Home რუბრიკები საზოგადოება “ე-კოლი” მაინც სულ სხვაა, ანუ მემარჯვენე დემოკრატოფაგია

“ე-კოლი” მაინც სულ სხვაა, ანუ მემარჯვენე დემოკრატოფაგია

809

GEWORLD.NET:
ვიდრე მთელი საქართველო ოპოზიციური “რვიანის” დაშლასა და ხელისუფლების უხამს წინადადებაზე ბჭობდა, გიორგი თარგამაძე და დავით გამყრელიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფებოდნენ. “ქრისტიან-დემოკრატებმა” და “ახლებმა” კი მეორე პირების სახით მოაწერეს ხელი კაპიტულაციას. მამუკა კაციტაძემ ამას “სოლიდური გამარჯვება” უწოდა, ჯონ ბასმა – “წინ გადადგმული ნაბიჯი”. არც არის გასაკვირი: ბასს ლენინის ნაშრომი “ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან” არ უსწავლია.

ეროვნული საბჭოს ერთ-ერთი ლიდერის, ზვიად ძიძიგურისთვის კი ბასის განცხადების მეორე ნაწილია საინტერესო: “აშშ მხარს უჭერს არა რომელიმე კონკრეტულ პირსა და პარტიას, არამედ საქართველოს, ქვეყნის საზოგადოებას და მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი ნების გამოხატვა იქნება უზრუნველყოფილი”. ქართულმა საზოგადოებამ აშშ-ის “მხარდაჭერა” მისი ელჩის სახით 26 მაისს იგემა, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას ბატონი ელჩი საკუთარ ვიდეოგამოსვლაზე ყელამდე დადებული სუბტიტრებით ლამობს.
ბასის განცხადების თანახმად, თარგამაძე და გამყრელიძე კონკრეტული პირებისა და პარტიების სახით როდი მიუწვევიათ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილის თანაშემწეებს, ისინი საქართველოს წარმოადგენდნენ; უფრო სწორად, – საქართველოს იმ ნაწილს, რომელიც ტყვედ ჩაბარდა ნაციონალურ ხელისუფლებას.
აშშ-დან დაბრუნებისთანავე გამყრელიძე პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდა. ამჯერად საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით სპეციალური სარედაქციო ჯგუფის შექმნაზე მორიგდნენ.
გამყრელიძე კმაყოფილებას კამერების წინაც ვერ მალავდა, შეხვედრიდან გამოსულს კი ჟურნალისტმა მტკივნეული კითხვა დაუსვა: “რას ფიქრობთ რეფერენდუმით განსაზღვრული დეპუტატების რაოდენობის გაზრდაზე?” გამყრელიძე გაბრაზდა და მიახალა: “საზოგადოებას ყოველთვის აქვს სურვილი, დეპუტატთა რაოდენობა შემცირდეს. თუმცა ყველას უნდა ესმოდეს, რომ პარლამენტი ყველაზე დემოკრატიული ინსტიტუტია; ეს არის ადგილი, სადაც პოლიტიკურად ფართო სპექტრი იყრის თავს”!
ეს ის პარლამენტი არ არის, რომელშიც შესვლაზე გამყრელიძემ და სხვა ოპოზიციონერებმა 2008 წელს უარი თქვეს? ან იქნებ ახლა გახდა იგი “ყველაზე დემოკრატიული ინსტიტუტი”? საინტერესოა, 2003 წლის გარდა (როცა ექვსი პარტია გავიდა პარლამენტში ოპოზიციის უმრავლესობით), როდის ნახა გამყრელიძემ პარლამენტში პოლიტიკურად ფართო სპექტრი? თუმცა ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მან 2003 წლის რეფერენდუმის საფუძველზე დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას შევარდნაძის გარემოცვის მიერ ჩაფიქრებული ავანტიურა უწოდა. “საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატთა რაოდენობის შემცირება თავიდანვე პოპულისტური ქმედება იყო”!
ჩვენ ხშირად ვსაყვედურობთ ხელისუფლებას, რომ იგი ყრუა ამომრჩევლის ნების მიმართ. 2003 წელს 2 მილიონ 300 ათასმა ამომრჩეველმა მისცა ხმა ამ “პოპულისტურ” გადაწყვეტილებას, რის მიხედვითაც, 235 დეპუტატის ნაცვლად, არაუმეტეს 150 კაცი უნდა ყოფილიყო საქართველოს პარლამენტში. ამ ადამიანების აზრი, როგორც ირკვევა, არც გამყრელიძეს აინტერესებს.
გამყრელიძე იმითაც დაემსგავსა ხელისუფლებას, რომ დღევანდელ საკანონმდებლო ჩიხში რვა წლის წინ გადამდგარ შევარდნაძესა და მის გარემოცვას ადანაშაულებს. არავის ახსოვს, მას დეპუტატთა რაოდენობის შემცირების გამო პროტესტი გამოეთქვას 2005 წელს, როცა საკანონმდებლო ორგანომ ხმა მისცა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას 150-წევრიანი პარლამენტის შესახებ. მეო, ამბობს გამყრელიძე, 2003 წლის რეფერენდუმზე ამ კითხვას უარყოფითი პასუხი გავეციო. ვინ შეუმოწმებს?
სამაგიეროდ, ადვილი შესამოწმებელია, რას ფიქრობდა გამყრელიძე 2003 წლის რეფერენდუმის შესახებ 2008 წლის მარტში, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის – ნინო ბურჯანაძის მისაღებში შიმშილობდა: “ბურჯანაძემ მაჟორიტარების ირგვლივ წარმოქმნილი უთანხმოების გადაწყვეტის გზა, მომავალ პარლამენტში დეპუტატთა საერთო რაოდენობის 150-დან 175-მდე გაზრდის გზით შემოგვთავაზა. მან გვკითხა, თუ დათანხმდება ოპოზიცია დეპუტატთა რაოდენობის 175-მდე გაზრდას. ეს აბსურდია და არც ერთი ოპოზიციური პარტია ამაზე არ დათანხმდება. ეს ნიშნავს უარის თქმას რეფერენდუმის შედეგებზე”!
თუ სამი წლის წინ დეპუტატთა რაოდენობის 175-მდე გაზრდა აბსურდი იყო, დღეს მისი 190-მდე აყვანა რატომ აღარ არის უფრო დიდი აბსურდი? იქნებ 25 მანდატი არ ღირდა დათანხმებად, 40 კი – უღირთ?!
იმავე 2008 წლის მარტში “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი გიორგი თარგამაძე დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის შესახებ გამყრელიძისგან სრულიად განსხვავებულ პოზიციაზე იდგა და სხვა პოლიტიკოსებსაც იმოწმებდა. მაშინ მას ასეთი შეკითხვა დაუსვეს: “თქვენი ინიციატივა იყო პარლამენტის წევრთა რაოდენობის 185-მდე გაზრდა. როგორც ვიცით, პარლამენტის წევრთა რაოდენობა რეფერენდუმის გზით 150 კაცამდე შემცირდა. იყო თუ არა თქვენი აღნიშნული განცხადება ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მიმართული”?
თარგამაძემ უპასუხა: “გულწრფელად გეტყვით, რომ ეს არ იყო მხოლოდ ჩემი ინიციატივა. ანალოგიურ პოზიციაზე იდგა მოშიმშილეთა საკმაოდ ანგარიშგასაწევი ნაწილი. ინიციატივის გაჟღერებამდე მოშიმშილეებთან ჩემი კონსულტაციების შედეგად, ჩამომიყალიბდა აზრი, რომ უვადო შიმშილობის შეწყვეტისა და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საკმაოდ საინტერესო გეგმა ჩამოყალიბდა. ის, რომ მოშიმშილე პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა ამ იდეას ეთანხმებოდა, შემდგომ დღეებში არაერთხელ დადასტურდა. რაც შეეხება რეფერენდუმს, შეგახსენებთ: საუბარია 2003 წლის ნოემბრის შედეგებზე, რომლის ნამდვილობა არათუ ეჭვქვეშ დადგა, არამედ გახდა მიზეზი “ვარდების რევოლუციისა” და ხელახალი არჩევნების ჩატარების”.
ნუღარ გავიმეორებთ, რომ რეფერენდუმის შედეგები არავის გაუსაჩივრებია ან გაუუქმებია. ნურც იმას ვიტყვით, რომ პოლიტიკოსი რევოლუციის მიზეზსა და საბაბს ერთმანეთისგან უნდა ანსხვავებდეს. მაგრამ რევოლუციიდან 5 წლის შემდეგ “გონივრული” ეჭვის საფუძველზე მანდატების გაზრდით ვაჭრობა ვერაფერი პოლიტიკოსობაა. აქ უფრო ის არის საინტერესო, რომ თარგამაძე მანდატების 185-მდე გაზრდას ითხოვდა, ხოლო ბურჯანაძე გამყრელიძეს 175-ს სთავაზობდა.
იმავე 2008 წლის მარტში პრეზიდენტმა სააკაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, გაეზარდათ დეპუტატთა რაოდენობა: “რეფერენდუმის შედეგი იყო 150-კაციანი პარლამენტი, მაგრამ, თუ ეს მოემსახურება ეროვნულ თანხმობას, სხვადასხვა პარტიებს შორის კონსენსუსს, ჩვენ მზად ვართ, ასევე, რა თქმა უნდა, ავუხსნათ ჩვენს ხალხს, რომ ამისთვის ღირს 45 თუ 35 ადგილის დამატება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდება”.
მაშინ მანდატების გაყოფაზე “ეროვნული თანხმობა” არ შედგა. ახლა 185+5 (ან 150+40) მანდატი თანხმობისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
ერთხელ, დიდმა დრამატურგმა, ბერნარდ შოუმ კერძო საუბარში თქვა, რომ ნებისმიერი ქალის ყიდვა შეიძლება. ეს ამბავი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიამდე მივიდა. მან შოუ დაიბარა და ჰკითხა:
– მართლაც ასე განაცხადეთ?
შოუმ იხტიბარი არ გაიტეხა და ნათქვამი დაუდასტურა.
– როგორ? ესე იგი, ჩემი ყიდვაც შეიძლება? – განრისხდა დედოფალი.
– რა თქმა უნდა, თქვენო უდიდებულესობავ, – მშვიდად მიუგო შოუმ.
– მაინც რამდენი ვღირვარ, თქვენი აზრით?
– ასე, ათასი ფუნტი.
– როგორ, ასე ცოტა?
– ხომ ხედავთ, თქვენო უდიდებულესობავ, უკვე მევაჭრებით!
უხერხულ განმარტებებს გიორგი თარგამაძე იოლად გადაურჩა, რადგან აშშ-დან პირდაპირ გერმანიაში გაემგზავრა საქმიანი შეხვედრების გასამართად. მისმა პარტიამ კი, ევროპაში გავრცელებული ე-კოლის ბაქტერიით გამოწვეული ატიპიური ნაწლავური ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლებას პრევენციული ღონისძიებების გატარება მოსთხოვა.
“თვეზე მეტია, დასავლეთ ევროპა ატიპიურ ნაწლავურ ინფექციას ვერ უმკლავდება, რომელმაც სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა. მაშინ, როდესაც ამ დაავადებას წარუმატებლად ებრძვიან ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი. “ქრისტიან-დემოკრატები” აუცილებლად მივიჩნევთ, რისკ-ჯგუფში შემავალი ყველა იმპორტირებული პროდუქტი საბაჟოზევე მკაცრად შემოწმდეს, იგივე გაგრძელდეს მისი დახლზე მოხვედრის პერიოდშიც და, ამასთან, მუდმივ რეჟიმში განხორციელდეს მოსახლეობის ინფორმირება,” – განაცხადა პარლამენტის წევრმა რატი მაისურაძემ.
ეს ის რატი არ არის. იმ რატი მაისურაძეს 4 წელი და ექვსი თვე მხოლოდ იმიტომ მიუსაჯეს, რომ მართლმადიდებელია. ის თანასაკნელ ჩეჩენს ნათლავს და მტკიცედ დგას რწმენაში. ეს რატი მაისურაძე კი პარლამენტის წევრია და ყველაზე მეტად ე-კოლის პრობლემა აწუხებს. თუმცა ერთხანს სამი თვით საპარლამენტო უმცირესობის კვოტით პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიაშიც იმუშავა, მაგრამ პატიმრებზე მისი განცხადება არავის გაუგია, დიმიტრი ლორთქიფანიძისგან განსხვავებით, რომელიც მან ამ კომისიაში შეცვალა. ე-კოლი მაინც სულ სხვაა!
ისე, ხელისუფლების შეწუხებას, უმჯობესი არ იყო, საკუთარი პარტიის ლიდერისთვის ეთქვა ყურში, რომ გამძვინვარებული ე-კოლის მოქმედების ეპიცენტრში წასვლისგან თავი შეეკავებინა?
  ნანა დევდარიანი
 
 
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here