სხვა ხალხების ექსპლუატაციის უფლების შესანარჩუნებლად ამერიკა რეგულარულად მიმართავს ძალადობის უკიდურეს ფორმებს, უწინარეს ყოვლისა კი, – ომებს. დღეს ვაგრძელებთ ცნობილი შეიარაღებული ინტერვენციებისა და სხვა დანაშაულობათა სიის პუბლიკაციას. ამ ჩამონათვალს აბსოლუტური სისრულის პრეტენზია არ აქვს, მაგრამ უფრო სრული არ არსებობს.
1956 წელი – ამერიკული მხარდაჭერის დაწყება ტიბეტელი მეამბოხეებისთვის, რომლებიც ჩინეთს ებრძოდნენ.
1957-1958 წლები – ინდონეზია. სუკარნომ, რომელიც ნასერთან ერთად მესამე სამყაროს ლიდერი იყო, მოახდინა ჰოლანდიელთა საკუთრების ნაციონალიზაცია, უარი თქვა კომპარტიის აკრძალვაზე, რომელიც უსწრაფესად იხვეჭდა პოპულარობას ამომრჩეველთა შორის. მესამე სამყაროში “მცდარი იდეების დიფუზიის წინააღმდეგ” აშშ-ის სპეცსამსახურმა დიდი ფული ჩადო არჩევნებში, დაიწყო ომი სუკარნოს მთავრობის წინააღმდეგ, მაგრამ – უშედეგოდ.
1958 წელი – ლიბანი. ქვეყნის ოკუპაცია. ბრძოლა აჯანყებულების წინააღმდეგ.
1958 წელი – კონფრონტაცია პანამასთან.
1958 წელი – ამერიკელების სამხედრო დახმარება ჩინეთის წინააღმდეგ კუნძულ კუემოიზე აჯანყებულთათვის.
1958 წელი – ინდონეზიაში იწყება აჯანყება, რომელსაც ამერიკელები 1957 წლიდან ამზადებდნენ. აშშ ეხმარება აჯანყებულებს დაბომბვებით, სამხედრო კონსულტაციებით. აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ამერიკელებმა უკან დაიხიეს. აჯანყება ჩაიფუშა.
1959 წელი – ამერიკელებს ჯარები შეჰყავთ ლაოსში. იწყება ამერიკული ჯარების შეჭრა ვიეტნამში.
1959 წელი – ჰაიტი. პროამერიკული მთავრობის წინააღმდეგ ამბოხის ჩახშობა.
1960 წელი – ეკვადორი. პრეზიდენტი ხოსე მარია ველასკო უარს ამბობს ამერიკელების მოთხოვნაზე, შეწყვიტოს ურთიერთობა კუბასთან. ამერიკელები რამდენიმე საომარი ოპერაციით უპასუხებენ. ქვეყანაში ხდება სისხლიანი პროვოკაციები, რომლებიც მთავრობას მიეწერება. ბოლოს ამერიკელების მიერ ორგანიზებული გადატრიალების შედეგად ხელისუფლების სათავეში მოდის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტი კარლოს აროსემანა. ამას მოჰყვება მეორე გადატრიალება. ქვეყანაში სახალხო მღელვარება იწყება, რომელიც ამერიკელების ხელმძღვანელობით ჩაახშეს. ძალაუფლება სამხედრო ხუნტის ხელში გადადის. იწყება პოლიტიკური ტერორი, უწინარეს ყოვლისა, კომუნისტების წინააღმდეგ. ამერიკა კმაყოფილია.
1960 წელი – ამერიკის ჯარები შედიან გვატემალაში აშშ-ის მარიონეტის ქვეყნიდან განდევნის თავიდან ასაცილებლად. აჯანყების მცდელობა ჩაიფუშა.
1960 წელი – სალვადორში სამხედრო გადატრიალების მხარდაჭერა.
1960-1965 წლები – კონგო/ზაირი. 1960 წლის ივნისში პატრის ლუმუმბა დამოუკიდებელი კონგოს პირველი პრეზიდენტი გახდა. 1961 წელს იგი, როგორც ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ინიციატორი, მოკლეს. ხელისუფლების სათავეში დგება მობუტუ, რომელიც აშშ სპეცსამსახურებთან იყო მჭიდრო კავშირში. მისი მმართველობის 30 წლის მანძილზე ქვეყანა ისე გაღატაკდა, რომ ამერიკელი პატრონებიც კი გაკვირვებას ვერ მალავდნენ. მობუტუ კი მულტიმილიარდერი გახდა.
1961-1964 წლები – ბრაზილია. პრეზიდენტმა გულარტმა დაიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ იგი მსხვილი მიწათმფლობელი იყო, ამერიკამ მას “კომუნისტებით მთავრობის დანაგვიანება” დააბრალა და გადატრიალების შედეგად დაამხო. შემდგომი 15 წლის განმავლობაში ქვეყანას სამხედრო დიქტატურა მართავდა. ბრაზილიამ გაწყვიტა ურთიერთობა კუბასთან და აშშ-ის ერთგული პარტნიორი გახდა ლათინურ ამერიკაში.
1961 წელი – ამერიკელები კლავენ დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს – რაფაელ ტრუხილიოს, რომელიც ქვეყნის სათავეში თვითონვე მოიყვანეს ოცდაათიან წლებში. დიქტატორი იმიტომ კი არ მოკლეს, რომ ქვეყანას ძარცვავდა (ქვეყნის ყველა შემოსავლის 60 პროცენტი უშუალოდ მის ჯიბეში მიდიოდა), არამედ იმიტომ, რომ მისი მძარცველური პოლიტიკა დიდად აზარალებდა ამერიკულ კომპანიებს.
1961 წელს აშშ-მა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა კუბასთან და ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა. აპრილში კი მოაწყვეს კუბელი კონტრრევოლუციონერების თავდასხმა პლაია-ხირონის რაიონში.
1962 წელს გვატემალის დიქტატორი მიგელ ფუენტესი ამერიკელების დახმარებით ახშობს სახალხო აჯანყებას. ასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ იკარგება; წამება და მკვლელობა ჩვეულებრივი ამბავი ხდება; ქვეყანას ტერორი მოიცავს.
1963 წელი – სალვადორი. ანტიამერიკული შეხედულებების მქონე დისიდენტების განადგურება.
1963-1966 წლები – დომინიკის რესპუბლიკა. დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ბოში რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდებს ხალხს. მის გეგმებს აშშ “სოციალიზმში შეძრომად” ასაღებს, თვით პრეზიდენტს კი მასმედიის საშუალებით “წითლად” წარმოადგენს. 1963 წლის სექტემბერში ბოში ამერიკელების თანხმობით მოწყობილი სამხედრო გადატრიალების გზით დაამხეს. როცა 19 თვის შემდეგ ქვეყანაში იფეთქა სახალხო აჯანყებამ და შეიქმნა ხელისუფლებაში ბოშის დაბრუნების პირობები, აშშ-მა 23 ათასი ჯარისკაცი გააგზავნა “ამბოხის” ჩახშობაში დახმარების აღმოსაჩენად.
1963 წელი – ამერიკელები აქტიურად ეხმარებიან ბაასისტების პარტიას ერაყში ყველა კომუნისტის მოსასპობად წამოწყებულ კამპანიაში. სწორედ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დახმარებით ჩაიგდო ხელში ძალაუფლება სადამ ჰუსეინმა და შემდგომ თავდაუზოგავად ებრძოდა ამერიკის საძულველ ირანს.
1964 წელი – სისხლში ჩახშობა პანამის ეროვნული ძალების, რომლებიც პანამის არხის ზონაში ქვეყნის უფლებების აღდგენას მოითხოვდა.
1964 წელს ამერიკა მხარს უჭერს სამხედრო გადატრიალებას ბრაზილიაში. სამხედრო ხუნტამ დაამხო კანონიერად არჩეული პრეზიდენტი გულარტი. გენერალ კასტელო ბრანკოს რეჟიმი, რომელიც ქვეყანაში გამეფდა, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სისხლიან რეჟიმად მიიჩნევა. აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ გაწვრთნილი სიკვდილის ბრიგადების ხელით ბრანკო ხოცავდა ყველას, ვინც მის რეჟიმს ეწინააღმდეგებოდა, უწინარეს ყოვლისა – კომუნისტებს.
1964 წელი – კონგო (ზაირი). ამერიკა მხარს უჭერს ხელისუფლებაში დიქტატორ მუბუტუ სესე სეკოს მოსვლას, რომელიც უღარიბეს ქვეყანას მილიარდობით დოლარს მოპარავს.
1964-1974 წლები – საბერძნეთი. 1964 წელს დაიწყო აშშ სპეცსამსახურების ინტრიგები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ პაპანდრეუს წინააღმდეგ, ხოლო 1967 წლის აგვისტოს არჩევნებამდე ორი დღით ადრე, პაპანდრეუს პრემიერ-მინისტრად ხელმეორედ მოსვლის აღსაკვეთად მოეწყო სამხედრო გადატრიალება. ქვეყანას “შავი პოლკოვნიკები” დაეპატრონენ, შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა, ცენზურა, დაიწყო დაპატიმრებები, წამება, მკვლელობა. პირველსავე თვეში “ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლის” წინააღმდეგ მოწყობილმა კამპანიამ რვა ათასი ადამიანი შეიწირა.
1965 წელი – ინდონეზია. აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებას სათავეში უდგება დიქტატორი, გენერალი სუხარტო. მისმა დიქტატურამ ნახევარი მილიონი ადამიანი შეიწირა. 1975 წელს სუხარტომ ხელთ იგდო აღმოსავლეთ ტიმორი და მოსახლეობის ერთი მესამედი დახოცა. კუნძული გიგანტურ სასაფლაოდ იქცა. “ნიუ იორკ ტაიმსმა” ამ ტრაგედიას “თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ველური მასობრივი მკვლელობა” უწოდა.
1965 წელი – სამხედრო დახმარება ტაილანდისა და პერუს პროამერიკულ მთავრობებს.
1965-1974 წლები – სამხედრო აგრესია ვიეტნამის წინააღმდეგ, რამაც შეიწირა 250 ათასი ბავშვი, 750 ათასი დაიჭრა და დასახიჩრდა. ამერიკელებმა ჩამოაგდეს 14 მილიონი ტონა ბომბი და ჭურვი, რაც ჰიროსიმაზე აფეთქებული 700 ატომური ბომბის ეკვივალენტური იყო და სამჯერ აღემატებოდა მეორე მსოფლიო ომში აფეთქებული ბომბებისა და ყუმბარების ტონაჟს. ვიეტნამში დაიხოცა 58 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი, უმეტესად – ახალწვეულები, დაიჭრა – 300 ათასამდე. ათი ათასობით ჯარისკაცმა თავი მოიკლა მომდევნო წლებში ან ფსიქიურად და მორალურად განადგურდა. ომის დამთავრებიდან 20 წლის შემდეგ ვიეტნამის მთავრობამ განაცხადა, რომ მათი მხრიდან დაიღუპა 4 მილიონი სამოქალაქო პირი და 110 ათასი ჯარისკაცი.
ვიეტნამის ომის 500 ათასამდე ვეტერანი მკურნალობდა პოსტტრავმატულ სტრესულ მოშლილობას. ამ სამხედრო კამპანიაში მონაწილე ამერიკელების საშუალო ასაკი 19 წელიწადი იყო.
1966 წელი – გვატემალა. ამერიკელები ხელისუფლების სათავეში სვამენ თავიანთ მარიონეტ ჯულიო სეზარ მენდეს მონტენეტროს. აშშ ჯარებმა მასობრივად დახოცეს ინდიელები, რომლებიც პოტენციურ მეამბოხეებად იყვნენ მიჩნეულნი.
1966 წელი – ინდონეზია და ფილიპინები, რომელთა მმართველებს აქტიურად ეხმარებიან ამერიკელები. წლების შემდეგ ჯორჯ ბუში უფროსი შეაქებს მარკოსის რეპრესიულ რეჟიმს (60 ათასი კაცი დააპატიმრეს პოლიტიკური სარჩულით, მთავრობასთან ოფიციალურად მუშაობდა წამების 88 სპეციალისტი) “დემოკრატიული პრინციპების ერთგულებისთვის”.
1968 წელი – ბოლივია. ჩე გევარას რაზმის წინააღმდეგ წარმოებული ნადირობა. ჩე გევარას მკვლელობა.
1970 წელი – ურუგვაი. ამერიკელი წამების სპეციალისტები თავიანთ ხელობას ასწავლიან ადგილობრივებს, ანტიამერიკულ ოპოზიციასთან ბრძოლის პროცესში ამ “დემოკრატიული” მეთოდის გამოყენების მიზნით.
1971-1973 წლები – ლაოსის დაბომბვა. ამ ქვეყანაში იმდენი ბომბი ჩამოყარეს, რამდენიც ფაშისტური გერმანიისთვის არ დაუყრიათ. 1971 წლის თებერვლის დასაწყისში ამერიკელებისა და საიგონის ჯარები (30 ათასი კაცი) აშშ-ის ავიაციის მხარდაჭერით სამხრეთ ვიეტნამიდან შეიჭრნენ სამხრეთ ლაოსში. ლაოსს სათავეში ჩაუყენეს ამერიკელების მარიონეტი ლოლ ნოლი.
1971 წელი – ამერიკელებმა სამხედრო დახმარება გაუწიეს ბოლივიელ მეამბოხეებს. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად პრეზიდენტი გახდა დიქტატორი ჰუგო ბანზერი, რომელმაც თავისი 2000 პოლიტიკური ოპონენტი წამებით მოკლა.
1972 წელი – ნიკარაგუა. ამერიკის შეიარაღებული ჯარები შედის ქვეყანაში, ვაშინგტონისთვის ხელსაყრელი მთავრობის მხარდასაჭერად.
1973 წელი – ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას ჩილეში. სოციალისტი პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე შეტაკებისას იღუპება. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო პირველად და ერთადერთხელ ისტორიაში გადატრიალების მზადების პერიოდში აფინანსებდა კომუნისტებს, რომლებიც ალიენდეს მთავარი კონკურენტები იყვნენ. ხელისუფლების სათავეში ექცევა სამხედრო ხუნტა გენერალ პინოჩეტის ხელმძღვანელობით, რომელმაც სისხლიანი კალო დაატრიალა ქვეყანაში: ციხეებში დაიღუპა 30 ათასი ჩილელი პატრიოტი, 2500 “უგზო-უკვლოდ დაიკარგა”. 1974 წელს პინოჩეტი პრეზიდენტი გახდა. ქვეყანა გაღატაკდა.
1973 წელი – განკითხვის დღის ომი. სირია და ეგვიპტე ებრძვის ისრაელს. აშშ იარაღით ეხმარება ისრაელს.
1973 წელი – ურუგვაი. ამერიკელების სამხედრო დახმარება გადატრიალების პროცესში, რასაც მოჰყვა ტოტალური ტერორი მთელ ქვეყანაში.
1974 წელი – ზაირი. ამერიკა სამხედრო დახმარებას უწევს მობუტუ სესე სეკოს სისხლიან რეჟიმს. მობუტუ ყვლეფს ქვეყანას.
1974 წელი – პორტუგალია. აშშ ფინანსურად ეხმარება პროამერიკულ ძალებს არჩევნებში, რათა არ განხორციელდეს ქვეყნის დეკოლონიზაცია, რომელსაც 48 წლის განმავლობაში მართავდა აშშ-ისადმი ლოიალურად განწყობილი ფაშისტური რეჟიმი. პორტუგალიის ნაპირებთან ეწყობა ნატოს ძალების მასშტაბური სწავლება მოწინააღმდეგეთა დაშინების მიზნით.
1974 წელი – კვიპროსი. ამერიკელები მხარს უჭერენ სამხედრო გადატრიალებას, რომელსაც ხელისუფლების სათავეში უნდა დაესვა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტი ნიკოს სამპსონი. გადატრიალება ჩავარდა, არეულობით ისარგებლეს თურქებმა, რომლებიც შეიჭრნენ კუნძულზე და დღემდე იქ რჩებიან.
1975 წელი – მაროკო იპყრობს სამხრეთ საჰარას აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერით. ამერიკა სანაცვლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განლაგების ნებართვას იღებს.
1975 წელი – ავსტრალია. ამერიკელები ეხმარებიან დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრის – ედვარდ ვიტლემის დამხობაში.
1975 წელი – ორდღიანი შეტევა კამბოჯაზე, როცა იქაურმა მთავრობამ ამერიკელების ხომალდი დააკავა. ამ “სარეკლამო ომის” დროს ამერიკელებმა კინაღამ ჩაძირეს “გადასარჩენი” ხომალდი, რამდენიმე ათეული ჯარისკაცი და რამდენიმე ვერტმფრენი დაკარგეს. კამბოჯის დანაკარგები უცნობია.
1975-2002 წლები – ანგოლის პროსაბჭოთა მთავრობას დაუპირისპირდა მოძრაობა “უნიტა”, რომელსაც მხარს უჭერდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და აშშ-ის სპეცსამსახურები. სსრ კავშირმა აღმოუჩინა პოლიტიკური და ეკონომიკური დახმარება ანგოლაში კუბის ჯარების ინტერვენციის ორგანიზებას, მოამარაგა ანგოლის არმია მნიშვნელოვანი რაოდენობის თანამედროვე შეიარაღებით და რამდენიმე ასეული სამხედრო მრჩეველიც მიავლინა ამ ქვეყანაში. 1989 წელს კუბის ჯარები გამოიყვანეს ანგოლიდან, მაგრამ სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომი გაგრძელდა 1991 წლამდე. სამხედრო კონფლიქტი კი მხოლოდ 2002 წელს დამთავრდა, მას შემდეგ, რაც დაიღუპა “უნიტას” უცვლელი ლიდერი ჟონას სავიმბა.
1975-2003 წლები – აღმოსავლეთ ტიმორი. 1975 წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი ინდონეზიიდან როგორც კი გამოემგზავრა, სუხარტოს სამხედრო ძალები აშშ-ის ლოცვა-კურთხევით შეიჭრა კუნძულზე და ამ აგრესიის დროს ამერიკელების ნაბოძები იარაღი გამოიყენა. 1989 წლისთვის ინდონეზიის ჯარებმა, რომელთა მიზანი ტიმორის ანექსია იყო, კუნძულის 600 ათასი მცხოვრებიდან 200 ათასი დახოცეს.
1978 წელი – გვატემალა. სამხედრო და ეკონომიკური დახმარება პროამერიკელ დიქტატორს, ლუკას გარსიას, რომელმაც ქვეყანაში არნახული რეპრესიული რეჟიმი დაამკვიდრა. აშშ-ის ფინანსური დახმარებით დახოცა 20 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე.
1979-1981 წლები – სამხედრო გადატრიალებათა სერია სეიშელის კუნძულებზე. გადატრიალებების ორგანიზებასა და დაქირავებულთა შეჭრაში მონაწილეობდნენ საფრანგეთის, სამხრეთ აფრიკისა და ამერიკის სპეცსამსახურები.
1979 წელი – ცენტრალური აფრიკა. 100-ზე მეტი ბავშვი მოკლეს აქციის დროს, როცა მოსწავლეებმა უარი თქვეს, შეეძინათ სასკოლო ტანსაცმელი მაღაზიებში, რომლებიც პრეზიდენტს ეკუთვნოდა. პრეზიდენტ ბოკასას მხარში ამოუდგა ამერიკა, რომელმაც არაფრად ჩააგდო ის ფაქტი, რომ ბოკასა პირადად მონაწილეობდა ბავშვების დახოცვაში და შემდეგ ზოგიერთი შეჭამა კიდეც.
1979 წელი – იემენი. ამერიკა სამხედრო დახმარებას უწევს აჯანყებულებს, საუდის არაბეთის გულის მოსაგებად.
1979-1989 წლები – საბჭოთა შეიარაღებული ძალების შეჭრა ავღანეთში. ამერიკელები მხარს უჭერენ მოჯაჰედებს, მათ შორის, ბენ ლადენს. ავღანეთი აშშ-ისა და საბჭოთა შეიარაღებული ძალების პოლიგონად იქცევა.
1980-1992 წლები – სალვადორი. აშშ აძლიერებს თავის გავლენას და ჯერ აგზავნის სამხედრო მრჩევლებს, შემდეგ ერთვება სპეცოპერაციებში პენტაგონისა და ლენგლის სამხედრო-ჯაშუშური პოტენციალის გამოყენებით. 20 ამერიკელი დაიღუპა ან დაიჭრა ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების კატასტროფებში სხვადასხვა მისიების შესრულების დროს. ომი ოფიციალურად 1992 წელს დამთავრდა. დაიღუპა 75 ათასი სალვადორელი მოქალაქე. ეს ოპერაცია ამერიკას 6 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ერთი მუჭა მდიდრები კვლავ მართავენ ქვეყანას, ღატაკები უარესად გაღატაკდნენ, ოპოზიციას ახშობს “სიკვდილის ესკადრონები”. ქალებს მათივე თმებით ხეებზე ჰკიდებდნენ და აჭრიდნენ მკერდს, ამოჭრიდნენ შიგნეულობას გენიტალიების რაიონში და თავზე ჩამოამხობდნენ. მამაკაცებს აჭრიდნენ გენიტალიებს და უდებდნენ პირში. ბავშვებს მშობლების თვალწინ მავთულხლართით გლეჯდნენ. ამ საშინელებას ამერიკელი სპეციალისტების დახმარებითა და დემოკრატიის სახელით სჩადიოდნენ. ყოველწლიურად ასე იღუპებოდა რამდენიმე ათასი ადამიანი.
1980-იან წლებში ჰონდურასში დათარეშობს სიკვდილის რაზმები, რომლებიც მომზადებულია და დაფინანსებული აშშ-ის მიერ. ათი ათასობით მოკლულია. სიკვდილის რაზმების ბევრმა ოფიცერმა მომზადება აშშ-ში გაიარა. ამერიკამ ჰონდურასი სალვადორისა და ნიკარაგუის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმად აქცია.
1980 წელი – სამხედრო დახმარება ერაყს, ირანის ანტიამერიკული რეჟიმის დესტაბილიზაციის მიზნით. ომი 10 წელიწადს გრძელდება. დაღუპულთა რაოდენობა ერთი მილიონია. ამავე დროს ამერიკა საიდუმლოდ აგზავნის იარაღს ირანში ისრაელის მეშვეობით, იმ იმედით, რომ პროამერიკული გადატრიალება მოაწყოს სპარსეთში.
1980 წელი – კამბოჯა. აშშ-ის ზემოქმედებით ორგანიზაციამ World Food program-მა ტაილანდს მიჰყიდა 12 მილიონის პროდუქტი, რომელიც განკუთვნილი იყო წითელი ქხმერებისთვის, კამბოჯის წინამორბედ მთავრობის ნარჩენებისთვის. მისი მმართველობის 4 წლის განმავლობაში გაიჟლიტა 2,5 მილიონი ადამიანი. ამერიკა, გფრ და შვედეთი ამარაგებენ პოლ პოტის მომხრეებს იარაღით სინგაპურის მეშვეობით. წითელი ქხმერები, მათი რეჟიმის დამხობის შემდეგაც – 10 წლის განმავლობაში ატერორებდნენ კამბოჯას.
1980 წელი – იტალია. როგორც ოპერაცია “გლადიოს” შემადგენელ ნაწილს ამერიკა ბოლონიის რკინიგზის სადგურზე აწყობს აფეთქებას, იღუპება 86 ადამიანი. მიზანი – კომუნისტების დისკრიმინაცია არჩევნებისწინა პერიოდი.
1980 წელი – სამხრეთ კორეა. ამერიკელების დახმარებით იღუპება ათასობით დემონსტრანტი – კვანგუიში გამართული დემონსტრაციის მონაწილე. პროტესტი მიმართული იყო წამების, მასობრივი დაპატიმრების, ფალსიფიცირებული არჩევნებისა და პირადად ამერიკელების მარიონეტის – ჩუნ დუ ხვანის წინააღმდეგ, რომელსაც წლების შემდეგ რონალდ რეიგანი ეტყვის, რომ მან “ბევრი რამ გააკეთა თავისუფლებისადმი ერთგულების ხუთიათასწლოვანი ტრადიციის მხარდასაჭერად”.
1981 წელი – ზამბია. ამერიკას ძალიან არ მოსწონდა ამ ქვეყნის მთავრობა, რადგან იგი მხარს არ უჭერდა ამერიკელების ესოდენ საყვარელ აპარტეიდს სამხრეთ აფრიკაში. ამიტომ შეუდგნენ ამერიკელები სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებას, რომელიც უნდა განეხორციელებინათ ზამბიელ დისიდენტებს სამხრეთ-აფრიკული რაზმების დახმარებით. გადატრიალების მცდელობა ჩაიფუშა.
1981 წელი – ამერიკელებმა ჩამოაგდეს ორი ლიბიური თვითმფრინავი. ეს ტერაქტი მიმართული იყო მუამარ კადაფის მთავრობის დესტაბილიზაციისკენ. ამასთან, ლიბიის სანაპიროებთან ტარდებოდა სანიმუშო-საჩვენებელი სამხედრო მანევრები. კადაფი მხარს უჭერდა პალესტინელებს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და დაამხო პროამერიკული წინამორბედი მთავრობა.
1981-1990 წლები – ნიკარაგუა. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ხელმძღვანელობს ქვეყანაში აჯანყებულთა შეჭრას და ტერიტორიების დანაღმვას. ამერიკა დაუპირისპირდა ნიკარაგუას, ამ ღარიბთა შორის უღარიბეს ქვეყანას, სადაც მხოლოდ სამი ლიფტი და ერთი ესკალატორი იყო, რომელიც არ მუშაობდა. 8 წლის განმავლობაში ნიკარაგუას თავს ესხმოდნენ კონტრასის რაზმები, რომლებიც ამერიკელებმა შექმნეს და რომელთა მებრძოლები დამხობილ დიქტატორ სომოსასა და მის მომხრეთა გვარდიის ყოფილი წევრები იყვნენ. ეს რეიგანისეული “თავისუფლებისთვის მებრძოლები” წვავდნენ სკოლებს, კლინიკებს, კლავდნენ და აწამებდნენ ადამიანებს და ა.შ. რევოლუცია დამარცხდა. ამერიკამ მილიონობით დოლარი დაახარჯა პროამერიკულად განწყობილი პარტიის – Natuonal Opposition Union-ის 1990 წლის არჩევნებში გამარჯვებას. სანდინისტები დამარცხდნენ.
1982 წელი – სამხრეთაფრიკული რესპუბლიკა სურინამი სოციალისტური რეფორმების განხორციელებას იწყებს და კუბელ მრჩევლებს იწვევს. 1984 წელს პროსოციალისტური მთავრობა იძულებული შეიქნა, გადამდგარიყო კარგად ორგანიზებული სახალხო მღელვარების გამო.
1982-1983 წლები – 800 ამერიკელი საზღვაო ქვეითის ტერაქტი ლიბანის წინააღმდეგ. კვლავ უამრავი მსხვერპლი.
საინფორმაციო-ანალიტიკური
პორტალი OKO-PLANET.SU-ს მიხედვით