Home რუბრიკები პოლიტიკა თეა თუთბერიძე: მართლმადიდებლობას არანაირი პრივილეგია არ უნდა ჰქონდეს… კონკორდატი საწრაფოდ უნდა გაუქმდეს

თეა თუთბერიძე: მართლმადიდებლობას არანაირი პრივილეგია არ უნდა ჰქონდეს… კონკორდატი საწრაფოდ უნდა გაუქმდეს

816

GEWORLD.NET:რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებამ ქვეყანაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. საზოგადოებისა და საპატრიარქოს უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი ეკლესიასთან შეუთანხმებლად, ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება გახდა. ხელისუფლება, როგორც წესი, ღიად არ გამოხატავს პრეტენზიებს საპატრიარქოსადმი და ნეგატიურ გადაწყვეტილებებსაც, როგორც წესი, ეკლესიისადმი კეთილგანწყობით, ან სულაც დემოკრატიის საერთაშორისო პრინციპებისადმი ერთგულებით ნიღბავს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას, მის იდეოლოგიას მეტწილად თავისუფლების ინსტიტუტი «აშალაშინებს», თამამად შეგვიძლია ვთქვათ: «ვამბობთ «თავისუფლების ინსტიტუტს», ვგულისხმობთ სააკაშვილს». თანაც ამ ორგანიზაციის ზოგიერთი წევრი არ იცავს «კონსპირაციის კანონებს» და ხშირად პირდაპირ საუბრობს იმაზე, თუ რის გაკეთებას გეგმავს  ხელისუფლება საპატრიარქოს ზურგს უკან. ვინაიდან საპატრიარქოსთან დაკავშირებით ხელისუფლების დაფარული გეგმები საზოგადოებისთვის საინტერესოა, ამჯერად რესპონდენტად «თავისუფლების ინსტიტუტის» ერთ-ერთი ლიდერი თეა თუთბერიძე მოვიწვიეთ.
მას მიაჩნია, რომ სახელმწიფომ გადაწყვეტილების მიღება დააგვიანა, საკითხი საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ უნდა ყოფილიყო. მეტიც, აცხადებს, რომ საპატრიარქოსთან გაფორმებული კონკორდატიც გასაუქმებელია, რადგან ის დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდეგება და მართლმადიდებლობას პრივილეგირებულ მდგომარეობას ანიჭებსო.
თეა თუთბერიძესთან საუბარს კუპიურების გარეშე გთავაზობთ; თავად გადაწყვიტეთ, ნაჩქარევად მიღებული კანონი, აგრეთვე, სინოდის მოულოდნელი გადაწყვეტილება შეიცავს თუ არა საფრთხეს მართლმადიდებლობისთვის  და თავადვე დაასკვენით, რა იქნება ხელისუფლების მორიგი ნაბიჯი.
– ვფიქრობ, რომ საკითხი არათუ ნაჩქარევად გადაწყდა, – აღნიშნული კანონის მიღება დაგვიანებულიც იყო. ვერ ვხვდები, რა შუაშია აქ საპატრიარქო და რატომ უნდა ყოფილიყო საკითხი მასთან შეთანხმებული? ისევე, როგორც კათოლიკეებს არ უნდა უთანხმებდეს ხელისუფლება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სხვა რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით, ასევე, არ უნდა უთანხმებდეს მართლმადიდებლებს.
– თუმცა კათოლიციზმისგან განსხვავებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია, ამას გარდა, მართლმადიდებლობას ქვეყნის ისტორიაში დიდი წვლილი მიუძღვის. თუნდაც მხოლოდ ამის გათვალისწინებით პრივილეგია არ უნდა ჰქონდეს მართლმადიდებლობას?
– მართლმადიდებლობას არანაირი პრივილეგია არ უნდა ჰქონდეს, რადგან, თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ და გვაქვს პრეტენზია, ნატოს წევრი სახელმწიფო გავხდეთ, ქვეყანაში კანონის უზენაესობა დაცული უნდა იყოს. არ შეიძლება განსხვავებული პრივილეგიებით სარგებლობდეს მხოლოდ ერთი რელიგიური მიმდინარეობა. სახელმწიფომ ერთი მოთხოვნა შეასრულა, მაგრამ არის მეორე პრობლემა – კონკორდატი, რომელიც, როგორც იურისტი, მივიჩნევ, რომ არაკონსტიტუციურია, რადგან კონსტიტუციაში წერია, რომ ქვეყანაში ყველა რელიგიური მიმდინარეობა თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყოს, კონკორდატი კი მხოლოდ ერთთან არის გაფორმებული. ასე რომ, კონკორდატი სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს.
მართლმადიდებლობის ისტორიულ როლს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. ამერიკაში ან რომელიმე ევროპულ ქვეყანაში რომ ცხოვრობდეთ და რწმენის გამო გზღუდავდნენ და გჩაგრავდნენ, მოგეწონებოდათ?
– თქვენ მიგაჩნიათ, რომ საქართველოში რელიგიური ნიშნით ვინმე იჩაგრება?
– რა თქმა უნდა, იჩაგრება. თუ ვიღაც სარგებლობს პრივილეგიებით, რითაც მე ვერ ვსარგებლობ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ის მჩაგრავს.
– სოსო თოფურიძისა და სხვა მაღალჩინოსნების ყოფნა საპატრიარქოში სწორედ იმ დღეს, როცა სინოდს გადაწყვეტილება უნდა მიეღო, არ გაეჭვებთ?
– ვერ გეტყვით, სოსო თოფურიძეს მისცეს თუ არა სინოდის სხდომაზე დასწრების უფლება ან – თუნდაც სანაპიროზე წამოწოლის. მე რატომ უნდა მაინტერესებდეს, ის სად დაჯდება და წამოწვება, თუ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, ყოველ შემთხვევაში, იმის პრეტენზია გვაქვს, რომ დავიცვათ ძირითადი დემოკრატიული პრინციპები. ჩემთვის მთავარია, რას გადაწყვეტს ხელისუფლება და ნაკლებად მაინტერესებს, ვის მიიწვევს სხდომაზე სინოდი ან ვინ მოახდენს მასზე ზეგავლენას.
– თუ აღნიშნული ცვლილება ასეთი მნიშვნელოვანი იყო, რატომ არ დაუჭირა მას მხარი 13-მა «ნაციონალმა» დეპუტატმა?
– ვერ გეტყვით მათ მოტივაციას, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი პარლამენტარები გვყავს, ბევრმა მათგანმა ისიც არ იცის, თუ როგორ მოხვდა იქ. ასეთების ადგილი პარლამენტში არაა, რეალურად ძალიან ცოტა თუ აკეთებს საქმეს.
– ეს ყველაფერი დაიწყო სომეხთა პატრიარქის, გარეგინ მეორეს საქართველოში ვიზიტის შემდეგ, რომელსაც, თავის მხრივ, ჩვენმა პატრიარქმაც წაუყენა მოთხოვნები, რაც არ შესრულებულა. როგორ ფიქრობთ, ეს მოთხოვნები    მხოლოდ ქართულმა მხარემ უნდა შეასრულოს?
– ერთმა პატრიარქმა მეორეს რა მოთხოვნები წაუყენა, მათი საქმეა. ამ ყველაფერს ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებ.
– თქვენ ცოტა ხნის წინათ განაცხადეთ, რომ საქართველომ სხვა რელიგიურ გაერთიანებებს ეკლესიები უნდა დაუბრუნოს. ქართული ეკლესიაც ბევრია მეზობელი ქვეყნების – სომხეთის, აზერბაიჯანისა თუ თურქეთის ტერიტორიებზე, რატომ არ სთხოვთ ხელისუფლებას, წამოჭრას ჩვენი ეკლესიების დაბრუნების საკითხი?
– ჩემთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რა მოხდება ჩემს სახელმწიფოში, ჩემს ქვეყანაში რამდენად იქნება დემოკრატიული ღირებულებები დაცული. თუ რომელიმე სხვა ქვეყანას, რომელსაც ჩვენი ეკლესიები აქვს მიტაცებული, არ სურს, იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, ეს არაა ჩემი პრობლემა.
– ანუ გამოდის, რომ საქართველომ მხოლოდ ცალმხრივად უნდა შეასრულოს ვალდებულებები?
– სომხეთს თუ არ აქვს პრეტენზია, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაზე, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენც ანალოგიურ მდგომარეობაში ვიყოთ. რა თქმა უნდა, დიპლომატიურ დონეზე აქაც უნდა ეცადოს ხელისუფლება, წართმეული ტაძრების დაბრუნება მოხერხდეს, მაგრამ, თუ ის არ დაგვიბრუნებს, იმას არ ნიშნავს, რომ არც ჩვენ უნდა დავუბრუნოთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ სომხების წინაშე კი არ ვასრულებთ პირობებს, არამედ იმ ჩვენი დასავლელი და ევროპელი პარტნიორების წინაშე, რომლებიც ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ საკუთარ მოთხოვნებს გვიყენებენ.
თუ სომხური მხარე პირობებს არ ასრულებს, არ ნიშნავს, რომ ქართულმა მხარემაც არ უნდა შეასრულოს, თუნდაც ცალმხრივად მოგვიწიოს პირობების შესრულება.
– თქვენ მუდმივად აკრიტიკებთ პატრიარქს. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ამით ყურადღების მიპყრობას ცდილობთ. ბევრიც მკაცრად გაკრიტიკებთ. რის მიღწევა გინდათ, მართლა ფიქრობთ, რომ ყველა პრობლემის სათავე საპატრიარქოშია? რას ითხოვთ პატრიარქოსგან?
– ვინ მაკრიტიკებს, ხომ აქვს მნიშვნელობა? პატრიარქის მიმართ ჩემი შეფასებები იმიტომ იწვევს ასეთ გაღიზიანებას, რომ ეს ადამიანები ქრისტეზე მაღლა პატრიარქს აყენებენ. მე ვაკრიტიკებ იმას, რაც ხდება საპატრიარქოში და რაზეც პასუხისმგებელი, პირველ რიგში, პატრიარქია. ისინი მართლმადიდებლები კი არა, ილია მეორეს სექტის წევრები არიან.
ყველა პრობლემის სათავე არ არის საპატრიარქოში, ნაწილის – ხელისუფლებაშია და ზოგისაც  – ოპოზიციაში, მაგრამ, სამწუხაროდ, საპატრიარქოში, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ძალიან ბევრი უღირსი ადამიანია თავმოყრილი, რომლებიც მართლმადიდებლობასა და ქრისტეს სახელს საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებენ.
სასულიერო პირები არ იხდიან გადასახადებს, მაგრამ სანთლის, ხატების, ჯვრისწერის, ნათლობის ბიზნესით დაწყებული, მიცვალებულისთვის წესის აგებით დასრულებული – ყველაფერში ფულს იღებენ. ეს გზა აბსოლუტურად განსხვავდება ქრისტეს გზისგან. სავაჭრო ცენტრებად და ფულის საჭრელ მანქანებად გადააქციეს ეკლესიები.
– სასულიერო პირების უმრავლესობას მრავალშვილიანი ოჯახები ჰყავს, მათ ხომ სჭირდებათ არსებობა?
– მხოლოდ 2009 წელს საპატრიარქოს 25 მილიონი ლარი გადაერიცხა და მას შემდეგ ეს თანხა კიდევ უფრო გაიზარდა. ამის მიუხედავად, ყოველდღიურად ვხედავთ ტელეეთერით რეკლამებს, სადაც ითხოვენ, ეკლესიის მშენებლობისთვის ერთი ლარით შევეწიოთ. როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? ხალხს რაც შეეხება, ბევრი არაა გათვითცნობიერებული, რა არის მართლმადიდებლობა. მათთვის რომელიღაც გაუნათლებელი მღვდლის სიტყვას მეტი ფასი აქვს, ვიდრე კანონიკურ სამართალს. მაქვს პრეტენზია იმ უმსგავსობაზე, რაც ეკლესიაში ხდება. არ მესმის, რატომ აძლევს პატრიარქი პოლიტიკოსებს უფლებას, ეკლესია წინასაარჩევნოდ, მხოლოდ პიარისთვის გამოიყენონ. სანთლების დანთება და ლოცვაც კი გადაიღონ და შემდეგ ეს საარჩევნო სარეკლამო რგოლებში გამოიყენონ.
ჩვენ გავუგზავნეთ კითხვები როგორც საპატრიარქოს, ასევე ხელისუფლებას და პასუხი დღემდე არ მიგვიღია. საპატრიარქოში განაცხადეს, რომ წერილზე ხელმომწერ 235 ადამიანს საზოგადოების წევრებადაც არ ვცნობთო. პატრიარქს შეეძლო პასუხი გაეცა ჩვენთვის.
ვეკითხები პატრიარქს: იყვნენ თუ არა საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირთა და მაღალ იერარქთა შორის საბჭოთა სუკის აგენტები?  რა აკავშირებდა საპატრიარქოს სუკის პოლკოვნიკებთან: გუნიავასთან და რატი ტატიშვილთან? დღემდე რომ იძახის, სტალინი სიზმარში დამესიზმრა და ბოდიში მომიხადაო, ფიქრობს თუ არა პატრიარქი, რომ სტალინი იყო ბოროტმოქმედი და დამნაშავე კაცობრიობის წინაშე?
1989 წელს, გაზაფხულზე, რატომ არ დარჩა განსაცდელში მყოფი სამწყსოს გვერდით? ის თინეიჯერები, რომლებიც დღეს ფანატიზმში არიან გადავარდნილნი და პატრიარქს იცავენ, არ იციან ეს ფაქტები და არ იციან, რა არის მართლმადიდებლობა, მაგრამ ხალხს ახსოვს სიმართლე.
რატომ არც ერთხელ არ გააპროტესტა «მხედრიონის» და სხვა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიერ სამოქალაქო ომის პერიოდში მოსახლეობის ძარცვა? ამ ფონზე რატომ გამოხატავდა მხარდაჭერას სამხედრო საბჭოსა და, მათ შორის, ჯაბა იოსელიანის მიმართ და მათთან ერთად ქეიფობდა? რატომ ეწევა საეკლესიო პრესა ქსენოფობიურ, ანტისემიტურ, ანტისომხურ, ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ და პრორუსულ პროპაგანდას?
როგორია მისი პოზიცია, სასულიერო პირების კორუფციული საქმიანობის მიმართ? ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, გამართლებულად მიაჩნია ქართველი ეპისკოპოსების მიერ ძვირადღირებული ავტომანქანების (ჯიპების, პიკაპების) და სხვა საჩუქრების მიღება? რა დამსახურებისთვის დააჯილდოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორი როლანდ ახალაია წმინდა გიორგის საეკლესიო ორდენით?
როგორც 1995 წლის საშობაო ეპისტოლეში აღნიშნა, «დასავლეთი არის სამყარო, სადაც ყველაფერი ნებადართულია და სადაც ძალმომრეობა ბატონობს», ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პატრიარქი ეწინააღმდეგება საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციას და მის ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოებას?
– რა მტკიცებულებები გაქვთ ასეთ განცხადებებს რომ აკეთებთ?
– მაქვს და მათი დიდი ნაწილი უშუალოდ საპატრიარქოდან მოგვაწოდეს, ოღონდ მათ დასახელებას ნუ მომთხოვთ. იქაც არიან ღირსეული ადამიანები.
– ღირსეულები, რომლებიც თქვენთან თანამშრომლობენ?
– თანამშრომლობა რას ნიშნავს? არიან ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები და მიაჩნიათ, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს.
არც სახელმწიფო და არც ეკლესია ერთმანეთის საქმეში არ უნდა ერეოდეს, არადა, დღეს პირიქით ხდება.
– რაში გამოიხატება ეს ჩარევა?
– როდესაც თბილისი-გორის ავტობანის გახსნისას პრეზიდენტი ჯვარს იღებს და ამბობს, რომ ეს ჯვარი აფხაზეთს დაგვიბრუნებსო, ეს არის გაუგებარი. პრეზიდენტი ჯვარს კი არ უნდა მიჩვენებდეს, კონკრეტული გეგმა უნდა წარმოადგინოს, როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი. ისე გამოდის, ქადაგებებს პრეზიდენტისგან ვისმენთ, პოლიტიკურ განცხადებებს კი – პატრიარქისგან. პატრიარქი როცა ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოში თურმე შეცდომა დავუშვით, როცა ქართული ჯარი შევიყვანეთ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების დასაცავად, ეს უკვე პოლიტიკური განცხადებაა.
– «თავისუფლების ინსტიტუტი» არსით ლიბერალური, არაპარტიული ორგანიზაციაა, თუმცა საქართველოში მას საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვს. იმიტომ ხომ არა, რომ თქვენი კრიტიკა ხშირ შემთხვევაში ცალმხრივია? თქვენ უფრო მეტად ლოიალურად ხართ განწყობილი ხელისუფლების მიმართ და «თავისუფლების ინსტიტუტის» ბევრი იდეოლოგი და დამფუძნებელი დღეს ხელისუფლებაშია?
– ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია და ჩვენთვის რეიტინგი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ამისთვის პოპულისტური განცხადებებით გამოვდიოდეთ. მერე რა, რომ «თავისუფლების ინსტიტუტის» ხელმძღვანელები ხელისუფლებაში არიან?! ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების ყველა ქმედებას მივესალმებით, მაგრამ, ოპოზიციისგან განსხვავებით, «თავისუფლების ინსტიტუტის» მიზანი არ არის, – ყოველთვის და ყველაფერი აკრიტიკოს. უამრავი რეფორმაა გასატარებელი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება მარტივ, პოპულისტურ გზას ირჩევს ხოლმე, ვინაიდან არჩევნები აქვს მოსაგები.
– შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა, თუმცა გავრცელდა ვერსია, თითქოს სინოდის გადაწყვეტილებას მხოლოდ ოცმა წევრმა დაუჭირა მხარი. ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი, რომ ხელისუფლებასთან დაკავშირებით სინოდის წევრებს შორის ერთიანობა არ არის?
– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათ არამარტო ხელისუფლებასთან დაკავშირებით, არც სხვა საკითხებში აქვთ ერთიანობა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მე ნაკლებად მაინტერესებს, რაზე შეთანხმდნენ სინოდის წევრები და რაზე – ვერა. ჩემთვის საინტერესო არც ისაა, რა საკითხებზე აქვთ მათ ერთნაირი ან განსხვავებული პოზიცია. სინოდის დამოკიდებულება არ უნდა ახდენდეს გავლენას სახელმწიფოს გადაწყვეტილებებზე.
– თქვენ აკრიტიკებთ პატრიარქს, თითქოს ის არ სჯის უღირს მღვდლებს, თუმცა, სინოდის გადაწყვეტილებით, სასულიერო პირთა ზნეობრივი ნორმების დარღვევათა შემსწავლელი კომისია შეიქმნება…
– თუ საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ძალიან ბევრი უღირსი სასულიერი პირია მათ რიგებში და შექმნიან ერთგვარ მაკონტროლებელ შიდა რგოლს, რომელიც  სასულიერო პირებს გააკონტროლებს, ძალიან კარგი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, ვინ იქნებიან კომისიის წევრები, რომლებსაც სხვების ზნეობის შეფასება დაევალებათ.
– სასულიერო პირები ახალი, ჩიპებიანი პირადობის მოწმობების გაცემას აპროტესტებენ. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია მათი პროტესტი?
– ეს პროტესტი გამოწვეულია მხოლოდ მათი გაუნათლებლობით, მეტი არაფრით…
ესაუბრაშორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here