GEWORLD.NET:
სიტყვა «ხუმრობა» განიმარტება, როგორც «ენამახვილობა მსმენელთა გასამხიარულებლად; ოხუნჯობა» (ქეგლ, ტ. VIII). მისი ამოსავალი ფორმაა არაბულიდან ნასესხები «ხუმარ(ი)», ხოლო ამ უკანასკნელიდანაა ნაწარმოები «ხუმარა» _ ენამოსწრებული, ოხუნჯი. «ხუმარა» და «მასხარა» სინონიმებია _ «ეს არის სიტყვაკეთილი და გამაცინებელი კაცთა» (საბა), მაგრამ «მასხარას» ქართულში უფრო ფართო მნიშვნელობითაც იყენებენ; ესენია: 1. ოხუნჯი, ხუმარა; 2. ლაზღანდარა, სასაცილო, უმსგავსი, უხამსი; 3. კლოუნი; 4. (ისტ.) მეფის კარზე ან დიდებულის სასახლეში მსახური, რომელიც პატრონსა და სტუმრებს ართობდა ენაწყლიანი ოხუნჯობით, _ ხუმარა (ქეგლ. ტ. VIII). მასხარას უფლება ჰქონდა, ხმამაღლა ეთქვა ისეთი რამ, რასაც სხვები, ჩვეულებრივ, ვერ გაბედავდნენ, რაც კარგად ჩანს აკაკის ერთი პოეტური სტრიქონიდანაც: «ნეტავი შენ, რომ, როგორც მასხარას, რაც რომ გულში გაქვს, გათქმევინებენ».
როგორც ჩანს, «მასხარაც» რომელიღაც აღმოსავლური ენიდანაა ნასესხები, მაგრამ, კერძოდ რომლიდან, მთლად ნათელი არ არის. სულხან-საბა «მასხარას» სპარსულ სიტყვად მიიჩნევდა _ ქართულად «ნაღვინევს» ნიშნავსო. მაგრამ, ეტყობა, დიდი ლექსიკოგრაფი ამაში მთლად დარწმუნებული არ უნდა ყოფილიყო, რადგანაც სხვაგან უწერია _ «თათართა ენაა, ქართულად გამღივარი ეწოდებისო». ერთგან ამბობს _ «თურქთა ენააო». «მასხარის» წარმომავლობის ახსნის ასეთი ნაირგვარობა კი უთუოდ იმის მაჩვენებელია, რომ «სიტყვის კონის» ავტორმა იგი ყველა მის მიერ დასახელებულ ენაში დააფიქსირა, რაც მოულოდნელი სულაც არ არის; ადვილად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ, ვთქვათ, ერთი რომელიმე ენიდან (არაბულიდან ან სპარსულიდან…) ისესხეს იგი სხვა ენებმა და, მათ შორის, ქართულმაც, რომელშიც «მასხარამ» დაიკავა «ნაღვინევისა» და «გამღივარის» ადგილები. ამ ბოლო დროს კი «მასხარის» მნიშვნელობით თანამედროვე ქართულში ერთობ გააქტიურდა ოდესღაც ასევე სპარსულიდან ნასესხები სიტყვა «ჯამბაზი». მკითხველი უთუოდ მიმიხვდა, რომ მხედველობაში მაქვს ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ის ყოველკვირეული იუმორისტული გადაცემის წამყვანის _ ვანო ჯავახიშვილის მიერ საკუთარი თავის ხშირად მოხსენიება, როგორც «მთავრობის (ხელისუფლების) ჯამბაზისა». ასეთივე წარმატებით უწოდებს იგი თავის თავს «დემოკრატიის შუქურას» და ორივე ეს ზეწოდება, გარდა იმისა, რომ ისინი შეიძლება განვიხილოთ, როგორც წამყვანის სტატუსის გამიზნული, თვითირონიული შეფასება, მიზნად ისახავს ტელემაყურებლის მხრიდან მოსალოდნელი ანალოგიური დამოკიდებულების წინასწარვე განეიტრალებას. მიუხედავად იმისა, რომ «ჯამბაზი» ამ შემთხვევაში არასწორადაა გამოყენებული, წამყვანი მას სრულიად შეგნებულად ხმარობს და ამით, თითქოს შეუმჩნევლად, გვერდს უვლის სიტყვა «მასხარას», რომლის ერთ-ერთი მნიშვნელობა ზედმიწევნით ზუსტად მიესადაგება ტელეწამყვანის მიერვე მოგონილ საკუთარ სტატუსს (იხ. ზემოთ, მნიშვნ. 4), იმ განსხვავებით, რომ «მეფის კარის ან დიდებულის სასახლის» ნაცვლად უნდა ვიგულისხმოთ «პრეზიდენტის სასახლე ან მთავრობის სახლი (გნებავთ, _ პარლამენტი). საქმე ისაა, რომ «ჯამბაზი» არის თოკზე მოსიარულე, მუშაითი, რომელიც, როგორც წესი, არ ლაპარაკობს, მაგრამ მოგვიანებით ამ სიტყვამ «მასხარის» მნიშვნელობაც შეითავსა და ამან ტელეწამყვანის არჩევანის გამართლებას ერთგვარი საფუძველიც შეუქმნა. ამიერიდან, «მასხარის» (ანუ რამდენადმე ნეგატიური მახასიათებლებით შემკული პერსონაჟის) ნაცვლად ტელეწამყვანმა აირჩია შედარებით უფრო დადებითი თვისებებით გამორჩეული «ჯამბაზი», თუმცა ეს ყველაფერი უმნიშვნელო დეტალებია იმასთან შედარებით, რასაც ასეთი «აღიარება» ისახავს მიზნად. ცნობილია, რომ საკუთარი თავისადმი თვითირონიული დამოკიდებულება, ჩადენილი საძრახი საქციელის საჯაროდ «დაგმობა», ერთგვარად ამსუბუქებს და ანეიტრალებს ტელემაყურებლისგან მოსალოდნელ აგრესიას. მიზანი მარტივია: იმისათვის, რომ ქვეყნის ხელისუფალთა (მათ შორის და უწინარესად _ პრეზიდენტის) მიერ განხორციელებული ესა თუ ის ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულება, «მთავრობის ჯამბაზის» მიერ უნდა იქნეს საჯაროდ გაკრიტიკებული და დაგმობილი, თანაც, რაც შეიძლება, «მკაცრად» და «საფუძვლიანად», რაც იწვევს ამ ფაქტების მიმართ ქვეყნის მოქალაქეთა დამოკიდებულების «დარბილებას». თუ კარგად დავაკვირდებით, ადვილად დავინახავთ, რომ ამ «გამოცდილ მეთოდს» წარმატებით იყენებს სამივე სამთავრობო ტელეარხი; განსაკუთრებული ადგილი ამ «სახელისუფლო პიარაქციებში» უკავიათ იუმორისტულ გადაცემებს, რომლებიც შენიღბულად ეწევიან ბევრი სხვა მანკიერი მოვლენის პროპაგანდასაც, რითაც ადვილად ახერხებენ გამოუცდელ ტელემაყურებელთა მიმხრობასა და «გაბრიყვებული აუდიტორიის» ზომბირებას. ნიშანდობლივია, რომ ამ ე.წ. იუმორისტული იარაღის გამოყენება მეტწილად ხდება შენიღბულად და განსაკუთრებული აქცენტირებების გარეშე.
მაყურებელი უთუოდ შეამჩნევდა, რომ «ტელემასხრობათა», გნებავთ, «ტელეჯამბაზობათა» ავტორები, როგორც წესი, თითქოს გმობენ და საჯაროდ აკრიტიკებენ, ვთქვათ, ქვეყნის პრეზიდენტის ან სხვა რომელიმე ოფიციალური პირის საქციელს, იქნება ეს მისი პიროვნული თვისებები (ჟესტიკულაცია, ლაპარაკის ან სიარულის მანერა, ხელქვეითებისადმი დამოკიდებულება…) თუ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა შედეგებმა შესაძლოა გამოიწვიოს მოსახლეობის უკმაყოფილება. ასეთი თემები კი აურაცხელია: პარლამენტის გადატანა ქუთაისში, მილიონობით ტურისტის მოზიდვა, გზების მშენებლობა, დამეწყრილი ტერიტორიები, რუსეთის ჯაშუშები, პარლამენტის მიერ მიღებული კანონები, მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევა თუ სხვა. «მთავრობის ჯამბაზი» და მისი სხვა კოლეგები ფხიზლად დგანან ხელისუფლების სადარაჯოზე და წარმატებით ახორციელებენ «ნეიტრალიზაციის რეაქციას» (იმედია, სასკოლო ქიმიიდან გახსოვთ!).
სანიმუშოდ მოვიყვან ერთ მაგალითს: ამას წინათ «მთავრობის ჯამბაზმა» ინგლისურენოვან ენციკლოპედია «ბრიტანიკაში» დაფიქსირებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ასე იმასხრა: «ბრიტანულ ენციკლოპედიაში აღმოაჩინეს სომეხი მკვლევარების მიერ გაკეთებული ჩანაწერები, სადაც ქართული დამწერლობა სომხების შექმნილიაო, ესეთი რაღაც წერია. გამორიცხულია ეს ამბავი, გამორიცხულია, ეხლა, ქართულ ანბანში არის 33 ასო. 33 და, სომხების შექმნილი რომ იყოს, ეხლა, იქნებოდა ჰა-ჰა _ 20-22» («ვანოს შოუ», 8/07-2011). დამოწმებულ მონაკვეთში «ჯამბაზს» რამდენიმე უზუსტობა გაეპარა: 1) რას ნიშნავს _ «აღმოაჩინეს სომეხი მკვლევარების მიერ გაკეთებული ჩანაწერები?» ენციკლოპედიაში შეტანილ ინფორმაციას (თუნდაც იგი მცდარი იყოს) რაღა აღმოჩენა უნდა ან ვინ აღმოაჩინა? 2) სომეხმა მკვლევარებმა როგორ გააკეთეს ჩანაწერები ენციკლოპედიაში? იმედია, «ჯამბაზს» ენციკლოპედია უბის წიგნაკი ან რვეული არ ჰგონია. თუ იმას გულისხმობს, რომ «ბრიტანიკის» ავტორებმა ასეთი ინფორმაცია შეიტანეს ხსენებულ გამოცემაში, ეს სხვა საქმეა. 3) იქ არ წერია «ქართული დამწერლობა სომხების შექმნილიაო». ერთ კონკრეტულ სომეხზე _ მესროპ მაშტოცზეა საუბარი და არა _ ზოგადად სომხებზე.
ერთია, რომ ეს უსერიოზულესი საკითხი «ჯამბაზმა» მასხრობის საგნად აქცია და ამით თითქოს ცივი წყალი აპკურა ამ _ მანამდეც არაერთგზის გახმაურებული _ უმსგავსობით გაღიზიანებულ ქართველთა მღელვარებას, მაგრამ, ნებსით თუ უნებლიეთ, პატივცემულმა «ჯამბაზმა» თვალსა და ხელს შუა აგვაცალა ქართული ანბანის 5 ასო: დიახ! ბატონო ვანო, ასომთავრული 38 ასონიშნისგან შედგება, ხოლო ის 33, რომელიც თქვენ გახსოვთ, თანამედროვე მხედრული ანბანის ასოებია; ის, რომ სომეხი მესროპ მაშტოცი ჩვენთვის 20-22 ასო-ნიშანზე მეტს ვერ გაიმეტებდა (იმიტომ, რომ ძუნწი სომეხია, როგორც თქვენ გულისხმობთ), მე ამ ხუმრობის «კბილების გასინჯვას» არ ვაპირებ, მაგრამ დასანანია, თუ ქართველმა ტელეწამყვანმა არ იცის, რამდენი ასოა მისი ენის ანბანში _ ასომთავრულში, ნუსხურში ან, თუნდაც, მხედრულში. ამ უკანასკნელშიც ხომ XIX საუკუნის მე-2 ნახევრამდე, აგრეთვე, 38 ასონიშანი გვქონდა, რომლებსაც ძველ ქართულ ტექსტებში ან დიალექტური მასალების ჩაწერისას დღესაც ვიყენებთ. სასურველია, ასეთ თემებზე მასხრობისას მეტი წინდახედულება გამოვიჩინოთ (!).
სანამ «ხელისუფლების ჯამბაზები» ტელემაყურებლებს ამგვარი მასხრობებით ართობენ, ქართული ენა გაივსო კონტრაბანდული უცხოური ლექსიკით, რომელთა შემოტევამ უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. აღნიშნულის საილუსტრაციოდ შემიძლია აურაცხელი მაგალითის მოყვანა, მაგრამ ამჯერად უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია მკითხველის ყურადღების გამახვილება ამ ყოვლად უკანონო ლექსიკის ენაში შემოტანისა და დამკვიდრების პროცესებზე. თავის დროზე არაერთი მძაფრი შენიშვნა გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ახალგარემონტებული «რესპუბლიკური საავადმყოფოს» ფასადზე გაჩნდა ინგლისურენოვანი წარწერა _ EMERGENCY. თითქოს საავადმყოფოზე მისაწერი ქართული სიტყვა მანამდე არ გვქონოდეს. მას მერე ჯანდაცვის მინისტრი ორჯერ შეიცვალა, მაგრამ EMERGENCY _ ისევ ისე _ ამერიკულად გვიმზერს. გაინტერესებთ, რას ნიშნავს EMERGENCY? _ კონტექსტს გააჩნია, მას ბევრი მნიშვნელობა აქვს: «საგანგებო», «სასწრაფო», «გადაუდებელი», «ავარიული»… როგორც ხედავთ, ყველა მათგანი ზედსართავი სახელია, ეტყობა ამიტომაც ვერ «გარისკეს» ქართული მედიცინის თანამედროვე მამებმა ამ ქართული შესატყვისებიდან რომელიმეს არჩევა. უფრო მეტიც: როგორც ჩანს, სადღაც ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ, დროა, სიტყვა «ემერჯენსი» ამ სახით ქართულ სალიტერატურო ენაშიც დავამკვიდროთ და ამ გზით კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ დასავლურ (ალბათ, _ ამერიკულ!) სამყაროს. ასე რატომ ვფიქრობ? _ თავად განსაჯეთ: მოგეხსენებათ, ამ ბოლო დროს რიკოთის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე სტიქიის გამძვინვარების შედეგად რა ტრაგედიაც დატრიალდა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იმისთვისაც მოგიკრავთ, ალბათ, ყური, რომ მძღოლთა უპასუხისმგებლობისა და დაუდევრობის გამო ხსენებულ ტერიტორიაზე ხშირია ავტოსაგზაო კატასტროფები, რასაც, როგორც ჩანს, მომავალშიც უნდა ველოდეთ, რისთვისაც საქართველოს მთავრობა აქედანვე იჭერს თადარიგს; სიტყვა «თადარიგის» ხსენებაზე უთუოდ მოგაგონდებოდათ პრეზიდენტ სააკაშვილის «წინდახედული» გამონათქვამი, გმირთა მოედანზე აღმართული ობელისკის გახსნაზე რომ ბრძანა: საქართველოსთვის დაღუპული ბიჭების სახელებია ზედ ამოტვიფრული, მაგრამ სამომავლოდ ცარიელი ადგილებიც ბევრი გვაქვსო დატოვებული (!). აი, ამას ჰქვია თადარიგიანი კაცის ნააზრევი. კინაღამ სიტყვა გამექცა. ისევ რიკოთს დავუბრუნდეთ; ჰოდა, უღელტეხილის მისადგომებთან ჩვენი მთავრობა აშენებს სამედიცინო ობიექტს, რათა მოსალოდნელი კატასტროფის დროს დაშავებულთა თუ დასახიჩრებულთა მოთავსება მალევე მოხერხდეს საავადმყოფოში… უკაცრავად! _ EMERGENCY -ში. 5 ივლისს, ამ ობიექტის დათვალიერებისას, იმერეთის გუბერნატორმა _ ლაშა მაქაცარიამ ბრძანა: «აქ აშენდება «ემერჯენსის» თანამედროვე ცენტრი»-ო («კურიერი», 18.00). «ემერჯენსის ცენტრი» როგორ მოგწონთ?
ამიერიდან «ემერჯენსები» გვექნება არამხოლოდ დედაქალაქში. იქნებ ვინმემ ის მაინც მითხრას, ასე დამახინჯებული, დაბინძურებული, უფლებააყრილი და დასახიჩრებული სახელმწიფო ენა რომელ «ემერჯენსში» მოვათავსოთ? ნუთუ საქართველოს ხელისუფლება ამ პრობლემებს ვერ ხედავს? ეტყობა, წერა-კითხვაზეც მწყრალად ვართ, თორემ, ამდენი მასალა რომ ქვეყნდება (ბეჭდურ პრესაში თუ ელექტრონულ მედიაში), ერთხელ მაინც არავის არაფერი გსმენიათ ამის შესახებ? თუ ფიქრობთ, რომ ეს საკითხები ქვეყნის პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს არ ეხება? რაკი ესენი ხმას არ იღებენ, შესაბამისად, სამთავრობო ტელეარხებიც («საზოგადოებრივი მაუწყებელი», «იმედი», «რუსთავი 2» და ა.შ.) გატრუნულ-გაყურსულები არიან. არადა, იერიში ქართულ სალიტერატურო ენაზე სწორედ ამ კომპანიებში უნდა ნახოთ, მაგრამ ამათი თავკაცებიც (გიორგი ჭანტურია, გიორგი არველაძე, გიორგი გეგეშიძე) უთავოები, ბრმები და ყრუები გამოდგნენ, რაც ჩემთვის გაუგებარი სულაც არაა: ესენი იქცევიან ზუსტად ისე, როგორც მათ პატრონებს ნებავთ და სიამოვნებთ.
ზემოთ მედიცინის სფეროს შევეხეთ და ამან პირველი არხის ყოველკვირეული გადაცემა «მედ-ინფო» გამახსენა. აი, კიდევ ერთი ნიმუში ტელეგადაცემათა სათაურების «თანამედროვე» დაწერილობისა. შდრ.: Face კონტროლი, თბილისი Live, Art ბულვარი, COMEDY შოუ; იხილეთ, ასევე _ ტაბულა Art (ჟურნალი), Art გენი (ფესტივალი), Art სალონი და მრავალი სხვა.
«მედ-ინფო»-ს წამყვანმა, ბატონმა ზაზა სინაურიძემ ერთ-ერთი ამასწინანდელი გადაცემის დასასრულს გვითხრა: «მე მინდა დავემშვიდობო ჩვენს ტელემაყურებლებს და ვთხოვო, რომ აქტიურად მიიღეთ მონაწილეობა ჩვენ ბლოკში (რაში, ბატონო ზაზა, _ რომელ «თქვენს ბლოკში»? _ ლ.ღ.). ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ ყველა თქვენს კითხვას. დიდი მადლობა» (23.06.2011 წ.).
მადლობა თქვენ, ბატონო წამყვანო, რომ საჯაროდ კითხვების დასმის ნება დაგვრთეთ, რითაც მე აუცილებლად ვისარგებლებ და აქვე პირობას გაძლევთ, რომ თქვენს პასუხებს (თუკი ამას ისურვებთ) უსათუოდ გამოვაქვეყნებ ჩვენს გაზეთში. მაშ ასე:
1. ბატონო ზაზა! მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაინტერესებს, თქვენი აზრით, მაქვს თუ არა უფლება, საჯარო მოხმარებისთვის გამიზნული ყველა ინფორმაცია (მათ შორის თქვენი გადაცემის სათაური) წავიკითხო სახელმწიფო ენაზე?
2. რატომ გიწერიათ თქვენი გადაცემის სათაურის («მედ-info») ნახევარი (3 ასო) ქართულად, მეორე ნახევარი (4 ასო) კი _ ინგლისურად (ანუ _ ლათინური ასოებით)?
3. როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა, რომ «რესპუბლიკურ საავადმყოფოს» საქართველოს დედაქალაქში ჰქონდეს ქართული წარწერა და რამდენად აუცილებელია ინგლისური EMERGENCY -ის, როგორც ტერმინის, შემოტანა ქართულ ენაში?
4. თქვენ, ბატონო ზაზა, როგორც თბილისის საკრებულოს წევრი, ხართ თუ არა ვალდებული, ყურადღება გაამახვილოთ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოსა და მერიის კომპეტენციას მიკუთვნებულ კანონდარღვევებზე?
5. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეგევე ვალდებულება აკისრიათ საკრებულოს თავმჯდომარესა და ქალაქის მერს?
6. როგორ შეაფასებდით მართლმეტყველების თვალსაზრისით თქვენი ერთ-ერთი გადაცემიდან ამოღებული ტექსტის ფრაგმენტს (მკითხველს აქვე განვუმარტავ, რომ ეს ტექსტი არ ეკუთვნის გადაცემის წამყვანს)?
«თვითონ მედიცინა განვითარდა, მისი მიყოლა მედიცინას თანამედროვე დონეზე, ცოტა, არც ისეთი მარტივია. დიაგნოსტიკა წინ გარბის, საკმარისად აქტიურად მიდის დიაგნოსტიკა და ამ დიაგნოსტიკას, ყველაფერს მიყოლა არც ისეთი ადვილია; გარდა იმისა, არ მინდა, რა თქმა უნდა, ძველი დრო მე ვაქო, იყო გარკვეული სკოლები, რომელიც პასუხისმგებელი იყვნენ, კლინიკა პასუხისმგებელი იყო თავის ექიმის საქმიანობაზე. დღევანდელ დღეს ეს ცოტა მოშლილია იმ თვალსაზრისით, თუმცა, რა თქმა უნდა, «მოშლილი», არ შეიძლება იხმარო ეს სიტყვა, იმ თვალსაზრისით, რომ კაცი, რომელიც საექიმო უფლებას ან ლიცენზიას ფლობს, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მას ყველაფრის უფლება აქვს და სინამდვილეში მაინც ესე… ესე არ არის, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში კლინიკაა გადამწყვეტი და კლინიკამ უნდა, დაწესებულებამ, განყოფილებამ, საავადმყოფომ უნდა გააკონტროლოს, ესე ვთქვათ, ნებისმიერი ექიმის საქმიანობა».
7. ბატონო ზაზა! ამ რამდენიმე წლის წინ თქვენ ბრძანდებოდით ერთ-ერთი ცნობილი საავადმყოფოს მთავარი ექიმი. საკრებულოს წევრად თქვენი «მოცდენა» ან, მით უმეტეს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩართვა, ჩემი აზრით, გაუმართლებელია, ისევე როგორც ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვლინება გასართობი გადაცემის («შუადღის» _ რომლის სათაურიც არასწორად _ ორ სიტყვად _ უწერიათ) წამყვანის ამპლუაში.
რას მეტყვით?
მანამდე კი ერთ სახალისო კომენტარს გაგაცნობთ _ თქვენცა და ჩემს მკითხველებსაც: რამდენიმე კვირის წინ ბათუმში გაიმართა ფესტივალ «გოლდენ ტალანტის» შესარჩევი ტური (ვინც არ იცის, განვუმარტავ, რომ «გოლდ» ინგლისურად ოქროა _ ლ.ღ.). ერთ-ერთ ინტერვიუში მისმა ორგანიზატორმა, ბატონმა დავით ოქიტაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე: _ «რამდენად გრანდიოზული იქნება დღევანდელი გალა კონცერტი»? _ ასეთი რამ უპასუხა: «მე, (სტილი დაცულია სტენოგრაფიული სიზუსტით) ჩემგან უხერხული იქნება, მაგრამ ხუთი საათი დარჩა (ხომ არ იცით, რა არის ამაში საუხერხულო? _ ლ.ღ.) იმ კონცერტამდე, იმ ტურამდე, სადაც უნდა გამოვლინდეს ქართველი გამარჯვებული, ვინც მონაწილეობას მიიღებს «გოლდენ ტალანტზე». ძაან ვნერვიულობ! (აქ ტექსტი გამოვტოვე! _ ლ.ღ.) … ეხლა დაგვირეკეს, სუპრიზს (!) გვიმზადებენ აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, აპირებენ ჩამოსვლას ის კონკურსანტები საბალელშიკოდ, უფრო სწორად, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის (მე მეგონა, რუსული სიტყვის გამო მოგვიბოდიშა _ ლ.ღ.) უბალელშიკონ იმ ქართველ კონკურსანტს, რომელიც მათი კოლეგა გახდება ზუსტად ხუთ საათში».
როგორც გაირკვა, ბატონმა დავითმა ბოდიში მოგვიხადა მხოლოდ იმის გამო, რომ წამოსცდა _ «საბალელშიკოდ», როცა უნდოდა ეთქვა _ «უბალელშიკონ»… ანუ გრამატიკულად ასე უფრო გამართულად მიიჩნია.
როგორც რუსები იტყვიან: «ი ტო ხლებ»!
სამაგიეროდ, ბატონმა ლადო ვარძელაშვილმა ასე მიმართა ტელეშოუს წამყვან ოთარ ტატიშვილს: «აი, ფეხბურთი შენ ძალიან გიყვარს, ერთ-ერთი ქვეყანასაც ბალელშიკობ… გულშემატკივრობ, უფრო სწორად» («ღამის შოუ», 1/07-2011).
იციან ბიჭებმა, რომ «ბალელშიკობა» «უფრო სწორად» არის _ «გულშემატკივრობა», მაგრამ რა ქნან, თუ ეს «ბალელშიკობა» ვერ იქნა და ვერ დაივიწყეს?
ამასობაში მეც გავერთე და კინაღამ წერტილის დასმა დამავიწყდა.
ლევან ღვინჯილია