მთავარი საზოგადოება მიხეილ სააკაშვილი ექიმ ჯეკილსა და მისტერ ჰაიდს შორის

მიხეილ სააკაშვილი ექიმ ჯეკილსა და მისტერ ჰაიდს შორის

764
გააზიარეთ

GEWORLD.NET:
მიხეილ სააკაშვილის მიმართ ერთ დროს კეთილგანწყობილი უცხოური პრესა “ვარდების რევოლუციის” ეიფორიიდან, დიდი ხანია, გამოვიდა. თუმცა ბოლო ხანს მათი კრიტიკა გასცდა კეთილგანწყობილი შენიშვნების ფარგლებს და “დემოკრატიის შუქურა” პრეზიდენტისადმი მკვეთრ ეპითეტებსაც არ იშურებენ. თითქოს კორუფციასთან მებრძოლი დემოკრატიის დიქტატორად ტრანსფორმირებას სულ რამდენიმე წელი დასჭირდა. ახლა კი უცხოელები არამხოლოდ სააკაშვილს აკრიტიკებენ, არამედ, მის გამო, იდენტობის კრიზისზეც კი მიგვითითებენ.

საქართველოს პოლიტიკაში გარკვევა დაახლოებით ისეთივე პროცესია, როგორიც თერაპიის სეანსის წარმოდგენა ექიმ ჯეკილსა და მისტერ ჰაიდს შორის.
ჯერ ექიმი ჯეკილი საუბრობს იმაზე, თუ როგორ ერთმნიშვნელოვნად გაანადგურა კორუფცია, შეებრძოლა კრიმინალს და აშენებს თანამედროვე სახელმწიფოს. თქვენ მას უჯერებთ. ის შესანიშნავად საუბრობს ინგლისურად, ზის უახლეს კონდიცირებულ ოფისში და ახალგაზრდულ ენერგიას აფრქვევს.
შემდეგ მისტერ ჰაიდი მთელ დროს იმაზე საუბარს უთმობს, თუ როგორი დიქტატორია ექიმი ჯეკილი, როგორ აღკვეთა კორუფცია ქუჩიდან მხოლოდ იმისთვის, რომ ფული საკუთარ ჯიბეში ჩაედო, და ყველაფერზე მიდის, რათა მოწინააღმდეგეებს ხმები წაართვას. ისიც შესანიშნავად საუბრობს ინგლისურად, ხმაურიანი ოფისი აქვს თბილისის ცენტრში და დაზარალებულის ჟინით ბობოქრობს.
რადგან ეს ორივე პიროვნება ერთ ადამიანშია, ორივე ერთი ქვეყნის რეალობაა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კონტრასტების ქვეყანაში – საქართველოში.
„ეს ის ქვეყანაა, რომელიც რადიკალურად იცვლება, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას იწვევს,“ – ამბობს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შოთა უტიაშვილი. ის სამინისტროს ახალ შტაბ-ბინაში ზის, ქალაქის ცენტრის მოშორებით, წაგრძელებული ფორმის შენობაში, რომელიც დიდწილად მინისგანაა აგებული – მთავრობის თქმით, ტრანსფარენტულობის პატივისცემის ნიშნად.
რამდენიმე კვირით ადრე, შსს-ს ოფიცრებმა ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით თბილისის ცენტრში სასტიკად დაარბიეს ოპოზიციური ჯგუფის საპროტესტო აქცია. სურათი შემაშფოთებელი იყო: სროლები პარლამენტის წინ, პოლიციელები მოხუცებს თავში ხელკეტებს ურტყამდნენ. ბევრისთვის ეს იმის მორიგი დადასტურება იყო, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განსხვავებული აზრის მიმართ შეუწყნარებელია. მათი შეფასებითაც კი, ვინც აქციის მონაწილეებს (რომლებსაც რუსეთისთვის სასურველი რადიკალური ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობდა) პროვოკატორებად აღიქვამდა, აქციის დაშლაზე მეტად მკაცრი იყო.
უტიაშვილი ამბობს, რომ შიდა მოკვლევა დაწყებულია. „კადრებიდან ჩანს, რომ ზოგიერთმა პოლიციელმა ძალას გადაამეტა, – თქვა მან, – ისინი დაისჯებიან, მაგრამ მთლიანობაში არ ვფიქრობ, რომ დაშლის პორცესი ძალიან უხეში იყო, მხოლოდ 37 ადამიანია ჰოსპიტალიზებული”.
დემონსტრაცია, რომელშიც დაახლოებით 1000 ადამიანი მონაწილეობდა, ვერ შეედრებოდა 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებს, როდესაც ათი ათასობით ადამიანი ქუჩაში სააკაშვილის წინააღმდეგ გამოვიდა და პოლიციის ხელკეტების პირისპირ აღმოჩნდა. ბევრი გარედამკვირვებლისთვის ეს იმის პირველი ნიშანი იყო, რომ დასავლეთის ნებიერა, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დემოკრატიულ გმირად შერაცხული სააკაშვილი ამ რეპუტაციას ვერ ამართლებდა. ომი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში ამ მოვლენებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში გაჩაღდა. მოგვიანებით ევროკავშირის საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ კონფლიქტი საქართველომ დაიწყო.
„საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო, – ამბობს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე, რომელიც 29 წლისაა (საქართველოს პოლიტიკურ მოღვაწეთა ახალი თაობის საშუალო ასაკის), – კორუფცია ყველა ჩვენი მოქალაქის ცხოვრების წესი იყო“.
ასე არ ფიქრობს ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ლიდერი თინა ხიდაშელი. „ამ მთავრობას ორი ტიპის პრობლემა აქვს, – ამბობს ის, _ დარწმუნებული არიან, რომ თავად წარმოადგენენ ჭეშმარიტებასა და უკანასკნელ ინსტანციას და ბევრ პროგრესულ რეფორმას იმგვარად ატარებენ, რომ მათი უმეტესობა დისკრედიტირებულია“.
ოპოზიციის მთავარ პრეტენზიებს შორისაა სახელმწიფოს მხრიდან მედიის კონტროლი, ახირებული საკონსტიტუციო ცვლილებები და გამჭვირვალობის დეფიციტი, როდესაც საქმე ეხება ინფორმაციას მოხელეთა სიმდიდრესა და სააკაშვილის გრანდიოზული პროექტების ფინანსურ მხარეს. დღემდე ზუსტად არავინ იცის, რა დაჯდა სააკაშვილის ახალი მდიდრული საპრეზიდენტო სასახლის მშენებლობა.
ხიდაშელი „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი წამყვანი მხარდამჭერი იყო; როგორც ადამიანის უფლებათა დამცველმა იურისტმა მომზადება შეერთებულ შტატებში გაიარა. წარსულში სააკაშვილისთვის რამდენიმე საქმეც მოიგო. „ის მაშინაც გიჟი იყო, როდესაც ოპოზიციის ლიდერი გახლდათ, – თქვა მან, – მაგრამ მაშინ ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან ის პასუხისმგებელი პირი არ იყო“.
არსებობს რამდენიმე კადრი, რომელსაც ხალხის გონებიდან ვერ ამოშლი: სააკაშვილი, რომელიც საკუთარ ჰალსტუხს ღეჭავს; ყალბი რეპორტაჟი, ომიდან შვიდი თვის შემდეგ მოსახლეობას რუსეთის ახალი ინტერვენციის შესახებ რომ აუწყა (სააკაშვილს ბოდიში არ მოუხდია პანიკისთვის, რაც ამ რეპორტაჟს მოჰყვა და განაცხადა, რომ „ეს რეპორტაჟი მაქსიმალურად ასახავდა რეალობას და იმას, რაც შიძლება მოხდეს“).
ყველაზე დეზორგანიზებული ქვეყნის იუსტიციის სისტემაა, რომლის მდგომარეობასაც მთავრობის წარმომადგენლებიც სავალალოდ აფასებენ და ამბობენ, რომ ის რეფორმირებული არ არის. იუსტიციის მინისტრის 29 წლის მოადგილე ამაყად აცხადებს, რომ საქართველოს ციხეებში დღეს დაახლოებით 24 ათასი პატიმარია („ვარდების რევოლუციამდე“ ქვეყანას 6 ათასი პატიმარი ჰყავდა). უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, შარშან საქართველოში სასამართლო საქმეების 80% გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა და ქვეყნის ყოველწლიურ 3-მილიარდიან სახელმწიფო ბიუჯეტს დამატებით ათობით მილიონი დოლარი შეემატა. სასამართლოს ინფორმაციით, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა მხოლოდ 0,2 %-ია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები ადამიანების პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებაზეც საუბრობენ – თავიდან ნარკოტიკებთან დაკავშირებული ფალსიფიცირებული ბრალდებით, ახლა კი „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ სავარაუდო მოტივით ბრალდება _ რასაც უტიაშვილი უარყოფს და „აბსოლუტურად დაუსაბუთებელს“ უწოდებს.
„მთელი მსოფლიო თვალს ხუჭავს ამ მთავრობაზე, – ამბობს ხიდაშელი, – მანამ, სანამ სააკაშვილი ავღანეთში სამხედრო კონტიგენტს ზრდის, ყველაფერი კარგადაა“. ახლახან საქართველომ განაცხადა, რომ ავღანეთში ისევ გაზრდის სამხედრო კონტიგენტს დღეს არსებული 925-დან 1600 სამხედრომდე. ქართველი სამხედროები ერაყშიც მსახურობენ.
მიუხედავად ამისა, დასავლეთის მხრიდან სააკაშვილის მხარდაჭერა ბოლო წლებში შემცირდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ობამას ადმინისტრაციამ ყურადღება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე გაამახვილა.
სამხრეთ ოსეთის ომის შემდეგ საქართველომ 4,5 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი მიიღო, ახლა ის უცხოელებისა და მათი ინვესტიციების მოზიდვას ცდილობს. მთავრობამ ბიზნესის დაწყებისთვის შეამცირა ბარიერები, გაზარდა ტურისტული ინსფრასტრუქტურა და საკუთარ ეკონომიკაზე ხმაურიანი ისტორია შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეკონომიკას დღემდე უზარმაზარი პრობლემები აქვს უმუშევრობისა და სიღატაკის სახით.
გადამწყვეტი ტესტი ქვეყნის მოახლოვებული არჩევნებია – 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. უკვე ატეხილია ხმაური იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილს ხელისუფლებაში დარჩენა პუტინის მსგავსად სურს და, შესაძლოა, მან პრემიერმინისტრობა მოინდომოს, პრეზიდენტად კი მისდამი ლოაიალურად განწყობილ მოკავშირეს დასვამს.
შეზღუდული ძალაუფლებისა და უზარმაზარი სახელმწიფო რესურსის ფონზე, რომელიც სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობისკენაა” მიმართული, ოპოზიციური პარტიები სკეპტიკურად უყურებენ იმ საარჩევნო რეფორმას, რომელიც მეტი კონკურენციისთვის თითქოს უფრო გახსნილი სისტემის შექმნისკენაა მიმართული.
ცხადია, რომ სააკაშვილის მთავრობის ჩინოვნიკები არსად წავლას არ აპირებენ, ისინი ხუთი და რვაწლიანი გეგმების პერპექტივით საუბრობენ, რათა დაწყებული რეფორმები დაასრულონ…
„ქართული საზოგადოება პროდასავლური და პრორეფორმისტულია, – აცხადებს უტიაშვილი, – მმართველი პარტია მათი ინტერესების გამომხატველია“.
იგი აღიარებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს „ნაციონალური მოძრაობის” გამოწვევის არანაირი შანსი არ აქვთ: “თუკი თქვენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს თვალს გადაავლებთ, დაინახავთ, რომ აქ ერთი გიგანტი და ბევრი ჯუჯააა“.

მირიამ ელდერი
გლობალპოსტი 

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here