Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილის მატარებელი სარაევოსკენ მიდის

სააკაშვილის მატარებელი სარაევოსკენ მიდის

767

როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოტო ფონ ჰაბსბურგის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო და ვენიდან მიღებულ კადრებს ვუყურებდით, ბევრ ჩვენგანს შესაძლოა გაახსენდა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ჰაბსბურგების დინასტიის დიადი და ტრაგიკული ისტორიიდან: ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობა სარაევოში, რომელიც I მსოფლიო ომის დეტონატორი გახდა. რამდენად შესაძლებელია თანამედროვე მსოფლიოში ,,ახალი სარაევო» მოხდეს? რამდენად დიდია შანსი, საქართველო მსგავსი პროვოკაციის ეპიცენტრში აღმოჩნდეს, ისე, როგორც სერბეთი ასიოდე წლის წინათ? სამწუხაროდ, შანსიც დიდია და ალბათობაც – მაღალი და ამაზე სულ უფრო მეტი სიგნალი მიანიშნებს.

«გადატვირთვის» ნამდვილი ფასი
ხუთშაბათს «Washington Times»-ი თბილისში აშშ-ის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებულ ამბებს აღწერდა. «საქართველოს ხელისუფლებამ უაღრესად სპეციფიური და დეტალიზებული ბრალდებები წარმოადგინა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კონგრესმა უნდა შეამოწმოს ბრალდებები აშშ-ის საელჩოსა და მისი პერსონალის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ ორგანიზებული შეტევის შესახებ, – განუცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა მარკ კირკმა ჭასჰინგტონ თიმეს-ს და დასძინა, რომ, თუ ეს ბრალდებები დადასტურდება, «ეს იქნება ყველაზე სერიოზული კრიზისი აშშ-რუსეთის ურთიერთობებში «ცივი ომის» შემდეგ და ორმხრივ ურთიერთობებში ყოველგვარ «გადატვირთვას» გამორიცხავს». აღსანიშნავია, რომ მოსაზრებები «გადატვირთვის» შესაძლო «გაუქმების» შესახებ მთელ პუბლიკაციას წითელ ზოლად გასდევს.
ის, რომ მარკ კირკი «გადატვირთვის» თანმიმდევრული მოწინააღმდეგეა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. თებერვალში მან, სამ სხვა სენატორთან ერთად, მოუწოდა პრეზიდენტ ობამას, საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკვანძო ელემენტები განელაგებინა. ცხადია, ამ ინიციატივის რეალიზება აშშ-რუსეთის ურთიერთობებს მკვეთრად დაძაბავდა.
ობამას ადმინისტრაცია ოფიციალური თბილისის ამ ბრალდებებს თავშეკავებით ეკიდება. სახელმწიფო დეპარტამენტში Washington Ti­mes-ს განხილული საკითხის კომენტირებაზე უარი უთხრეს. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ამ სიტუაციაში პრაქტიკულად ნებისმიერი ფრაზა სპეკულატიური ინტერპრეტაციების შესაძლებლობას შექმნიდა. ბრალდება რუსეთის მისამართით საფრთხეს «გადატვირთვას» შეუქმნიდა, ხოლო სააკაშვილის დადანაშაულებას ტყუილში, დიდი ალბათობით, მოჰყვებოდა ობამას ამერიკელი ოპონენტების ვრცელი მსჯელობა თემაზე «როგორ გაყიდა ობამამ მოკავშირე».
მთელ ამ სიტუაციას ერთი ძალზე საშიში ნიუანსი ახლავს: თუ აფეთქებას საელჩოსთან, ღმერთმა დაგვიფაროს, აშშ-ის მოქალაქეები შეეწირებოდნენ, თეთრ სახლს არ ექნებოდა შესაძლებლობა, ასეთი პოზიცია შეენარჩუნებინა. საბოლოო ჯამში, ის იძულებული გახდებოდა ერთ-ერთ ვერსიას მიმხრობოდა (პირობითად) – «ქართულს» ან «რუსულს». აქ ჩვენ «სარაევოს ფენომენს» ვუახლოვდებით – აქტს, რომელსაც ცალსახა რეაქციის გარეშე ვერ დატოვებ, რომელიც გარკვეული ნაბიჯების გადადგმას გაიძულებს.
რამდენად დიდია ობამას ადმინისტრაციისთვის «გადატვირთვის» ფასი? ვიდრე ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდებით, ალბათ, მიზანშეწონილია, აღვნიშნოთ, რომ ტერმინი «გადატვირთვა» შეიძლება არა მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობებს, არამედ, როგორც მინიმუმ, კიდევ ორ პროცესს მივუსადაგოთ.
«პირველი გადატვირთვა» შეგვიძლია ვუწოდოთ არშემდგარ «გადატვირთვას» ჩინეთთან, ეს იდეა ობამამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე წამოაყენა. ის ეფუძნებოდა ჰენრი კისინჯერის (და რიგი სხვა ექსპერტების) იდეებს «დიდი ორიანის» შესახებ. მარტივად რომ ვთქვათ, საუბარი მიდიოდა აშშ-ის (უფროსი პარტნიორი) და ჩინეთის სტრატეგიულ ალიანსზე; პეკინმა ამ გეგმების განხორციელებაზე უარი თქვა; «გადატვირთვა #1» არ შედგა.
რუსეთთან «გადატვირთვის» პოლიტიკის დეკლარირება მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა. მის არსზე ყველაზე კარგად, ალბათ, პოლიტოლოგმა ედვარდ ლუტვაკმა ისაუბრა. ის ამერიკელ რესპუბლიკელებთან დაახლოებული, ერთ-ერთი წამყვანი ინტელექტუალია. თებერვალში რუსეთის მმართველმა პარტიამ ის მოსკოვში დაპატიჟა. რუსებს, სავარაუდოდ, აინტერესებდა, როგორია რესპუბლიკელების ხედვა მოსკოვთან მომავალი ურთიერთობების თაობაზე. ლუტვაკმა პირდაპირ თქვა: «კონფლიქტი აშშ-სა და ჩინეთს შორის გარდაუვალია, ამას ეკონომიკური მიზეზები განაპირობებს. ჩინეთი ზრდას განაგრძობს, ხოლო აშშ პირველობას ასე უბრალოდ არ დაუთმობს. ორივე მხარე შეეცდება, მოკავშირეები შეიძინოს. ყველაზე დიდი ბრძოლა რუსეთისთვის წავა». ლუტვაკმა, აგრეთვე, გამოთქვა ღრმა რწმენა, რომ რუსეთი აშშ-ის მოკავშირე გახდება. საგულისხმოა, თავის გამოსვლაში ლუტვაკმა ჩინეთი XX საუკუნის დასაწყისის გერმანიას შეადარა, ხოლო აშშ – დიდ ბრიტანეთს, რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკურენტი შეაჩეროს.
აქ, ალბათ, მნიშვნელოვანია, დავაფიქსიროთ, რომ რუსეთთან ურთიერთობების საკითხში წყალგამყოფი არ გადის ხაზზე «რესპუბლიკელები-დემოკრატები»; შტატებში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მთავარია ჩინეთის შეჩერება და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ (მათ შორის – რუსეთთან ალიანსზე წავიდნენ) და არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან, ირიბად ისინი ჩინეთის აღზევებაზე მუშაობენ. ორივე ბანაკში რესპუბლიკელებიც არიან და დემოკრატებიც. ცხადია, ვერავინ იტყვის, რომ სენატორი მაკკეინი ან მარკ კირკი პეკინმა გადაიბირა, თუმცა ამქვეყნად ნამდვილად არსებობენ ტრანსნაციონალური ფინანსური ჯგუფები, რომლებმაც საკუთარი მომავალი ჩინეთის ლიდერობას დაუკავშირეს. ისინი არანაკლებ ძლიერები არიან, ვიდრე ის ჯგუფები, რომლებიც აშშ-ის პირველობას იცავენ.
არის კიდევ ერთი «გადატვირთვა», რომელსაც სათავე ობამას ცნობილმა გამოსვლამ (ქაირო, 2009 წლის ივნისი) დაუდო. ის მუსლიმანურ სამყაროსთან ურთიერთობების დარეგულირებას გულისხმობს. რეალური «გადატვირთვა» ამ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ორი ნაბიჯის გადადგმის გარეშე: იმ რეჟიმების მხარდაჭერის შეწყვეტა, რომლებიც რეგიონის მაცხოვრებელთა უმრავლესობას აღიზიანებს და მუსლიმანურ ქვეყნებში მასშტაბური სამხედრო ოპერაციების დასრულება. ობამას ადმინისტრაცია ერთსაც და მეორესაც აკეთებს («არაბული გაზაფხული»; ერაყიდან და ავღანეთიდან ჯარების ეტაპობრივი გამოყვანა). საბოლოო ჯამში კი, შტატებისთვის მთავარი, სავარაუდოდ, ისაა, რომ სახეცვლილი მუსლიმანური სამყარო რაღაც მომენტში ჩინეთთან კონფრონტაციაში შევიდეს. არაბულ ქვეყნებში გარკვეული პოლიტიკური ძალების არაპირდაპირი მხარდაჭერა, მათი აღზევების ხელშეწყობა კი ამ კონტექსტში შეიძლება დრაკონის გამოზრდას შევადაროთ.
ობამას (მის უკან მდგომი ძალების) მოწინააღმდეგეები ამ «გადატვირთვების» («რუსულის» და «აღმოსავლურის») ტორპედირებას ლამობენ. სწორედ მათმა მისწრაფებებმა შეიძლება შვას «ახალი სარაევო» და, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს შეიძლება «ქართული სარაევო» იყოს.
თამაში ასანთით დენთის კასრთან
გასულ კვირას მოძრაობა «ჩემი საქართველოს» ლიდერმა ელისო კილაძემ განაცხადა, რომ მალე რუსეთის სპეცსამსახურები გაავრცელებენ ერთ-ერთი ჩეჩენი ტერორისტის «აღიარებით ჩვენებას», რომელშიც ის იტყვის, რომ მას «საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი შეხვდნენ და, სოჭის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის სანაცვლოდ, 3 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ» («პირჭელი»). კილაძის თქმით, ეს რუსეთს საბაბს მისცემს, რომ საქართველოში კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატაროს.
ძნელი სათქმელია, რა წყაროებიდან მიიღო კილაძემ ეს ინფორმაცია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი განცხადება ცენტრალურმა არხებმა გააშუქეს, რიგმა პოლიტოლოგებმა კი კომენტარი დაურთეს, რამაც მას გარკვეული «საინფორმაციო ლეგიტიმურობა» შეჰმატა.
მოსკოვიდან კი ავისმომასწავებელი სიგნალები ისმოდა, რუსეთის პარლამენტის დეპუტატმა, პოლიტოლოგმა სერგეი მარკოვმა «Gეორგიათიმეს»-ს განუცხადა: «დიდი ხანია, ნათელია, რომ სააკაშვილი ეხმარება ისლამისტურ დივერსიულ იატაკქვეშეთს ჩრდილოეთ კავკასიაში. მისი კავშირები სხვადასხვა დივერსანტებთან, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთში, ომის შემდეგ გააქტიურდა. მაშინ ჩვენ ეს საკითხი მისი ვაშინგტონელი მფარველების წინაშე დავსვით და საქართველოს პრეზიდენტს უბრძანეს, ამგვარი მოქმედება შეეწყვიტა». «ამის შემდეგ ქართული სახელმწიფოს მეთაურმა, სოჭის ოლიმპიადის დისკრედიტაციის მიზნით, საკუთარი ტერორისტული ქსელების შექმნა დაიწყო, – თქვა მარკოვმა, – მათ შორის, ზოგიერთი ჩერქეზული ორგანიზაციის მხარდაჭერის გზით. დღეს ეს მისი მთავარი ფსონია და სავსებით შესაძლებელია, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს ტერიტორიაზე სპეციალური ოპერაცია ჩატარდეს, დივერსიული ორგანიზაციების განადგურების მიზნით».
მარკოვმა ამავე ინტერვიუში ივარაუდა, რომ ასეთ ოპერაციას არა რუსი, არამედ ამერიკელი ძალოვანები ჩაატარებენ, თუმცა ამ შემთხვევაში, ალბათ, ყველაზე საგულისხმოა რუსი დეპუტატის განწყობა და იდეები, რომელსაც ის ახმოვანებს.
წარმოვიდგინოთ ჰიპოტეტური სიტუაცია: შემზარავი ტერორისტული აქტი დიდძალი მსხვერპლით რუსეთში მართლაც მოხდა, გამოძიებამ მის დამკვეთად სააკაშვილის ხელისუფლება დაასახელა და რუსეთის მილიონობით მოქალაქემ შურისძიება მოითხოვა. ამ ისტორიის დასასრული – «ულტიმატუმი-მობილიზაცია-ომი» ცნობილია; ეს უკვე იყო 1914-ში, სარაევოს მკვლელობის შემდეგ.
ისტორიკოსები დღემდე არკვევენ, ვინ დაუკვეთა სერბ ნაციონალისტებს ერცჰერცოგის მკვლელობა და თავიანთ ვერსიებში ხელს ყველა ზესახელმწიფოს ადებენ. «ქართული სარაევო» რომ მოხდეს, ალბათ, ჩვენც ასე ვიჯდებით მომავალი ასი წელი და მწარედ ვიმკითხავებთ, თუ რა მოხდა იქ სინამდვილეში.
გამორიცხული არაა, რომ მიხეილ სააკაშვილს ბოლომდე არ ესმის, რა თამაშში ჩაება. შესაძლოა, უბრალოდ უთხრეს, რომ მისთვის მომგებიანია რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ წარმოჩენა და, ამასთანავე, ჩრდილოეთ კავკასიასთან კონტაქტების გააქტიურება. დაუმალეს, რომ ამ პიესის ფინალში შეიძლება ჰალსტუხით ჩამოკიდება დაემუქროს. ასეა თუ ისე, საინფორმაციო ფონის შექმნას, რომელიც «ახალ სარაევოს» შესაძლებელს ხდის, ხელი ყველაზე მეტად, ალბათ, სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკამ შეუწყო.
სხვათა შორის, სარაევოს ტერაქტი სერბეთის ხელისუფლებას არ დაუკვეთავს, მაგრამ მან თავისი მოქმედებით, სააკაშვილის არ იყოს, შექმნა საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ფონი, პოლიტიკური წინაპირობები იმისთვის, რომ ყველაფერი მას და სრულიად სერბეთს დაბრალებოდა.
ჩვენი გულისთვის, მითუმეტეს ბირთვულ სამყაროში, მსოფლიო ომს, ცხადია, არავინ დაიწყებს, თუმცა რუსეთ-საქართველოს ახალი სამხედრო კონფლიქტი «გადატვირთვას» ბოლოს თუ არ მოუღებს, მინიმუმ რამდენიმე წლით «გაყინავს». გამორიცხული არაა, ამან ხელი შეუწყოს რუსეთის «აღმოსავლეთით წასვლას» და ის, აშშ-ის ნაცვლად, სტრატეგიულ ალიანსს ჩინეთთან შექმნის. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი მასშტაბის პროვოკაციების დამკვეთები, სავარაუდოდ, გლობალურ მიზნებს ისახავენ.
შემდეგი გაჩერება – სარაევო
რუსეთი და საქართველო არ არიან ავსტრია-უნგრეთი და სერბეთი, თუმცა გარკვეული პარალელების გავლება მაინც შეიძლება. რაღაც მომენტამდე ორი მეზობელი ქვეყანა, ქიშპის მიუხედავად, ასე თუ ისე ნორმალურად თანაარსებობდა. შემდეგ, 1903-ში, სერბეთში ხელისუფლება შეიცვალა. ვინაიდან «ფერადი ტექნოლოგიები» მაშინ დიდად განვითარებული არ იყო, მეფე და დედოფალი, უბრალოდ, აკუწეს.
ბელგრადის პოლიტიკა გაცილებით რადიკალური გახდა. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ომი დაიწყო, იქამდე ავსტრია-უნგრეთი სერბეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო (არაფერს გაგონებთ?). შემდეგ ორი ქვეყანა ომის პირას აღმოჩნდა (1908 წელი, ბოსნიის კრიზისი), თუმცა ბელგრადმა მობილიზაციის გამოცხადების იქით წასვლა ვერ გარისკა. ამის შემდეგ სერბეთის ხელისუფლებამ ცალსახად აიღო კურსი მოსაზღვრე რეგიონებში და მეზობელ სახელმწიფოში მცხოვრები სლავების «აბუნტებაზე». პარადოქსულია, მაგრამ ამავე დროს ეკონომიკური პრობლემები დარეგულირებისკენ წავიდა.
აქ ჩვენ ძალზე საინტერესო მომენტს მივუახლოვდით: ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი აპირებდა, რეფორმები გაეტარებინა და სლავებისთვის დაახლოებით ისეთივე  სტატუსი მიენიჭებინა, როგორიც ავსტრიელებსა და უნგრელებს ჰქონდათ. თუ იმპერიაში მესამე, სლავური ბირთვი (ცენტრი – პრაღა) გაჩნდებოდა და სლავები თავს ისევე იგძნობდნენ, როგორც, მაგალითად, უნგრელები, სერბეთის ამბიციები სლავების გაერთიანებასთან დაკავშირებით ნაკლებად აქტუალური გახდებოდა, რადგან ავსტრია-უნგრეთს, გაცილებით დიდი რესურსებიდან გამომდინარე, ნამდვილად შეეძლო მის ტერიტორიაზე მცხოვრები სლავებისთვის განვითარების უფრო მიმზიდველი პერსპექტივა შეეთავაზებინა.
ამასთანავე, ფრანც ფერდინანდი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ძლიერ არ უყვარდა, ამბობდა: «მე არასოდეს დავიწყებ ომს რუსეთთან. ყველაფერს გავწირავ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, რადგან ავსტრიისა და რუსეთის ომი, ან რომანოვების, ან ჰაბსბურგების, შესაძლოა ორივე ამ დინასტიის დამხობით დასრულდეს. ომი რუსეთთან ჩვენს აღსასრულს ნიშნავს». როგორც ცნობილია, ერცჰერცოგის ეს პოლიტიკური წინასწარმეტყველება ახდა.
მსგავსი იდეები ნაკლებად უტოვებდა ერცჰერცოგს გადარჩენის შანსს. მნიშვნელობა არ აქვს, მართლა გამოქვეყნდა თუ არა 1912-ში ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემაში (დღემდე დაუდგენელია) ავისმომასწავებელი ფრაზა «ერცჰერცოგი სიკვდილმისჯილია და ტახტისკენ მიმავალ გზაზე დაიღუპება». მთავარი ისაა, რომ ვიღაცას, ედვარდ ლუტვაკის თქმის არ იყოს, «გერმანია ჰყავდა გასაჩერებელი»; ვიღაცამ კი, შესაძლოა, გათვალა, რომ სწორედ ავსტრია-უნგრეთის კონფლიქტი სერბეთთან შექმნის სიტუაციას, როდესაც ყველა ზესახელმწიფო გარანტირებულად იძულებული გახდება, ომში ჩაებას.
ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ მომავალი კატასტროფის «ნაღმი» ჯერ კიდევ 1903 წელს ჩაიდო (გადატრიალება ბელგრადში); ზოგი კი იტყვის, რომ ერცჰერცოგის მკვლელობა ნაბახუსევი სერბი სტუდენტების სპონტანური აქცია იყო. ორივე ვერსიას, ცხადია, არსებობის უფლება აქვს, თუმცა ყურადღება მივაქციოთ ერთ გარემოებას: წარმატებული პროვოკაციის განხორციელებისთვის ცოტა დრო რჩებოდა, იმპერატორი ფრანც იოსები ძალიან ბებერი იყო (ორ წელიწადში გარდაიცვალა), ცოტაც და მას ჩაანაცვლებდა ფრანც ფერდინანდი თავისი რეფორმისტული იდეებით, რომელსაც რუსეთთან ომში ჩაბმა არ სურდა.
დღეს საქართველოში იწურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დრო, ყველა მისი შესაძლო მემკვიდრე კი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს. მათი მმართველობის პირობებში ურთიერთობა რუსეთთან დიდი ალბათობით ნორმალიზებისკენ წავა, ყოველ შემთხვევაში, მკვეთრი კონფრონტაციის ატმოსფერო, რომელიც ხელს უწყობს «ახალი სარაევოს» მოწყობას, ნელ-ნელა გაიფანტება. შესაბამისად, იწურება ის დროც, როდესაც პროვოკატორებს შესაძლებლობა აქვთ, ჯერ კიდევ 1914-ში ბალკანეთში აპრობირებული სცენარის რეალიზება და რუსეთ-საქართველოს ახალი ომის პროვოცირება მოახდინონ. დღეს კი ეს საფრთხე ნამდვილად არსებობს და, სავარაუდოდ, სულ უფრო იზრდება.
დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here