Home რუბრიკები საზოგადოება მასხარაშვილის უხეში “მასხრობა”

მასხარაშვილის უხეში “მასხრობა”

GEWORLD.NET:
ისტორიკოსი მასხარაშვილი უხეშად “მასხრობს”, როცა ფაშიზმზე გამარჯვებისთვის ქართველთა დაღვრილი სისხლი, მათი თავგანწირვა მიაჩნია “ქართველი მძევლების გაყრად ფრონტის ხაზზე, ამ ომს ჩვენ არავინ გვეკითხებოდაო”. ღმერთო, გონება გაუნათე იმ ადამიანებს, რომელთაც სახელად ისტორიკოსები ჰქვიათ ან მოაქვთ თავი და ვერაფერი დაიმახსოვრეს პოლიბიოსის, ბენედეტო კროჩეს, ჯორჯ კოლინგვუდის, თუნდაც ივავე ჯავახიშვილის შეგონებებიდან.

მასხრობის ხასიათზე მყოფ მასხარაშვილს კარგად მოეხსენება, რომ კაცობრიობის მტრის, ფაშიზმისა და მისი იდეოლოგის, პირსისხლიანი ჰიტლერის დამარცხებაში ქართველთა წვლილი დიდია, იქნებ _ გადამწყვეტიც. გასაკვირი ის იქნებოდა, მსოფლიო “სატანის” წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველები განზე რომ გამდგარიყვნენ. საბედნიეროდ და საამაყოდ, ჩვენი ქვეყნის შვილებმა პროცენტულად ყველაზე მეტი სისხლი გაიღეს.
ამ გამარჯვებამ პერსპექტივაში მოგვცა არნახული მაგალითი ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლის კონსოლიდაციის საქმეში.
როცა მეორე მსოფლიო ომზე ვსაუბრობთ, მიმოვიხილავთ არა მხოლოდ წარსულს, არამედ _ სამომავლო პერსპექტივასაც მსოფლიოში, მათ შორის კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილიზაციის დაცვის აუცილებლობაზე.
თუ ეს იცის მასხარაშვილმა, ალბათ, ისიც მოეხსენება, რომ ქართველთა დიდი ნაწილი ომში მოხალისედ წავიდა, იმ რწმენით, რომ დედასამშობლოს იცავდნენ. გულანთებულთ ფუთაში შეხვეული მშობლიური მიწა მიჰქონდათ და უბეში სათუთად ინახავდნენ; სანგარში მოკუნტულნი გათოშილი თითებით ელოლიავებოდნენ ან ნეტარებით ყნოსავდნენ,  ქართული მიწის მშობლიური სურნელი რომ შეეგრძნოთ და ახალი ენერგიით დამუხტულიყვნენ. სწორედ ამგვარმა რწმენამ, სხვა ეროვნების წარმომადგენლების მხარდამხარ ბრძოლამ დაამარცხა მსოფლიო საშინელება _ ფაშიზმი.
მამაჩემი, თენგიზ დავითაია ომში 1941 წლიდან მონაწილეობდა, იყო სატანკო ასეულის ოფიცერი. ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლებისას მუხლში დაიჭრა სნაიპერის ტყვიით, ცალი ფეხის ამპუტაციის შემდეგ ხეიბარი დაბრუნდა შინ 45-ში. სამასი ათასი ქართველი კი გმირულად დაეცა ფრონტის ველზე. მათ შორის ბევრია უსაფლავო ჯარისკაცი. ახლა რომ ცინიკურად “იმასხრო” მათ დაღვრილ სისხლსა და განწირულ სიცოცხლეზე, რა ქვია ამას?
გულქვაობა? არა, _ უფრო მეტი!
იქნებ ვიღაცის დაკვეთით ცდილობთ თანამედროვე ახალგაზრდების მეხსიერებიდან წარსულის გამარჯვების ამოშლას ან დამახინჯებული წარმოდგენის დამკვიდრებას?!
იქნებ უფროსი თაობის დისკრედიტაციით გუნდრუკს უკმევთ დღევანდელ დამარცხებულ ხელისუფლებას?
იქნებ იტალიაში თავისუფლებისთვის მებრძოლი და იმ ქვეყნის ეროვნულ გმირად აღიარებული ფორე მოსულიშვილისა და სხვა ქართველთა დაღვრილი სისხლი და გამოჩენილი თავგანწირვაც არაა ბრძოლა და თავდადება, რადგან ისინი ევროპული ქვეყნების განთავისუფლებისთვის ირჯებოდნენ?
საბჭოთა ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაცია მიუღებელი და დასაგმობია, ამაზე არც დავობს დღეს ჭკუათმყოფელი, მაგრამ მსოფლიო საშინელების დამარცხების მონაწილე შენი ჯიშისა და ჯილაგის ღირსების უპატივცემულობა, უმეცრების გამოვლენაზე მეტია.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საბჭოთა წყაროების დამკვიდრება ევროპის ქვეყნებში მათ სამართლიან გულისწყრომას იწვევს. ეს რეაქცია გასაგები და მისაღებია. დავუშვათ, რომ ფაშიზმი და ჰიტლერი დაპატრონებოდნენ ევროპას (ებრაელთა გაჟუჟვით, მოწინავე ადამიანთა დარბევა-გასახლებითა და სხვ.) უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ ევროპელები?
თქვენ გეკითხებით, მასხარაშვილო, თუ ის თავგანწირვა არ იყო თავგანწირვა და ბრძოლა, ერაყში და ავღანეთში რომ იხოცებიან ქართველები, ამას რა ჰქვია? იქნებ იკადროთ და თქვათ, რომ ეს მართლაც ომია და თავგანწირვა ტერორიზმის წინააღმდეგ, ის ფაშიზმი კი ჩვენ არ გვეხებოდაო?
ნიჭიერი და ნამდვილი შემოქმედი ადამიანი ხელისუფლების ლაქიად არასდროს ქცეულა და არც უნდა იქცეს. ამის მაგალითს გვაძლევს საუკუნის ნაწარმოების “დათა თუთაშხიას” ავტორი, ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი და  ქვეყნისთვის გულანთებული სხვა ადამიანები.
თქვენი უაზრო, ცარიელი სიტყვები, სახელდახელოდ ამოხაპულია “ვარდების” რევოლუციონერთა” ჭუჭყიანი კასრიდან. ის შთაბეჭდილებას ვერ ახდენს ვერც ჩვენზე, ვისაც მამა-პაპათა დაღვრილი სისხლი და გამოჩენილი გმირობა თავდადების ეპოპეად მიგვაჩნია, და ვერც იმათზე, რომლებიც სტალინის გენიასა და ფაშიზმის დამარცხებაში ქართველთა როლს აუფასურებენ. ვისაც თანამდებობრივი “არტახები” აიძულებს, რეალობა გააუფერულოს და გადამთიელთა გულის მოსაფხანად, ეროვნულ ღირსებებს ჩირქი მოსცხოს, რადგან ახლა ის ქარი ქრის და ის ბუკი და ნაღარა უკრავს, რომლისადმი მონური მორჩილებაა მოდაში, ეს მისი პრობლემაა. აბა, ნახეთ, როგორც კი დასცილდებიან ხელისუფლებას, რა ხმაზე ჭიკჭიკებენ? სიმართლე ის სასჯელია, რომელიც დღეს თუ ხვალ ყანყრატოში სწვდება მედროვეთ. და თქვენც გჯეროდეთ ამის.
ფერისცვალება ხელისუფალთა ბრძოლის მეთოდია და ცხადი საიდუმლო, რომელიც, კარგა ხანია, ყველასთვის თვალხილულია.
სამართალს რკინის კლანჭები აქვს.
ადამიანი იურიდიულად თავისუფალია საკუთარი ნების გამოხატვაში. მას კონსტიტუცია იცავს. ყველას შეუძლია, ვინც უნდა, ის მოსწონდეს და მას გაუგოროს კოჭი, მას შესციცინოს თვალებში და მაამებელი სიტყვებით გული მოულბოს, მაგრამ არსებობს მორალური და რელიგიური ნორმები, რომელთა გაუთვალისწინებლობა ამორალურობად ითვლება. ბოლოსდაბოლოს უნდა დასრულდეს უღირსთა მხრიდან ღირსეულთა განკითხვა.
“ნაციონალთა” ნექტრით ნაამები ადამიანები თქვენთვის დათმობილ “კათედრას” ნუ გამოიყენებთ აუგად; ნუ იტყვით იმას, რაც ენის წვერზე მოგადგებათ. ავი ფანატიკოსიც არ იკადრებს, რომ მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღვრილი სისხლი, ის დიადი ომი და გმირული სულისკვეთება არარაობად შერაცხოს.
ეროვნული პასუხისმგებლობის დიდი დეფიციტია დღეს საქართველოში. სამართლიანობისთვის სუდარის გადამფარებელთა რაოდენობა გაიზარდა. თუმცა სულ ტყუილი გარჯაა. რადგან ცრუ პოზიციას გრძელი გზა აღარ დარჩენია.
ორიოდე დღის წინათ შევხვდი ომის ვეტერანს, 91 წლის გიორგი გარუჩავას. შეუძლებელია, მის მსგავს ადამიანებს თვალებში ჩახედო, ნაღმის ნამსხვრევებისგან დასერილ სახეს შეხედო და წამოგცდეს: “შენ ტყუილად  იბრძოდი!”.
1991 წელს სამაჩაბლოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში ვმონაწილეობდი. ჩვენ მაშინ ამოცანა ვერ შევასრულეთ, ცნობილი მიზეზების გამო. ეს არის მოუშუშებელი ტკივილი ჩემი და, ღმერთმა ნუ ქნას, ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, ჩვენი ძირძველი მიწის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებას ვერ მოვესწრო.
როცა გამარჯვებულ, საბრძოლო ორდენებით მკერდდამშვენებულ თაობას თვალებში ნაცარს აყრი, როცა კაბინეტში შეყუჟული ფანჯრიდან ისვრი დამამცირებელი სიტყვების კორიანტელს, გმირობასა და თავგანწირვას არარაობად მიიჩნევ, რა გქვია მაშინ შენ?
პატრონისადმი მონობის ელფერი დაჰკრავს ყველა მის წამოძახილს, რითაც შეურაცხყოფს იმ 700 ათას ქართველს, რომელნიც ერთი მიზნით, ერთი სულისკვეთებით კავკასიის მთაგრეხილებიდან ბერლინში ბრძოლით ჩავიდნენ და რაიხსტაგზე ფაშიზმზე გამარჯვების დროშა აღმართეს.
ბორის დავითაია,
აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი
ქ. სენაკი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here