GEWORLD.NET:
ჩინეთმა, ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესმა კრედიტორმა, მწვავედ გააკრიტიკა ამერიკის ხელისუფლება მისი უუნარობის გამო, რამენაირად შეაჩეროს საკრედიტო რეიტინგის დაცემა. ჩინეთი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს სხვა სარეზერვო ვალუტა სჭირდება. სააგენტო სინჰუა–ს ცნობით, ის დრო წავიდა, როდესაც აშშ–ს მის მიერვე შექმნილი პრობლემებისგან თავის დაღწევა კრედიტის საშუალებით შეეძლო.
ჩინეთს 1,1 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული სახელმწიფო ობლიგაციები აქვს საკუთრებაში, ხოლო ჩინეთის სავალუტო რეზერვების საერთო მოცულობა 3,2 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ინდოეთის რეაქციაც საკმაოდ ნერვიული იყო აშშ–ის საკრედიტო რეიტინგის დაცემაზე.
6 აგვისტოს ღამით საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Standard&Poor’s პირველად ისტორიაში აშშ–ის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი AA+-მდე შეამცირა და მისი კიდევ უფრო დაწევით დაიმუქრა, თუ ვაშინგტონი ეფექტურ ზომებს არ გაატარებს ბიუჯეტის სანაციის მიზნით. თავის მხრივ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ სააგენტომ გამოთვლისას 2 ტრილიონი დოლარი ვერ გაითვალისწინა.
აშშ–ის უმსხვილესი პარტნიორები – სამხრეთ კორეა და იაპონია საკრედიტო რეიტინგის შემცირებას მშვიდად შეხვდნენ.
7 აგვისტოს ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა ამერიკულ დოლარს „გაუფასურებული ქაღალდები“ უწოდა და აშშ–ის შემდგომი ფინანსური პრობლემები უწინასწარმეტყველა. ჩავესმა მსოფლიოს მოუწოდა, „გათავისუფლდეს დოლარის დიქტატურისაგან“.
„კაპიტალისტურ სამყაროს მძიმე სიტუაცია შეექმნა და ეს ჩვენც გვეხება. – განაცხადა ვენესუელის ლიდერმა, – ეს იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიომ ორიენტაცია უნდა შეიცვალოს და დოლარისა და იანკების იმპერიის დიქტატურისგან გათავისუფლდეს“.
ჩავესს მიაჩნია, რომ აშშ–ის საბიუჯეტო კრიზისი მხოლოდ დროებით ჩაწყნარდა, მაგრამ უახლოეს პერსპექტივაში იმპერიის ფინანსური მდგომარეობა დამძიმდება. ჩავესის აზრით, პრობლემა ის არის, რომ დოლარი „არაფრითაა უზრუნველყოფილი და არც არავითარი ღირებულება არ გააჩნია“. მისი განცხადებით, ვენესუელა ყველა ძალით ეცდება აშშ–ზე ეკონომიკური დამოკიდებულებისგან გათავისუფლდეს.