Home რუბრიკები საზოგადოება ჟურნალისტი მანიფესტაციაში მონაწილისგან კანონით გაიმიჯნა

ჟურნალისტი მანიფესტაციაში მონაწილისგან კანონით გაიმიჯნა

790

GEWORLD.NET:
როგორც ცნობილია ამასწინათ პარლამენტმა “მანიფესტაციებისა და შეკრებების კანონში” ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონით განისაზღვრა, რომ “შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებულნი არიან ხელი არ შეუშალონ მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში, რომლებიც აშუქებენ შეკრებას ან მანიფესტაციას”. პასუხისმგებლობა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, “ჯეონიუსი” საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თანათავმჯდომარეს ჰამლეტ გეგიას ესაუბრა.
– როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ საკითხებთან დაკავშირებით, არაერთი სერიოზული განცხადება გამოქვეყნდა, მნიშვნელოვანი იყო თქვენი შეფასება, რომელიც 2009 წელს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ გაკეთდა (გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” #18, ). ფაქტია, რომ თქვენი ინიციატივა საკანომდებლო დონეზე 3 წლის შემდეგ დამტკიცდა.
– გარდა ორი მუხლისა, სასამართლო პროცესზე ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის წყაროს არდასახელებისა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი მუხლისა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ, რომელიც 2003 წლის შემდეგ იქნა მიღებული, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ საქართველოს პარლამენტმა ჟურნალისტთა მხარდამჭერი მუხლი მიიღო. ამ კანონის მიღების შემდეგ აუცილებელი ხდება ჟურნალისტის პროფესიის იურიდიული განსაზღვრა, თუ ვინ არის ჟურნალისტი. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე დგება ჟურნალისტების შემოქმედებითი და პროფესიული საქმიანობის დაზღვევის საკითხი. თუ გავითვალისწინებთ მედიასივრცეში არსებულ აქტუალურ პრობლემებს მედიისა და ჟურნალისტების თავისუფლების, მისი ობიექტურობის და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებისთვის აუცილებელი ხდება მედიის მხარდამჭერი საზოგადოებრივი-წარმომადგენლობითი ფონდის შექმნა, სადაც საზოგადოების, ბიზნესის, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლობისა და სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერა იგულისხმება. თუ პარტიები ბიუჯეტიდან ფინასირდებია და სამართლიანად გაიზარდა კიდეც, რატომ არ უნდა ზრუნავდეს ხელისუფლება დემოკრატიის განვითარების ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მედია ვექტორზე მის ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე. უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი მედია ფონდების შექმნა რეგიონებში. 
– მიღებული კანონპრიექტის მიხედვით აქციის მონაწილეებისგან ჟურნალისტები სპეციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნით გაიმიჯნება. უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს აღნიშნული?
– პარლამენტმა სერიოზული ნაბიჯი გადადგა, როდესაც კანონის საფუძველზე აქციებში საერთოდ გაიმიჯნა ჟურნალისტი მანიფესტაციაში  მონაწილეებისგან. სამართალდამცავ ორგანოებს, აქციის მონაწილესა და რიგით მოქალაქეებს იმედია აღარ აერევათ, მოქალაქე – ჟურნალისტთან აქვთ სააქმე, თუ პროფესიული მოვალეობის შემსრულებელ ჟურნალისტთან. აღსანიშნავია, რომ მედია საშუალებებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების შემოსავალი მწირია და უჭირთ საკუთარი თავის დაფინასება. დემოკარტიის პრინციპებიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია მათი ფინანსური დამოუკიდებლობა, რომელიც სამწუხაროდ ამ ეტაპზე მოსახლეობის მყიდველუნარიანობის გამო სრულყოფილი არ არის.
– რამდენად შეეხებათ აღნიშნული ცვლილება ე.წ კონტროლირებადი მედია საშუალებების ჟურნალისტებს?
– კანონმდებლობა სახელმწიფო და საზოგადოება ხელს უნდა უწყობდეს ჟურნალისტების ობიექტურობას, პროფესიონალიზმსა და მოსახლეობის თვალში მათი ავტორიტეტის ამაღლებას. აუცილებელია სამი ვექტორისა და ჟურნალისტების აქტიური მონაწილეობა, რათა შეიქმნას ქმედითი მექანიზმები დემოკრატიული მედიაველის გასაუმჯობესებლად.
– აღნიშნულიდან გამომდინარე მედიის თვითრეგულირების საკითხი საკმაოდ აქტუალურია… ამასთან ჟურნალისტების მაიდენტიფიცირებელი ნიშანი გარკვეულ კითხვებს ბადებს, მით უფრო ყალბი – უკანონო პრესის მოწმობის დამზადება დღეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს…
– სავსებით გეთანხმებით, მსგავსი შეუსაბამოებები რომ არ წარმოიშვას, სასურველია მედიის თვითრეგულირების საფუძველზე ურთიერთშეთანხმებით, მომავალში მედიასაბჭომ შეიმუშავოს ერთიანი, სტანდარტული მაიდენტიფიცირებელი მოწმობა, სადაც ყველა მედიასაშუალების კონკრეტული წარმომადგენლობა აისახება და სასურველი გახდება, რომ ერთიანი სტანდარტული ფორმა წარდგენილი იყოს, როგორც სახელმწიფო უწყებებში, ასევე ცნობადი გახდეს ფართო საზოგადოებისთვის. აღნიშნული მაინდენტიფიცირებელი ნიშანი გაზრდის ჟურნალისტების უსაფრთხოებას, მისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებას და ნაკლებად შესაძლებელი იქნება მისი გაყალბება.
თქვენი მედია საშუალების მეშვეობით კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა ქართული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობის დაცულობას და უასფრთხოებას.
ესაუბრა დავით ჯაბაშვილი

რატომ უნდა გარიყოს პარტიებმა საზოგადოება 
და აქციოს მხოლოდ საარჩევნო ხმად…
დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტალური საფუძველი თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნებია, რომელსაც განაპირობებს შესაბამისი კანონები, ამომრჩეველთა კულტურა, გარემო და არჩევნებში მონაწილე სუბიექტების პროფესიონალიზმი. საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწას, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში განსაკუთრებული როლი ენიჭება. თუ ნებისმიერი პარტია არ გამოხატავს და არ ასახავს გარკვეული ფენის, სოციალური ჯგუფის საქმიანობის ფართო ინტერესებს, სრულფასოვან პარტიად ვერ აღიქმება. შეუძლებელია, რომელიმე პარტია მთლიანობაში ყველას ინტერესებს გამოხატავდეს, ასეთი პარტია ბუნებაში არ არსებობს.
პარტიებს უნდა აყალიბებდეს არა კონკრეტული პიროვნებები თავიანთი სურვილების მიხედვით, არამედ მოსახლეობის ფართო ფენების, დიდი სოციალური ჯგუფების ინტერესები. პარტიული სუბიექტების მიმართ საზოგადოების უნდობლობამ იმატა, რაც საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის არ არის კარგი. ყოველივე ამას ხელს უწყობს პარტიების არაკომპეტენტურობა, მცდელობა _ საზოგადოებაში დაამკვიდრონ პარტიების “დიქტატურა”, შიგნით კი _ ლიდერომანია, რაც დამატებით ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს ამომრჩეველში. პარტია, რომელიც მოსწყდება საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებს და დაუსაბუთებელი დაპირებებითა და დემოკრატიული ლოზუნგებით იწყებს ხელისუფლებაში მოსვლაზე ფიქრს, მოსახლეობის პატივისცემას არ  იმსახურებს. როგორ შეიძლება ეგრეთ წოდებულმა კვალიფიციურმა პარტიებმა ხელისუფლებასთან ერთად საზოგადოებისა და ამომრჩევლების გარეშე იმსჯელონ და თანაც გადაწყვიტონ, თუ რა სჭირდება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას.
როგორც პრაქტიკამ დაგვანახა საქართველოში მოღვაწე პარტიების დიდი ნაწილი, ხელისუფლებაში მოსვლის ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობენ მოირგონ ამომრჩეველთა ხმა, რაც ყოვლად მიუღებელია და როგორც ყოველთვის კრახით მთავრდება. დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში პარტიული დიქტატი, სახელისუფლო იქნება თუ ოპოზიციური. გაუგებარია, რა დააშავა ქართულმა საზოგადოებამ ისეთი, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საეთერო და საგაზეთო სივრცის უდიდესი ნაწილი პარტიულ რიტორიკასა და საზოგადოებისთვის არაფრისმთქმელ შეგონებებს ეთმობა.
საქართველოს სერიოზული პრობლემაა საზოგადოების, მოქალაქეების უსაზღვრო პოლიტიზირება და ყოველივე ეს იმიტომ, რომ ნებით თუ უნებლიეთ ისეთი გარემო შევქმენით, სადაც პოლიტიკოსობა მიმზიდველი, მომგებიანი, სარფიანი პროფესიაა, თუ დიდი ფულის შოვნა გინდა ან დიდი ხელფასი გქონდეს, “კვალიფიციური პოლიტიკოსი” უნდა იყო და მნიშვნელობა არა აქვს, რომელ მხარეს იქნები.
სირცხვილია და არ შეიძლება დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური ნარცისიზმის დანერგვა, არც ერთ პარტიას არ აქვს ჩვენი მოსახლეობის წინაშე საკეკლუცოდ საქმე. მედია ხელს უნდა უწყობდეს ახალი აზრის, ახალი იდეების, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემების გაშუქებას, გადაწყვეტას და არა ერთი და იგივე პარტიული კუთვნილების თვითკმაყოფილი სახეების ტირაჟირებას. ყოველივე ეს საზოგადოებაში ალერგიასა და გაღიზიანებას იწვევს, რაც სახეზეა და რაც მედიაიმიჯზეც აისახება. არ შეიძლება მედია სივრცის მონოპოლიზაცია, თუნდაც პარტიული ნაირფეროვნებისა და კუთვნილების ნიშნით. პოლიტიკოსების იმ ნაწილმა, ვისაც ხიბლავს ხშირი სატელევიზიო გამოჩენები, ანგარიში უნდა გაუწიოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, თავისი კონსტრუქციულობით, საქმიანი წინადადებებით, უბრალოებით იმედი მისცეს და შეუმსუბუქოს ყოფა.

ჰამლეტ გეგია,
ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თანათავმჯდომარე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here