Home რუბრიკები პოლიტიკა «შპიონომანია», ანუ ფსიქოპათების უკანასკნელი ლაშქრობა

«შპიონომანია», ანუ ფსიქოპათების უკანასკნელი ლაშქრობა

638

GEWORLD.NET:
უწყობს თუ არა სააკაშვილის ხელისუფლება ხელს «შპიონომანიის» გავრცელებას? თუ ასეა, რა მოტივები შეიძლება ამოძრავებდეს მას? სამყაროს სურათში, რომელსაც ხელისუფლების პირველი პირები სახავენ, ისეთი მუქი ფერები დომინირებს, ალენ დალესს კოშმარულ სიზმარშიც რომ არ მოელანდებოდა. «ვფიქრობ, არავის ეპარება ეჭვი, რომ ჩვენ პირველი სამიზნე ვართ ქვეყნისთვის, რომელსაც სუკ-ის თანამშრომლები მართავენ. – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა «Эхо Москвы”-ს, – მე ბევრჯერ მინახავს და გამიგია პირადად პუტინისგან, თუ როგორ გეგმავს სადაზვერვო ოპერაციებს და რამდენად დეტალურად იცნობს ოპერმუშაკების გვარებს. დავუშვათ, მახსოვს, თუ როგორ დამირეკა ბათუმის თაობზე და დამისახელა ზუსტი ადგილები, ქუჩები, გზაჯვარედინები და ასე შემდეგ; და კონკრეტულად იმ ოფიცრების გვარები დამისახელა, რომლებიც იქ მოძრაობდნენ.

ის უდიდეს სიამოვნებას იღებს იმისგან, რომ ამას გეგმავს». იმავე რადიოსადგურთან საუბარში ვანო მერაბიშვილმა თქვა: «რუსეთის ყველა აგენტი და ჯაშუში დაკავებული არ არის, რადგან დარჩა ზოგიერთი, რომლებსაც თვალყურს ვადევნებთ».
როდესაც სააკაშვილის ინტერვიუს თარგმანი პირველად ვნახე, კერძოდ კი სიტყვები «მე ბევრჯერ მინახავს», თავიდან თვალებს არ დავუჯერე, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ასეთი რამ – «Я много раз видел» – მართლაც თქვა, თანაც აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ სიტყვა «видел» ორჯერ გაიმეორა, რაც მის შეცდომით გამოყენებას ფაქტობრივად გამორიცხავს. ერთი მეორეს მიყოლებით იბადებოდა კითხვები: «სად უნახავს?», «რა უნახავს?». სადღაც ქვეცნობიერის სიღრმეში ჩუმად უკრავდა მუსიკა კინოფილმიდან «The World Is Not Enough» (ძველი ჯეიმს ბონდი, პირს ბროსნანი ამ ახალს ათი თავით სჯობდა, არ მეთანხმებით?), აფორიაქებულ წარმოსახვაში სულისშემძვრელი სურათები იშლებოდა. მაგალითად, ასეთი:
ციმბირის შუაგული, ტაიგა. 20-მეტრიანი თოვლის საფარი, 100-მეტრიანი ნაძვები, რომელთა შორის გარჭობილია დაჟანგული რაკეტები «Р-36М”, მოფერებითი მეტსახელით «სატანა». მთვრალი დათვები ბალალაიკებით სევდიანად უყურებენ სავსე მთვარეს, სადღაც შორიახლოს მშიერი მგლები ყმუიან. უცებ 200 მეტრის სიღრმეზე მდებარე საიდუმლო ბუნკერიდან კმაყოფილი ხარხარი გაისმის. ეს პუტინი ხარხარებს, მან ახლახან დაგეგმა სადაზვერვო ოპერაცია და ამისგან ენით აუწერელ სიამოვნებას იღებს. პუტინმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ მას სააკაშვილი უყურებს.
– Ай да Чингачкук! Ай да Зоркий Глаз! – იყო «ბონდიანაში» ასეთი (მეჩვიდმეტე) ფილმი «Golden Eye» (ოქროს თვალი), თუმცა იქ აღწერილი კოსმოსური სადგურის მოკრძალებული შესაძლებლობები არაფერია სააკაშვილის ზებუნებრივ შესაძლებლობებთან შედარებით, რომელიც, როგორც ჩანს, რუსეთის პრემიერს ორბიტიდან აკვირდება.
ისე, ვლადიმერ პუტინის მოსისხლე მტრებიც კი ყოველთვის აფიქსირებენ, რომ იგი უაღრესად რაციონალური ადამიანია. აქედან გამომდინარე, სიტუაცია, როდესაც პუტინი სააკაშვილის თანდასწრებით სადაზვერვო ოპერაციებს გეგმავს, ან მათი დეტალების შესახებ ინფორმაციას უზიარებს, აბსოლუტურად წარმოუდგენელი ჩანს. სააკაშვილმა აშკარად უნდა დააზუსტოს, რას ნიშნავდა ეს მისი «ბევრჯერ მინახავს», წინაღმდეგ შემთხვევაში პროგრესული კაცობრიობა, ალბათ, ჩათვლის, რომ მას უცაბედად «მესამე თვალი» აეხილა.
«The World Is Not Enough»… მახსოვს ეპიკური სცენა ერთ-ერთ რესტორანში, სადაც ვიღაც ტიპები დაჟინებით მოუწოდებდნენ ძლიერ ანერვიულებულ დამკვრელებს, ეს მელოდია შეესრულებინათ. ალბათ, მზვერავები იყვნენ ან კონტრმზვერავები, რომელთაც აღნიშნული სიმღერა თავის პროფესიულ ჰიმნად მიაჩნდათ. თუმცა იმასაც ვერ გამოვრიცხავ, რომ ისინი «შპიონები» და დივერსანტები გახლდნენ, ბატონი ვანო ხომ ცალსახად ამბობს: «ყველა ჯაშუში და აგენტი დაკავებული არ არის». აბა, სხვა ვინ მოაწყობდა ასეთ ცინიკურ თავდასხმას დამკვრელებზე ორაზროვანი ღიღინით «ზი ვოლდ იზ ნოტ ინაფ»? თუმცა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, ალბათ, ისაა, თუ რა დგას სააკაშვილისა და მერაბიშვილის ამ განცხადებებისა და ჯაშუშების თემაზე ყურადღების კონცენტრირების მიღმა. ისინი სიტუაციას ისე დრამატულად აღწერენ, რომ ზოგიერთ მსმენელს შეიძლება შეექმნას მყარი შთაბეჭდილება, რომ დედა-სამშობლოს ჯაშუშების უთვალავი ლეგიონები უტევენ.
გასულ კვირას არაერთმა ექსპერტმა და ჟურნალისტმა დააფიქსირა მოსაზრება, რომ «ფოტოგრაფების საქმე» და ჯაშუშების თემაზე საუბრის ზოგადი გააქტიურება ხელისუფლებას იმისთვის დასჭირდა, რომ არასასურველი თემების (26 მაისი, საპატრიარქოსთან დაკავშირებული კონფლიქტი) გადაფარვა და საინფორმაციო სივრციდან ამოგდება მოეხდინა. ეს ვერსია ლოგიკას მოკლებული ნამდვილად არ არის, თუმცა ეს ტაქტიკური ასპექტია, გამორიცხული არაა, რომ სხვა, უფრო შორსმიმავალი გეგმებიც არსებობს.
«შპიონომანია», თუ მას პოლიტიკურ ასპექტში განვიხილავთ, ფსიქოპათების მობილიზების შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს. ცნობილი ფსიქიატრი ფეოდორ კონდრატიევი წერს: «30-იან წლებში მოქალაქეებისგან დაჟინებით მოითხოვდნენ, მუდამ ფხიზლად ყოფილიყვნენ და «ხალხის მტრების» იატაკქვეშა ბანდები ემხილებინათ. ასეთ სოციალურ გარემოში მცხოვრებ, შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებს არ შეიძლებოდა ეს ტოტალიტარული ინდუქცია არ ეგრძნოთ». შემდეგ კონდრატიევი ყვება, თუ როგორ იწვევდა რეაბილიტაციის პერიოდში მას პროკურატურა იმისთვის, რომ დოკუმენტების ექსპერტიზა მოეხდინა და დაედგინა, იყო თუ არა ესა თუ ის დამსმენი ფსიქიკურად ჯანმრთელი. «თითქმის ყველა შემთხვევაში ისინი შიზოფრენიით დაავადებულები იყვნენ,» – წერს კონდრატიევი და ერთ-ერთი დასმენის ტექსტი მოჰყავს: «ლექტორი ფორმალურად სწორად საუბრობდა დაძაბულ საერთაშორისო ვითარებაზე, თუმცა ინტონაციით, სახის გამომეტყველებითა და წინადადებების წყობით თუ ვიმსჯელებთ, ის ლექციის შინაარსს ცვლიდა და მსმენელებს მოუწოდებდა, პარტიისა და მთავრობის განადგურების მიზნით, გაერთიანებულიყვნენ». ზოგადად, კონდრატიევის ნაშრომს შემდეგ დასკვნამდე მივყავართ: «შპიონომანიის» გავრცელება ხელს უწყობს შიზოფრენიის ერთგვარ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას.
საინტერესოა, რომ ომის წლებში სსრკ-ში მსგავსი დასმენების მკაცრი ფილტრაცია დაიწყო; იგივე ბრიტანეთშიც ხდებოდა. 1940-ში, როდესაც გერმანელები ლა-მანშთან იდგნენ, უინსტონ ჩერჩილი წერდა: «ისტერია, «მეხუთე კოლონასთან» დაკავშირებით, საშიშ მასშტაბებს იღებს» და მის აღსაკვეთად «უმკაცრესი ზომების გატარებისკენ» მოუწოდებდა. ჩერჩილს, სავარაუდოდ, ახსოვდა, რომ I მსოფლიო ომის დროს ჯაშუშებთან დაკავშირებულმა ფსიქოზმა ბრიტანული კონტრდაზვერვის ნაწილობრივი პარალიზება მოახდინა; ის მოზღვავებული ინფორმაციის დამუშავებას, უბრალოდ, ვერ ახერხებდა. იმ დროის მაღალჩინოსანი ბრიტანელი მზვერავის – ბეზილ ტომპსონის თქმით: «შპიონომანიამ» საშინელი ეპიდემიის ხასიათი მიიღო, რომელსაც თან სდევდა განუკურნებელი, საშიში ჰალუცინაციები». ფაქტია, რეალური საფრთხის წინაშე მდგომი სახელმწიფოები მაქსიმალურად ცდილობდნენ, «შპიონომანია» შეეზღუდათ.
რისთვის შეიძლება იყოს საჭირო «ფსიქოპათების მობილიზაცია», რომლის ჰიპოთეტურ შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ? დღეს სააკაშვილის ხელისუფლებას პოზიტიური ლოზუნგების აქტიური გამოყენება, სავარაუდოდ, აღარ შეუძლია; თუ ის ძირითად აქცენტს ისევ იმაზე გააკეთებს, რომ მალე ქვეყანას გაამთლიანებს და ააყვავებს, ძნელი დასაჯერებელია, ვინმემ (ბოლო წლებში მიღებული უმძიმესი გამოცდილებიდან გამომდინარე) ეს სერიოზულად აღიქვას. ამიტომ მხარდამჭერების დარაზმვას ის, ალბათ, გარე საფრთხის მოგერიების დროშის ქვეშ შეეცდება. პირველები ხსენებული დროშის ქვეშ, სავარაუდოდ, სწორედ ფარული შიზოფრენიკები დამწკრივდებიან, რადგან «შპიონომანიისა» და «კუდიანებზე ნადირობის» ატმოსფერო შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი მენტალური აშლილობა მედგარ პატრიოტულ პოზიციად წარმოაჩინონ. ისტერიით გაჟღენთილ ამ ბირთვს კი, თეორიულად, ძალიან ბევრი, ერთი შეხედვით, საღად მოაზროვნე ადამიანის აყოლიება შეუძლია; ისტორიაში ამის არაერთი მაგალითი გვხვდება.
თქმული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გარე საფრთხე ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ ერთია, როდესაც მას ზედმეტი აღელვების გარეშე მიზანმიმართულად ანეიტრალებენ, ხოლო სულ სხვა, როდესაც მას ისტერიული მობილიზაციისთვის იყენებენ.
საინტერესოა, რომ ბოლო დროს ხელისუფლება ხაზს უსვამს გარე საფრთხის არა სამხედრო, არამედ ჯაშუშურ ასპექტს – პირველი ვარიანტი წამგებიანია, რადგან ამომრჩეველს მყისვე გაახსენდება, თუ როგორ ვერ დაიცვა სააკაშვილმა ქვეყანა 2008 წლის აგვისტოში, ცნობილი გარბენა გორში და სხვა მსგავსი ჰალსტუხები. მეორე ვარიანტი კი შედარებით «უწყინარი» ჩანს, ჯაშუშის ბუნდოვანი ფიგურა ტანკზე გაცილებით აბსტრაქტული რამ არის და უშუალო სასიკვდილო საფრთხის განცდას ნაკლებად უკავშირდება, თანაც ხელისუფლება დაჟინებით ირწმუნება, რომ ამ საფრთხესთან გამკლავებას ასე თუ ისე ახერხებს, თუმცა «გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს».
კაცმა რომ თქვას, არც ისაა გამორიცხული, რომ ადამიანებმა, რომლებიც დღეს თავიანთ დავთრებში ამა თუ იმ კორპუსში მცხოვრებ (ან ორგანიზაციაში მომუშავე) ოპოზიციონერებს საგულდაგულოდ აღნუსხავენ, ხვალ სავარაუდო ჯაშუშების სიების შედგენა დაიწყონ. მითუმეტეს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის ერთ-ერთი ფორმულირება «საქართველოს ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნების დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა» ძალიან ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა; ჯაშუშობისთვის, ფაქტობრივად, ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება გაასამართლონ.
ჟურნალისტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები 314-ე მუხლის ბუნდოვან ფორმულირებასთან დაკავშირებით ახლო მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ეტაპზე წარმატებას მიაღწიონ. «სხვა ინფორმაცია» და «საქართველოს ინტერესების საზიანოდ» გაუგებარი ტერმინებია და შეიძლება მოერგოს ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერ საქმიანობას. რანაირად უნდა დაესიზმროს ადამიანს, რომ ინფორმაცია ხელისუფლებამ სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანად შეიძლება ჩათვალოს? ეს შეფასებითია.
შეიძლება ის, რაც თქვენ ზიანის მომტანად მიგაჩნიათ, მე სასარგებლოდ მივიჩნიო,» – განუცხადა «ინტერპრესნიუსს» საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტმა ვახტანგ ხმალაძემ. ისე, ურიგო არ იქნება, თუ ყურადღებას კოდექსის 319-ე მუხლსაც მივაქცევთ: «უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის დახმარება ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა». სახიფათო ვარიაციების შესაძლებლობას, ალბათ, ეს მუხლიც იძლევა.
არავინ ამბობს, რომ უცხო ქვეყნები საქართველოს წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობას არ აწარმოებენ და სახელმწიფომ ამასთან დაკავშირებით ზომები არ უნდა მიიღოს, თუმცა ერთია კონკრეტულ საქმეზე და მტკიცებულებებზე მსჯელობა (სადაა ეს მტკიცებულებები?!) და სულ სხვაა  საუბარი «ნომერ პირველ სამიზნე ქვეყანაზე», რომლის ქუჩებში თურმე ჯერაც თავისუფალი ჯაშუშები დადიან. ძნელია, ამას რაიმე სხვა უწოდო, «შპიონომანიის» მიზანმიმართული გავრცელების გარდა, რომელიც, პროფესორ კონდრატიევის ნაშრომების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უბიძგებს ფსიქიურად არამდგრად ადამიანებს, თავიანთი აშლილობების პოლიტიკური «ლეგიტიმაცია» მოახდინონ და «კუდიანებზე ნადირობა» დაიწყონ. ის, რომ ამ პროცესში ისინი, დიდი ალბათობით, სააკაშვილის გარშემო დაირაზმებიან, მათი პირადი პრობლემაა, მაგრამ მთლიანობაში ეს პროცესი ქვეყნისთვის კარგს არაფერს მოასწავებს.
ბოლოს კი ტრადიციული აღიარებითი ჩვენება; მათ აწი ხშირ-ხშირად მივცემ. დიდი ხნის წინანდელი ამბავია. იმ წელს უჩვეულოდ ცხელი ნოემბერი იყო. ისე, რომ იცოდეთ, ოპტიკურ სამიზნეში ქალის სახე განსაკუთრებით  ლამაზი და მიმზიდველი ჩანს. «ნახე, უბრალოდ ნახე, რა ქალია, – ემოციურად ჩურჩულებდა ჩემი მეწყვილე, – ფრთხილად, შემთხვევით არ მოარტყა». «ასეთი ქალისთვის, – მივუგე ჩუმად, – მთელი მსოფლიო არ კმარა» (The World Is Not Enough­). და რატომღაც გავიფიქრე, რომ ეს ქალი მშვენიერ თეთრ პეპელას ჰგავს, რომლის სიცოცხლე და ბედნიერება მხოლოდ ერთ დღეს გრძელდება. ეს მომენტი არასოდეს დამავიწყდება. ორიოდე წამში კი პრეზიდენტ კენედის პირველი ტყვია მოხვდა, შემდეგ მეორე… თუმცა დანარჩენი ისედაც იცით. შემდგომ, «ცივი ომის» ხიფათიან გზებზე არაერთი კილომეტრის გავლა მომიწია. იმაზე, თუ როგორ შევიპყარი ვიეტნამში მფრინავი ჯონ მაკკეინი, ძალიან მალე მოგითხრობთ, თუმცა ის დღე მაინც გამორჩეული იყო; მე მუდამ მემახსოვრება ჟაკლინის სახე, რომელსაც ოპტიკური სამიზნით ვუცქერდი ღვთისაგან მივიწყებულ ქალაქ დალასში, დაუვიწყარი 1963 წლის სევდიან 22 ნოემბერს.
დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here