Home რუბრიკები საზოგადოება კაცი, რომელსაც ძალიან სტკიოდა საქართველო

კაცი, რომელსაც ძალიან სტკიოდა საქართველო

1069

GEWORLD.NET:
დიდი მწერალი დაკარგა საქართველომ, სიტყვის დიდოსტატი და დიდი პიროვნება _ ამქვეყნიდან წავიდა ბატონი ოტია იოსელიანი. სახელგანთქმული შემოქმედი და მართალი კაცი. წავიდა გულნატკენი, რაც, უთუოდ დამეთანხმება ჩვენი ერთგული მკითხველი, იყო საბრალდებო დასკვნა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ხელისუფლების წინააღმდეგ გამოტანილი.
მკითხველს მივმართავ იმიტომ, რომ მას უთუოდ უნდა ახსოვდეს დიდი მწერლის გულისტკივილი, რომელიც მან, სამშობლოსათვის გულანთებულმა და თავგადადებულმა კაცმა, ჩვეული პირდაპირობით გაგვიზიარა «საქართველო და მსოფლიოში» გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომელიც (ახლა ვხვდებით) მისი შემოქმედებითი და მოქალაქეობრივი პოზიციის ერთგვარი ანგარიშიც იყო და ვაი, რომ _ ანდერძიც, ბრძენი ადამიანის დანაბარები მწარე (იხ. «საქართველო და მსოფლიო» ##10-11-12): «ეროვნული გამოთაყვანება, კაი ხანია, გვჭირს უკვე. და, საერთოდ, ყველაზე დამღუპველი, რაც ამ ერს, ჭირს, არის ის, რაც ილია ჭავჭავაძემ, რომელსაც არაფერი ესწავლებოდა, «ბედნიერ ერში» ჩამოგვიყალიბა. ყოველ კედელზე უნდა გავუკრათ ჩვენს ხალხს ეს ლექსი».
რჩევაც იყო მამაშვილური _ პირდაპირი, ჭკუას არიგებდა ადამიანებს, რომელთაც ქვეყნის მართვის პრეტენზია ჰქონდათ, ამბიცია ერის გაძღოლის:
«სად მიგყავთ ჩვენი ქვეყანა?… კაცო, რას სჩადიხართ? არ გინდათ ხელოვნება, არ გინდათ კულტურა, არ გინდათ ცოდნა, არ გინდათ განათლება, არ გინდათ აზროვნება, არ გინდათ საქმე. აბა, ენას რას ატლიკინებთ?! თქვენ უკან აბრუნებთ ჩვენს ქვეყანას, უკან მიგყავთ, გამოქვაბულში.
არა, ბატონო ოტიაო, ჩვენ უკან არა, წინა გამოქვაბულში მივდივართო.
_ გეშაირებოდათ?
_ მისი სიტყვებია, არაფერს ვუმატებ! უკანაში ეგენი არიან…»
ვინ უგდო ყური, ვინ შეისმინა?
«გითხარი, გითხარი, გითხარი. თუ არ მოგწონს ჩემი ნათქვამი, მაშინ შენ შენი მითხარი და გამოვძებნოთ რაღაცა საშუალო… შენ გეუბნები, შენ! არ მაგდებ არაფრად, სულა? ძაღლი ვარ? ძაღლის ყეფასაც ვაქცევთ ჩვენ ყურადღებას.
იქნება, რაცხა დავაშავე? ასე რატომ აგიგდია თავი, შვილო? ამაზე რატომ გელაპარაკები მე შენ _ ჩემი სიამოვნებისთვის? ვინც უსიამოვნოს გელაპარაკება შენ, თვითონაც უსიამოვნებას გრძნობს. არ მირჩევნია შენი ქება-დიდება, კაი ხასიათი, და _ შენც კაი გუნებაზე და მეც კაი გუნებაზე? მაგრამ საქმეა დაქცეული და ქვეყანა არ გვაძლევს ამის უფლებას და საშუალებას, ხომ? ჰოდა, შენ აგიგდია თავი და, საერთოდ, არ აპარტყუნებ ყურს!».
ძალიან უნდა გტკიოდეს საქართველო, ასე რომ ილაპარაკო, საქვეყნო გაჭირვება შენად უნდა მიგაჩნდეს, შეკითხვას _ «ხომ კარგად ხართ, ბატონო ოტია?», ასე რომ უპასუხო:
«_ კარგად ვინაა ამ ქვეყანაში? თუ ვინმემ თქვა, კარგად ვარო, ცოტა შორს დაიკავეთ თავი, რამე არ მოგწიოთ».
ბატონმა ოტიამ სწორედ ასე დაიწყო თავისი ინტერვიუ, წლევანდელი წლის არცთუ შორეულ მარტში, ადრე გაზაფხულზე, როცა ფურისულას პასტელის ფერების სითბო ეგებებოდა იოსელიანის საბრძანებელს მიახლოებულ სტუმარს.
ხელისუფლების არც ერთ დიდჩინოსანს არ გადაუბიჯებია ამ სახლის ზღურბლისთვის, სინდისიერების ამ რუბიკონისთვის…
სმენის დაქვეითება შეეყარა ხელისუფლებას, დიდი სიყრუე, თორემ რა არნახული ძალისხმევა დასჭირდებოდათ, ყურად ეღოთ ქუთაისის მამებს და შეეჩერებინათ 15 წლის წინათ ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე ბატონ ოტიას ხელით და მისი ინიციატივით გაშენებული ხეივნის გაჩეხვა და ამოძირკვა! რომელიც თურმე ხელს უშლიდა საველოსიპედო სავალი გზის გაყვანის ტუტუცური იდეის განხორციელებას.
პალმებით დამშვენებული გზა _ კაპიტალიზმის ნათელი მწვერვალებისკენ…
ამ უგვანობის გამო ინტერვიუში, რომელიც «საქართველო და მსოფლიოში» 2011 წლის 11 მაისს გამოქვეყნდა და რომელიც, სამწუხაროდ, ბატონ ოტია იოსელიანის უკანასკნელი პუბლიკაცია აღმოჩნდა, ადამიანმა, ვისი დღეებიც თურმე დათვლილი იყო, გულდაწყვეტით თქვა:
«_ ჩვენში სიცოცხლე არაფერი ჰგონიათ… არაფერი არ უნდა არსებობდეს? გავაშენე და ახლა ჭრიან! იყოს ხე გახარებული, ვის უშლის?!».
ამათ უშლის, ბატონო ოტია.
ეტყობა, ძალიან უშლიდა ხელს, რადგან ორიოდ დღეში, ისე სწრაფად, როგორც რელიგიებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ხელმოწერის დაფიქსირება, ქუთაისელმა «ბიჭებმა» წარმატებით დაასრულეს სამშობლოს საკეთილდღეო შეტევა დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გაშენებული ხეივნის წინააღმდეგ.
თბილისში ქიმიოთერაპიის პროცედურაზე მიმავალმა ბატონმა ოტიამ იმ ქუჩის ბოლოს რაღაც სასწაულით გადარჩენილი, მისი ხელით დარგული, ერთადერთი ხისთვის თვალის შევლება მოისურვა: ეგებ ის მაინც დატოვონო სიმბოლოდ თუნდაც, გასახსენებლად.
მეტი არაა თქვენი მტერი _ ისიც მოეჭრათ და გაექროთ…
ის პალმებიც რომ ხმება?
_ ვერ ამიხსნიაო, _ უთქვამს მაშინ გულდაწყვეტილს, _ ამქვეყნად კაცის მოსვლა რა არის, თუ იმას არ დაგიფასებენ, რაც კარგი გაგიკეთებიაო…
გაიხსენა ეს ფაქტი ბატონი ოტია იოსელიანის რეფერენტმა თამარ გელოვანმა, რომელსაც «საქართველო და მსოფლიო» იმ უბედურ დღეს დაუკავშირდა.
თავს ძალა დაატანა და მოგვიყვა დიდი მწერლის უკანასკნელი დღეების ამბავს, ქვითინით, პაუზებით, ნაწყვეტ-ნაწყვეტად.
დღიურიდან ამოხეული ფურცლები დაუმთავრებელი ჩანაწერებით.
_ 28 ივლისს ქიმიოთერაპიის ჩასატარებლად თბილისში რომ მოვდიოდით, თავისი ფეხით ჩამოვიდა კიბეებზე, ვენახს სიყვარულით ხელი შეავლო, კარ-მიდამოს თვალი გადაავლო, თითქოს ემშვიდობებოდა, და ჩაჯდა მანქანაში. გზაში გვითხრა _ ეზოში ფაცურა კი შემომეგებაო (ფაცურა მისი საყვარელი ფინია ძაღლია), მაგრამ მაგაზე წინ სხვები შემხვდნენ და რაღაცა, მგონი, კარგ ფეხზე არ მივდივარო.
თბილისში რომ შევედით, გონი დაკარგა. შეგვეშინდა, რამე არ მოსვლოდა და სასწრაფოდ მივიყვანეთ ქალიშვილთან _ იმიტომ, რომ იქ კიბე არ იყო ასასვლელი, და ხელში აყვანილი შევიყვანეთ.
შემდეგ მოვიდა გონზე. ოცდაათში ონკოლოგიურში წავიყვანეთ, თავისით გადმოვიდა მანქანიდან, «ავერსის» კლინიკაში რომ მივედით, მაგრამ იქ ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ რეანიმაციის განყოფილებაშიც არ მიიღეს და გადაგვამისამართეს პალიატიურში.
რა ვიცოდი, რას ნიშნავდა პალიატიური.
ონკოლოგიურ ცენტრში ამიხსნეს: აქ ვუმსუბუქებთო…
აქ როგორ დავატოვებინო, ვიფიქრე, თავისი სული?!
იყო იქაც სამი დღე უგონოდ… როგორც კი მოიხედა, ვიძალეთ, წამოვიყვანეთ კატასტროფის ბრიგადით… დიდი თანხა იყო გადასახდელი… რა თქმა უნდა, არ გადაგვახდევინეს… გონზე იყო, უკვე გონზე იყო. სულ გონზე იყო ბოლო წუთამდე. მერე ტკივილები დაეწყო. ბოლო სამი დღე საშინლად გაწამდა, ძალიან გაწამდა, ძალიან…
უკანასკნელ დღეს ერთი ის თქვა _ აღარ უნდა დამთავრდეს, კაცო, რატომ არა ვკვდებიო…
13 ივლისს დაბადების დღე იყო ჩემი, ეს ტრაგედია 14-ში მოხდა… და მეკითხება, ხომ არ შემეშალაო, გუშინ ხომ არ იყო შენი დაბადების დღეო? არა-მეთქი, ბატონო ოტია, დღეს არის. მოვატყუე, რომ არ ეჯავრა. ამ საღამოს თამადა უნდა იყო-მეთქი…
მერე… ნახევარი საათის მერე, არაფერი არ უთქვამს, არც ამოუკვნესია, მუშტები მიიჭირა ნიკაპთან. ჩავძახე: _ ოტოია, ოტოია! ამომხედა ერთი და თავი გაიქნია… ალბათ _ ნუღარ მაწვალებთ, აღარაფერი მეშველებაო… დახუჭა თვალები და წავიდა ასე უთქმელად.
უსიტყვოდ წავიდა სიტყვის პატრიარქი…
დაუბარებია, ჩემი სახლის ეზოში დამასაფლავეთო, წყალტუბოში. არაერთხელ უთქვამს, რომ დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი ჩვეულებრივ სასაფლაოდ იქცაო.
ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს გარდაიცვალა ოტია იოსელიანი.
იმავე დღეს დაურეკიათ: ამერიკიდან პეტრე ხვედელიძეს, მოსკოვიდან _ საშა ებანოიძეს, ჟურნალ «დრუჟბა ნაროდოვის» მთავარ რედაქტორს… ოთარმაც დარეკაო, იოსელიანმა პარიზიდან.
თბილისიდან _ არავის.
დარეკავენ, ჩავლენ, პატივს მიაგებენ, რადგან, როგორც ბატონი ოტია იოსელიანი ამბობდა თავის უკანასკნელ ინტერვიუში, «სიყვარული ყველაფერს გადაარჩენს, რომ გვქონდეს. მაგრამ სიყვარული სახადივით კი არ დაგემართება. სიყვარული არის ნიჭის, ცოდნის, ერთგულების, განათლების, კულტურის, ზნეობის _ ყველაფერ ამის ერთობლიობა».
ამ სიყვარულით დაემშვიდობა საქართველო დიდ მწერალსა და მამულიშვილს ოტია იოსელიანს.
არმაზ სანებლიძე
P.S. ქალბატონმა თამარ გელოვანმა გვითხრა: ვერც წარმოიდგენთ, როგორი სიხარულით ელოდებოდა ბატონი ოტია ოთხშაბათ დღეს, როცა «საქართველო და მსოფლიო» და ჯანსუღ ჩარკვიანის «ქართული სიტყვა» უნდა მიეტანათო მისთვის. ბოლო ორი ნომერი დღესაც მის სამუშაო მაგიდაზე დევსო.
ერთგული მკითხველი დაკარგა ჩვენმა გაზეთმა, ყველაფერთან ერთად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here