაც.
მავანი იტყვის – სარწმუნოებას არავინ გვართმევს, არავინ გვედავებაო, მაგრამ ეს კანონპროექტი და ის, რაც დღეს ხდება, წინაპირობაა სარწმუნოების, ქართველობის წინააღმდეგ ბრძოლისა, მორწმუნე ადამიანის, ქართველის ცხოვრება კი არაფერია, თუ არა მუდმივი ბრძოლა სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, უფლის სახელის დამკვიდრებისთვის და სულის წვრთნისთვის. სულიერი ცხოვრება უხილავი, ხშირად კი ხილული ბრძოლებითაა აღსავსე… ჩემ შემთხვევაში, უხილავ ბრძოლასთან მარტო მე ვიდექი, არ ვიცი, რამდენად ძლიერი ვიყავი და რა იარაღით ვებრძოდი უხილავ მტერს, მაგრამ ხილულ ბრძოლში ორივე – ერის და ბერის ხმა ავიმაღლე და ეს ორივე ხმა იმდენად შემზარავი იყო, რომ, ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი დააფიქრა, უპირველესად კი, დამაფიქრა მე. მე, ვინაც ასეთი მწვავე განცხადებები გავაკეთე, პირველ რიგში, უფრო მეტად მომეთხოვება, ვიყო ის, ვინც სინამდვილეში უნდა ვიყო და, მიუხედავად ბევრი განკითხვისა, ბევრი კრიტიკისა, მაინც დავდგე მოწოდების სიმაღლეზე და უფალს ათასი მადლობა ვუთხრა იმ სიტყვისთვის, რაც შემაძლებინა, რომ მეთქვა… უფლის გარეშე, დარწმუნებული ვარ, ვერც ერთ სიტყვას ვერ წარმოვთქვამდი, მაგრამ მე მინდა, ჩემი სიტყვა იყოს საქმიანი…
– მამაო, ამ რამდენიმე ხნის წინ «მრავალეროვანი საქართველოს» თავმჯდომარემ არნო სტეფანიანმა, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, თქვენც დაგდოთ ბრალი ანტისომხურ პროპაგანდაში… ის მოითხოვს, რომ თქვენნაირმა სასულიერო პირებმა პასუხი აგონ ქსენოფობიისთვის და ამ საქმეში საპატრიარქოს მიიჩნევს თავის «თანამოაზრედ» და «პარტნიორად», იმ კომისიის იმედი აქვს, რომელიც სინოდის გახმაურებულ სხდომაზე შეიქმნა და სასულიერო პირების ზნეობრივ საქციელს შეისწავლის…
– დარწმუნებული ვარ, რომ არნო სტეფანიანი ძალიან კარგად ხვდება, რომ ანტისომხური განცხადება არ გამიკეთებია… მე ჩემი ტკივილი ვთქვი, ჩემი ერის ცრემლი მტკივა… ჩემსას ვიცავ. ეს მიაჩნია მას სომხების შეურაცხყოფად? ჩემს მრევლში არიან სომხებიც, მყავს სომეხი მეგობრებიც და არც ერთ მათგანს არასოდეს უგრძვნია ჩემგან სიძულვილი ამ ერის მიმართ. ქართველებს სხვა ერების სიყვარულს ვერავინ გვასწავლის და ეს ყველაზე უკეთ სომეხმა იცის! კაცთმოძულე რომ ყოფილიყო ქართველი, მის მიწაზე საუკუნეების მანძილზე ლამის ოთხმოცი ეროვნების ადამიანი ვერ იცხოვრებდა. მაგრამ მუდმივად მხოლოდ «საკუთარ მხარეს» ყურება, დამერწმუნეთ, თვით სტუმართმოყვარე ქართველისთვისაც კი ძალიან რთული ასატანია! მე ის, რაც ვთქვი, ტკივილით და არა სიძულვილით ვთქვი! რაც შეეხება გრიგოლ ღვთისმეტყველისა და ილია მართლის სიტყვებს, რომლებიც საუბარში მოვიყვანე, არა მგონია, არნო სტეფანიანს იმდენი კადნიერება ჰქონდეს, რომ წმინდანების «გაკრიტიკება» დაიწყოს და ამ საქმეშიც საპატრიარქო გამოაცხადოს თავის დასაყრდენ ძალად და «პარტნიორად». თუმცა ყოველგვარი სარკაზმის გარეშე მინდა ვკითხო ამ ახალგაზრდა კაცს – ახლა «დაჩაგრულ» მდგომარეობაში რომ გინდა თავი წარმოაჩინო და გსურს, გვიჩივლო «უზნეო» ქმედებების გამო საპატრიარქოში და თან ხმამაღლა რომ აცხადებ, რომ ჩვენი დასჯის საქმეში საპატრიარქო შენი «პარტნიორია», არ გეწყინება, ალბათ, თუ ცოტა ადრინდელ ამბავს შეგახსენებ: მაშინ თუ მოიაზრებდი «საპატრიარქოს» და საერთოდ საქართველოს შენს «პარტნიორად» და ქართველ ხალხს კი მეგობრად, როცა თქვენმა სომხურმა საინფორმაციო საშუალებებმა სომხების პატრიარქი გარეგინ II ჩვენი უწმინდესის «ზრდილობის ტყვედ» გამოაცხადა და თან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ნომერ პირველი ჯაშუში უწოდა? თუ იმასაც გვეტყვი, რომ ამ სტატიის ავტორი გრანტ მელიქ შახ-ნაზარიანი სომეხი არ არის, მაშინ ბოდიშს მოგიხდი (Грант Мелик-Шахназарянб шпион грузии 1: «Илья Второй намерен быть рядом с Католикосом Гарегином II в ходе всех мероприятий. У Католикоса даже не будет возможности отдельно встретиться со своей паствой в Джавахке. Это означает, что его визит будет носить, скорее, церемониальный, нежели патриарший характер. Более того, подобная позиция Ильи Второго в каком-то плане превращает Католикоса в высокопоставленного пленника. Пленника, которого чтут, однако не позволяют свободно общаться со своей паствой. В создавшейся ситуации остается надеяться на то, что Гарегин Второй не превратится еще и в пленника вежливости, а назойливое присутствие высокопоставленного грузинского шпиона не будет угнетать его в патриаршей деятельности»).
ან როცა სომეხი «ისტორიკოსი» აივაზიანი, უკვე ფანტასტიკის სფეროსაც რომ სცდება ისეთ მარაზმთან ერთად, იმასაც «ამტკიცებს», რომ არც ჯავახეთია ჩვენი, თუმცა ჯავახეთს ვინ ჩივის, როცა ქართველების ისტორიულ სამშობლოდ «ბასკეთს» აცხადებს! ვიცი, იმას გვეტყვი, რომ «შენ არაფერი შეგიძლია», რომ ვიღაც აივაზიანისა და მელიქ-შახნაზარიანის ნათქვამზე პასუხს ვერ აგებ, მაგრამ, დალოცვილო, ზრდილობის გულისთვის მაინც გაგეკეთებინა ერთი განცხადება, თუნდაც ერთსიტყვიანი, რომ «სწუხხარ» ან «არ იზიარებ» ამ «პატივცემული» ადამიანების პათოსს და მერწმუნე, «ზრდილობის ტყვედ» არ გამოგაცხადებდით.
აქვე ისევ მინდა ილია მართლის «ქვათა ღაღადი» გავიხსენო: «განა ჩვენთვის კი სანატრელია ასეთი დაქსაქსულობა სომხებისა? ღმერთმა მისცეთ ღონე და უნარყ, ერთად მოიყარონ თავი იქ, საიდანაც აყრილან და აქა-იქ გაფანტულან. ხოლო ჩვენ ჩვენსას ნუ გვეცილებიან. ჩვენი სახელის გატეხვით ნუ ცდილობენ თავიანთი სახელის კეთებას და შემკობას. ჩვენ ბევრი გვქონდა თუ ცოტა, შეგივრდომეთ, შემოგიხიზნეთ, გიძმეთ და შინ მტრად ნუ გვეკიდებით. მტერისა შინა ყოლასა, ლომისა ზედა წოლა სჯობიაო. ასე იტყოდნენ ძველნი ქართველნი, ასე ვამბობთ ჩვენც, ასევე იტყვის ყოველი გონიერი სომეხი!».
– როგორც ვიცი, ახლობლებიც და უცხო ადამიანებიც ირიბად თუ პირდაპირ გაფრთხილებდნენ, სანამ რამეს იტყოდით, გეფიქრათ ოჯახზე. მამაო, ამდენი გაფრთხილების მერე ერთხელ მაინც არ იფიქრეთ, რომ გაჩუმებულიყავით და ეს ცხოველი სიტყვა გულში დაგემარხათ?
– პაოლო იაშვილმა გადაწყვიტა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაემთავრებინა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ მას თავი არ მოუკლავს, პაოლოს იმ გადაგვარებულმა ეპოქამ ესროლა ტყვია! გამხეცებულმა ეპოქამ მოკლა პაოლო იაშვილი, მაგრამ იდეა ვერ მოკლა, პაოლოს პიროვნება დღემდე ცოცხალია… მან სიკვდილამდე თავის შვილს წერილი დაუტოვა – შვილო, მე თავს ვიკლავ, მაგრამ, როდესაც გაიზრდები, მიხვდები, რომ მამაშენი სწორად მოიქცა. მე რომ თავი არ მომეკლა, შენ მთელი ცხოვრება შეგრცხვებოდა იმის, რომ პაოლო იაშვილი მამაშენი იყოო. როცა სანადირო თოფის ხმა გაიგონა, მიხეილ ჯავახიშვილმა ამიტომაც მიმართა მწერალთა კავშირის დარბაზში შეკრებილთ – ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა პაოლო იაშვილიო. ალბათ, უწმინდესმა სწორედ ამიტომაც შეუნდო პაოლოს თვითმკვლელობის ცოდვა და, მადლობა უფალს, მისი ლოცვა-კურთხევით რომ მე მომეცა იმის საშუალება, პაოლოსთვის 73 წლის მერე წესი ამეგო. მე, რა თქმა უნდა, თვითმკვლელობისკენ არავის მოვუწოდებ, მაგრამ, როდესაც სარწმუნოებას და ქართველობას გართმევენ და ხმას არ იღებ და არ იცავ იმას, რაც შენთვის ყველაზე ძვირფასი და მთავარია, თვითმკვლელობაზე უარესია!
რა თქმა უნდა, ვიხედებოდი უკან და ვიხედები დღესაც……იქ ჩემი შვილები დგანან და მათ მინდა მოვუწოდი წინ – დავითის, თამარის ეპოქისკენ! მინდა, ჩემი შვილების, ახლობლების, მეგობრებისთვის ვიყო მაგალითი. როდესაც ჩემს ქვეყანას, ჩემს ეკლესიას, ჩემს სამშობლოს გაუჭირდება, პირველი ვეკვეთო მტერს, რამეთუ, როგორც პოეტი ბრძანებს: «წვეთი სისხლი არ არის ჩემში არაქართული».
– მამაო, მე ვესწრებოდი იმ წირვას, როდესაც უწმინდესმა გამოაცხადა, რომ შეუნდო პაოლო იაშვილს და მას წესს თქვენ აუგებდით. მაშინ წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სულ მცირე, ოცდაათი მღვდელმსახური მაინც იყო, მაგრამ უწმინდესმა თქვენ დაგავალათ თვითმკვლელი პოეტისთვის წესის აგება, რაც სასულიერო პირისთვის ძალიან მძიმედ შესასრულებელი რიტუალია. ალბათ, უწმინდესმა ის გაითვალისწინა, რომ თქვენც პოეტი ხართ – პოეტს ხომ პოეტის გარდა ვერავინ გაუგებს…
– იცით, როდესაც გავიგე, რომ უწმინდესმა პაოლო იაშვილს თვითმკვლელობის ცოდვა შეუნდო, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამარჯვება, სულის ზეიმი იყო. როგორ შეიძლება თუნდაც პირად ლოცვებში არ მომეხსენიებინა ადამიანი, რომელმაც «იქ, სადაც სდუმან პირმიდები» დაწერა? რომელმაც თავისთვის ნასროლი ტყვიით მწერალთა კავშირი გამოაფხიზლა? მანამდე უწმინდესმა დიდ გალაკტიონს შეუნდო ეს ცოდვა და ეს იმედს მაძლევდა, რომ პაოლოსაც აპატიებდა. როგორც უნდა გაგიკვირდეთ, უწმინდესი ამ კუთხით ძალიან პოეტურია, მრავალჟამიერ მისი სიცოცხლე. დღევანდელ სასულიერო პირთა შორის, ალბათ, ყველაზე მეტად პოეტების უწმინდესს ესმის და, ალბათ, არც იყო გასაკვირი, რომ წესი პაოლო იაშვილისთვის მამა პეტრეს აეგო.
ხშირად ბავშვობაში, როდესაც მომინდებოდა საკუთარ თავთან დარჩენა, მიყვარდა სასაფლაოებზე სიარული, დიდუბის პანთეონში ხშირად ვაკითხავდი ჩემი სულის პოეტის – ტერენტი გრანელის საფლავს, შემდეგ სხვა საფლავებსაც დავივლიდი, პაოლოს საფლავთან შევჩერდებოდი, რაღაც აუხსნელი შინაგანი სულის ტკივილი მაწუხებდა. ვერ გეტყვით, რომ მაშინ ძალიან დიდი ეკლესიურობით გამოვირჩეოდი და მაწუხებდა ის, რომ მას ლოცვებში ვერ ვიხსენიებდი, მაგრამ მუდივად ვხედავდი მის საფლავთან მდუმარე აჩრდილს, მინდოდა, ეს აჩრდილი დარღვეულიყო და მის ნაცვლად იქ შენდობის სანთელი ანთებულიყო. ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ ამ შენდობის კელაპტარს ადრე თუ გვიან ვინმე აუცილებლად აანთებდა, მაგრამ იმ დროს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ის ვიღაც მე – პოეტი-მღვდელი, მამა პეტრე ვიქნებოდი.შემთხვევით ამ ქვეყნად არაფერი ხდება! იქნებ სწორედ პაოლოს სულმა ინება, რომ მისთვის წესი მამა პეტრეს აეგო. და მადლობა უფალს – დღეს პაოლო ჩემი სულიერი შვილია!
პაოლოს საფლავთან, რომელიც არაბუნებრივად ლამაზი, ლურჯი იებით იყო მოფენილი, გამახსენდა ჩემი სიყრმის მეგობრის წერილი, რომელიც მან ჩემი მღვდლად ხელდასხმის წინ მომწერა: «ბედნიერი ვარ, მღვდელმსახური რომ ხდები, რადგან შენი სულიერი შვილი გავხდები, მაგრამ ორმაგად მიხარია, რადგან თვითონ პოეტი, უფრო ღრმად გააცნობიერებ იმ პოეტთა ტკივილსა და სევდას, რომელთაც იქნებ მომხსნებელიც არ ჰყავთ და მათი სულისთვის უფრო მეტად ილოცებ, მათ სულს შეავედრებ უფალსო».
წესის აგების დროს რამდენიმეჯერ თვალთ დამიბნელდა, რადგან მაინც თვითმკვლელს ვუგებდი წესს, ეს კი მართლაც ძალიან მძიმეა, და ჩემზე დიდმა ემოციამაც იმოქმედა. ერთი თვით ადრე ეგვიპტეში ვიყავი და პირამიდებთან მყოფს კიდევ უფრო მტკიოდა პაოლოს სული. პირამიდებთან პაოლოს დუმილი მისთვის შენდობით და წესის აგებით დაირღვა!.. მადლობა უფალს! მადლობა ჩემს უწმინდესს ამისთვის.
…თუმცა აქვე გეტყვით, უწმინდესს იმისთვისაც განიკითხავენ, თვითმკვლელ პოეტებს რომ შეუნდო… მე კი უფალს ვთხოვ, იმ ადამიანებს შეუნდოს, ვინც პატრიარქს ამის გამოც განიკითხავს…
– მამაო პეტრე, თქვენ მუდმივად განგიკითხავდნენ თქვენი პოეზიის გამო, თქვენი გახმაურებული ინტერვიუს მერე კი პირდაპირ აგრესიულადაც კი «გამხელენ» – მღვდელმა ასეთი ლექსები არ უნდა წეროსო. როგოც ვიცი, უწმინდესს ძალიან უყვარს თქვენი პოეზია. ერთხელ სნოში გითხრათ კიდეც – სანამ ცოცხალი ხარ, უნდა წეროო. მაშინ თქვენ ჯერ კიდევ არ გქონდათ შექმნილი «აპრილი», და მისი მსგავსი «სატრფიალო» ლექსები, როგორც თქვენი მოწინააღმდეგეები ამბობენ, მაგრამ უკვე ნათქვამი გქონდათ: «მინდა რომ დაგარქვა ვერგადავიწყება, სიჩუმეს იისფრად ეტყობა სხეული». მას თქვენს პატრიოტულ ლექსებთან ერთად ესეც წაიკითხა, შენიშვნა არ მოგცათ?
– როდესაც უწმინდესი სამების საკათედრო ტაძარში ოქროს ჯვრით მაჯილდოებდა, მორჩილად დავხარე თავი. მან ჯვარი დამკიდა, წამოდგომას ვაპირებდი, მაგრამ თბილად მითხრა – დაიხარეო და თავზე მემთხვია. მერე კი ყველას გასაგონად გამოაცხადა – მამა პეტრე მხოლოდ მღვდელი კი არა, შესანიშნავი პოეტიაო. ცრემლები წამომცვივდა… უწმინდესი ჩემთვის უდიდესი ადამიანია. მან მე პოეტად მაღიარა, მაგრამ განა მხოლოდ ამის გამო ავტირდი, არამედ იმიტომ, რომ მან ეს იმ მღვდლების თუ დიდი იერარქების გასაგონად თქვა, ვინც მუდამ მზადაა, პოეტობისთვის ქვები მესროლოს. მესამე დღეს კი თავის ბავშვობის სნოში წამიყვანა. იქ ბევრი – ცნობილი თუ უცნობი პოეტი და მწერალი იყო. პოეზიის საღამო მოაწყო, შემდეგ ყველას ვერცხლის ჯვრები ჩამოურიგა საჩუქრად, მე არ მივედი, მომერიდა. მან დამიძახა და მითხრა – შენ ყველაზე მეტად გეკუთვნის ჯილდოო… საღამოს კი ტრაპეზზე განაცხადა – ყველას ლექსები ძალიან მომეწონა, მაგრამ მამა პეტრესი გამორჩეული იყოო. უბედნიერესი ვიყავი… შემდეგ რეზიდენციის ირგვლივ სეირნობისას მკითხა: – მოგწონს აქაურობაო? მე კი ვუპასუხე – თავი ზღაპარში მგონია-მეთქი. მან კი თბილად მიპასუხა: – ნუ გეშინია, ეს ზრაპარი არასოდეს დამთავრდებაო.
იმ წუთებში უწმინდესი ჩემთვის ზეციური მამა იყო, რომელმაც სითბო, სიყვარული, იმედი, ნუგეში მომცა, რაც მთელი ცხოვრება საგზლად გამყვება და უფრო მეტ ძალასა და ენერგიას მომცემს, რომ ვწერო, ვწერო გულწრფელად, ვწერო სულ… ამისთვის ვიღაც განმიკითხავს, ვიღაც – არა, მაგრამ ეს ჩემთვის ერთი და იგივეა, ერთი და იმავე რეაქციით ვპასუხობ… როცა სნოში, რეზიდენციის ეზოში სეირნობისას მან მითხრა: -შენ სულ უნდა წერდე, მამა პეტრეო, ამით ზეციური კურთხევა მომცა, რომ მე უნდა ვწერო; და როდესაც ადამიანი წერს, არ აქვს მნიშვნელობა, ის შედევრს ქმნის თუ საშუალო დონის ქმნილებას, ის უკვე პოეტია და არავის აქვს უფლება, მის სულში ხელი უხეშად აფათუროს, გააკრიტიკოს და გააკონტროლოს, რა, როდის და როგორ უნდა წეროს. და ის ადამიანი, რომელიც თავს ამის უფლებას აძლევს, თვითონ ვარდება ძალიან დიდ ცდომილებასა და განსაცდელში. მე ჩემი პოეზიის გამო თავს არავისთან გავიმართლებ! და თუ მამა პეტრეს პოეტობა ყველაზე დიდ «ცოდვად» ჩაუთვალეს და მეტი ვერაფერი დამიპირისპირეს, ამით უფრო ბედნიერი ვარ! თუ მე ჩემს პოეზიას სისუსტეში ჩამითვლიან, დაე, ჩამითვალონ! ღმერთმა პოეზიაზე უფრო დიდი ცოდვა არ ჩამადენინოს და ამ ცოდვას უფალი უეჭველად მაპატიებს და თან ისე მაპატიებს, რომ სასუფეველში შემიყვანს, ზუსტად ვიცი! მე ამას ვგრძნობ, იმიტომ, რომ ეს არის სისხლით დაწერილი სტრიქონები, «გულიდან სისხლის წვეთებია», როგორც ტერენტი გრანელი ამბობს და როდესაც ამ სისხლის წვეთებს გედავებიან და ამ სისხლის წვეთებს ფეხებით თელავენ, თან გეუბნებიან, რომ ასეთი ლექსი არ უნდა დაწერო, ამით პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ უფლის სახებას! მამხელენ, ვითომ ჩემს სულზე ზრუნვის გამო – უფალს მამა პეტრემ გული არ ატკინოს თავისი პოეზიითო. ამ დროს ასეთი საქციელით, მამა პეტრესთან ერთად, მამა პეტრეში არსებულ უფალს ათასჯერ აკრავენ ჯვარზე!
სასულიერო პირები იმდენს განმიკითხავენ, რომ ერთხელ ერთი ბავშვი მოვიდა ტაძარში ჩემთან და გულწრფელი დანანებით მითხრა: – მამაო,შენზე მღვდლები ამბობენ, რომ გიჟი ხარ, მღვდელმა როგორ უნდა დაწეროს «შენ თვალებიდან აპრილი გცვივაო». ეს ბავშვი ერთხელ სადღაც სასულიერო პირებთან ტრაპეზზე მოხვედრილა და იქ «დასცინოდნენ» თურმე მამა პეტრეს, მერე კი, რომ შეზარხოშდნენ, ზუსტად იმ მღვდელს, რომელიც სულ განმიკითხავდა, ჩემი ლექსი წაუკითხავს: «შენ თვალებიდან აპრილი გცვივა». არ ვიცოდი, მეცინა თუ მეტირა…
იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, შენ პოეტს გიწოდებენ თუ არა, არამედ იმას, შენი ნაწერი ვისზე როგორ იმოქმედებს. შენმა ლექსმა ერთი ადამიანიც რომ მოაბრუნოს ამ ქვეყანაზე და დააყენოს ღვთის სავალ გზაზე, ეს უკვე დაუწერელი პოეზიაა, წარმოუთქმელი ლოცვაა. ხშირად დაურეკავთ ჩემთვის და უთქვამთ: -მამაო, თქვენმა სტრიქონებმა იმხელა სინანულში ჩამაგდო, რომ აღსარების თქმა მომინდაო. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ბედნიერი ვიყავი. თუნდაც იმ ერთი ადამიანის ღვთის გზაზე დასადგომად ღირდა ჩემი პოეტობა…
არიან მღვდელმსახურები, რომლებიც ჩემსავით ფიქრობენ, მაგრამ არ ამბობენ, ვერ ამბობენ. მაშინ მე გკითხავთ: უფლის წინაშე როდის უფრო სცოდავს თუნდაც მღვდელმსახური – როცა ამას ფიქრობს და ხმამაღლა ამბობს თუ გულში აქვს და არ წერს?
როდესაც ერთ-ერთმა თავისი ნიჭიერებით, ინტელექტით, სულიერებით, ქადაგებებით ცნობილმა მოძღვარმა ჩემი ლექსი «აღსარება» წაიკითხა, ცრემლები წამოუვიდა და თქვა: -მამაო, მე პოეტი არ ვარ, მაგრამ ამ ლექსს მეც დავწერდი ხატების წინაშე, ლოცვის შემდეგ მეც ასე მივმართავდი უფალს, ეს ჩემი ლოცვაა, მე ყოველთვის ასე ვამბობ ღვთის წინაშე, ოღონდ პოეზიის გარეშეო. მე შემრცხვა და თავი დავხარე, მან შემომხედა და მკითხა: – განა ასე არ არის, მამაო, შენც ხომ ასე ფიქრობო? მე ვუპასუხე, რომ ასე ვფიქრობდი, მაგრამ ასე არ ფიქრობს ის გაბოროტებული, ჩასაფრებული საზოგადოება, უფრო მეტად კი სამღვდელოება, რომელიც მზადაა, ამ ლექსის გამო ტალახი და ქვა მესროლოს-მეთქი. ის ძალიან განრისხდა, ასე მითხრა: «ეს ის სამღვდელოება იქნებოდა, რომელმაც თავის დროზე მაცხოვარი ჯვარზე გააკრაო».
– მამაო, ამას წინათ ერთ სოციალურ ქსელზე ძალიან მკაცრად გაგაკრიტიკეს და პირდაპირ გითხრეს, რომ ხიბლში ხართ.
– მე ვარ ხიბლში, მაგრამ ღმერთს მადლობა, რომ ვიცი ეს, ვაღიარებ ამას. ესაა ყველაზე მთავარი, ყველა პოეტი ისედაც ხიბლშია, ზოგს შეიძლება ამის საფუძველი ჰქონდეს, ზოგს – არა და ხელოვნურად მაინც ხიბლში იყოს.
– ებრძვით, მამაო, თქვენში ამ ხიბლს?
– რამდენადაც შემიძლია პოეტმა მღვდელმა ვებრძოლო ხიბლს… მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ პოეზიის ნიჭი მომცა, მადლობა უფალს, რომ დამანახა, რომ ხიბლში ვარ. როგორც წესი, ადამიანები ხიბლის მდგომარეობას ვერ ხედავენ და, როცა ამხელენ, ამასაც ვერ იღებენ. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც მიმითითებს…
– მაგრამ ისინი კვლავ გეტყვიან, რომ მღვდელი ხართ.
– მაშინ ასე გეტყვით, რამდენი მღვდელია ხიბლში და ისინი არ არიან პოეტები?
– ერთხელ უწმინდესმაც ბრძანა – ძველად ქრისტიანები საჯარო აღსარებებს ამბობდნენო… ალბათ, თქვენი ლექსებით, სადაც სიყვარულსაც კი უგალობთ, თქვენც საჯარო აღსარებას ამბობთ…
– მადლობა უფალს იმისათვის, რომ ამის ძალა მომცა! თუმცაშეიძლება ეს არ დაწერო და გულში დაიმარხო, მაგრამ განა ამით უკეთესნი გავხდებით უფლისათვის? ჩვენი ეს მდგომარეობა, იცის უფალმა, რომელი უფრო მნიშვნელოვანია – უფალმა რა იცის და რას გვპატიობს, თუ მავანმა რა იცის და რას არ გვპატიობს? მე თუ ეს არ დავწერე და გულში დავიმარხე, განა უფრო სუფთა და უფრო მართალი ვიქნები უფლის წინაშე? ასე მგონია, რომ მე უფრო სუფთა ვარ, იმიტომ, რომ, რაც მომდის და რაც იქმნება შიგნით, ის გამომაქვს გარეთ და, ვისაც სურს, წაიკითხავს… როდესაც უფალს ვეუბნები: «ადამიანად ყოფნა უფრო ძნელია, ღმერთო», რის გამოც მკრეხელობაშიც კი დამდეს ბრალი, განა ამით ღმერთს რამეში ვადანაშაულებ? არა! განა უფალმა არ იცის, იმ წუთას მე როგორ მიჭირს? და რამდენი ადამიანია, თუნდაც სასულიერო პირი, რომელიც ასე ფიქრობს, მაგრამ ხმამაღლა არ ამბობს, უფრო სწორად, ვერ ამბობს? მე კი დავდექი უფლის წინაშე და გულწრფელად ვუთხარი ჩემი სულის ტკივილი.
იცით,უფალი რას აფასებს? ადამიანის გულწრფელობას, ადამიანის გულწრფელ დამოკიდებულებას მის მიმართ. გზა უფლისაკენ ადამიანის წრფელ გულებზე გადის. მაგრამ ადამიანებს უჭირთ ერთმანეთს გულწრფელობა აპატიონ.
ადამიანურად თუ არ გვეტკინა და ადამიანურად თუ არ გაგვიხარდა, ვერაფერი ღირებული ვერ შეიქმნება. ბოლოს და ბოლოს, სვეტიცხოველი ვერ აღიმართებოდა! ორი უძვირფასესი ქმნილება დაჰკიდა არსუკიძემ სასწორზე – შორენა და სვეტიცხოველი! სვეტიცხოვლის სიყვარულმა გადააჭარბა, შორენასთვის სული არ დარჩენია, რამეთუ სვეტიცხოვლისთვის შეუწირავს იგიო. მე სულ მგონია, რომ კონსტანტინე არსუკიძემ შორენას სიყვარულის გამო ააშენა სვეტიცხოველი, ეს ჩემი აზრია… კონსტანტინეში იმდენად დიდი სიყვარული იყო, რომ ადამიანური საზღვრები გადალახა და ქვები აამეტყველა; ამას ჰქვია «ქვათა ღაღადი…». მას ვერ შექმნიდა ვერც ერთი სხვა ძალა, სხვა ენერგია, თუ არა ქვაში ამეტყველებული სიყვარული. ამიტომაც არის სვეტიცხოველი გენიალური…
იცით, როდესაც სიყვარულზეა საუბარი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ან რა გიყვარს. ამ ქვეყანაზე სიყვარული თავად ღმერთია და, როდესაც ადამიანი სიყვარულს უმღერის კალმით, ლოცვით, მდუმარებით, ფიქრით, თუნდაც არაფრობით, მაშინ როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი განვიკითხოთ და გავაქილიკოთ? როდესაც ჩემს პოეზიას აქილიკებენ, მე ხშირად მგონია, რომ ეს გაბოროტებული ადამიანების მდგომარეობაა. ეს არის ჩემი გულწრფელი პასუხი, შენდობას ვითხოვ, მაგრამ ასე ვფიქრობ.
გალაკტიონმა თქვა: «ჯვარს ეცვი თუ გინდა, არ არის, არ არის, არ არის საშველი». ეს პოეტის სიტყვებია და სწორედ მღვდელსა და პოეტს შორის არსებული მანძილი, არსებული დრო, არსებული სამყარო არის მამა პეტრე!
ერთი ფილოსოფოსი ბრძანებს – ჭეშმარიტი პოეზია პოეზიის საზღვრებს მიღმა იწყებაო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ პოეზიის მიღმა არ უნდათ გახედვა, იქნებ იმიტომაც, რომ იქ საკუთარ თავს უკეთ დაინახავენ და – საკუთარ სისუსტეს, რომელსაც ასე გაურბიან! მე კი არ მინდა, საკუთარ თავს დავემალო, მინდა საკუთარ თავზე ავმაღლდე, ვძლიო მას, რადგან მე უფალთან მინდა, უფალთან კი მხოლოდ საკუთარ თავზე გამარჯვებული კაცი მიდის, უფალთან ლაჩარი ვერასოდეს მივა!
– როგორც პოეტს გეკითხებით: «შორენა თუ სვეტიცხოველი?»
– უფალი!.. უფალი, რადგან საბოლოოდ ყველა მაინც უფალთან მივდივართ! უფალშია ყველა სუფთა სიყვარული გაერთიანებული და უფალშია პასუხი ყველა ჩვენს კითხვაზე… მე «ნაზარეველის პერანგს მინდა ხელი რომ ვახლო»…
ესაუბრა შორენა სიხარულიძე
 

1 COMMENT

  1. მთავრობამ რომ უღალატა ხალხს ეს გასაკვირი არ არის,ამისთვის მოიყვანეს ხელისუფლებაში ოპოზიციასთან ერთად,მაგრამ თქვენ ხომ დააგვირგვინეთ სულგაყიდულნო (გამონაკლისების გარდა)ერი და სარწმუნოება არად გადარდებთ,ფეოდალები გახდით,მოგეკითხებათ.

  2. ნამეტანი გრძნობად ხიბლში იმყოფები მოძღვარო, რაზეც გმართებს ღრმად ჩაფიქრება!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here