Home რუბრიკები საზოგადოება ისრაელმა მხარი არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას საქართველოს შესახებ

ისრაელმა მხარი არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას საქართველოს შესახებ

973

GEWORLD.NET:
ოფიციოზი ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა. თითქოს არ გაციებულა ურთიერთობა ჩვენსა და ისრაელს შორის. არადა, იმ კონფლიქტურმა სიტუაციებმა, ანტისემიტიზმის მიუღებელმა გამოვლინებამ, რომლებიც, არ ვიცი, ვისი მიზეზით, მაგრამ უმაღლეს დონეზე რომ მოხდა, სწორედ ასეთი შედეგი გამოიღო. ისრაელი უარს ამბობს ჯერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შემდეგ – ვერონიკა ქობალიას მიღებაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მინისტრად ითვლება. ორიოდე დღის წინ ისრაელმა 73 ქვეყანასთან ერთად მხარი არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას ქართველი ლტოლვილების აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მნიშვნელობა არ აქვს ფორმას – თავის შეკავება კენჭისყრის დროს თუ სესიაზე გამოუცხადებლობა.

კიდევ კარგი, რომ ქართველობა მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფთა პრეროგატივა არ არის და ჩვენი ინტელექტუალები არ აპირებენ, 26-საუკუნოვანი მონაპოვარი ჩინოვნიკთა რეგვენობას გადააყოლონ.
ამის დასტურია რუსთაველის კვირეული, ღონისძიება, რომელიც ცნობილი ქართველი მწერლის, დრამატურგის, გაზეთ “მენორას” მთავარი რედაქტორის – გურამ ბათიაშვილის ინიციატივით გაიმართა იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში, უნივერსიტეტში და რომელშიც ქართველ მწერლებთან, მეცნიერებთან, საზოგადო მოღვაწეებთან ერთად ებრაული შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
“საქართველო და მსოფლიოს” სტუმარია ბატონი გურამ ბათიაშვილი.
– დიდი ხანი მეწადა, ქართველ მწერალთა ჯგუფი მისულიყო იერუსალიმის ჯვრის ქართულ მონასტერში. – ამბობს ბატონი გურამი, – ლეგენდის მიხედვით ხომ შოთა რუსთაველი აქ არის დასაფლავებული, მისულიყო და სულმნათისთვის ჩაეძახა: “ქართული სიტყვა ცოცხალია, ქართულად ლექსი კვლავაც იწერება, საქართველო ცოცხალია!”.
მრავალი ღირსეული პოეტია დღევანდელ საქართველოში, იმაზე უფრო მეტი, ვიდრე მავანს ჰგონია, მაგრამ შოთას საფლავთან მისვლისა და ლექსის თქმის უფლება, ცხადია, რაღაცით გამორჩეულობას, განსაკუთრებულობას გულისხმობს. ამიტომ ეს უფლება რუსთაველის პრემიის ლაურეატებს მიეცათ. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზით, მათგან ბევრმა ვერ შეძლო ისრაელში გამგზავრება.
დელეგაციაში შედიოდნენ საყოველთაოდ ცნობილი ქართველი მწერლები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწენი.
იერუსალიმის ჯვრის ქართულ მონასტერში პოეზიის ნანატრი საღამოს გასამართავად ისრაელში ყოფნისას წინასწარვე ვიზრუნე, მაგრამ იმის გამო, რომ ჯვრის მონასტრის დღევანდელი ბერძენი გამგებლები ერთობ ნერვიულად ეკიდებიან ამ ტაძარში ქართველების გამოჩენას, გამორიცხული არ იყო ექსცესები. ამიტომ ბერძნული ეკლესიის იერუსალიმის პატრიარქთან მიღებაზე დელეგაციის ყოფნისას ვთხოვეთ, მონასტერში რუსთაველის საღამოს გამართვის ნება დაერთო, და მივიღეთ კიდეც თანხმობა.
– თქვენი ჩანაფიქრის განხორციელება უდიდეს ტაქტსა და დაფიქრებას მოითხოვდა, რადგან 26 მაისის მოვლენებს კვალში უნდა მიჰყოლოდა, 29-ში უნდა გამართულიყო…
– ამიტომაც ვხვეწდით ყოველ დეტალს, რათა არ დაჩრდილულიყო მთავარი – ქართველ მწერალთა თაყვანისცემა დიდი სულიერი წინაპრისადმი. გაუთვალისწინებელ შტრიხს შეიძლება ისე შეეშალა ხელი, რომ თაყვანისცემის ეს წმინდა რიტუალი ამაღლებული, სათნოების მატარებელი აღარ გამოსულიყო. ჩვენს დროში ბევრს არა მარტო არ უყვარს საქმის კეთება, არც ის მოსწონს, სხვა რომ აკეთებს. ათასგზის მოგვისმენია – “უჩემოდ ვით იმღერეთა”.
იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში, რომელიც მთელს ახლო აღმოსავლეთში კარგადაა ცნობილი და რომელსაც მთელი მსოფლიოს ებრაელობა აფინანსებს, მოღვაწეობს საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომელი, ჩინებული მეცნიერი, პროფესორი კოტე ლერნერი. სწორედ იგი და მისი მეუღლე – ლარა მეგრელიშვილი ამ ინიციატივის დიდ ქომაგად მოგვევლინენ, გულღიად გვიმასპინძლეს უნივერსიტეტში, სადაც ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა შოთა მაღლაკელიძესთან ერთად მედალი ,,ქართული კულტურის მეგობარი” გადასცეს იერუსალიმის უნივერსიტეტის პრეზიდენტს – მენაჰემ ბენ სასონს. უნივერსიტეტში იყო მოწვეული ისრაელის ხელოვნების ფესტივალის გენერალური დირექტორი იოსი ტალ-განი, რომელიც მეგობრობს ქართულ თეატრთან და ჩვენი ხშირი სტუმარია. ამასწინათ მან წარმატებით დაასრულა ერთწლიანი მოლაპარაკება და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ვარნის თეატრალურ ფესტივალთა სისტემის წევრი გახადა. მედალი მასაც გადაეცა.
– დღეს, როცა პოლიტიკურ სიტუაციას მშვიდსა და მეგობრულს ვერ დაარქმევ, ნებისმიერმა წინდაუხედავმა ნაბიჯმა შეიძლება ნეგატიურ მოვლენებს დაუდოს სათავე, ხაზი გადაესვას საუკუნეებში გამოტარებულ ტრადიციულ ურთიერთობას. ასე არ არის?
– ასეა და მინდა გითხრათ, რომ ამ კეთილშობილურ საქმეს მრავალი ქართველი ებრაელი ემსახურება ისრაელში. ისინი გულწრფელად ილტვიან, რათა ისრაელსა და საქართველოს შორის იყოს ჯანსაღი, მეგობრული ურთიერთობა.
ამ და სხვა საკითხებზე გაიმართა საინტერესო საუბარი უნივერსიტეტში შეხვედრისას. საქართველოსა და ისრაელს შორის სამეცნიერო-კულტურულ ურთიერთობაზე, წარსულზე, მომავალზე კონსტრუქციული, საყურადღებო მოსაზრებები გამოთქვეს როინ მეტრეველმა, თამაზ  კვაჭანტირაძემ, ჯანსუღ ჩარკვიანმა, ისრაელის ყოფილმა ელჩმა საქართველოში ბარუხ ბენ ნერია ბირენბაუმმა, ვახტანგ ჯაოშვილმა.
ჩვენი ერთობის დემონსტრაცია გახდა 29 მაისის საღამო, როცა ჯვრის მონასტერში, რუსთაველის საფლავთან ქართველმა და ისრაელელმა პოეტებმა ერთად მიაგეს პატივი უდიდეს ქართველ პოეტსა და მოაზროვნეს შოთა რუსთაველს. ამ  პოეტური აქციით ისიც გაცხადდა, რაოდენ ძვირფას საფლავს ვიგულვით ჩვენ იერუსალიმის წმინდა მიწაში.
– შინაგანი მღელვარება ძლიერი იყო (ბესიკ ხარანაული იმდენად აღელდა, ორიოდ სიტყვა, ლექსიც ვერ თქვა), მე ვსაუბრობ იმაზე, თუ რისთვის მოვედით ჩვენ რუსთაველის ლეგენდისმიერ საფლავთან, რამ გამოგვატარა ათასობით კილომეტრი თბილისიდან იერუსალიმამდე. თამაზ კვაჭანტირაძე ამბობს ერთობ შთამბეჭდავ ფრაზას: “ჩემი დუმილი მიითვალე შენდამი ლოცვად”. ლექსებს კითხულობენ ქართველი პოეტები,  რუსთაველის ფრესკასთან ჟღერს ახალგაზრდა ქართველ პოეტთა ხმა. ხენ კლაიმანი კითხულობს ლექსს ებრაულ ენაზე, მის ქართულ თარგმანს – ჯანსუღ ჩარკვიანი. იოავ ხაიკის ხმას უერთდება ქართულ ენაზე მისი მთარგმნელის – მაყვალა გონაშვილის ხმა, რომელიც ამ პოეტურ პაექრობას უძღვებოდა. ჯანსუღ ჩარკვიანი კითხულობს თავის ლექსს ,,თოვლი”, ამ ლექსის ებრაულ თარგმანს – ორციონ ბართანა.
პოეტური მისტერია გრძელდება. გალაკტიონს ებრაულ ენაზე კითხულობს ორციონ ბართანა, ქართველი პოეტების ლექსებს – რუბენ ენოხი და იონადავ კაფლუნი, შუა საუკუნეების ებრაული პოეზიის შესანიშნავი მთარგმნელი ჯემალ აჯიაშვილი ახალ ნიმუშებს გვაცნობს.
და, რაც მთავარია, რუსთაველმა მოისმინა “ვეფხისტყაოსნის” სტროფები   ჯერ ქართულად, მერე – ებრაულ ენაზე.
– ბატონო გურამ, როგორც ჩანს, თქვენს ხორცშესხმულ ჩანაფიქრს პოლიტიკური ქვეტექსტიც ახლდა.
– დიახ, ასეა. ცნობილია, რომ ჯვრის მონასტრის დღევანდელი მეთაურნი ნერვიულად ეკიდებიან ქართველთა სტუმრობას. ამას არც მალავენ, ზოგჯერ ერთობ აქტიურადაც ეწინააღმდეგებიან. მაგრამ ჩვენ იქ ტურისტებად კი არ მივედით, არამედ – როგორც ქართველი მწერლები, მოვედით ჩვენს სულიერ წინაპართან და, მიაქციეთ ყურადღება, – იერუსალიმის პატრიარქის დასტურით.
იურისტებს უკეთ მოეხსენებათ, ეს რასაც ნიშნავს. ჩემი აზრით, ეს გარკვეული ლეგიტიმაციის მანიშნებელი უნდა იყოს.
ქართულ საზოგადოებრიობას უნდა ვუთხრა, რომ მხოლოდ აპელირება 26-საუკუნოვან მეგობრობაზე, აბსოლუტურად საკმარისი არ არის. ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს ყოფით დონეზე, ვიცნობთ და ვაფასებთ ებრაელთა კლასიკურ მემკვიდრეობას, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი. ვიდრე ისრაელში არ ითარგმნება დიდებული ქართული პოეზია, არ ითარგმნება ქართული პროზა, ქართულად არ გამოვა ჩვენი დროის ბრწყინვალე პროზაიკოსების ამოს ოზის, ალეფ-ბეთ იოშუას, მეირ შალევისა და სხვათა ქმნილებები, ჩვენ ვერ ჩავწვდებით თანამედროვე ისრაელის არსს და ვიტრიალებთ დაგმანულ წრეში.
სწორედ ამ მიმართებით ორმხრივმა საქმიანობამ არ უნდა მისცეს გაღრმავება-გაფართოების საშუალება იმ ბზარს, რომელიც ამ ბოლო დროს საქართველოსა და ისრაელს შორის სახელმწიფოებრივ დონეზე გაჩნდა.
ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, ამ დატვირთვასაც ატარებდა.
ესაუბრა არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here