Home რუბრიკები საზოგადოება მამა ელიზბარი:რამდენიმე მაღალ იერარქზე “სერიოზული საქმე” მზადდება,მათ დაპატიმრებას აპირებენ.

მამა ელიზბარი:რამდენიმე მაღალ იერარქზე “სერიოზული საქმე” მზადდება,მათ დაპატიმრებას აპირებენ.

835

GEWORLD.NET:“მიხეილ სააკაშვილი ქართველი ნერონია”ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის დიაკონი, ეროვნულ-საზოგადოებრივი მოძრაობა “წმინდა გიორგის სადროშოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა ელიზბარი (დიაკონიძე) გვესაუბრება.- რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებამ როგორც საზოგადოების დიდი ნაწილის, ასევე საპატრიარქოს აღშფოთება გამოიწ­ვია. საპატრიარქოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს კანონი, ეკლესიისა და ქვეყნის ინტერესებსაც ეწინააღმდეგება, ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ აღნიშნული საკანონმდებ­ლო ცვლილება რელიგიურ კონფესიებს ქონების გადაცემის უფლებას არ აძლევს. რატომ არის ასეთი საშიში აღნიშნული კანონი?
 

ქართულ, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან სხვა რელიგიური კონფესიების სტატუსით გათანაბრება ქონებრივი უფლებების მინიჭებასაც გულისხმობს. რა თქმა უნდა, კანონში არ ჩაუწერიათ, რადგან სხვა რელიგიური კონფესიები სტატუსით გაუთანაბრდნენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, მათ ახლავე ქონებაც გადავცეთო, მაგრამ დაიმახსოვრეთ, დროთა განმავლობაში ასეც მოხდება. მარტო სომხურ ეკლესიას 635 ტაძარზე აქვს პრეტენზია. ამას გარდა, როდესაც სხვა რელიგიური კონფესიები რანგითა და სტატუსით მართლმადიდებლობას გაუთანაბრდებიან, ისინი სხვა პრივილეგიებსაც აუცილებლად მოითხოვენ და ეს ხელისუფლებაც, 70 სულგაყიდული ადამიანი რომ გვყავს პარლამენტში, ტაშისკვრითა და სიხარულით მიანიჭებს მათ პრივილეგიებს.
 
აღნიშნული კანონი ძალიან ცუდია, პირველი რიგში კი მათთვის, ვინც იგი დაამტკიცა. ჩემი ქვეყნისთვის, იცით, რა არის ცუდი? 70 უგუნური ჭკუისდამრიგებელი რომ ჰყავს, რადგან უჭკუობა იყო ამ კანონზე ხელის მოწერა. ახლა რომ იძახის რუსუდან კერვალიშვილი, შერისხულთა სიაში ვართო, რისთვის გაიხადეს თავი შესარისხად? რა აკლდათ იმის ფასი, რომ სული გაყიდეს? სხვა რელიგიური კონფესიები ვერასდროს გაუთანაბრდება მართლმადიდებლობას, ის უპირატესია, რადგან მართლმადიდებლობა ჩვენი ერის კულტურის შემადგენელი ნაწილია.
– შეიძლება ითქვას, რომ საპატრიარქომ და ხელისუფლებამ გარკვეულ  შეთანხმებას მიაღწიეს და ვითარება განეიტრალდა. ვინ დათმო, ხელისუფლებამ თუ საპატრიარქომ?
– საპატრიარქომ დათმო და თან ძალიან ცუდად დათმო, შიშით დათმო. ამიტომ ვამბობ ასეთ ფრაზას: სახელმწიფოს მართავს გიჟი, ჩვენს ეკლესიას მართავს შიში. ძალიან სამწუხა­როა, რომ ამის თქმა მიწევს, მერჩივნა, არ მეთქვა, მაგრამ ეს სიმართლეა და არ შემიძლია, არ ვთქვა.
13 ივლისს გვსურდა, ყველა ტაძარში ზარები დაგვერეკა და ამით გამოგვეხატა, რომ ყველანი მართლმადიდებელი ეკლესიის გვერდით  ვდგავართ. ამას გარდა, გვსურდა, მთელ მსოფლიოს დაენახა, რომ ყოველთვის მზად ვართ დედაეკლესიის დასაცავად. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საკითხი საპატრიარქოდან დაიბლოკა. მოძღვრებმა არ დარეკეს ზარი, საპატრიარ­ქოდან კურთხევა არ გვაქვსო.
ჩინით დაბალი ვარ თუ მაღალი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩინი არ განსაზღვრავს ჩემს ღირსებას. ღირსებას განსაზღვრავს მამულისა და ეკლესიის  სიყვარული და თავდადება. ამდენად ზოგიერთ მა­ღალ იერარქს ნუ ეგონება, რომ მე რადგან დაბალი ჩინის წარმომადგენელი ვარ, ლოცვის უფლება მხოლოდ მათი კურთხევით მეძლევა. ამასთან, ყველამ იცოდეს, მე შეიძლება გავაკრიტიკო, რამე ვთქვა ჩემს ოჯახზე – ეკლესიაზე (რადგან ეკლესია ჩემი ოჯახია), მაგრამ სხვა თუ იტყვის აუგს, აუცილებლად მოვთხოვ პასუხს.
გასულ კვირას, როცა ხალხი სინოდის სხდომამდე ეკლესიის მხარდასაჭერად შეიკრიბა, გამობრძანდა ერთ-ერთი მაღალი იერარქი, მეუფე დანიელი და ბრძანა, უმრავლესობას უნდა დავემორჩილოთო. მესამე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, უმრავლესობას დამორჩილებოდნენ.
მინდა ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავავრცელო მასმედიის საშუალებით: რამდენიმე მაღალ იერარქზე “სერიოზული საქმე” მზადდება, თითქოს ისინი საქართველოს მტრები და აგენტები არიან და მათ დაპატიმრებას აპირებენ. ხმამაღლა ვამბობ: შევაკვდები და მათ თავს არავის დავაჩაგვრინებ.
– მამა ელიზბარ, შიში ახსენეთ, ვისი ეშინია საპატრიარქოს?
– გამოჩნდა, რომ ეშინია. ეს შიში უნდა აღმოიფხვრას, რომელიც ყველა მართლმადიდებელშია დღეს ჩაბუდებული. ჰგონიათ, რომ სწორად მოიქცნენ და ხალხის სისხლი არ დაღვარეს. რა თავში ვიხლი იმ სისხლს, რომელიც სატანის მონობაში უნდა დავხარჯო? სიკვდილის თუ გვეშინია, რა ნამუსით ვამბობთ მაშინ “სიკვდილისა სიკვდილითა  დამთრგუნველი?” როდესაც ერიდები სისხლის დაღვრას, მაშინ განსაზღვრულიც უნდა გქონდეს, რა დროს არის საჭირო ამ ნაბიჯის გადადგმა. ახლა ზუსტად ეს დროა… როდესაც ანაფორას ვიცვამდი, ვიცოდი რამხელა პასუხისმგებლობა მელოდა წინ. ვის ვემონებით?
მოვუწოდებ ყველა სასულიერო პირს: გაყიდეთ ეს ჯიპები! ამაზრზენია ამაზე საუბარიც კი. რა გახდა ეს ჯიპი ასეთი, თუ რამე გაქვთ ხელისუფლებისგან მიღებული, გადაყარეთ. დაიბანეთ ხელები. ოღონდ პილატესავით კი ნუ დაიბანთ. გავსუფთავდეთ ყველანი და ხელახლა დავიწყოთ ერის აღზრდა. ქონებას ნუ მისტირიან. ერის გადასარჩენად ეროვნული მოძრაობაა ახლიდან დასაწყები. როცა ერს წმინდა ამბროსი ხელაია, კირიონ საძაგლიშვილი, ილია მართალი გვყავს, ვისი გვეშინია?
ერთხელ სტალინთან მივიდა ერთ-ერთი მიტროპოლიტი ტიხონი, რომელიც  სტალინმა რუსული ეკლესიის სტატუსთან დაკავშირებით დაიბარა და, როდესაც ის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული გამოცხადდა და არა ანაფორით, სტალინმა უთხრა, როგორც ჩანს, ჩემი უფრო გშინებია ვიდრე ღმერთისო…
მიხეილ სააკაშვილი ქართველი ნერონია, ქეიფებსა და ორგიებს გადაყოლილი და სახელმწიფოს ბედი არ აინტერესებს. ხვალ რომ თბილისი გადაწვას და მართლმადიდებლებს დაგვაბრალოს, ნუ გაგიკვირდებათ. თუ ეკლესია მასწავლის, რომ ნერონი ცუდი კაცი იყო, რადგან ქრისტიანებს დევნიდა და ჩაგრავდა, იგივე ეკლესია ჩვენი თანამედროვე ნერონის ქმედებას ტაშით რატომ ხვდება? მრევლი სად წავიდეს, როგორ მოიქცეს? მრევლი ხომ ჩვილ ბავშვს ჰგავს და დედაეკლესიის იმედი აქვს?
ან რას ნიშნავს ეს დადგმული სპექტაკლები? ეკლესიაც ჩაითრია ხელისუფლებამ უკვე ამ თამაშებში! 13 ივლისს სვეტიცხოვლის ტაძარში, სამწუხაროდ, 100 კაცი ძლივს მოგროვდა. არადა, ახლა, რო­გორც არასდროს, ისე უჭირს დედაეკლესიას. დედა ავად არის. განაწყენებული ვარ შენზე, პატრიარქო, და ამიტომ შენს ლოცვას არ დავესწრებიო, ასეთი ქმედება მრევლის მხრიდან  დიდი სიბრიყვე იყო. ამან ისევ “ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი”. რვა ავტობუსი ხალხი ჩაიყვანა მიხეილ სააკაშვილმა, აჩვენა პატრიარქს, აი, მოგახმარე ხალხი, ჩემზე გახდი დამოკიდებულიო. ისინიც “მიშა-მიშას” სკანდირებდნენ. არ მახსოვს, ეკლესიის ეზოში ოდესმე “მიშა” ეყვიროთ, რადგან იქ მლოცველი ხალხი იკრიბება.
– გავრცელებული ინფორმაციით, სინოდის 36 წევრიდან, შეთანხმების პირობებს მხოლოდ ნაწილმა დაუჭირა მხარი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებში, სასულიერო პირებს შორის ერთიანობა არ არის?
– ამ შემთხვევაში 20 ხმა იყო 17-ის წინააღმდეგ. 20-მა ეპისკოპოსმა მიიღო სავალალო გადაწყვეტილება. ეს არის შიში, როდესაც ვინმეზე დამოკიდებული ხდები, მერე უკვე ნაკლებად გაძლევს ნამუსი საშუალებას, მის შეკვეთას აღარ დაემორჩილო. ასეთი გამოთქმა არსებობს: ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს…
– წმინდა სინოდის ოქმის მიხედვით, სასულიერო პირთა ზნეობრივი ნორმების დარღვევათა შემსწავლელი კომისია შეიქმნება. რატომ გახდა საჭირო კომისიის ამოქმედება, არსებობს დღეს საპატრიარქოში ამის საჭიროება?
– წმინდა მამათა შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრება დასჭირდა ამ ზნეობრივი ნორმების დადგენას და საინტერესოა, დღეს საპატრიარქოში ან სადმე არის ამ ზნეობრივი ნორმების შემკრები კომისია? ზნეობრივი ნორმებიდან გადახრა როცა დაფიქსირდება, ვინ უნდა დაადგინოს ზღვარი? საინტერესოა, რა ნორმებს გულისხმობს მავანი, როდესაც ამ კომისიას ადგენს? ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ვიღაცას კრიტიკა აეკრძალება? და რადგან ყოველთვის დაუფარავად ვიცავ მართლმადიდებლობას და ჩემს ქვეყანას, გამოჩნდება, რომ ამით თურმე ზნეობრივ ნორმებს ვარღვევ? ვფიქრობ, კომისია შესაძლოა ზოგიერთი სასულიერო პირის თავიდან მოსაშორებლად გამოიყენონ.
მე წამოვჭერი ახალი რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მოწვევის იდეა და საინტერესოა, ამის გამოძახილი ხომ არ იყო აღნიშნული კომისიის შექმნა?
– ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში, მამა პეტრემაც წამოჭრა საკითხი საეკლესიო კრების, ახალი რუის-ურბნისის მოწვევის შესახებ, რომელიც სასულიერო პირებს გააერთიანებს სჯულის კანონის ირგვლივ და მიაღწევს იმ მდგომარეობას, როცა პატრიარქს შეეძლება თამამად უთხრას ქვეყნის მმართველს – “დიდებულო მეფეო, შენ ქუეყანისა ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტეი – ზეცისა, ქუეყანისა და ქუესკნელთაი”…
– მამა პეტრემაც წამოჭრა ეს იდეა და უკვე ბევრი მეუფე ფიქრობს ამ საკითხზე, მაგრამ რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, ზნეობრივი ნორმების დამცველმა თუ დამდგენმა კომისიამ კი არ უნდა მოაწყოს, არამედ – ხალხმა. კრება ერის ინციატივით უნდა გაიმართოს.
სასულიერო პირთა ზნეობრივი ნორმების დარღვევათა შემსწავლელი კომისია მაგონებს სააკაშვილის მიერ მოწყობილ რუის-ურბნისს და მას არაფერი აქვს საერთო დავით აღმაშენებლის რუის-ურბნისთან. ჩვენ გვყავდა წმინდა დავით მეფე აღმაშენებლი, ახლა კი გვყავს დაღმაშენებელი.
– რატომ იმყოფებოდნენ საპატრიარქოში ხელისუფლების მაღალჩინოსნები სწორედ იმ დღეს, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად წმინდა სინოდის შეკრება მიმდინარეობდა?
– ქართული ხასიათიდან და ქრისტიანული მორალიდან გამომდინარე, საპატრიარქო სტუმართმოყვარე ადგილია და მის უწმინდესობასთან და მეუფეებთან საამო საუბარს არაფერი სჯობს, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მათი საუბრისა და შეგონებების მოსასმენად კი არ დადიან იქ, არამედ იმისთვის, რომ სასულიერო პირები მათზე დამოკიდებულნი გახადონ და აი შედეგიც მოვიმკეთ.
– მამა ელიზბარ, ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები სასულიერო პირებს ხშირად ადანაშაულებენ არმენოფობიასა თუ ანტიდასავლურ კამპანიაში მონაწილეობაში. ახლახან, სხვა სასუ­ლიერო თუ საერო პირებთან ერთად, სომხური სათვისტომოს დამფუძნებელმა არნოლდ სტეფანიანმა თქვენც დაგადანაშაულათ და, როგორც ის აცხადებს, საჩივრის შეტანას აპირებს.
– მართლა მეცოდება და ჩემი მხრიდან უღირსობა იქნება, მას ვეკამათო. იმ საცოდავ სტეფანიანს, იცით, რას ვეტყოდი? სომეხ ერთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს და არც შეიძლება მქონდეს, მაგრამ დაიმახსოვრონ: მე უპირატესი ვარ, რადგან ქართველი და მართლმადიდებელი ვარ. თუმცა ეს უპირატესობა, რა თქმა უნდა, არ მაძლევს მისი დაჩაგვრის უფლებას. არავითარ შემთხვევაში. მე უნდა ვუპატრონო და მოვეფერო, რადგან მისი უფროსი ძმა ვარ, მაგრამ იმასაც უნდა მივხვდე, თუ ამ მოფერებაში სამსალას მირევს, დროზე აღმოვფხვ­რა.
სომხებს გაცილებით შორს მიმავალი გეგმები აქვთ. მიადევნონ თვალი სომხურ ვებ-გვერდებს, სადაც ჩვენზე წერენ. წიგნებს უშვებენ, სადაც წერია, რომ ჩვენ მიტაცებული გვაქვს მათი მიწები. მათ ზღვაზე გასასვლელი სჭირდებათ და  მალე განხორციელდება “დიდი სომხეთის  გეგმა”. ნახავთ, მომავალში აფხაზეთში სომხური მოსახლეობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე – აფხაზი და ზღვაზე გასასვლელსაც მოიპოვებენ.
შეიტანოს საჩივარი სტეფანიანმა, თუ ვინმე ვაჟკაცურად დაუხვდა იმ სასამართლოში და თავზე გადაახია ეს სარჩელი, ხომ კარგი. ვის უჩივი? ადამიანს, ვინც გამხილა? მითხარით, “შე სომეხო”, რომ მიმართო კაცს, ეს შეურაცხყოფაა? ქართველს რომ უთხრა იგივე, “შე ქართველოო”, შეურაცხყოფად ხომ არ მიიღებს და ის რატომ იღებს?
მინდა სწორად გამიგოთ, არავისზე ბოღმით არ ვლაპარაკობ, ყოველთვის ჯერ საკუთარ თავს ვამხელ და მერე – სხვებს… თუ ვინმეზე რაიმეს ვამბობ, მხოლოდ სიყვარულით ვამხელ.
– “საქართველო და მსოფლიოსთან” ინტერვიუში თეა თუთბერიძემ განაცხადა, რომ მართლმადიდებლობას ქვეყანაში არანაირი პრივილეგია არ უნდა ჰქონდეს, რადგან ეს დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდეგება. უფრო მეტიც: კონკორდატიც უნდა გაუქმდეს.
– ქალბატონი თეა ხომ გახდა თავად დედა? მისი შვილისთვის თავად თეა თუთბერიძე და მეზობლის ქალი ერთი სტატუსით სარგებლობენ? არ არის დედასა და მეზობლის ქალს შორის განსხვავება? ასევეა ჩვენთვის მართლმადიდებლობა. მართლმადიდებელი ეკლესია ჩვენი დედაეკლესიაა.
– მან ასევე განაცხადა, რომ პატრიარქის მხარდამჭერები ილია მეორეს სექტის წევრები არიან…
– სექტაზე იქით არ მიდის მისი აზროვნება. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეა. მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, თეა თუთბერიძეს დავარქმევთ, დავით პაიჭაძეს, ეკა კვესიტაძეს თუ ვის – ყველანი ერთნი არიან… “ხელის ბიჭებზე” საუბარი არ გვინდა.
– 25 მაისს განვითარებულ მოვლენებზე, საზოგადოების ნაწილი საპატრიარქოს მხრიდან უფრო მძაფრ რეაქციას ელოდა…
– ზემოთაც ვახსენე, საქართველოს ეკლესიას დღეს შიში მართავს. ეკლესიას ბოლო წლების განმავლობაში საჯაროდ არც ერთი ფაქტი არ დაუგმია. რამდენიმე ხნის წინ ფერიას მთაზე რომ ეკლესია დაანგრიეს, მხოლოდ მაშინ ითქვა, რომ ვთხოვთ ხელისუფლებას, ეკლესიას დაანებოს თავიო. ხელისუფლებას კი არ უნდა სთხოვო, უნდა მოსთხოვო. ის შენს თხოვნას ყურად არ იღებს.
– “ქრისტიან-დემოკრატებმა” მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მოითხოვეს, რას ფიქრობთ მათ ინიციატივაზე?
– მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება დამღუპველი იქნება. ეს არ უნდა მოხდეს. თუ პარლამენტში ვინმე ეკლესიის გულშემატკივარია და მინდა, იმ 70 სულგაყიდულსაც მოვუწოდო, დაანებონ თავი ზღვაზე ტკბობასა და მზეზე გარუჯვას, სასწრაფოდ მოიწვიონ პარლამენტის სხდომა და მართლმადიდებლურ ეკლესიას დედაეკლესიის სტატუსი მიანიჭონ.
– რატომ აპროტესტებენ ზოგიერთი სასულიერო პირები ჩიპებიან პირადობის მოწმობებს, რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ეს?
– ვიცი, ვინც აპროტესტებს, ე.წ. ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფი, რომელშიც გადასარევი გულანთებული გოგო-ბიჭები არიან გაერთიანებული, მაგრამ მათ ლიდერთა გამონათქვამები, რომ ჩიპს არ გავიკეთებთო, ჰგავს ასაცრელად მიყვანილი, შეშინებული ბავშვის ტირილს, ჩხვლეტის რომ ეშინია. ჩიპიანი პირადობის მოწმობების გასაპროტესტებლად კი არ უნდა გამოხვიდე ქუჩაში, ერის სულიერი გარყვნა რომ მიმდინარეობს, ამის წინააღმდეგ უნდა იბრძოლო. ერის მომზადებაა საჭირო მისი სულიერების აღსადგენად. სულიერად გაძლიერება გვჭირდება.
– როგორ უნდა გაძლიერდეს ერი სულიერად?
– მეუფე იობს დავესესხები, რომელმაც მისთვის ჩვეული სიბრძნით კერძო საუბარში ეკლესია წყაროს წყალს შეადარა, რომელიც ხალხს საარსებო წყალს აწვდის, მაგრამ აღმოჩნ­და, რომ სათავე დაბინძურებულია და ხალხს ჭუჭყიან წყალს ვასმევთ. სათავე უნდა გავასუფთავოთ, რის ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს.
ჩვენ გვაქვს გეგმა, თუ რის გაკეთებასაც აპირებს “წმინდა გიორგის სადროშო” უახლოეს მომავალში. ამ დღეებში პატრიარქს მივაწვდით წერილს ჩვენი გეგმების შესახებ. ჯერჯერობით წამოვჭერით ორი საკითხი: პირველი. ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მართლმადიდებლობის დასაცავად უნდა გავაათასკეცოთ შრომა და გარჯა, გვაქვს წინადადება, ეკლესიებში ყოველი წირვა-ლოცვა დასრულდეს მახლობელ უბნებში ჯვარ-ხატებით საზეიმო მსვლელობით, კმევითა და ნაკურთხი წყლის პკურებით ქუჩებში, რათა, არათუ ჩვენი გულებიდან, ქუჩებიდანაც გავყაროთ ბოროტი ძალები. ამის შემდეგ აღვავლინოთ ტაძარში პარაკლისი ერისა და მართლმადიდებლობის გადასარჩენად. თუ ზარების რეკვა არ სურთ, ამით მაინც დავანახოთ მტერს, რომ ჩვენ მართლ­მადიდებლები ვართ და რწმენასა და სამშობლოს არ დავთმობთ.
მეორე. მაქვს იდეა, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოეწყოს საბავშვო ბანაკები, სადაც ქართველი და არაქართველო ბავშვები დაისვენებენ, ილოცებენ, იშრომებენ და დაეუფლებიან ქართული კულტურისა და ხელოვნების საფუძვლებს. ამ ორი იდეით შევდივართ საპატრიარქოში და ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ.
ჩვენი შემდგომი ნაბიჯი იქნება თავისუფლების მოედნიდან ყოვლად უსახური და უგვანი, უღირსი ძეგლის აღება. შემინდოს წმინდა გიორგის მადლმა, მაგრამ მას წმინდა გიორგის ძეგლს ვერ ვუწოდებ, მითუმეტეს, საიდანაც არ უნდა შეხედო, არ ჩანს წმინდა გიორგი – ან ცხენი ჩანს, ან – გველეშაპი. არანაირ კანონიკურ ნორმებში ეს ძეგლი არ ჯდება. ეს არის წმინდანის უპატივცემულობა. როგორც ვიცი, 7კილოგრამი ოქრო დაიხარჯა მის მოსაპირკეთებლად. მაქვს წინადადება, მოვხსნათ ოქრო და ამით ქაშუეთის ტაძრის სახურავი მოვაოქრო­ვოთ.
თავისუფლების მოედანზე თავისუფლებისთვის მებრძოლი  გმირების ქანდაკება უნდა იდგეს და არა – წმინდა გიორგის უსახური ძეგლი.
საერთოდ კი, მეფე დავით აღმაშენებლის ან ვახტანგ გორგასლის ძეგლის დადგმა არ ნიშნავს მათთვის პატივის მიგებას. მათი საქმის გაგრძელება უფრო დიდი პატივია წმინდანისთვის, ვიდრე მისი სახიერების გამოხატვა.
– მამა ელიზბარ, გავრცელდა მოსაზრება, რომ ანტონ კათოლიკოსის ხსენების დღე წმინდა სინოდმა მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს დაამთხვია.
– ნამდვილად არ ყოფილა ასე. ყოველი დღე რომელიმე წმინდანის ხსენების დღეა და ესეც უბრალო დამთხვევაა, მეტი არაფერი.
– დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე საეკლესიო გვარდიისა და სადროშოების შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რათა ეკლესიამ საკუთარი ლეგიტიმური უფლებების დაცვა შეძლოს. თქვენ რას ფიქრობთ აღნიშნული იდეის შესახებ?
– დიდ პატივს ვცემ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, პატიოსანი კაცია, მაგრამ ბოდიშს მოვუხდი კადნიერებისთვის და შევუსწორებ: სადროშოების შექმნის დრო არ არის ახლა, ეს იგივე იქნება, რაც ჯაბა იოსელიანის “მხედრიონის” დროს შექმნილი საძმოები. შექმნილია უკვე “წმინდა გიორგის სადროშო”, რომელიც მთელ საქართველოში მოქმედებს.
მეუფე იობმა, როდესაც ჩვენი ორგანიზაციის შექმნის შესახებ შეიტყო, დაგვლოცა, გვაკურთხა და გვითხრა, რომ წმინდა გიორგის დროშის ქვეშ უნდა გაერთიანდეს ყოველი ქართველიო და, თუ სურვილი აქვთ, შემოუერთდნენ. თუ ვინმე ღირსეული გამოჩნდება, სიამოვნებით დავუთმობ მედროშეობას. კერძო ორგანიზაცია კი არ გვაქვს, რომელშიც არავის ვუშვებთ. ჩვენი სადროშოს წესდების მუხლები მთლიანად ეყრდნობა მისი უწმინდესობის ქადაგებებსა თუ ეპისტოლეებს. არის უკვე ორგანიზაცია და ახლის ძიება აღარ არის საჭირო.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here