Home რუბრიკები პოლიტიკა თინა ხიდაშელი: დარწმუნებული ვარ, იმ ხალხის 90 პროცენტს, ვინც ახლა ისტერიკაშია, უბრალოდ,...

თინა ხიდაშელი: დარწმუნებული ვარ, იმ ხალხის 90 პროცენტს, ვინც ახლა ისტერიკაშია, უბრალოდ, წარმოდგენა არ აქვს, რა წერია კანონში

695

GEWORLD.NET:
რას შესთავაზებს საზოგადოებას ამჯერად უკვე პოლიტიკურ კოალიციადქცეული «ექვსეული», რატომ ფიქრობს, რომ პარლამენტის მიერ რელიგიური კონფესიებისთვის საჯარო სამართლის იურიდული პირის სტატუსის მინიჭების საკითხი სახიფათო არ არის და რატომ ხედავს ქართული საზოგადოება ყველაფერს მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში, «საქართველო და მსოფლიოს» თავის მოსაზრებებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და დედაქალაქის საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი უზიარებს.
_ პარლამენტმა რელიგიურ კონფესიებს საჯარო სამართლის იურიდული პირის სტატუსი მიანიჭა. როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღო პარლამენტმა საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად ნაჩქარევი გადაწყვეტილება?
_ მთელი ეს აჟიოტაჟი აბსურდულია. რელიგიურმა გაერთიანებებმა, იურიდიული პირის სტატუსის მიღებით, მხოლოდ ბანკში ანგარიშის გახსნის უფლება და ბეჭედი მოიპოვეს. დარწმუნებული ვარ, იმ ხალხის 90 პროცენტს, ვინც ახლა ისტერიკაშია, უბრალოდ, წარმოდგენაც არ აქვს, რა წერია კანონში. საგანგაშოა არა კანონში შესული ცვლილება, არამედ ხელისუფლების დამოკიდებულება. ისე მიიღეს გადაწყვეტილება ფორსირებულ რეჟიმში, რომ არავის არაფერი ჰკითხეს, მაგრამ გასაკვირი არც ესაა. ასე არ იქცევა ხელისუფლება, 7 წელიწადია?! თუ, რადგან ახლა ეკლესიას შეეხნენ, იმიტომ გაგვიკვირდა?! როცა 26 მაისის სპეცოპერაცია «გვაკადრეს», ახალგაზრდა ბიჭები დაცხრილეს, როცა სანდრო გირგვლიანი მოკლეს და მხოლოდ 200-მა კაცმა გააპროტესტა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ  მაშინ დაიჯერა, რომ რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს არავისგან არ უნდა ელოდოს. სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და 2 მაისის სპეცოპერაცია გაცილებით უფრო დიდი ტრაგედიაა, ვიდრე აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება.
_ ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ საპატრიარქოს ძლიერი გავლენა აქვს. რა მიზანი ამოძრავებს ხელისუფლებას, როცა ასე აშკარად უპირისპირდება საპატრიარქოს?
_ ხელისუფლებამ ისიც კარგად იცის, რომ პატრიარქმა როლანდ ახალაია დააჯილდოვა და ბევრი ასეთი მაგალითი შეიძლება გავიხსენოთ. შეეშალა ხელისუფლებას, მაგრამ რატომ მოიქცა ასე, მარტივად ასახსნელია: რეაქციას არ ელოდა. ვინაიდან ამ წლების მანძილზე მრავლად იყო ისეთი უკანონობა, რომელიც ხელისუფლებამ საპატრიარქოსთან იოლად მოაგვარა.
_ «ქრისტიან-დემოკრატები», მართლმადიდებლობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ, თუ შეუერთდება თქვენი პარტია?
_ არავითარ შემთხვევაში არ შევუერთდებით. სხვათა შორის, პატრიარქმა იმავე დღეს განაცხადა, რომ ასეთ სპეკულაციას არ დაუშვებს და საპატრიარქო «ქრისტიან-დემოკრატების» ინიციატივის წინააღმდეგია. ვინაიდან კარგად იცის, საქართველოში მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგია ვერ იქნება. რელიგიის სამინისტრო შევქმნათ? XXI საუკუნეში ვართ უკვე და მართლმადიდებელ ეკლესიას ამით არაფერი შეემატება. მართლმადიდებლობას აქვს ისტორიული როლი ქვეყნის განვითარებაში, არც ერთი ფაქტორი არ ყოფილა ისტორიულად ისეთი მნიშვნელოვანი როგორც ეკლესია, რომელმაც ქვეყანა შეინახა და აქამდე გადაარჩინა, თუნდაც ერთი შედეგი მაინც დაასახელონ, რაც მოჰყვება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, გარდა გაღიზიანებისა.
_ ვის გაღიზიანებას გამოიწვევს? საქართველოში ხომ არასდროს ყოფილა ანტისემიტიზმი და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ტოლერანტულია სხვა რელიგიების მიმართ?
_ აბა, რას ნიშნავს ამ დღეებში ინტერნეტში არმენოფობიური გამოხდომები? ლამის მთელი საქართველო დაირაზმა და არმენოფობიით განიმსჭვალა. ამ დროს «ქრისტიან დემოკრატები» გამოვიდნენ _ მოდი მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად ვაღიაროთო, _ განაცხადეს. ეს არის პასუხი იმ პრობლემაზე რომელიც ქვეყანაში არსებობს? ასეთი არასერიოზული დამოკიდებულების არ მესმის.
მე ძალიან ბევრ საფრთხეს ვხედავ ამ თამაშში, რომელიც ხელისუფლებისა თუ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან ეკლესიის მიმართ, უკვე 7 წელია, მიმდინარეობს. ერთის მხრივ, საარჩევნო კლიპებში ეკლესიის გარშემო დაჩოქილი სიარული და ამით ამომრჩეველთა ხმების მოზიდვის მცდელობა; მეორე მხრივ, დასწრების მცდელობა, ვინ პირველი მივარდება ეკლესიაში, ძალიან სახიფათოა. დაასაბუთონ, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება რა უპირატესობას მოუტანს ქვეყანას?
_ კოალიციამ «ევროპული საქართველოსთვის», რომელიც ქართველ ლიბერალებსა და უამრავ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ხელისუფლების ეს ნაბიჯიც გაამართლა…
_ კოალიცია, რომელიც უამრავ საოცრებას აცხადებს და ამბობს, რომ ხორცის ფასმა იმიტომ მოიმატა, თურმე ბრისუელმა მოგვთხოვაო, არასერიოზულია. ადამიანებს, რომლებიც კერძო საკუთრების ხელყოფას ამართლებენ ლიბერალებს ვერ დავარქმევთ. ისინი იბრალებენ, რომ ლიბერალები არიან, თორემ არაფერი ლიბერალიზმთან საერთო არ აქვთ. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საპატრიარქოა ყველაფერში დამნაშავე და ფიქრობენ, რომ შენც ასეთი განწყობა უნდა გქონდეს. თუ აღმოჩნდა, რომ ასე არ ფიქრობ, აუცილებლად შავი და ბნელი ხარ ან პირიქით, _ ყველაფერი უნდა მოგწონდეს. ცხოვრება მხოლოდ შავ-თეთრი არაა და ასეთი დამოკიდებულება მცდარია.
ან ვინ არიან მანდ ლიბერალები? ვინ თქვა, რომ გია ნოდია ლიბერალია? ის, რომ თავად ამბობენ, ვართო, არ ნიშნავს, რომ არიან. შეუძლებელია, გერქვას ლიბერალი და მიხეილ საკააშვილის მთავრობის წევრი იყო. კახა ბენდუქიძეც ლიბერალად ითვლება საქართველოში, არადა, სწორედ მისი მინისტრობის დროს ჩამოართვეს ხალხს ქონება. ნაციონალურმა ტელევიზიებმა და პროპაგანდამ ჩამოაყალიბა ეს განწყობა, თორემ ნოდიასა და ბენდუქიძეს რამდენიც უნდა ეძახათ, ლიბერალი ვართო, ვერავინ გაიგებდა.
_ თქვენი პარტია მხარს უჭერდა ავღანეთში ნატოს სამხედრო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობას. თუმცა ამას წინათ მოითხოვეთ, საქართველომ ჯარისკაცების რაოდენობა შეამციროს. რატომ ხდება, რომ მაშინ, როცა აშშ და ევროპის ქვეყნები ჯარისკაცების რაოდენობას ამცირებენ, საქართველო პირიქით _ კონტინგენტს ზრდის?
_ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, ამ ნაბიჯით ვაშინგტონის კეთილგანწყობა მოიპოვოს. მისი ამოცანა სრულიად ნათელია, რაც უფრო მეტი ქართველი ჯარისკაცი იქნება ავღანეთში, მისი, როგორც კოალიციაში მონაწილე ლიდერის ფასი, მით უფრო მაღალი იქნება.
_ ბოლო დღეებში ჯაშუშობის ბრალდებით ფოტორეპორტიორების დაკავება საზოგადოების ნაწილმა მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთ მცდელობად აღიქვა. ვინაიდან საქმეს «გრიფით საიდუმლო» ადევს. თქვენთვის, როგორც იურუსტისთვის, რამდენად სარწმუნოა ის ინფორმაცია, რაც ბოლო დღეების მანძილზე მოვისმინეთ?
_ მედიაზე ზეწოლად ამ ფაქტს ვერ შევაფასებ, იმიტომ, რომ არ ვიცით, რა მოხდა, მაგრამ სააკაშვილს რომ სერიოზული პრობლემები აქვს, ნათელია. ყველგან აგენტების ძებნა შიზოფრენიას ჰგავს. უკვე იმდენ პიროვნებაზე აჩვენეს ფარული სატელეფონო ჩანაწერები თუ ვიდეოკადრები და ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია, რომ ეს ყველაფერი არადამაჯერებელია. ელემენტარულად, ირაკლი ოქრუაშვილის ამბავი გავიხსენოთ. მას ბრალი წაუყენეს დანაშაულობებზე, რომლებიც მინისტრობის დროს ჩაუდენია, მერე  ქვეყნიდან გაუშვეს და მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. რატომ თავის დროზე არ აღიძრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა?
ხელისუფლების მიზანი საზოგადოების დაშინებაა, ვინაიდან, როგორც სააკაშვილმა განაცხადა, საკუთარ შვილსაც დაიჭერს, თუ ის კანონს დაარღვევს, მაგრამ რატომღაც საკუთარ დედას არ იჭერს, რომელიც ამ წლების განმავლობაში მუდმივად კანონს არღვევს და სახელმწიფო ქონებას ითვისებს.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here