GEWORLD.NET:
სოფო შევარდნაძე: მედვედევს აშკარად ეტყობოდა დიდი ანტიპათია მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
მიხეილ სააკაშვილი: ნუთუ ამხელა ქვეყნის, თუნდაც შეზღუდული ძალაუფლების მქონე ლიდერს მეტი საქმე არ აქვს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტზე ფიქრობდეს ამდენს?
სოფო შევარდნაძის აზრით, „პიკისთვის“, „რაშა თუდეისთვის“ და „ეხო მასკვისთვის“ დიმიტრი მედვედევის მიერ მიცემული ინტერვიუ პასუხი იყო იმ ინტერვიუზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა „ეხო მასკვის“ მისცა. „რაშა თუდეის“ ჟურნალისტის აზრით, მედვედევის პრესსამსახური რისკზე წავიდა, რადგან არ იცოდა, რა კითხვები იქნებოდა დასმული რუსეთის პრეზიდენტის მისამართით.
„მიმაჩნია, რომ ეს მედვედევის საპასუხო ნაბიჯი იყო იმ ინტერვიუზე, რომელიც სააკაშვილმა მანამდე „ეხო მასკვის“ მისცა, რადგან მოითხოვეს, მედვედევის ეს ინტერვიუ ქართულ ტელეარხებსაც ეჩვენებინათ. სააკაშვილის ინტერვიუ ხომ რუსულ არხ „ეხო მასკვიზე“ გაუშვეს?“ – აცხადებს სოფო შევარდნაძე.
მისივე თქმით, არც ერთ ჟურნალისტს არ ჰქონდა ილუზია, რომ მედვედევი საქართველოზე და რუსეთ-საქართველოს ომზე სხვა რამეს იტყოდა. ჟურნალისტის აზრით, მედვედევმა თქვა ის, რასაც ფიქრობდა. სოფო შევარდნაძის აზრით, მედვედევს აშკარად ეტყობოდა დიდი ანტიპათია მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
თავად მიხეილ სააკაშვილი მედვედევის ინტერვიუს 9 აგვისტოს, ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში გამოეხმაურა. მისი განცხადებით, არ არის ნორმალური სიტუაცია, რომ 55-დან 40 წუთი მედვედევმა დრო სააკაშვილზე საუბარს დაუთმო.
„ხანდახან მიკვირს, თუ რატომ გვაქცევენ ასეთ ყურადღებას? ამ ორიოდე დღის წინ ტელევიზორში მოვკარი თვალი, რომ ჩვენზე ასჯერ დიდი ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც რეალურად სხვა ადამიანის ჩრდილქვეშ იმყოფება, 55–წუთიან ინტერვიუში 39 წუთი მომიძღვნა მე. ნუთუ ამხელა ქვეყნის, თუნდაც შეზღუდული ძალაუფლების მქონე ლიდერს მეტი საქმე არ აქვს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტზე ფიქრობდეს ამდენს და სადაც 40 წუთს ლაპარაკობს, ალბათ 40 დღე და 40 თვე აქვს ნაფიქრი მანამდე. ეს არ არის ნორმალური სიტუაცია“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ზოგს ახალგაზრდული ბანაკების მშენებლობა ანიჭებს სიამოვნებას, ზოგს კი სხვისი აშენებულის განადგურება. „3 წლის წინ, აგვისტოს მზიან დღეს, აქედან სამიოდე კილომეტრში, ასეთივე ბანაკი შემოსულმა არმიამ სამხედრო ობიექტად აღიქვა და პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ ეს ბანაკი გადაწვა. ჩვენი ყოფის აბსურდულობა სწორედ ეს არის, აქეთ მხარეს შენდება უამრავი ადგილი დასვენებისთვის, სასტუმრო, აკვა-პარკი, გოლფის მოედანი უცხოელი ტურისტებისთვის და არა მარტო მათთვის. სულ რამდენიმე კილომეტრში კედელია, მის იქით კი დგანან ტანკები, არის უიმედობა, უპერსპექტივობა, არის ყველაფერი ის, რისგანაც ჩვენ გაქცევას ვცდილობთ… საქართველოს მუდმივად აქვს პრობლემა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ გვინდა, ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა. ვიღაცას აქვს ბანაკების აშენების მოთხოვნილება, ვიღაცას კი აქვს მოთხოვნილება, ჩამოვიდეს, გადაწვას, გაანადგუროს და გადაუაროს სხვის აშენებულ ბანაკებს”, – აღნიშნა სააკაშვილმა.
ანაკლიაში პრეზიდენტი ერთიანი კავკასიის თემასაც შეეხო. „არ არის შორს ის დრო, როცა კავკასია იქნება ერთიანი“, – განაცხადა მან ბელორუს, პოლონელ, სომეხ და აზერბაიჯანელ მოზარდებთან შეხვედრისას. პრეზიდენტის განცხადებით, მოვა დრო, როცა კავკასიელი ხალხები ისევე გადაწყვეტენ პრობლემებს, როგორც ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოების მოსახლეობა.
„ძალიან დიდი პრობლემები აქვთ აზერბაიჯანსა და სომხეთს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო, როცა კავკასია იქნება ერთიანი. მას ყოველნაირი რესურსი აქვს იმისთვის, რომ იყოს ძლიერი, ერთიანი, ბუნებრივია, საზღვრების, ტრადიციულობისა და განუმეორებლობის გათვალისწინებით. კავკასიის ხალხები პრობლემებს ისევე გადაწყვეტენ, როგორც ევროკავშირის, ბენელუქსისა და სკანდინავიის სახელმწიფოების მოსახლეობა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბელორუსები სუპერევროპული ხალხია. „ეს არის უნიჭიერესი, სუპერევროპული ხალხი, რომლის ადგილი ევროპის ელიტაშია. მას კეთილგანწყობილი, მშვიდობიანი ურთიერთობა აქვს მეზობლებთან და ჩვენ ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ. საქართველო და ქართველი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.