Home რუბრიკები საზოგადოება საქართველო არის ტერიტორია, რომელიც დასახლებულია ხელისუფლების მომსახურე, მორჩილი ადამიანებით…

საქართველო არის ტერიტორია, რომელიც დასახლებულია ხელისუფლების მომსახურე, მორჩილი ადამიანებით…

702

GEWORLD.NET:
გასული კვირის მღელვარე მოვლენების ფონზე, რამაც ჩვენი საზოგადოებრიობის ყურადღება მიიპყრო, ხელისუფლებამ ერთი მავნე და ანტიეროვნული «საქმე» ისე ჩუმად და ქურდულად გააპარა, რომ თითქმის ვერავინ შეამჩნია, დაინტერესებული ადამიანების გარდა: ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ არაპრიორიტეტულობის მოტივით დაფინანსება შეუწყვიტა ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და კიდევ რამდენიმე სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. მორიგი დარტყმა მიაყენეს ქართულ მეცნიერებას.  «საქართველო და მსოფლიომ» კომენტარისთვის მიმართა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, უნივერსიტეტის სრულ პროფესორს გუგული მაღრაძეს.

– ეს ძალიან მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ ვიცით ამ ხელისუფლების დამოკიდებულება ისეთი მეცნიერების მიმართ, რომლებიც არ სჭირდება საკუთარი პიარისთვის და თავის გამოსაჩენად. არადა, ფსიქოლოგია არის მეცნიერების ის დარგი, რომელიც სწორედაც რომ კარგად წარმოაჩენს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე, რაც ასე მოსწონს ჩვენს ხელისუფალს.
– მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, ყოველ შემთხვევაში, დილეტანტის გაგებით, რომ ფსიქოლოგია ისეთი ფაქიზი მეცნიერებაა, რომელიც არ არის ჩართული ისეთ უხეშ სუბსტანციასთან უშუალო ბრძოლაში, როგორიც ძალაუფლებრივი სტრუქტურა, ანუ ხელისუფლებაა?
– პირიქით, კარგი ფსიქოლოგიური წვრთნა ავითარებს ადამიანის გონებას, ცნობიერებას, რაც უნდა სჭირდებოდეს პროგრესით დაინტერესებულ ხელისუფლებას. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მისთვის ნაკლებად საჭიროა გონებაგანვითარებული, მოაზროვნე ადამიანები. ხელისუფლება დაინტერესებულია,  ჰყავდეს მორჩილი, კონფორმისტი საზოგადოებრიობა. ფსიქოლოგებს კი იმის კვლევაც შეუძლიათ, თუ რატომ არ არის ხელსაყრელი კონფორმიზმი, კონფორმისტული საზოგადოება, რადგან იგი, როგორც წესი, ვერ აღწევს წარმატებებს, ინოვაციებისთვის დახურულია.
ასე შეიძლება აიხსნას ხელისუფლების ცნობიერი თუ არაცნობიერი დამოკიდებულება მეცნიერების ზოგადად და კერძოდ ფსიქოლოგიის მიმართ. ფინანსები არაფერ შუაშია, რადგან ის კაპიკები, რაც ფსიქოლოგიისა და სხვა ინსტიტუტებისთვის მთელი წლის განმავლობაში იყო გათვალისწინებული, ამათ მიერ მოწყობილი ერთი კონცერტის ნახევარსაც არ უდრის.
ამისკენ მიდიოდა წლების განმავლობაში ეს ხელისუფლება, შეინარჩუნა, არ მიწყინოს აკადემიის პრეზიდიუმმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კონფორმისტი პრეზიდიუმი, რომელიც, ძირითადად, მას კვერს უკრავს, ხოლო ის, რასაც ეს პრეზიდიუმი უნდა ხელმძღვანელობდეს, ანუ ინსტიტუტები აღარ არსებობს. პრეზიდიუმს ის მოვალეობაღა დარჩა, რომ გუნდრუკი უკმიოს ამ ხელისუფლებას, რომელსაც იგი იმიტომ სჭირდება, რომ ზოგჯერ ხელი გაიშვიროს მისკენ, აი ეს მეცნიერები ჩემ გვერდით დგანანო.
ისიც სათქმელია, რომ მეცნიერებს ნაკლებად ეხერხებათ თავიანთი უფლებების დაცვა საერთოდ და, განსაკუთრებით, – საქართველოში. ჩვენთან მეცნიერები კი არა, პოლიტიკოსები ვერ იცავენ თავიანთ უფლებებს. ასე არის ამ კერძო შემთხვევაშიც. თანაც ეს ამბავი სხვა, ასე ვთქვათ, სახალხო ტიპის მღელვარებამ გადაფარა, უწინარესად, რელიგიური კონფესიებისთვის საჯარო სამართლის სუბიექტების სტატუსის მინიჭების თემამ.
ეს მზაკვრული ჩანაფიქრი, რა თქმა უნდა, განხორციელდება, მაგრამ საქართველოში მაინც არიან ფსიქოლოგები, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტების ფარგლებში რაღაცას მაინც გააკეთებენ.
– შეიძლებოდა ამ სიტუაციის თავიდან აცილება?
– შეიძლებოდა, რომ ფსიქოლოგებს, მათ შორის მეც, როგორც კი რყევები დაიწყო, ენთუზიასტების ჯგუფს იმთავითვე დაგვეფუძნებინა შესაბამისი საზოგადოება. ამ საზოგადოების მიერ ჩატარებული კვლევები შეიძლება არ ყოფილიყო იმ დონის, როგორიც სახელმწიფო დაფინანსების პირობებში განხორციელდებოდა, მაგრამ მაინც რაღაც ბირთვის შენარჩუნებას წაადგებოდა. იმედს არ ვკარგავ, რომ დიმიტრი უზნაძის სახელს მაინც შევინარჩუნებთ, საუნივერსიტეტო სივრცეებში გავაგრძელებთ განწყობის თეორიის სწავლებას და არ დავკარგავთ იმ მიღწევებს, რომლებიც ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლას აქვს ამ მომენტში.
თავის დროზე, როცა პარლამენტში განათლების კომიტეტში ვიყავი, წინადადება შევთავაზეთ მეცნიერებათა აკადემიას, რათა გადაეჯგუფებინა ინსტიტუტები, დარგები, დისციპლინები, მიმართულებები იმის მიხედვით, თუ რაში ვიყავით ძლიერები, სად გვქონდა კარგი რესურსი, რომელთაც ეფექტიანად განვავითარებდით, და ყველაფრის ცოტ-ცოტა განვითარებაზე არ დავრჩებოდით ორიენტირებულები.
სამწუხაროდ, ასე არ გაკეთდა, და დასჯერდნენ იმ გროშებს, რომლებიც ორი წლის განმავლობაში ინსტიტუტებს გადმოუგდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. არადა, მაშინვე უნდა განგვესაზღვრა, რომ ასე დამთავრდებოდა ყველაფერი.
– საუნივერსიტეტო მეცნიერების განვითარებაზე უარის თქმას აქეთ არ მივყავდით?
– საბჭოთა კავშირის სივრცეში საუნივერსიტეტო მეცნიერების განვითარება შედარებით უფრო ადვილი იყო, რადგან არსებობდა სახელმწიფო დაფინანსება. მაგრამ, როცა დამოუკიდებელი ხდება ქვეყანა, მას წარმოექმნება უამრავი პრობლემა, მათ შორის, მეცნიერების ახალი სტრუქტურიზაციის საკითხი, ისევე, როგორც სახალხო მეურნეობის დარგების.
1995-1996 წლებში ამერიკიდან ჩამოვიდა სოფლის მეურნეობის ცნობილი მკვლევარი, რომელმაც ძალიან სერიოზულად შეისწავლა ამ სფეროში შექმნილი  მდგომარეობა. ამ კვლევის შედეგად მან დადო დოკუმენტი, რომლის თანახმად ჩვენს სოფლის მეურნეობაში რამდენიმე მიმართულება უნდა ყოფილიყო პრიორიტეტული. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები უნდა შეერთებოდა ერთმანეთს და ა.შ. მაშინ ჯერ კიდევ იყო ამ დარგში მატერიალური ბაზა, ადამიანური რესურსი. მაგრამ ეს დოკუმენტი ამოდეს მაუდქვეშ, რადგან არც ერთი ინსტიტუტის დირექტორს არ სურდა «დამოუკიდებლობის დაკარგვა» და მოახერხეს კიდეც «თავის გადარჩენა». მათდა სამწუხაროდ, – მხოლოდ დროებით. მაშინ ჩვენ ვერ განვჭვრიტეთ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც შეძლებდა მეცნიერებათა ყველა დარგის ისე განვითარებას, როგორც საბჭოთა სინამდვილეში ხდებოდა.
მას შემდეგ მოვიდა ახალი თაობა, რომელსაც სულ სხვა ორიენტაცია აქვს, კი აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება მეცნიერება, მაგრამ რეალურად არ აქვს ამის განცდა. ცუდი გაგებით ლიბერტარიანელები არიან, ანუ, როგორც ამერიკაში უწოდებენ, «საბაზრო ლიბერალიზმის» ცრუ მიმდევრები.
– იმ ლიბერალიზმის, რომელმაც დაკარგა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა? დღეს ლიბერალებად იწოდებიან ადამიანები, რომლებიც ბაზრის თავისუფლების შეზღუდვისკენ ილტვიან და მხარს უჭერენ გადამეტებული უფლებებით აღჭურვილ სახელმწიფო აპარატს.
– ეს მთელი ფილოსოფიური მიმდინარეობაა და მასზე მსჯელობა მთავარ თემას დაგვაცილებს.
სასურსათო კრიზისის პირობებში ჩვენი ხელისუფალნი თითქოს მიხვდნენ, რომ ადგილზეც შეგვიძლია რაღაცის წარმოება და სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულობა ცარიელ ლოზუნგად გადმოაგდეს, თორემ სისტემურ მიდგომაზე ლაპარაკიც ზედმეტია. უკეთეს შემთხვევაში, ეს არის პიარზე ორიენტირებული, უარეს შემთხვევაში კი, ისეთი მიმართულებით სვლა, რომელიც საქართველოს იმ  ქვეყნების დანამატად აქცევს, რომელთაც ეს ქვეყანა საამისოდ სჭირდება. ამით, ეტყობა, ჩვენი ქვეყნის ხელისუფალი უფრო დიდ მოგებას ნახულობს, თანაც – მოკლე დროში. სერიოზულ განვითარებას კი ხანგრძლივი პერსპექტივა სჭირდება.
კარნეგის ფონდის ექსპერტის – თომას დე ვაალის მიერ შემოთავაზებულ «საქართველოს არჩევანში» მითითებულია,  ევროპას რომ დავუახლოვდეთ, გვჭირდება ხანგრძლივ დროზე გათვლილი, სერიოზული ეკონომიკური პოლიტიკა, სახელმწიფო მშენებლობა და არა – სინგაპურიზაცია, რადგან არ შეიძლება ერთსა და იმავე დროს იყო ევროპული ორიენტაციის ქვეყანა და თან აცხადებდე, რომ სინგაპური გაქვს მისაბაძ მაგალითად. ასეთი აბსურდული აღრევები მიზნად ისახავს რაღაც ამწუთიერი მიზნების მიღწევას, უმეტესად ისეთების, რომლებიც ხელისუფალს სჭირდება და ქვეყნისა და ხალხისთვის უსარგებლოა.
შედეგებს თანდათან ვიმკით და პერსპექტივაში უარესს უნდა ველოდოთ. იმის გამო, რომ, რბილად ვიტყვი, საქართველოში არ არსებობს ორიენტაცია ჭეშმარიტ განვითარებაზე.
– ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის იმ ინსტიტუტების დაქვემდებარება, რომელთაც რექტორატმა დაფინანსება შეუწყვიტა, ხომ არ ნიშნავდა, რომ ისინი იმთავითვე დასახურად იყო განწირული და ამ არაპოპულარული გადაწყვეტილების გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლება თავიდან აიცილებდა?
– ცხადია. ეს დამოკიდებული იყო იმაზე, თუ სად უფრო ადვილად შეძლებდა სახელმწიფო თავისი მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელებას. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეძლო რამდენიმე მიერთებული ინსტიტუტის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება. ილიას უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (მისი ერთი-ორი თანამშრომელიც) რაღაც თანამდებობას კი იშოვის, დანარჩენებმა, როგორც უნდათ, ისე მოუარონ თავს. იმავეს თქმა შეიძლება დანარჩენი ინსტიტუტების შესახებაც.
ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, იქ არსებული მდგომარეობის გამო, იქ უფრო ადვილი გახდა ამ «გენერალური ხაზის» პრაქტიკულად განხორციელება. ძალიან გამჭვირვალედ ჩანს ეს ყველაფერი.
რაც მთავარია, ასეთია სახელმწიფოს პოლიტიკა, რომლის ხელმძღვანელ პირებს ვერ წარმოუდგენიათ მეცნიერულ კვლევებზე ორიენტირებული, სამეცნიერო პოტენციალის მქონე ჩვენი სახელმწიფო. მათთვის საქართველო არის ქვეყანა, ტერიტორია, რომელიც დასახლებულია ხელისუფლების მომსახურე, მორჩილი ადამიანებით, რომელთაც თავიანთ გემოზე მართავენ. ოღონდ თვითონ კარგად იგრძნონ თავი და იყოს საქართველო, როგორც ტერიტორიული ერთეული, როგორც «ბანანის რესპუბლიკა», სადაც 5 პროცენტია მდიდარი, 10-15 პროცენტი – მომსახურე პერსონალი, დანარჩენი კი – ღარიბი მოსახლეობა.
– ამ ხელისუფლების ხელში გამოსწორდება მდგომარეობა?
– თუ ასე, თავის ნებაზე მივუშვით, ცხადია, არ გამოსწორდება. ძნელი კია, რომ სავლე პავლედ გარდაიქმნას, მაგრამ იდეალურ ვარიანტში, თუ ტვინი გაუსხივდებათ, გამორიცხული არ არის. უფრო რეალურია, თუ ხალხის პროტესტი აიძულებს. საზოგადოების კრიტიკული მასის დამოკიდებულება უნდა იყოს საპროტესტო!
ფაქტია, რომ რამდენიმე დღის წინათ, 50 ათასი ადამიანი რომ გამოვიდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დასაცავად, ხელისუფლებამ გადადო ანგარიშსწორება ეკლესიასთან. კი არ დაივიწყა, გადადო.
თუ პროტესტი არის გონივრულად გათვლილი, თანმიმდევრული და ხალხი არ დაიღლება, რაღაც შედეგი ყოველთვის დადგება, რადგან არ არსებობს ხელისუფლება, რომელმაც ბოლოს და ბოლოს ანგარიში არ გაუწიოს ხალხის მასას.
ესაუბრა არმაზ სანებლიძე 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here