GEWORLD.NET:
“საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება პოლიტიკური დევნილი ვახტანგ კომახიძე.
_ ბატონო ვახტანგ, ,,გლობალ პოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარემ შოთა უტიაშვილმა განაცხადა: “თუკი თქვენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს თვალს გადაავლებთ, დაინახავთ, რომ აქ ერთი გიგანტი და ბევრი ჯუჯაა”. გიგანტში მან, სავარაუდოდ, სააკაშვილი და ნაცმოძრაობა იგულისხმა, ჯუჯუებში კი _ დანარჩენი საქართველო… სწორედ ასეთ ჯუჯად ხომ არ მიიჩნია ხელისუფლებამ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, როდესაც დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლითაც მართლმადიდებლები “დუელში გამოიწვია”?
_ ეს ფრაზა ნამდვილად ადასტურებს, რომ პატივცემული უტიაშვილის შემოქმედებითი უნარი აშკარად ჩამორჩება პოლიციურს. პატივცემულს გრიმების ან დისნეის ესტეთიკასთან რაიმე შეხება რომ ჰქონოდა, შვიდი ჯუჯის ასოციაციას ასეთი პრიმიტიული ფორმით არ გამოიყენებდა.
იმავე ფრაზამ გამოამჟღავნა მისი კიდევ ერთი პრობლემა სამოქალაქო ღირებულებების თვალსაზრისით. რაც უნდა მცირერიცხოვანი იყოს ესა თუ ის სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფები, მათი ჯუჯებად მოხსენიება საჯარო პირის მხრიდან სამოქალაქო უფლებებზე თავდასხმაა.
თუმცა შესაძლებელია, უფრო მარტივადაც ითქვას: პატივცემული უტიაშვილი, უბრალოდ, პროპაგანდის რუპორია და უნიჭო ეპითეტებით ცდილობს თავისი დამქირავებლის – “ნაცმოძრაობის” პოლიტიკური ოპონენტების დაკნინებას.
რაც შეეხება იმას, გულისხმობდა თუ არა უტიაშვილი მართლმადიდებელ ეკლესიას ერთ-ერთ ჯუჯად, პოლიტტექნოლოგიური ოსტატობით შექმნილი სოციალური კვლევებითაც დასტურდება, რომ მართლმადიდებლები საქართველოში მცირე ჯგუფებს არ მიეკუთვნებიან. ამას გარდა, “ნაცმოძრაობის” გიგანტობაც პოლიტექნოლოგიური მითია, რადგან, როგორც საარჩევნო სუბიექტი, იგი მართლაც გიგანტს რომ წარმოადგენდეს, ხელისუფლება ხელის გადაგრეხის პოლიტიკას არ მიმართავდა საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის პროცესში.
საქართველოში უკვე მოქმედებს მიზანმიმართული პოლიტიკური ბრძოლის გზით ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ავტორიტარიზმი, რამაც დროულად მოახერხა არსებული და პოტენციური პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალება და ნაკლებსავარაუდოა, რომ რაიმე ტიპის საზოგადოებრივი ვნებათაღელვა ლიბანიზაციის მსგავს პროცესში გადაიზარდოს.
_ თუ ხელისუფლებამ შეძლო ეკლესიის მარიონეტად გადაქცევა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საბოლოოდ დამყარდება სააკაშვილის დიქტატურა?
_ არაერთი კათოლიკე ეპისკოპოსი თანამშრომლობდა ნაციზმთან. ომის შემდეგ ეს მათ თავის გადარჩენის მოტივით ახსნეს, თუმცა ამ თანამშრომლობამ ჰიტლერს ხელი შეუწყო დიქტატურის გაძლიერებაში. ნებისმიერ ავტორიტარულ რეჟიმს ესაჭიროება მასობრივი გავლენის სფეროებზე კონტროლი და ამას ხშირად გავლენის მქონე სუბიექტებთან თანამშრომლობით აღწევს.
ხელისუფლების მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაპირისპირება იმის გამოვლინებაა, რომ ეკლესია “ნაცმოძრაობამ” მარიონეტად ჯერ ვერ აქცია. მაგრამ სააკაშვილისთვის ეს ვერ იქნება შემაფერხებელი ფაქტორი დიქტატურისკენ სწრაფვაში. ეკლესია არაა პოლიტიკური ინსტიტუცია, ის პირდაპირ ვერასოდეს ჩაერევა პოლიტიკურ ბრძოლაში. მან შეიძლება დისკომფორტი შეუქმნას რეჟიმს, მაგრამ პოლიტიკურ კონკურენციას ვერასოდეს გაუწევს, რადგან ეკლესია ხელისუფლებასთან კონფრონტაციას მხოლოდ მაშინ მიმართავს, თუ სახელმწიფო ეკლესიის რელიგიურ ღირებულებებს შელახავს.
_ ცნობილია, რომ “ნაცმოძრაობას”, უხეშად რომ ვთქვათ, ფხასავით ეჩხირება ყელში მართლმადიდებელი ეკლესიისა და უწმინდესის ავტორიტეტი და მათი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მიდის ხან ღია, ხანაც ფარული დაპირისპირება ეკლესიასთან… როგორ ფიქრობთ, გარეგინ მეორის “კაპრიზით” მიღებული კანონით შეძლებს “ნაცმოძრაობა” მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტის შელახვას?
_ თუ სამოქალაქო და ბიზნეს სფეროში გავლენის მოპოვება შესაძლებელი იყო წილების გადაფორმებითა და მმართველობითი რესურსების ჩანაცვლებით, რაც იოლად მიიღწეოდა ციხის საკნისა და შეკრული ნოტარიუსის საშუალებით, ეკლესიის მმართველობაზე გავლენის მოსაპოვებლად ციხის საკნისა ნოტარიუსის ცნობილი პრაქტიკა ვერ გამოდგებოდა.
შსს არქივში ნამდვილად ინახება კონკრეტულ სასულიერო პირებზე კომპრომატები და ეს საპატრიარქოსთვისაც ცნობილია.
_რა გზებით მოპოვებულ და რა ხასიათის კომპრომატებზეა საუბარი?
_ეს მასალები შს სამინისტროს, რა თქმა უნდა, უკანონოდ აქვს მოპოვებული და ისინი მორალური სამხილებისგან შედგება და არა კრიმინალურისგან. ამ მასალას შინაგან საქმეთა სამინისტრო ტრადიციული ვიდეოსამხილების სახით ვერ გაავრცელებს “იმედისა” და “რუსთავი 2”-ის საშუალებით, მაგრამ ისინი შეიძლება გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლის საშუალებად ქცეულიყო.
ეკლესიის დაშანტაჟების ასეთ გზას სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მიმართა და შესაძლებელია, დღეს გადაწყვიტა, რომ შეტევის უფრო აქტიურ ფაზაში გადასვლის დრო დადგა. რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის კანონის მიღების გამომწვევი ფორმა შეიძლება რამდენიმე მიზანს ემსახურებოდა:
1. ხელისუფლებას გათვალისწინებული ჰქონდა მართლმადიდებლების რეაქცია და ამ პროცესით დასავლეთს დაანახებდა, რომ ფუნდამენტალიზმთან უწევს გამკლავება, რაც მოითხოვს ავტორიტარული რესურსების გამოყენებას;
2. ხელისუფლებას სურდა პატრიარქის ჩათრევა პოლიტიკურ დაპირისპირებაში და ამ პირობებში გაეძლიერებინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მომხრე ეპისკოპოსები;
3. ეკლესიის გამოწვევა პოლიტიკური ბრძოლის არენაზე და საზოგადოებისთვის იმის დამტკიცება, რომ ეკლესია არაა საიმედო დასაყრდენი პოლიტიკურ ბრძოლაში, რაც დღევანდელ რეალობაში სააკაშვილთან დაპირისპირების უპერსპექტივობის რწმენას კიდევ უფრო მეტად ამყარებს.
თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ პრობლემა სპონტანურად წარმოიშვა და შემდეგ პროცესის გასანეიტრალებლად დამუშავებული სქემები ამოქმედდა.
გარეგინ მეორეს კაპრიზად წოდებული საკითხი კი წლების განმავლობაში დგას ქართული საზოგადოების წინაშე და გადაწყვეტას საჭიროებს. ეს საკითხი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რადგან ათასობით ეთნიკურად სომეხი საქართველოს მოქალაქის უფლებებს ეხება. და სულაც არაა ქართული საზოგადოებისთვის შეუძლებელი ისეთი პოზიციის ჩამოყალიბება, რომ ამ საკითხებით სპეკულირებას პერსპექტივა აღარ ჰქონდეს. ამ მიზნით, რამდენიმე ფრაგმენტს შეგახსენებთ ილია ჭავჭავაძის “ქვათა ღაღადიდან”:
“ძნელი მოსათმენნი არიან ეს ხუდაბაშოვები, პატკანოვები, ქიშმიშოვები, ეზოვები, არწრუნები და ერთობ იგი ერთი გუნდი სომხებისა, რომელთაც ღმერთმა მოახმაროთ თავიანთთათვის ქება-დიდება და ჩვენს მოთხრას კი _ ნურას უკაცრავად! _ ვერ შევარჩენთ, ვერ დავანებებთ და ამაში, იმედია, ყველა ჭკვათამყოფელი სომეხი დაგვეთანხმება. აი, სწორედ აქ არის თავი და ბოლო, დასაბამი და დასასრული იმ მწვავის განხეთქილებისა, რომელიც ასეთის გულმოდგინებით შთამოსთესეს ჩვენში უმეცართა მეცნიერთა და ერთმანეთზე აალურსეს ქართველი და სომეხი. ამით, სწორედ ამ პირმოშვებულმა ფილოსოფოსებმა გაუფუჭეს გული ქართველებს სომხებზე და სომხებს ქართველებზე, თორემ სად იყო ჩვენში ამ ორმოც-სამოცის წლის წინად ერთმანეთის ასეთი ათვალწუნება! ერთმანეთში არ ვირჩეოდით და, თუმცა სხვადასხვა მოდგმისანი და სარწმუნოებისანი ვიყავით, მაგრამ სომხობით ქართველის ძულებას და ქართველობით სომხებისას ჩვენში ადგილი არა ჰქონია ჩვენდა საერთო საბედნიეროდ და სასახელოდ”.
“ჩვენ კარგად ვიცით, რომ წინანდელ საქართველოს უძლურება დაიწყო იმ უბედურ დღეთაგან, როცა-კი პირქვე დაემხო სომხეთი _ ეგ ჩვენი წინანდელი ზღუდე სამხრეთით. ჩვენ ჩრდილოეთით ვინახავდით სომხეთს და სომხები ჩვენ გვინახავდნენ სამხრეთით”.
“დაეცა სომხეთი და სამხრეთის კარი ღია დარჩა საქართველოში შემოსასევად”.
“ღონემიხდილმა და დაქანცულმა საქართველომ აიღო თავი და შეაფარა დიდ რუსეთის იმპერიას, მტერს არ დაჰნებდა და მეგობართაკენ პირი ჰქმნა და გული მიიბრუნა…”
_ საქართველოში კუდიანებზე ნადირობის ახალი სეზონი გაიხსნა… ცოტა ხნის წინათ დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილის “მიმდევრები”, რომლებსაც თურმე რამდენიმე ავტომატითა და “ტროას ზილით” უნდა დაემხოთ სააკაშვილის ხელისუფლება… რამდენად სარწმუნოდ შეფუთა ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა?
_ თუ საქართველოში ამ ეტაპზე არსებობდა იმის პოტენციალი, რომ სააკაშვილი რამე ფორმით ჩამოეცილებინათ ხელისუფლებისგან, ოქრუაშვილის მაგივრობას ვინმე შეეცდებოდა. ყველამ ვიცით, რომ ოქრუაშვილს ჰყავდა გარკვეული მხარდამჭერები, მაგრამ ეს მხარდაჭერა სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხებას ვერ უზრუნველყოფდა. შესაბამისად, არც ოქრუაშვილს ექნებოდა იმის ილუზია, რომ “ზილის” საშუალებით სახელმწიფო გადატრიალებას შეძლებდა და შესაბამისად, აბსურდულია ვარაუდი, რომ მან ასეთი გადატრიალება დაგეგმა. მითუმეტეს, თვალსაჩინო გახდა, თუ როგორი ძალადობით იკერება საქმის მასალები.
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მზადაა, შემოიჭრას ზილებით, მაშინ ის შემოიჭრება ტანკებითაც. ამ შემთხვევაში კი მას ვერც უოქრუაშვილობა შეაფერხებს და ვერც ქართული პარტიის წინააღმდეგ საქმის თხზვა. ამიტომ მთელი ეს კამპანია საზოგადოების ტერორიზების მორიგი რაუნდი იყო.
_ რამდენიმე დღის წინ მორიგი “ჯაშუშური ქსელი გაიშიფრა”… გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ ქართველი ფოტორეპორტიორები და ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ თურმე ეს ადამიანებიც რუსეთის აგენტები ყოფილან… რას იტყვით “რეპორტიორების საქმისა” და საერთოდ სიტყვის თავისუფლების შესახებ საქართველოში?
_ მთავარი კითხვა, რაც “რეპორტიორების საქმესთან” დაკავშირებით ჩნდება, ისაა, რომ არც ფოტორეპორტიორებს და არც იმ საჯარო პირებს, ვინც ფოტოგრაფად მუშაობდა, არ ჰქონდათ “საიდუმლო მასალებთან დაშვების უფლება”. მაგრამ, თუ ფოტოგრაფებმა მოახერხეს საიდუმლო დოკუმენტების ფოტოგრაფირება, ეს უნდა მომხდარიყო იმ ადამიანის ხელშეწყობით, ვისაც ასეთი “დაშვება” ჰქონდა. სადაა ასეთი ბრალდებული?
ამის გარდა, არის ერთი საინტერესო დეტალი: საერთოდ, გამოძიების დროს გამომძიებელი თითოეულ მოწმესა და ეჭვმიტანილს ცალ-ცალკე ჰკითხავს. შეადარეთ ერთმანეთს ირაკლი გედენიძისა და მისი მეუღლის ჩვენებები. ისინი ლექსიკურადაც ერთნაირი შემადგენლობისაა. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ორივე ერთი და იმავე წყაროსგან მიწოდებულ ტექსტს იმეორებს.
საქმის მასალების არქონის გამო, რა თქმა უნდა, შეუძლებელია იმის შეფასება, კონკრეტულად რა ფოტომასალის გავრცელების გამო წაეყენათ ბრალი ფოტოგრაფებს, მაგრამ, თუ დადასტურდა, რომ ეს მასალები საიდუმლო გრიფით არაა დაცული, მაშინ გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ შელახვასთან გვაქვს საქმე.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდების სამხილებს წარმოადგენს ფოტოგრაფის კომპიუტერში აღმოჩენილი მასალები პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტზე და პრეზიდენტის რეზიდენციის ნახაზები.
მე ხშირად დამინახავს სააკაშვილის გადაადგილება და გარკვეული წარმოდგენა მქონდა მისი გადაადგილების მარშრუტზე, მაგრამ, ამის შესახებ რომ ინფორმაცია გამევრცელებინა, არ იქნებოდა დანაშაული, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის ესკორტირების დეტალები საიდუმლოა.
ზოგიერთი ქვეყნის პრეზიდენტის რეზიდენციაში კი ექსკურსიაცაა დაშვებული და ფოტოგრაფის კომპიუტერში პრეზიდენტის რეზიდენციის ფოტოების აღმოჩენაც არ ნიშნავს ცალსახად საიდუმლო იფორმაციის გამჟღავნებას. ამიტომ შეფასება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც გაირკვევა, რა ინფორმაციის გავრცელებას ედავებიან ფოტოგრაფებს.
_ არსებობს ვერსია, რომ ამ ადამიანების დაპატიმრების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის “თანამდებობისთვის შეუფერებელი” ფოტოები გახდა, რომლებიც მათ ობიექტივში მოხვდა…. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტი, რომ მათ დაპატიმრებამდე რამდენიმე საათით ადრე ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია აღმოჩნდა ჰოსპიტალიზირებული, ხოლო პრეზიდენტის პრესსამხურის უფროსმა ნათია ბანძელაძემ და გიორგი ბარამიძემ მიიღეს სხვადასხვა სახის ტრავმები… რეპორტიორთა დაკავებას რა გაგრძელება მოჰყვება და ხომ არ მიიღებს მედიის რეპრესიული მეთოდებით გაჩუმების პრაქტიკა მასიურ და პერმანენტულ ხასიათს?
_ იმის მიუხედავად, თუ რა ისტორიას ემსხვერპლა პოლიტიკური ბომონდის ჯანმრთელობა, საეჭვოა, რომ ასეთი მიზეზის ფოტოგრაფირების გამო დაეპატიმრებინათ ფოტოგრაფები, რადგან ბომონდის პიკანტურ თავგადასავლებზე დაშვებული ფოტოგრაფი აცნობიერებს, რომ ფოტოების გავრცელების შემთხვევაში იგი იდენტიფიცირებული იქნება, ხოლო თუ იგი შეგნებულად მიდის ამ ნაბიჯზე, საეჭვოა, ასე იოლად დათანხმდეს ნაკარნახევი ჩვენების გამეორებაზე.
დიდი ალბათობით, არც ბრალდებაში წაყენებული ფაქტებია ფოტოგრაფების დაკავების რეალური მიზეზი, რადგან ასეთ შემთხვევაში, ოპერატიული მუშაობით გაცილებით სერიოზული სამხილების მოპოვებამდე (ვიდრე გაავრცელეს) მათ არ დააპატიმრებდნენ. სხვათა შორის, არც პრეზიდენტს ეტყოდნენ დაკავებამდე მხოლოდ ნახევარი საათით ადრე, რომ მისი პირადი ფოტოგრაფი ჯაშუშობაში იყო ეჭვმიტანილი.
2006 წელს დააპატიმრეს “თბილგაზის” დირექტორი გია გვიჩიანი. მას “თელასის” ფინანსური მენეჯერის მკვლელობის დაკვეთაში წაუყენეს ბრალი და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. იმ საქმის მასალები საიდუმლო გრიფით არ იყო დაცული და უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ ეს საქმე ფალსიფიცირებულია. სწორედ გია გვიჩიანის დაპატიმრების დღეს გაირკვა, რომ გირგვლიანის მკვლელობაში შსს-ს მაღალჩინოსნები და ვანო მერაბიშვილის ცოლი იყვნენ გარეული.
იმავე წელს ცნობილი “ციხის ბუნტის” დროს დააკავეს სიმონ კილაძე, რომელსაც ჯაშუშობა წაუყენეს ისე, რომ არც საიდუმლო მასალებთან ჰქონდა დაშვება და ვერც ის დაადგინა გამოძიებამ კონკრეტულად ვის სასარგებლოდ ჯაშუშობდა სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომელი.
ყველა ამ საქმეს ერთი რამ აერთიანებს, საეჭვოა მათი სამართლებრივი საფუძველი და ისინი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის პარალელურ პიარტექნოლოგიად იყო გამოყენებული.
რეპრესიული მეთოდებით მედიას, უკვე დიდი ხანია, აჩერებენ და ეს ხდება ხელისუფლებისთვის საჭირო ნებისმიერ მომენტში. თუ რეპრესიული მეთოდი ყოველდღიურად არ მოქმედებს, ეს ისევ ხელისუფლების ფასადურ დემოკრატიას სჭირდება.
_თქვენი პოლიტიკურ დევნაში ყოფნის პერიოდი, ალბათ, საკმარისი დროა იმისთვის, კარგად გაცნობოდით ევროპულ რეალობას. თქვენი აზრით, რა რეაქცია ექნებოდა ევროპულ საზოგადოებას, თუკი ადგილობრივი ხელისუფლება დემონსტრაციულად (თუნდაც მაროკოელი მუსლიმების ან ძველევროპელი დრუიდების “საამებლად”) მიიღებდა კანონს, რომელიც დააკნინებდა ისეთი ტრადიციული კონფესიის მდგომარეობას, როგორიცაა კათოლიკური ეკლესია; აბუჩად აიგდებდა კათოლიკეთა რელიგიურ გრძნობებს და შეურაცხყოფდა, მიზანმიმართულად დამამცირებელ კონტექსტში წარმოაჩენდა რომის პაპის ავტორიტეტს?
_ევროპაში არ არიან მხოლოდ კათოლიკეები, არიან პროტესტანტები, ლუთერანები და ასე შემდეგ. ისინი სრულიად ჰარმონიულად თანაარსებობენ ყოფით ცხოვრებაში. საზოგადოებრივი ან რელიგიური ჯგუფების ვერც ერთ წარმომადგენელს ხელისუფლება ღირსების შემლახველ პირობებში ვერ ჩააყენებს. ათასობით არაბი მილიონერი ცხოვრობს შვეიცარიაში და სიამოვნებით მორთავდნენ ისინი ამ პატარა შვეიცარიას მეჩეთებით, მაგრამ ვერავინ ვერც მეჩეთს, ვერც სიყვარულის ხიდს და ვერც კათოლიკურ ეკლესიას ვერ ააშენებს საზოგადოებრივი თანხმობის გარეშე და დადგენილი წესების გაუთვალისწინებლად. იქ, სადაც საზოგადოება შეთანხმებულია, მეჩეთიც დგას, ბაპტისტების ტაძარიც და იეღოველების საკრებულოც. რომის პაპის ავტორიტეტის აღიარება სავალდებულო არავისთვის არაა, კანონებს კი პრობლემების გადასაჭრელად იღებენ და არა პრობლემების შესაქმნელად. რა თქმა უნდა, ამის ცოდნას ევროპაში ცხოვრება არ სჭირდება.
ესაუბრა მანანა ჩხეიძე