Home რუბრიკები პოლიტიკა რა უნდათ ამერიკელებს ჩვენი ეკლესიისგან?

რა უნდათ ამერიკელებს ჩვენი ეკლესიისგან?

671

GEWORLD.NET:
აშშ-ის საელჩომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის წინააღმდეგ ქართული ეკლესია და საზოგადოების უდიდესი ნაწილი გამოვიდა. “საელჩო მიესალმება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, შეასწოროს ბევრი რელიგიური აღმსარებლობისა და კონფესიის იურიდიული სტატუსი,” – ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე 7 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში. საინტერესოა, რომ ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, 6 ივლისს, ამავე თემაზე სულ სხვა შინაარსის კომენტარი გაკეთდა; როგორც “პირჭელს” საელჩოში განუცხადეს: “ეს ქვეყნის შიდა საქმეა, თანაც საკმაოდ სენსიტიური საკითხი. ამდენად, ამერიკის საელჩო ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს”.

თუმცა ამ განცხადებიდან სულ რაღაც 24 საათში ამერიკელები ვერც “საკითხის სენსიტიურობამ” დააბრკოლა, ვერც იმან, რომ ის აშკარად საქართველოს შიდა საქმეებს მიეკუთვნებოდა. რა მოხდა ასეთი ამ ერთი დღის განმავლობაში?
ეშმაკი დეტალებშია და ყურადღება, ალბათ, ერთ ნიუანსს უნდა მივაქციოთ. გადაწყვეტილება, რამაც რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება შესაძლებელი გახადა, პარლამენტმა 5 ივლისს მიიღო. შესაბამის კანონს, სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, მიხეილ სააკაშვილმა ხელი პრაქტიკულად დაუყოვნებლივ მოაწერა (ეს იმავე დღეს, ან მაქსიმუმ 6-ში, დღის პირველ ნახევარში მოხდა). თუმცა ეს მეორე ფაქტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ 7 ივლისს გახდა. საპატრიარქო  და საზოგადოების წარმომადგენლები 6-შიც და 7-შიც მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებდნენ, კანონის მიღება შეეჩერებინა (ვეტოს უფლება გამოეყენებინა); მათ არ იცოდნენ, რომ სააკაშვილს კანონზე ხელი უკვე მოწერილი ჰქონდა.
ძნელი დასაჯერებელია, რომ საელჩო არ ფლობდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სააკაშვილმა დოკუმენტს ხელი მოაწერა ან ამის გაკეთებას რამდენიმე საათში აპირებდა. მაგრამ თუ ამერიკელები პარლამენტის გადაწყვეტილებას 6-ში მიესალმებოდნენ, ამას, ძალიან დიდი ალბათობით, საზოგადოების ისეთივე მწვავე რეაქცია მოჰყვებოდა, როგორიც აშშ-ის ელჩის 25 მაისის განცხადებას; მაშინ კომენტატორების დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ჯონ ბასმა სააკაშვილს მიტინგის დარბევაზე “მწვანე აუნთო”. ამგვარად, ამერიკელი დიპლომატები დაელოდნენ სააკაშვილის მიერ კანონის ხელმოწერის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელებას და პოზიცია მხოლოდ ამის შემდეგ დააფიქსირეს. საბოლოო ჯამში, აბსურდული შედეგი მივიღეთ: 6 და 7 ივლისის განცხადებები ერთმანეთს აშკარად ეწინააღმდეგება.
თუმცა ეს დეტალებია, მთავარი კი ისაა, რომ აშშ-ის საელჩომ, სააკაშვილის პარლამენტის გადაწყვეტილებას მხარი სწორედ იმ მომენტში დაუჭირა, როდესაც საპატრიარქო და ქართველი მართლმადიდებლები მას აქტიურად აპროტესტებდნენ; ამოსავალი წერტილი, ალბათ, სწორედ ეს არის.
საქართველოში სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა მშვიდობიანი თანაცხოვრება ათასწლეულების განმავლობაში გრძელდება. ერთმანეთის პატივისცემა, სადავო საკითხების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა მათ შორის ურთიერთობის ნორმად გაცილებით ადრე იქცა, ვიდრე ჯორჯ ვაშინგტონი ცხენს შეაჯდა და ქრისტეფორე კოლუმბი ხიდან გადმოვარდა. საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა საქართველოს ხელისუფლებისა და ეკლესიის თანაარსებობისა და თანამშრომლობის ფორმები, ნებისმიერ გარე (თუნდაც ლამაზად შეფუთულ) ჩარევას ამ ურთიერთობებში ქართული საზოგადოება ყოველთვის ეროვნული უსაფრთხობის ხელყოფად განიხილავდა.
თუ ამ სიტუაციას უცხო იმპერიის გადასახედიდან განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ის მენეჯმენტთან დაკავშირებულ პრობლემებს ქმნის. საქართველოს ნებისმიერი მმართველი ყოველთვის ვალდებული იქნება მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიცია გაითვალისწინოს. ეს გარემოება კი მუდამ შეუშლის ხელს უცხოელ მანიპულატორებს იმაში, რომ იგი “იდეალურ მარიონეტად” გადააქციონ. აგრეთვე, მათ გაუჭირდებათ სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებს შორის დაპირისპირების გაღვივება და, შესაბამისად, მათი იოლი მართვა, დაახლოებით ისე, როგორც ეს ლიბანში მოხდა.
ბოლო ორმა თვემ საქართველოში “ხიდების დაწვის” ნიშნით ჩაიარა, დაპირისპირება ხელისუფლებასა და საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს შორის იზრდებოდა. მაგალითად, 26 მაისის შემდეგ, ბევრ ადამიანს აბსოლუტურად აღარ აინტერესებს, რას იტყვის ან გააკეთებს სააკაშვილი, რადგან მასთან სალაპარაკო აღარაფერი აქვთ; მათსა და ხელისუფლებას შორის გადაულახავი უფსკრული გაჩნდა, კომუნიკაცია შეწყვეტილია, ორმხრივი სიძულვილის გარდა სხვა გრძნობები აღარ დარჩა. 26 მაისმა მკვეთრად შეამცირა ხელისუფლების დამოკიდებულება საზოგადოებრივ აზრზე, ამომრჩევლის განწყობაზე; რადგან იმ დღეს მან პრინციპული არჩევანი გააკეთა და სამომავლო საყრდენად ხიშტები (ხელკეტები) აირჩია.
კიდევ ერთი (ალბათ, გაცილებით დიდი) უფსკრული ივლისის დასაწყისში გაჩნდა. ძნელი წარმოსადგენია, რომელიმე მართლმადიდებელს ოდესმე სააკაშვილისთვის ხმის მიცემის ან მისი მოსმენის სურვილი გაუჩნდეს მას შემდეგ, რაც მან პატრიარქის პოზიცია ასე დემონსტრაციულად უგულებელყო.
ასეთი “უფსკრულების” სწრაფი გაჩენა ხელისუფლების საზოგადოებისგან დისტანცირებაზე, მის იზოლირებაზე მიანიშნებს. რაც უფრო “თავისუფლდება” სააკაშვილი საზოგადოებისგან (და მასთან ურთიერთობით გამოწვეული შეზღუდვებისგან), მით უფრო მიბმული ხდება ის უცხოურ, უპირველესად, ამერიკულ მხარდაჭერაზე, ისევე, როგორც ტოტიდან მოწყვეტილი ფოთოლი ქარზე დამოკიდებული ხდება. დღეს სააკაშვილი, სავარაუდოდ, უკვე ისეთ მდგომარეობაშია, რომ დასავლელ პარტნიორებს შეუძლიათ ხელი ნებისმიერ, მათ შორის კატასტროფულ გადაწყვეტილებაზე მოაწერინონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკურ სანაგვეზე იოლად მოისროლონ (ერთი მეორეს არ გამორიცხავს).
ამასთანავე, საპატრიარქო, პრაქტიკულად, ერთადერთი ინსტიტუტია  ქვეყანაში, რომელზეც უცხოურმა “მენეჯმენტმა” კონტროლის დამყარება ვერ მოახერხა; ის დღემდე “აუღებელი ციხესიმაგრეა”. ამ კონტექსტში გარკვეული ძალების მიერ სააკაშვილის პატრიარქის წინააღმდეგ “ამხედრების” ხელშეწყობა სავსებით ლოგიკური ჩანს.
მზადება ამ შეტევისთვის (უფრო სწორედ “დიდი შეტევის” ამ ეტაპისთვის), სავარაუდოდ, საკმაო ხნის წინათ დაიწყო. “კარნეგის ფონდის” წამყვანი ექსპერტი თომას დე ვაალი, რომლის პუბლიკაციებში გატარებული აზრები, როგორც წესი, ოდნავ წინ უსწრებს სააკაშვილის ხელისუფლების შესაბამის პოლიტიკურ ნაბიჯებს, 27 იანვარს The National Interest-ში წერდა: “პატრიარქმა პოლიტიკაშიც შეაბიჯა, მაგალითად მან საქართველოს განათლების სადავო მინისტრი დიმიტრი შაშკინი გააკრიტიკა. რუსეთში მთელი მისი ძლევამოსილების მიუხედავად, წარმოუდგენელია, რომ პატრიარქი მმართველ ელიტას საკვანძო პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუპირისპირდეს. საქართველოში ახლა ეს შესაძლებელია და პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს აღმოაჩინა, რომ ჰყავს ერთი პოტენციური კრიტიკოსი, რომელიც თავად კრიტიკაზე მაღლა დგას”.
დე ვაალის ეს წერილი, “პატრიარქების გაზაფხული”, თითქოსდა განგებ ისე იყო შედგენილი, რომ სააკაშვილზე გარკვეული ზემოქმედება მოეხდინა. მაგალითად, ნათქვამი იყო, რომ პატრიარქის “გამაოგნებელი რეიტინგი” ბევრად აღემატება სააკაშვილის რეიტინგს; ხაზი გაესვა იმას, რომ პოლიტიკოსებს ამ “ძლევამოსილ სიმბოლოსთან” (პატრიარქებთან საქართველოსა და რუსეთში) “ასოცირება სჭირდებათ”, ხოლო პატრიარქები “ამ ვითარებას თავისი პოლიტიკური მიზნების გასატარებლად იყენებენ”. ამასთანავე, დე ვაალი კიდევ ერთ, ერთობ პროვოკაციულ თემას შეეხო. მან დაწერა, რომ საქართველოსა და რუსეთის პატრიარქები ერთმანეთთან კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებენ და იქვე დასძინა: “მოსკოვის პატრიარქი “ახლო საზღვარგარეთში”, ალბათ, რუსეთის რბილი ძალის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია”.
სააკაშვილის პროვოცირებასა და ჭკუიდან გადაყვანას მეტი რაღა უნდოდა? მაგრამ ნუ წარმოვიდგენთ, რომ თომას დე ვაალი ერთგვარი “დემონია”, რომელიც სააკაშვილს აცდუნებს, მას, უბრალოდ (ნაწილობრივ), სააშკარაოზე გამოაქვს ის აქტუალური თემები, რომლებზეც საქართველოს მმართველები და მათი ანგლო-ამერიკელი პარტნიორები, სავარაუდოდ, კულუარებში საუბრობენ.
ივნისში კი ამავე ექსპერტმა გამოაქვეყნა მოხსენება საქართველოზე, სადაც ერთი ძალიან უცნაური პასაჟი იყო, “ანგარიშში სპეციალური სამკუთხედი მაქვს მოცემული, სადაც საქართველოს განვითარების მოდელები მაქვს ასახული. პირველი – ეს არის ე.წ. სინგაპურის ლიბერტარიანული მოდელი; მეორეს, პირობითად, “ძველ საქართველოს” ვუწოდებ: იდეა ის არის, რომ საქართველომ უცხო ქვეყნების გავლენის გარეშე, საკუთარი რესურსების მობილიზებით უნდა იცხოვროს. ამ მოდელს შესაძლოა კულტურული თვალსაზრისით პატივი ვცეთ; სწორედ ეს მოდელი ითვალისწინებს ქართული ეკლესიის ძლიერებასა და პატივისცემას; და მესამე, ეს არის საქართველო ევროკავშირის კონტექსტში: სწრაფვა ევროპული ღირებულებებისა და ევროპული ბაზრისკენ. ვფიქრობ, ეს სამი მოდელი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება”, – განუცხადა დე ვაალმა ,,ინტერპრესნიუსს”.
გაუგებარია, რატომ გამორიცხავს მეორე ვარიანტი მესამეს: იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, საბერძნეთი და მთელი რიგი სხვა ქვეყნებისა მშვენივრად არსებობენ “ევროკავშირის კონტექსტში” ეკლესიის “ძლიერებისა და პატივისცემის” პირობებში. გაუგებარია ისიც, თუ რატომ უკავშირდებს დე ვაალი “მეორე ვარიანტს”, რაღაც გაურკვეველ იზოლაციონიზმს, რომელიც საქართველოსთვის დამახასიათებელი არასოდეს ყოფილა, არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური და არც კულტურული თვალსაზრისით; “ცხოვრება უცხო ქვეყნების გავლენის გარეშე” საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვას ჩვენი ქვეყნისთვის არასოდეს ნიშნავდა. თუმცა თომას დე ვაალისთვის იმ დღეს, როგორც ჩანს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო (ქართველი პოლიტოლოგების წინაშე გამოდიოდა), დაეფიქსირებინა “რადიკალური სხვაობა”, შეუთავსებლობა “მეორე” და დანარჩენ ვარიანტებს შორის. ამასთანავე, ძალზე საგულისხმოა, სიტყვა “ძველის” გამოყენება (“ძველი საქართველო”). ამ სიტყვას ანგლო-ამერიკულ პოლიტიკურ ტრადიციაში საინტერესო დატვირთვა აქვს.
პირველად პოლიტიკაში “ძველსა” და “ახლს” შორის მკაფიო ზღვარის გავლება საფრანგეთის რევოლუციის დროს მოხდა; Ancien Regime-ს, (“ძველ რეჟიმს”, “ძველ წყობას”) ყველა უბედურების პირველწყაროდ წარმოაჩენდა. შტატებში კი იმავე ზღვარის გავლებისთვის, გილიოტინის გამოყენება საჭირო არ გამხდარა, იქ I მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო დისკუსია იმის თაობაზე, განვითარების რა გზას უნდა დაადგეს ქვეყანა; სწორედ მაშინ მედიაში შემოგდებულ იქნა სლოგანი New Era და დაფიქსირდა მიჯნა “ძველ” და “ახალ” ერას შორის (ამ “ახალს” ადამიანები, ცხადია, აღიქვამდნენ როგორც “ჩვენს” და საკუთარ მომავალს მას უკავშირებდნენ).
ლიბერალური  ღირებულებები ეჭვქვეშ მაშინ არავის დაუყენებია, თუმცა საუბარი ერთბაშად სამი ტიპის ლიბერალიზმზე დაიწყო: new, old და false (ახალი, ძველი და ცრუ), მაგავსი რამ სხვა სფეროებთან დაკავშირებითაც მოხდა, მაგალითად, “ახალი დიპლომატია”, “ახალი ხელოვნება”, ეკონომიკა, მორალი და თავისუფლებაც კი. სიტყვა “ახალი” შენიღბვის მშვენიერ შესაძლებლობას ქმნიდა, ასე, რუზველტის “ახალი კურსის” (New deal, New Course) ბევრი რეფორმა არსით სოციალისტური იყო, თუმცა “სოციალისტურის” ნაცვლად (ამ სიტყვას ტაბუ ედო), მთავრობა მას, უბრალოდ, “ახალს” უწოდებდა. თანდათან სიტყვა “ახალი” კარგისა და პროგრესულის სინონიმად იქცა, ხოლო “ძველი” – დრომოჭმულისა და ცუდის, რაც პოლიტიკოსებისთვის ძალზე კომფორტული იყო. ცხადია,  რეალობასთან ამას საერთო არაფერი ჰქონდა: დაახლოებით იმავე პერიოდში ფაშიზმი სრულიად ახალი მოვლენა იყო, თუმცა “კარგს” მას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ (ისე, თავის დროზე იგივე რუზველტი მუსოლინის “აღტაცების ღირს” ადამიანად იხსენიებდა, თუმცა რას ვიზამთ, შეცდომა ყველას მოსვლია). New-ს მოხერხებული გამოყენება პოლიტიკურ რიტორიკაში ჩვენს დროშიც გრძელდება.
თომას დე ვაალმა კი საქართველოს მომავლის(!) ერთ-ერთ მოდელს, რომელიც “ქართული ეკლესიის ძლიერებასა და პატივისცემას ითვალისწინებს”, “ძველი საქართველო” უწოდა. ეს, ალბათ, საკმაოდ მკაფიო სიგნალი იყო იმ პოლიტოლოგებისთვის, რომლებიც მის გამოსვლას უსმენდნენ.
გამორიცხული არაა, რომ საკმაოდ სერიოზული ძალები აპირებენ, ხელი შეუწყონ ქართული საზოგადოების ცხოვრებაში ეკლესიის როლის მკვეთრ შეზღუდვას; სააკაშვილის ხელისუფლების გალაშქრება საპატრიარქოს წინააღმდეგ (ძნელია, მის ბოლოდროინდელ ქცევას სხვა სახელი მოუძებნო), ალბათ, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ვითარება, შესაძლოა, გაცილებით დრამატულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და მთელი რიგი საფრთხეებისა გამოაშკარავებული ჯერაც არ არის. ყოველივე მომხდარი, საკმაოდ დიდი ალბათობით, მხოლოდ დასაწყისია და შეტევის ახალი ეტაპი სულ მალე დაიწყება.
დიმიტრი მონიავა
  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here