GEWORLD.NET:
რამდენიმე დღის წინათ “საქართველოს რკინიგზას” თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პროექტით განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილი, ცალკეული პირების კერძო საკუთრებაში არსებული ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს “საქართველოს რკინიგზისათვის” ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ქალბატონ ვერა ქობალიას №1-1/1035 ბრძანება ითვალისწინებს. რამდენად სამართლიანია ეს გადაწყვეტილება და ირღვევა თუ არა ამით მესაკუთრის უფლებები, ეკონომიკის ექსპერტს – ლევან კალანდაძეს გავესაუბრეთ.
– ექსპროპრიაცია არის სახელმწიფოს მიერ ე.წ. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებების მოტივით მესაკუთრისათვის კუთვნილი ქონების იძულების გზით ჩამორთმევა ან გასხვისება მესაკუთრისთვის შესაბამისი კომპენსაციის გადახდით ან გადახდის გარეშე. მაგრამ ტერმინი “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება” ყოველთვის პირობითია და ყველა დროში, ყველა ხელისუფლების მიერ, როგორც წესი, საკუთარი სუბიექტური შეხედულებებისა და საჭიროებების შესაბამისად ინტერპრეტირდება. თუმცა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ ქონების კანონიერ მფლობელს საკუთრების უფლება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაათმობინოს – მისგან ამ უფლების ნებაყოფლობითი შეძენის ან გამოსყიდვის გზით. ნებისმიერი სხვა ე.წ. იძულებითი მეთოდისა და ძალის გამოყენება არასამართლიანია.
ექსპროპრიაციის პრაქტიკის დანერგვით ქვეყანაში იქმნება ძალიან ცუდი პრეცენდენტი, რაც უკიდურესად ნეგატიურად აისახება როგორც უცხოურ, ასევე ადგილობრივ ინვესტიციებზე, რადგან ინვესტორისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სტაბილურობის განცდას, სახელმწიფოს მხრიდან მის საქმიანობაში ჩაურევლობის პოლიტიკას, მისი ქონების ხელშეუხებლობის უფლების უპირობო აღიარებას და არა ამა თუ იმ ქვეყნის სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში წარმატებულ პოზიციონირებას.
– როგორ ფიქრობთ, რატომ დასჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა ხელისუფლებას?
– ქონების მესაკუთრეებს რომ ძალიან არ გაეზარდოთ “მადა” სახელმწიფოს მიერ მათ საკუთრებაში არსებული ქონების გამოსყიდვისას, სახელმწიფო წინასწარ ქმნის ერთგვარ პრევენციულ სამართლებრივ საფუძველს აღნიშნული პროცედურების “გასამარტივებლად”, ანუ ქონების მესაკუთრემ წინასწარ უნდა იცოდეს, რომ, თუ იგი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ფასს ან პირობას არ დათანხმდება, მას ქონებას ჩამოართმევენ. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, სახელმწიფოს ბევრი “თავისტკივილი” ეხსნება და, ასე ვთქვათ, გაცილებით “უმარტივდება” მესაკუთრეებთან დემპინგურ ფასზე შეთანხმების პროცედურები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის აღნიშული ბრძანების გამოსვლის შემდეგ, საზოგადოებაში აქტიურად განიხილება – არის თუ არა ანალოგიური პრაქტიკა სხვა ქვეყნებში და რამდენად კანონიერია სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლების გამოყენება. ჯერ ერთი, ამ უფლების გამოყენება და მითუმეტეს აღსრულება დემოკრატიულ საზოგადოებებში განსხვავებულ ფორმატში, თავისუფალი სასამართლო ინსტიტუტების მეშვეობით ხორციელდება და არა – შპს-ებისთვის ამ უფლების დელეგირების გზით. მეორეც, კანონიერი ჯერ კიდევ არ ნიშნავს სამართლიანს. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. ექსპროპრიაციის უფლება შესაძლებელია იყოს კიდეც სამართლიანი, თუმცა ერთმნიშვნელოვნად უსამართლოა.
– რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ ბრძანებულების მიხედვით საკუთრების დათობა მოუწევთ? აქვთ თუ არა მათ რაიმე შანსი, დაიცვან საკუთარი უფლებები?
– ექსპროპრიაციის უფლების წინააღმდეგ, რაც სახელმწიფოს კანონით აქვს მინიჭებული, სამწუხაროდ, მესაკუთრეები უძლურნი არიან. აქ საზოგადოებრივ ძალისხმევასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას აქვს მხოლოდ და მხოლოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა სახელმწიფომ უარი თქვას და საბოლოოდ ხელი აიღოს ექსპროპრიაციის, როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტის, გამოყენებაზე. საზოგადოება კი, რომელიც ამას დაუშვებს, ვფიქრობ, ნამდვილად არ შეიძლება მორალური და ლიბერალური ღირებულებების მატარებელ საზოგადოებად ჩაითვალოს.
ესაუბრა თეო ტაბატაძე
ინფორმაციისთვის: შუა ნიუ ორკში თითქმის საუკუნეზე მეტია (ამ ცნობილ ფაქტზე კინოფილმიც არის შექმნილია) დღემდე დგას მეწაღის (ხის) ჯუხური რომელიც ვერც სახელმწიფომ, ვერც ნიუ-იორკის მერიამ და ვერც კერძო ბიზნესმა ვერ აიღო – რადგან მეპატრონემ არ გაყიდა თავისი საკუთრება!
ყოველი დავა სახელმწიფოს და მოქალაქეს შორის (თუ ეს არ უქადის სახელმწიფოს და საზოგადოებას განადგურება – მოსპობას!) უნდა წყდებოდეს მოქალაქის სასარგებლოდ (რადგან სახელმწიფო არსებობს (და მისი არსებობის შინაარსია) მისი ცალკეული მოქალაქების კეთილდღეობის განვითარება, მათი მისწრაფებების და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და დაცვა.) – სამოქალაქო საზოგადოება!