Home რუბრიკები პოლიტიკა TOP SECRET ანუ გამჭვირვალე კანონდარღვევა

TOP SECRET ანუ გამჭვირვალე კანონდარღვევა

715

GEWORLD.NET:
ფოტოაპარატები გადამალეთ, პრეზიდენტი მოდის!.. თუ ვინმეს გაქვთ ფოტოაპარატი და გაგიჩნდათ სურვილი, ფირზე ასახოთ ლამაზი პეიზაჟი, რომელიმე შენობის ინტერიერი ან ექსტერიერი, სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან ამას შეიძლება თქვენი «რუსეთუმეობასა და ჯაშუშობაში» ბრალდება მოჰყვეს და ფოტოაპარატიდან გამოფრენილი «ჩიტის» საპასუხოდ შსს-ს «ქორებმა» მოდულის გალიისკენ გაგაქანონ.

«გამჭვირვალობა» – ეს არის სიტყვა, რომელსაც ყოველდღე ვისმენთ ტელეეკრანებიდან: ერთის მხრივ, ხელისუფლება თავს იწონებს თავისი «გამჭვირვალე საქმიანობით», მეორეს მხრივ კი, საზოგადოება მოითხოვს ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობას. სამწუხაროდ, ასეთია თანამედროვე საქართველოს კონტრასტული რეალობა, რომლის ნორმალიზებას წინ ბარიკადად ეღობება ხელისუფლების მიერ კანონის უგულებელყოფა და ქვეყანაში არსებული სამართლიანობის დეფიციტი. ამის მიზეზი სააკაშვილის რეჟიმის ავტორიტარული ბუნებაა, რომელიც ძალაუფლებას საზოგადოების დასათრგუნად იყენებს.
გასული ორი კვირის ყველაზე რეზონანსულ და იდუმალ საქმედ ფოტორეპორტიორების – გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძისა და ირაკლი გედენიძის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავება და შემდეგ «აღიარებითი ჩვენება» იქცა. როგორც იქნა, სააკაშვილის რეჟიმმა სასურველ შედეგს მიაღწია – დაკავებულებმა «დანაშაული» აღიარეს. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ასევე დაკავებულთა აღიარებითი ჩვენება დასაბუთებული არგუმენტებით არ არის გამყარებული და ვერ აკმაყოფილებს საზოგადოების ინტერესებს. უფრო მეტიც, აღრმავებს ეჭვს იმის შესახებ, რომ დაკავებულმა ფოტორეპორტიორებმა ისეთი რამ გადაიღეს, რომლის გავრცელება არა ქვეყნის ინტერესებს, არამედ პირადად სააკაშვილის იმიჯს ზიანს მიაყენებს.
მაშინ, როცა ხელისუფლების პროპაგანდის იარაღად ქცეული ნაციონალური ტელეარხებით მუდმივად ტირაჟირდება არაფრისმთქმელი ფარული ჩანაწერები და ამავე დროს დაკავებულთა საქმეს ჟურნალისტებისა და დაინტერესებულ პირთათვის გრიფი «საიდუმლო» დაედო, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ ცდილობს ხელისუფლება ასეთ რეზონანსულ და სენსიტიურ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციული ვაკუუმის შექმნას? – გრიფი «საიდუმლოს» დადებით ხელისუფლება ცდილობს, ხელი შეუშალოს საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას.
«თუ იტყვით ყველაზე დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებთ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას ირწმუნებს. ირწმუნებს მანამ, სანამ ხელისუფლება შეძლებს დაფაროს ამგვარი სიცრუის პოლიტიკური, ეკონომიკური და/ან სამხედრო შედეგები… სიმართლე სიცრუის დაუძინებელი მტერია და, მაშასადამე, სიმართლე სახელმწიფოს უდიდესი მტერია,» – ეს სიტყვები ფაშიზმის იდეოლოგ-პროპაგანდისტ გებელსს ეკუთვნის. როგორც ჩანს, სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი თავისი სულიერი მოძღვრის – გებელსის პროპაგანდისტული თეორიის გამოყენებით ცდილობს, საზოგადოება სიცრუის ტყვეობაში ამყოფოს და დიქტატურის შირმად ქცეული გამჭვირვალე შუშის მიღმა არსებული ბნელი სარკოფაგი უკანონობის ლაბორატორიად აქციოს.
საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად ამკვიდრებს პრაქტიკას, რომლის ძალითაც აღიარებითი ჩვენება ადამიანის გასამართლების საფუძველი უნდა გახდეს. ეს, მართალია, არ არის სააკაშვილის რეჟიმის «ნოუ-ჰაუ», რადგან მსგავსი პრაქტიკა ყველა ტოტალიტარული და დიქტატორული რეჟიმისთვის არის დამახასიათებელი, ამიტომ დაკავებული ფოტორეპორტიორების «აღიარებით ჩვენებას» ზეწოლის, ტერორისა და მუქარის სუნი ასდის, რაც არამც და არამც არ უნდა იქცეს განაჩენის გამოტანის საფუძვლად.
გარდა ამისა, ძნელი დასაჯერებელია იმ ადამიანის ჯაშუშობა და სამშობლოს საზიანოდ მოქმედება, რომელმაც საქართველოსთვის ყველაზე ტრაგიკული წუთები ფირზე ასახა. გიორგი აბდალაძის მიერ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს სიცოცხლის რისკის ფასად გადაღებულმა ფოტოებმა შეძრა მსოფლიო და აჩვენა ყველას ის საშინელი ტრაგედია, რაც ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა.
«შიში შეიქმს სიყვარულსა», ანუ მარადიული დუმილი!
ფოტორეპორტიორების დაპატიმრებით «დემოკრატიის შუქურამ» მორიგი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი გადადგა, რომელიც სიმართლის «შეპყრობას» ისახავს მიზნად. ასევე, ეს არის გამაფრთხილებელი სიგნალი საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილი, «ნაციონალურ» ცენზურას არდაქვემდებარებული ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ქვეყანაში არსებული ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევასა და საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას, სახელისუფლო ტერორის მიუხედავად, მაინც ახერხებენ.
ამ სიტუაციაში ყველაზე შემაშფოთებელი მაინც საზოგადოების რეაქციაა, უფრო სწორად – ურეაქციობა, რადგან ხვალ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
საქართველოს ხელისუფლება «ჯაშუშომანიითა» და «სახელმწიფო გადამტრიალებლების» აღმოჩენისას გადაღებული ფარული ჩანაწერების გავრცელებით იმდენად გაერთო, რომ, თუ ასე გააგრძელა, მალე მძაფრსიუჟეტიანი ფილმების წარმოებით ჰოლივუდის ვეტერან კინოსტუდია  COLUMBIA PICTURES»-საც უკან ჩამოიტოვებს. როგორც ჩანს, საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება და სანამდე შეიძლება მიიყვანოს ამ მდგომარეობამ. მაშინ, როცა ცივილიზებული ერების მთავარი საზრუნავი კეთილდღეობისთვის და ბედნიერებისთვის ბრძოლაა, ჩვენი, ქართველების, უპირველესი ორიენტირი პირველყოფილ ინსტინქტამდე – გადარჩენამდე არის დაყვანილი, რაც, ერთის მხრივ, ხელისუფლების არასწორი პოლიტიკით, მეორეს მხრივ კი, პოლიტიკური პროცესებისადმი საზოგადოების ინდიფერენტულობითა და კონფორმისტული დამოკიდებულებით არის განპირობებული.
მიუხედავად ამისა, ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს დღემდე ვერ გაუცნობიერებია, რომ კონფორმიზმი და ინდიფერენტულობა კეთილდღეობის გარანტიას არ იძლევა, რადგან ავტორიტარიზმი კერპთაყვანისმცემლობის მსგავსად მუდმივად მსხვერპლს ითხოვს და მსხვერპლთა რიგებში შეიძლება აღმოჩნდეს არა მარტო სააკაშვილის რეჟიმის მოწინააღმდეგე, არამედ «ნაციონალურ ძალისუფლებას» შეგუებული ადამიანები, რომლებისთვისაც «სხვისი ჭირი ღობის ჩხირია» და რომლებიც უსინდისოდ თვალს ხუჭავენ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ უკანონობაზე. დადგება დრო, როცა ასეთი ადამიანები სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პირისპირ დაუცველნი დარჩებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. მხოლოდ მაშინ გააცნობიერებენ თავიანთ შეცდომას ჰიტლერის ყოფილ მხარდამჭერ პასტორ მარტინ ნიმიოლერივით, რომელსაც პირადი კეთილდღეობის გამო თავის დროზე ფაშისტებისთვის და მათ მიერ ჩადენილი უსამართლობისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ, როცა მისი ჯერი დადგა, მერე გააცნობიერა ტირანული რეჟიმისადმი შემგუებლობით და სხვის მიმართ ჩადენილი უსამართლობის წაყრუებით რამხელა შეცდომა დაუშვა:  «თავდაპირველად ისინი (ნაცისტები. – ზ.ჯ.) გასანადგურებლად კომუნისტებს მიადგნენ, მაგრამ მე ხმა არ ამოვიღე, რადგან კომუნისტი არ ვიყავი. შემდეგ პროფკავშირებს მიადგნენ, მაგრამ არც მაშინ ამოვიღე ხმა, რადგან პროფკავშირელი არ ვიყავი. მერე ებრაელებზე გადავიდნენ, მაგრამ არც მაშინ ვიყვირე, რადგან ებრაელი არ ვიყავი. შემდეგ მომადგნენ მე, მაგრამ უკვე აღარავინ იყო დარჩენილი რომ ხმა ამოეღო».
დღეს სახეზეა სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი პოლიტიკა, რომელიც უგულებელყოფს ეკლესიის მესვეურთა თხოვნას, ატერორებს საზოგადოებას, აპატიმრებს უდანაშაულო ფოტორეპორტიორებს და ფეხქვეშ თელავს უზენაეს კანონს – კონსტიტუციას, რათა კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს «ნაციონალური» ავტორიტარიზმი. ასეთ დროს ჩვენ, ქართული საზოგადოებრიობა, გავსუსულვართ, როგორც ფუღუროში შემძვრალი ციყვი და ჩვენი გარინდული მდგომარეობით გზას ვუთავისუფლებთ სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს უფრო ამაზრზენი მოქმედებებისკენ. ახლა არის მომენტი, როცა დუმილი დანაშაულის ტოლფასია!
ზურაბ ჯამბურია
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here