GEWORLD.NET:
“საქართველო და მსოფლიო” აგრძელებს ბოლნელ ეპისკოპოსთან, მეუფე ეფრემთან (გამრეკელიძე) საუბრების ციკლს, რომელსაც უძღვება გაზეთის “მახვილი მესიისა” მთავარი რედაქტორი შორენა სიხარულიძე.
– მეუფე ეფრემ, სომხეთის პატრიარქის ვიზიტის თაობაზე მინდა გკითხოთ. თავდაპირველად გამოცხადდა, რომ რა სტატუსიც ექნება ქართულ ეკლესიას სომხეთში, ის სტატუსი ექნება სომხურ ეკლესიას საქართველოშიო. უწმინდესმა მაშინ საკმაოდ მკაფიოდ და დამაჯერებლად, არაორაზროვნად განაცხადა, რომ საქართველოს ინტერესები არ შეილახებაო. რამდენად შესაძლებელია ეს განხორციელდეს დღევანდელ ვითარებაში?
– ვფიქრობ, ეს პირობები სომხური მხარისთვის იყო მიუღებელი, რამეთუ მათ ბუნებაში არ ზის, ვინმეს რამე დაუთმონ, ან ვინმესთან თანაბარ პირობებში იყვნენ. მათი დევიზი ყოველთვის იყო და ახლაც არის – მხოლოდ მე, ჩემი! ამიტომაც ისინი ყოველთვის ცალმხრივ პირობებს აყენებენ – ჩამოვიდნენ ამაყად, თავაწეულნი, დარწმუნებულნი იმაში, რომ, ჩვენ რასაც ვიტყვით, ისე განხორციელდება ყველაფერიო. რატომ იყვნენ ასე დარწმუნებულნი? ისევ ჩვენი ზედმეტად სტუმართმოყვარე, დამთმობი ბუნების გამო. მათ პირდაპირ, დაუფარავად თქვეს, რაც უნდოდათ: ხუთასი თუ ექვსასი ეკლესია არის ჩვენი და ამას წყალი არ გაუვაო! რახან ჩვენ ვთქვით, ასეაო! ჩვენ არაფერს გვეკითხებოდნენ, უნდოდათ, სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქია დაეფუძნებინათ იურიდიული სტატუსით და ჯავახეთში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის სიმრავლე მოყავდათ…არგუმენტად და არა მხოლოდ ჯავახეთში. თითქოს ჩვენ ვალი გვქონდეს სომხების! ისტორიულად – არც შორეულ და არც ახლო ისტორიის მანძილზე, არ ახალია, ძველია მათი ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულება! მათ შესაბამისი პასუხი პატრიარქისაგან კი გაეცათ: ეს არის საქართველო და ქართველი ერია მისი პატრონი და სხვას როგორც სურს, ისე ვერ იქნება! ბუნებრივია, სომხები ცხოვრობენ ჩვენს მიწაზე და მათ არავინ უკრძალავს აქ ცხოვრებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერზე წამსვლელები ვართ. ჩვენ გვაქვს გამოცდილება აფხაზეთის, სამაჩაბლოსი – ეს საკმარისზე მეტი ტკივილია, ამას რომ ჯავახეთიც არ დაემატოს.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ქართული მიწა, სადაც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, ღვთივკურთხეული მიწაა, სადაც უფლის კვართია დამარხული. ეს დედა ღვთისმშობლის წილხვედრი მიწაა, უამრავი მადლით დაჯილდოებული, და ამ მიწას რომ ნებისმიერი თაობა, როგორც ღვთაებრივ საუნჯეს, ისე არ მოუფრთხილდება, არ მოუვლის და უდიერად გაფლანგავს, არ დააფასებს, პასუხს აგებს უფლის წინაშე. როგორც ილია მართალი ბრძანებს, სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა – მამული, ენა, სარწმუნოება – თუ მათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებითო? კაცობის და ღირსების საკითხი დგება. უნდა გაიაზროს თითოეულმა ქართველმა, რომ ეს მიწა მარტო მისი მამა-პაპის კუთვნილი, ნივთიერი საკუთრება კი არა, ღვთაებრივი საუნჯეა. შენ იცავ ღვთაებრივს და, თუ მას არ მოუვლი, ღვთის წინაშე, დედა ღვთისმშობლის წინაშე ხარ დამნაშავე. სანამ ამის ეროვნული გააზრება არ მოხდება, სანამ ადამიანები მიწას პირად საკუთრებად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ ვისზეც უნდათ, იმაზე გაყიდიან, მანამდე არაფერი გამოვა. სამწუხაროდ, დღეს მავანნი საქართველოს ისე უყურებენ, როგორც პირად საკუთრებას, რომელიც შეუძლიათ ისე განკარგონ, როგორც თავად უნდათ!
ერი უნდა იდგეს თავისი მოწოდების სიმაღლეზე. ერიც და ბერიც, სახელმწიფოც და ეკლესიაც. ეს ცალმხრივად არ გამოვა. რაც არ არის დასათმობი, უნდა ითქვას მკაცრად და მორჩა! უნდა ითქვას მკაცრად – ეს არის საქართველო, ქართული ტრადიცია, ქართული კულტურა, ქართული ცხოვრების წესი. იზიარებ ამას? იცხოვრე, ბატონო, არავინ გიშლის, არავინ გაგდებს. არ მოგწონს? მაშინ გამოსავალი თავად უნდა ნახო. არავის ვუშლით საკუთარ ენაზე საუბარს, არც ლოცვას, არც რწმენას, არც სწავლა-განათლებას. სხვა რომელ ქვეყანაში აქვთ ასეთი უფლებები? მაგრამ, მათთვის გარკვეული უფლებების მინიჭებით, საკუთარს ნუ შევილახავთ.
– რა გამოდის, მეუფე, იქ აზერბაიჯანელების ინტერესები არ ილახება, აქ – სომხებისა. არავის გვინდა, ვაწყენინოთ, მაგრამ ხომ აშკარაა, რომ საკუთარ ქვეყანაში დაჩაგრულები და ინტერესშელახულები ისევ ჩვენ გამოვდივართ.
– ჩვენ ყველანი – ერიც და ბერიც პროქართულები უნდა ვიყოთ! ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ეროვნების წარმომადგენელი დაჩაგრო, მაგრამ არა შენი საკუთარი ქართველის დაჩაგვრის ხარჯზე. მიწის გაყიდვა ისე, რომ მერე იქ ქართველს პერსპექტივაში აღარანაირი უფლება აღარ ჰქონდეს, არ შეიძლება. ასე არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. მიწა შეიძლება დროებით სარგებლობაში გადაეცეს ისე, რომ მასზე კონტროლის უფლება ისევ სახელმწიფომ დაიტოვოს. ამაზეა აქ საუბარი. ამ ქვეყნის, ამ მიწის ბატონ-პატრონი არის ქართველი ერი, მოსწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს, და სხვა დანარჩენი, მის ირგვლივ შემოკრებილი. ცენტრში სწორედ უნდა იდგეს საქართველო, ქართველი ხალხი და ქართული ინტერესები. მე მგონი, ეს დემოკრატიას ხელს არ უშლის და ყველა ერი ასე იქცევა, დაწყებული ამერიკიდან, დამთავრებული იაპონიით. აბა, ნებისმიერ ქვეყანაში ჩადი და ადგილობრივს უთხარი, რომ გაიწიე, მე უნდა ვიყო აქ მმართველი და ბატონიო. აბსურდულ ვითარებაში ვართ და ეს მაკვირვებს სწორედ – ჩვენთან არის მაინცდამაინც უნიკალური დემოკრატია? რაღაც ახალი ჯიშის “დემოკრატები” ხომ არ ვართ, ყველასგან განსხვავებული?
– ადამიანის ცნობიერების ჩამოყალიბება სკოლიდან იწყება. თქვენ ბრძანდებოდით ქარელის გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი რექტორი, რომელიც საქართველოში დღეს ერთ-ერთი გამორჩეულია. ბოლნისშიც გაქვთ იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო გიმნაზია… საჯარო სკოლებში სალოცავი კუთხის არსებობა ძალიან აღიზიანებდა მავანს, მაგრამ სამაგიეროდ დღეს მათი ადგილი ე. წ. “ნატოს” კუთხემ დაიკავა – თითქოს, უფალი კი არა, “ნატოა” ჩვენი ერთადერთი მხსნელი. ამ ყველაფერზე ეკლესიას თავისი პოზიცია არ უნდა დაეფიქსირებინა?
– გეთანხმებით. ბევრი რამ უნდა ითქვას ხმამაღლა, მაგრამ რატომღაც ყოველთვის არ აღწევს ჩვენი ხმა ხალხამდე. რაც შეეხება სკოლებს, ამ საზოგადოების გარდაქმნა რომ უნდათ, სწორედ ამიტომაც დაიწყეს მოზარდი თაობის, ბავშვების ცნობიერების შეცვლა. ბავშვობიდან დაიწყეს “ახალი ადამიანის” – ევროპული, თუ “ნატოს” სტანდარტების, თუ დასავლური ღირებულებების შესაბამისი ადამიანის ჩამოყალიბება და სკოლა ერთი ხელის მოსმით გადაიქცა ამ ახალი “ტიპის” ადამიანის “ჩამოსასხმელ დანადგარად”. ჩვენ თურმე არც ისტორია გვქონია, არც ტრადიციები, ახლიდან, ახალ ადამიანებად დავიბადეთ თითქოს. ერთბაშად მოჭერი ხე და ჩაარჭე ჯოხი მიწაში – უფესვო ჯოხი ნაყოფს გამოიღებს?
ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდით – უარვყავით რუსული და სამაგიეროდ უცებ ყველანი ინგლისურენოვანნი გავხდით. ფილმების ყურებასაც კი ინგლისური სუბტიტრებით აიძულებენ ხალხს. უკვე ეს სასაცილო კი არა, სატირალია. საიდან მოდის ასეთი იდეები, მე არ ვიცი. გადავხედოთ სხვა ქვეყნებს – ინგლისელისთვის ჯერ ინგლისურია პრიორიტეტი და მერე სწავლობს სხვა ენას. ასეა ნებისმიერ ქვეყანაში და ეს ხალხი ამაყობს ამით. ჩვენ ვაჟკაცური ბუნების ერიდან ყველასთვის გუნდრუკისმკმეველ ერად გადავიქეცით. ყველას ვეფერებით, ყველას ანგარიშს ვუწევთ და ამასობაში საკუთარ თავს ვკარგავთ. ეს არასოდეს იდო ქართველის ხასიათში – ჩვენ გვიბრძოლია ათჯერ და ასჯერ მეტი მტრის წინააღმდეგ და იქ ქართველ კაცს ყველაზე უთანასწორო ბრძოლაშიც კი არ “აულოკავს მტრის ფეხი”.
ახლა კი უსისხლო ომი მიდის – ამას ასე დავარქმევდი! რუსეთის სახით თითქოს ხილული მტერი გვყავს, რომელიც ტერიტორიებს გვართმევს, მაგრამ ეს ნაკლები საფრთხეა იმასთან შედარებით, რაც ამ უსისხლო ომის შედეგად შეიძლება მივიღოთ! ერის სულიერი ოკუპაცია მიდის. ეს კი საშინელ შედეგს გამოიღებს, რადგან ადამიანთა სულებს ვკარგავთ, ადამიანის სული კი ტერიტორიაზე უფრო მეტია! გადაგვარებული, სულდაკარგული ქართველი კი მკვდარი ქართველია. სულამოგლეჯილი თაობა რომელი აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამბრუნებელია?!
თუმცა მხოლოდ ქართული სახელი და გვარი არ არის ქართველობა, მაგრამ მალე შეიძლება ესეც სანატრელი გაგვიხდეს – ახალ, ბიომეტრიულ პასპორტებში სახელს და გვარს შეამოკლებენო, ამბობენ, და გავხდებით ვიღაც “მისტერX” ან “N”ადამიანი. რახან ადამიანს ცოცხალ სულად არ განიხილავენ, მათთვის იგი მხოლოდ რაღაც ბიოლოგიური არსებაა და არა ღმერთის მიერ თავის ხატად და მსგავსად შექმნილი. ბიოლოგიური არსებები კი მხოლოდ ინსტინქტების დონეზე მოქმედებენ – ჭამენ, სვამენ, სძინავთ, კვდებიან.
– ახლახან ერთი პატიმრის წერილი წავიკითხე, რომელიც ამბობს, რომ საკანში საეკლესიო კუთხე მოუშალეს და სასტიკად უკრძალავენ ხატების დაბრძანებას. მე არ ვაპირებ, განვიკითხო ეს პატიმარი – დიდი დანაშაული ჩაიდინა მან თუ პატარა. ამ ადამიანს უნდა ლოცვა და ამის უფლებას არ აძლევენ. ამაზე ვინ უნდა ამოიღოს ხმა?
– ლოცვა და მრწამსი ადამიანის ხელშეუხებელი ნებაა და არავის აქვს უფლება, ადამიანს, მით უმეტეს პატიმარს, ეს აუკრძალოს. მას ისიც ეყოფა, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის საკანშია გამოკეტილი, მოწყვეტილია გარე სამყაროს. მაგრამ სულიერ თავისუფლებას რომ ართმევ, ეს არანაირ ჩარჩოში აღარ ჯდება – არც მორალურში, არც ზნეობრივში. უნდათ ადამიანის სულიერი გატეხვა, იმიტომ, რომ, როცა ის იქიდან გამოვა, უკვე სხვა ადამიანი უნდა იყოს, ისე აღარ აზროვნებდეს. ვინ უნდა უპატრონოს ამ ადამიანს? – ყველამ ერთად და არა ცალ-ცალკე, მთელმა ეკლესიამ, მთელმა ერმა, მთელმა საზოგადოებამ. ამიტომ ვართ ამ დღეში – ყველა ფიქრობს, სანამ მე არ გამიჭირდება, ხმას არ ამოვიღებო. სანამ მთელი ერი ერთის ტკივილს არ იგრძნობს, არ გაითავისებს, სანამ გულგრილობის სენისგან არ განვიკურნებით, ასეთი ფაქტები კი არა, ხომ ხედავთ, ამაზე ბევრად უარესები ხდება და, თუ დროზე არ გამოვფხიზლდით, კიდევ რამდენი მოხდება, უფალმა იცის. ეს აქლემი ყველას ჭიშკართან დაიჩოქებს და მერე უკვე გვიან იქნება, ძალიან გვიან! გათითოკაცება, ილიასი არ იყოს, ყველაზე დიდ მტრად მოგვიბრუნდება და ფიქრი, რომ მე ჯერჯერობით ლუკმა მაქვს და მეშინია, ისიც არ დავკარგოო, გადაგვარებამდე მიგვიყვანს. რაღა გვაქვს იმაზე მეტი დასაკარგი, ვიდრე დავკარგეთ?
– მეუფე ეფრემ, დღევანდელი ვითარებით ხალხი ძალიან დათრგუნულია. წარმოიდგინეთ, თქვენ ახლა თქვენი სიტყვა უნდა მიაწვდინოთ ერს და როგორც სინოდის ერთ-ერთი წევრი, ქრისტეს ერთი მხედარი რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომელნიც ამ რამდენიმე წელიწადმა და განსაკუთრებით კი ამ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა უიმედობაში, ნიჰილიზმში, სასოწარკვეთილებაში ჩააგდო და რომელნიც ეკლესიისგან მართალ სიტყვას ასე ცხელი თვალებით ელოდებიან? არ შეიძლება, ხსნა არ იყოს…
– ამ რთულ ვითარებაში ადამიანმა უნდა იპოვოს ერთი ჭეშმარიტი გზა – ეს არის გზა უფლისკენ! რისთვის ატარა უფალმა ებრაელი ერი ორმოცი წელი ეგვიპტის უდაბნოში? სანამ ერმა არ შეიგრძნო, რომ უფალია მათი ღმერთი, მათი პატრონი და სხვა მხსნელი არ არსებობს! მხოლოდ იგია სასიცოცხლო წყაროს, ღვთაებრივი მანანას, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის, ბედნიერების, ეროვნული სიმშვიდის მომცემი! უფალმა საქართველოს სახით სამოთხის მსგავსი ქვეყანა მოგვცა და ვერ ვივარგეთ, ვერ ვუფრთხილდებით! რწმენა არ გვაქვს და ხსნას სადღაც სხვაგან, რაღაც მიწიერში ვეძებთ, ბოლომდე არ ვენდობით უფალს, მას არ ვსასოებთ, მისკენ არ ვიხედებით. ჩვენ ყველგან ვეძებთ ხსნას, ყველგან, სადაც ის არ არის. უფლისკენ მივიხედოთ, ვისშიც ხსნაა! ახლა დუღს მთელი ერი და, როდესაც ამ დუღილის პერიოდს გავდივართ, ამას ბევრი სისხლი, ბევრი ტანჯვა მოჰყვება, თუ ერი და ბერი ერთად არაა – არაა ქრისტეში! არავინ იფიქროს, რომ მე ცალკე ვარო, რაც უნდა დაიბრმავო თვალი და გული დაიმშვიდო, ამ დუღილში შენც იხარშები და, ადრე თუ გვიან, ეს სიმწვავე შენზეც გადმოვა – ვინც უნდა იყო, ეკლესიაში იქნები თუ ეკლესიის გარეთ, ყველანი ერთად გავიჭყლიტებით, თუკი თითოეული ქართველი არ იგრძნობს, რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით და უერთმანეთოდ გამოსავლის პოვნა წარმოუდგენელია!
იმის ფიქრი, რომ რომელიღაც ჯგუფი იხსნის ქვეყნას და მეც მოვყვები ამ კეთილდღეობაში, ან ვიღაცის მხრებზე გადავა ეს სისხლი და მე გადავრჩებიო, თავის მოტყუებაა მხოლოდ. ერთმანეთის ტკივილი არ გვესმის, აღარც ერთმანეთის სიხარულის გაზიარების ნიჭი შემოგვრჩა! ამიტომაც, რადგან უფალია ჩვენი მამა, რახან ღმრთისმშობელი დედაა ჩვენი, მოდით, მივიდეთ იქ, მათთან – ჩვენს მარადიულ მხსნელთან და პატრონთან. შევურიგდეთ, ხალხო, უფალს! სხვა დანარჩენზე სასოება, დაყრდნობა – ესაა ბაბილონის გოდოლის შენება. ერთ დღეს ყველაფერი, რაც უღმერთოდ შენდება და კეთდება, ყველაფერი დაიმსხვრევა! ღმერთმა მოგვცა ეს ქვეყანა და გვითხრა – აღორძინდით, გამრავლდით, აშენდითო. რატომ ჰგონიათ, რომ უფალი წინააღმდეგია მშენებლობისა, წინსვლისა, აღორძინებისა, კეთილდღეობისა? ოღონდ ეს ყველაფერი უღმერთოდ ნუ მოგინდებათო! მოდით, ღვთისნიერად ვაშენოთ ეს ქვეყანა! ღვთისნიერად ვმართოთ! არ მოვკლათ ეროვნულობა და მართლმადიდებლობა, სარწმუნოება, სიყვარული და ისე ვაშენოთ! სახელმწიფო სიყვარულით აშენეთ და ამ წყობას მერე, რაც გინდათ, ის დაარქვით! ოღონდ საქართველოში მაგრძნობინე თავი ქართველად, ქრისტიანად, მართლმადიდებლად! მაგრძნობინე, რომ ეს ჩემი ქვეყანაა და აქ არ ვარ მეათეხარისხოვანი. ამ შემთხვევაში, დამერწმუნეთ, არავის გაუჩნდება სურვილი, მოიკითხოს, ვინაა ქვეყნის მმართველი, აღარავინ გამოვა ქუჩაში შელახული ღირსების დასაცავად!
ასეთ საქართველოს ვისურვებდი საკუთარი თავისთვისაც და თქვენთვისაც! უფალს ვევედრები, ყველა ქართველს აეხილოს თვალი და დაინახოს, რაშია ჩვენი ხსნა. ყველა ქართველმა გააცნობიეროს, რომ უფალში, ეკლესიაში, სიყვარულში, პატიებაში, მიტევებაში, ერთმანეთის გვერდით დგომაში, სიმართლის თქმასა და ამ სიმართლისთვის თავგანწირვაშია ჩვენი ხსნა! და არა – ამბიციაში, მტრობასა და ერთმანეთის სისხლის დაღვრაში! სიყვარული შეუცვლელი იარაღია ნებისმიერ, თუნდაც გაუგონარ სიბოროტესთან ბრძოლაში! სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა, ყველაზე დიდი საჩუქარია ღვთისა, ყველაზე დიდი ნიჭია და ამ ნიჭით უხვად დაგვაჯილდოვა უფალმა! ქართველი ერი სიყვარულის ერია, მაგრამ დავკარგეთ ერთმანეთის სიყვარული – დავშორდით უფალს, გავხდით მოჩვენებითები და დაიწყო ჩვენი გადაგვარებაც! როდესაც შენ დაიბრუნებ შენს თავს, დაკარგულ თავს, ანუ სიყვარულს, მაშინ მოვა ხსნა, მაშინ დადგება ჩვენი ბედნიერების დღეც!
– დაგვლოცეთ, მეუფე ეფრემ!
– ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ იმედით გაბრწყინებული, ქრისტეში გაერთიანებული საქართველოსი. იხარეთ, იბედნიერეთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
უკან მტრობა და სიძულვილია. ამიტომ წინ – სიყვარულისკენ!!!
ესაუბრა შორენა სიხარულიძე