ნაწილი III. ვისთვის _ კონვენცია, ვისთვის _ ფიქცია
საბჭოთა ჯარისკაცების და ოფიცრების გერმანელთა ტყვეობაში მასობრივი დაღუპვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ნიუნბერგში გასამართლებული ჰიტლერელი მარშლები, გენერლები და ოფიცრები ასახელებდნენ იმ ფაქტს, რომ საბჭოთა კავშირმა ხელი არ მოაწერა 1929 წლის ჟენევის კონვენციას. ამავე პოზიციიდან განსჯიან წითელარმიელთა მასობრივ დაღუპვას ზოგიერთი ჩვენი ისტორიკოსი და “მეორე სამოქალაქო ომის მკვლევარი”.
ისტორიული ჭეშმარიტება კი ასეთია: თავისი ხელქვეითების ბოროტმოქმედებათა გასამართლებლად ჰიტლერმა წინასწარ წამოაყენა შემდეგი თეზისი: გერმანიამ უარი თქვა დაეცვა საერთაშორისო სამართლის ნორმები წითელარმიელი სამხედრო ტყვეების მიმართ იმიტომ, რომ სსრკ არ შეუერთდა 1929 წლის ჟენევის კონვენციას და არ არის მეფის რუსეთის უფლებამონაცვლე, რომელმაც მიიღო 1907 წლის ჰააგის კონვენცია.
ეს განცხადება ცინიკური სიცრუეა, რომელიც გერმანელი ხალხისთვის იყო განკუთვნილი, რადგან მსოფლიო საზოგადოებრიობამ იცოდა, სიმართლე: ჰიტლერმა პოლიტიკური კარიერის დასაწყისში “ნაციზმის ბიბლიაში” _ “მაინ კამპფში”, საკუთარი ხელით ჩაწერა: “ფართე მასები დიდი სიცრუის მსხვერპლი უფრო ხდება, ვიდრე მცირესი”.
ჰიტლერის ღირსეული მოწაფე, “რაიხის პირველი პროპაგანდისტი”, დოქტორი იოზეფ გებელსი მოგვიანებით ასე წარმოგვიდგენს ტოტალური პროპაგანდის ამოსავალ პრინციპს: “რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო სწრაფად დაიჯერებენ”.
ახლა კი დოკუმენტს წარმოგიდგენთ, ამონარიდს გერმანიის სახმელეთო ჯარების უმაღლესი სარდლობის 1941 წლის 8 ოქტომბრის ბრძანებიდან: “საბჭოთა კავშირი არ შეუერთდა 1929 წლის 27 ივლისის შეთანხმებას სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობის შესახებ. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვართ ვალდებული უზრუნველვყოთ საბჭოთა სამხედრო ტყვეები მომარაგებით, რომელიც შეესაბამება ამ შეთანხმებას, როგორც რაოდენობის, ისე ხარისხის თვალსაზრისით”.
მართალია, 1917 წელს მეფის რუსეთი დაემხო, მაგრამ რევოლუციიდან ერთი წლის შემდეგ, 1918 წლის 4 ივნისს, აღნიშნულ კონვენციას შეუერთდა საბჭოთა რუსეთი სახალხო კომისართა საბჭოს დეკრეტით, რომელიც იცნობდა ყველა საერთაშორისო კონვენციას წითელი ჯვრის შესახებ. დეკრეტში ხაზგასმული იყო, რომ ყველა “საერთაშორისო კონვენცია და შეთანხმება, რომლებიც წითელ ჯვარს ეხება და აღიარებულია რუსეთის მიერ 1915 წლამდე, აღიარებულია და შესრულებული იქნება საბჭოთა მთავრობის მიერ, დაიცავს ყველა უფლებასა და პრეროგატივას, რომლებიც ამ კონვენციებსა და შეთანხმებებს ეფუძნება”.
მართალია ისიც, რომ საბჭოთა კავშირი არ შეუერთდა 1929 წლის ჟენევის კონვენციას “სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის შესახებ”, მაგრამ ჟენევის კონვენციის საპირწონედ 1931 წლის 19 მარტს სსრ კავშირის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა და სახალხო კომისართა საბჭომ დაამტკიცა “დებულება სამხედრო ტყვეების შესახებ”, რომელიც თითქმის მთლიანად იმეორებს კონვენციის ტექსტს. და, მიუხედავად ამისა, 1931 წლის მაისში საბჭოთა კავშირმა მაინც ჩათვალა საჭიროდ შეერთებოდა უშუალოდ ჟენევის კონვენციას, რასაც ადასტურებს ძალიან საინტერესო დოკუმენტი:
“დეკლარაცია”
ქვემორე ხელის მომწერი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ამით აცხადებს, რომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი უერთდება 1929 წლის 27 ივლისის ჟენევაში მიღებულ კონვენციას სამხედრო ტყვეების ბედის გაუმჯობესების შესახებ, რომლებიც მოქმედ არმიებში იყვნენ დაჭრილი და დაავადებული.
…საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1930 წლის 12 მაისის დადგენილების თანახმად, აღნიშნული შეერთება არის საბოლოო და არ საჭიროებს შემდგომ რატიფიკაციას.
გაფორმებულია მოსკოვში 1931 წლის 25 აგვისტოს.
(ხელმოწერა) ლიტვინოვი”.
ეს დოკუმენტი საბჭოთა კავშირზე ჰიტლერის თავდასხმამდე 10 წლის წინათ იქნა მიღებული და გერმანიის ხელისუფალნი, რა თქმა უნდა, მას იცნობდნენ.
ომის დაწყებისთანავე აშკარა გახდა, რომ არა მარტო საბჭოთა სამხედრო ტყვეების, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება გერმანელების მიერ ოკუპირებულ სსრკ ტერიტორიაზე უფრო და უფრო საშინელ მასშტაბებს იღებდა. საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ვიაჩესლავ მოლოტოვი მდგომარეობის გამოსასწორებლად 1941 წლის 27 ივნისს უდეპეშებს საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის წარმომადგენელს, რომ საბჭოთა კავშირი მზად არის გაცვალოს სამხედრო ტყვეების სიები და, ასევე, გადახედოს ჰააგის კონვენციისადმი დამოკიდებულებას _ “სახმელეთო ომის კანონებისა და ჩვეულებათა შესახებ”.
1941 წლის 1 ივნისს სსრკ სახკომსაბჭოს დადგენილებით დამტკიცდა ახალი “დებულება” სამხედრო ტყვეების შესახებ, რაც დასახელებული კონვენციიდან გამომდინარეობდა. გამოიცა შინსახკომის ორი ბრძანება (1941 წლის 7 აგვისტოს და 1941 წლის 15 აგვისტოს), რომლებიც გერმანელი სამხედრო ტყვეების ყოფას, აღრიცხვასა და ბანაკების მდგომარეობას ეხებოდა.
1941 წლის 17 ივლისს საბჭოთა კავშირმა სამთავრობო ნოტით, რომელიც შვედეთის მეშვეობით გერმანიას გადაეცა, განაცხადა, რომ უერთდება ჰააგის კონვენციას ურთიერთვალდებულებათა აღიარების პირობით, მაგრამ გერმანიამ ეს ნოტა უარყო. მოგვიანებით სსრ კავშირმა ორჯერ, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის ნოტებით (1941 წლის 25 ნოემბერი და 1942 წლის 27 აპრილი) განაცხადა, რომ გერმანიის სამხედრო ტყვეების მიმართ მოქმედებს ჰააგის კონვერენციის პრინციპებით და ბრალს დებდა გერმანულ მხარეს ამ პრინციპების დარღვევაში. 1942 წლის 27 აპრილის ნოტაში ნათქვამი იყო ისიც, რომ სსრკ უერთდება ჰააგის კონვენციას დე ფაქტო .
მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის, რომ სსრკ-ს შეეძლო საერთოდ არ შეერთებოდა ჟენევის კონვენციას, რადგან ამ დოკუმენტის “საერთო დებულების” ნაწილში ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული კონვენციის დებულებები უნდა შეასრულონ მხარეებმა ყოველგვარ გარემოებაში. თუ ომის დროს აღმოჩნდება, რომ ერთ-ერთი მხარე არ მონაწილეობს კონვენციაში, მან კონვენციის დებულებები აუცილებლად უნდა დაიცვას, რადგან არსებული პრინციპების განხორციელება ისევე აუცილებელია მისთვის, როგორც კონვენციის ხელმომწერისთვის. მაშასადამე, ნაცისტური გერმანია ვალდებული იყო დაეცვა კონვენცია, მით უფრო, რომ ხელმომწერი იყო. მაგრამ ამას არ აკეთებდა იმიტომ, რომ არც აპირებდა საბჭოთა ტყვეებს მოპყრობოდა საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო კონვენციებისა და შეთანხმებების დებულებათა გათვალისწინებით.
გამოდის, რომ კონვენციების არსებობა და მათთან მიერთება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ტყვეები დაცული იქნებიან. ეს მარტო გერმანიას არ ეხებოდა. აშშ-მა ხელი მოაწერა ყველაფერს, რაც არსებობს, მაგრამ ამ რეალობამ მასობრივი სიკვდილისგან და შეურაცხყოფისგან ვერ დაიცვა მისი ჯარისკაცები, რომლებიც იაპონელებს ტყვედ ჩაბარდნენ.
იური მატვიენკო,
თადარიგის პოლკოვნიკი