Home რუბრიკები საზოგადოება სოსო ცისკარიშვილი: პარლამენტის მიერ ამ კანონის გაუქმება გამორიცხულია!

სოსო ცისკარიშვილი: პარლამენტის მიერ ამ კანონის გაუქმება გამორიცხულია!

GEWORLD.NET:
კანონმა, რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ, მართლმადიდებელ საზოგადოებაში დიდი პროტესტი გამოიწვია. პარლამენტმა პატრიარქის შეთავაზებული წინადადებები და თხოვნა არ გაითვალისწინა და კანონი ძალაში უცვლელად შევიდა. საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით, “პარლამენტის მიერ დღეს მიღებული კანონი როგორც ქართული ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება და თავის უარყოფით შედეგებს ახლო მომავალში გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება”.

მღელვარება ამ საკითხთან დაკავშირებით არ წყდება. მართლმადიდებელი მრევლი მანამდე აპირებს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გაგრძელებას, სანამ კანონი ან საერთოდ არ გაუქმდება, ან კიდევ მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შევა. რამდენად გონივრული, სწორი და სასარგებლო იყო პარლამენტისა და პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, შეფასება პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ვთხოვეთ.
– ეს იყო პარლამენტის ყოვლად არაადეკვატური ნაბიჯი სახელმწიფოსა და ეკლესიის დასაპირისპირებლად, რასაც შედეგად ქართულ-სომხური ურთიერთობების დამძიმება მოჰყვება. საზოგადოებასთან და ეკლესიასთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის გარეშე, მხოლოდ 70 კაცის მწირ გონებაზე დაყრდნობით რელიგიურ სფეროში სერიოზული ცვლილების გატარების გადაწყვეტილების მიღება – ეს არის  “ნაციონალური მოძრაობის” უტიფრობა. პარლამენტს არანაირი კონსულტაციები, არანაირი განსხვავებული აზრის მოსმენა არ უცდია, რადგან ბრძანება ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალისგან მოდიოდა.
თუ ხელისუფლებას ეყოფა ჭკუა პარლამენტის ამ  გადაწყვეტილების გასაუქმებლად, მაშინ შეიძლება სიტუაცია სასიკეთოდ წარიმართოს და გახდეს შეთანხმებული, გონივრული და, შესაბამისად, ნაკლები საფრთხის შემცველი  ქვეყნისთვისაც და ერისთვისაც.
– უნდა შეეთანხმებინა თუ არა პარლამენტს ამ კანონის მიღება საპატრიარქოსთან?
– რასაკვირველია. უფრო მეტიც, საპატრიარქო უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ამ კანონის განხილვის დროს. მართლმადიდებლური ქართული ეკლესია არასოდეს ყოფილა ტირანი რელიგიურ სივრცეში. ყველაფერი გაცილებით მშვიდად და ყველასთვის სასიკეთოდ ჩაივლიდა, ქართული ეკლესია რომ ჩართულიყო ამ საქმეში, მაგრამ ეს იყო რევანში “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. რადგან “ნაციონალურ მოძრაობას” საშინლად აღიზიანებს ქართული ეკლესიის რეიტინგი ქართულ საზოგადოებაში, რომელსაც, ხელისუფლების დიდი სურვილის მიუხედავად, ვერაფრით აჯობა “გამჭვირვალე პოლიციის” ნდობის რეიტინგმა.
26 მაისს, აქციის დარბევისას, ქართველების მკვლელობა დემონსტრაციულად არ მოიწონა ქართულმა ეკლესიამ; ის არ გაეკარა დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე გამართულ ზეიმს; უარი თქვა, პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის გადაცემის ცერემონიალისთვის თუნდაც სტუმრის პოზიციიდან ეყურებინა. ეს საკმარისი აღმოჩნდა შურისძიებისთვის.
– როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება შეგნებულად ხომ არ ცდილობს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირებას და თუ მოჰყვება ამ ნაბიჯს განხეთქილება?
– სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის განხეთქილება მოხდებოდა იმ შემთხვევაში, ქართველებს რომ არ შეეძლოთ ერთმანეთისგან “ნაციონალური მოძრაობისა” და საქართველოს გარჩევა. ეს მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ჰგონიათ, რომ თვითონ არიან საქართველო.
არ ვიცი, რით აშანტაჟებს ჩვენს ხელისუფლებას სომხეთი ან რას სთავაზობს იმის სანაცვლოდ, რომ ქართველი მართლმადიდებელი მრევლისა და სრულიად ქართველი მოსახლეობის რისხვა დაიმსახუროს. მაგრამ ფაქტი სახეზეა – “ნაციონალური მოძრაობა” სომხების გულის გახარებას ცდილობს. ვიტყოდი, რომ ამ ხელისუფლების მოღვაწეობის ისტორიაში ეს კანონი  ყველაზე სულელური, შეურაცხმყოფელი და უზრდელურია! “ნაციონალურ მოძრაობას” ჩაფიქრებული აქვს საჩუქრად, პირობით ფასად, გადასცეს ნებისმიერ მსურველს ესა თუ ის ეკლესია.
– ბატონო სოსო, შესაძლებელია თუ არა ამ კანონის გაუქმება და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და მრევლის მოთხოვნის დაკმაყოფილება? თქვენი აზრით, წავა დათმობაზე ხელისუფლება?
– პარლამენტის მიერ ამ კანონის გაუქმება გამორიცხულია! ეს შეეძლო გაეკეთებინა პრეზიდენტს თავისი ვეტოთი, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. კანონი უკვე ძალაშია. ახლა შესაძლებელია მხოლოდ ცვლილებების შეტანა მასში რეფერენდუმის გზით.
ესაუბრა თეო ტაბატაძე
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here