Home რუბრიკები საზოგადოება მეუფე ეფრემი (ბოლნელი ეპისკოპოსი): იქ, სადაც მართლმადიდებლობას არღვევენ, ირღვევა ქართული სახელმწიფოებრიობა

მეუფე ეფრემი (ბოლნელი ეპისკოპოსი): იქ, სადაც მართლმადიდებლობას არღვევენ, ირღვევა ქართული სახელმწიფოებრიობა

1234

GEWORLD.NET:
«საქართველო და მსოფლიო» აგრძელებს ბოლნელ ეპისკოპოსთან, მეუფე ეფრემთან (გამრეკელიძე) საუბრების ციკლს, რომელსაც უძღვება გაზეთის «მახვილი მესიისა» მთავარი რედაქტორი შორენა სიხარულიძე.

გაგრძელება. დასაწყისი იხ. «საქართველო და მსოფლიო» #22-23
– მეუფე ეფრემ, მე ზუსტად ვიცი, ჩვენი საზოგადოების «ზე-ლიბერალური», კოსმოპოლიტურად მოაზროვნე ნაწილი რასაც იტყვის – რაღა დროს ქართველობაზე, ეროვნებაზე, მართლმადიდებლობაზე საუბარია? ამერიკა ჩვენი პარტნიორია, მეგობარია, რუსეთი კი – ჩვენი მტერი…
ქართველობა სხვა ფენომენიაო, რომ უთხრა, ძალიან ხმამაღლა, ქილიკით გეტყვიან – «არაფერი სხვა ფენომენიც არ არის, ჩვენ არაფრით განვსხვავდებით სხვა ერებისგან და გვინდა «კარგი, მოწესრიგებული ცხოვრება განათებულ ქვეყანაში». მერე რა მოხდა, რომ სხვა ორიენტაციის ადამიანები არსებობენ და მათ აღლუმის ჩატარება უნდათ? მერე რა, თუ «კოცნის კონკურსი» (ე.წ. «kiss party») ტარდება, ჩვენ ხომ ევროპის ნაწილი ვართო?.. («ბუჩქებისკენ» ცნობილი მოწოდება არ დამავიწყდეს).
– ყველაფერში ჩვენ უნდა «ვაჯობოთ», მეტიც, გადავამეტოთ სხვებს? კიდეც არიან გაოცებულები დასავლეთში – ბევრ რამეზე ამბობენ, ასეთი რამ ჩვენც არ მოგვდის აზრადო. ეს ყველაფერი გეგმაზომიერად, შეგნებულად ხდება – რაც უფრო ზნედაცემულია ადამიანი, მით უფრო ადვილი სამართავი ხდება იგი და ემსგავსება ბრბოს – უმწყემსო ცხვრის ფარას, ის მერე ყველაფერზე წამსვლელია. მას ზნეობა, სინდისი აღარ აკავებს, რადგან სულიერი საყრდენი აღარ აქვს, მორალურად წაქცეულ «მასას» (ძალიან ცუდი სიტყვაა) ყველაფერს გააკეთებინებ! ზნეობრივი, მართალი, შინაგანად მოწესრიგებული, ღმრთის მოშიში ადამიანი ასე ადვილად სამართავი არაა!
უფლის რწმენა და სიყვარული მთავარია, რადგან რწმენისგან მოდის ზნეობრიობა, სულიერი სიმყარე, სიძლიერე… რწმენით აღჭურვილი ადამიანი უკვე სულიერად ცოცხალი,  გონიერი, მოაზროვნე არსებაა, გამრჩევი კეთილისა და ბოროტისა, თეთრისა და შავისა… სწორედ ასეთი, ცოცხალი ადამიანები არ უნდათ, იმიტომ, რომ ასეთი ერის მართვა არაა ადვილი. საკმარისია,  გავიხსენოთ ცნობილი ამერიკელის (ბზიგნევ ბზეჟინსკს გულისხმობს. – შ.ს) სიტყვები: «მსოფლიოში წესრიგის დამყარებისა და მსოფლიოს განვითარების შემაფერხებელი მართლმადიდებლობაა და ამასაც უნდა მივხედოთო». ასე ძალუმად ამიტომაც ცდილობენ მართლმადიდებლობის მოშლას. იქ, სადაც მორალი იშლება, ზნეობა, ჭეშმარიტი რწმენა აღარაა, იქ ქართული სახელმწიფოც იშლება. იქ, სადაც მართლმადიდებლობას არღვევენ, ირღვევა ქართული სახელმწიფოებრიობა… მართლმადიდებლობა და ქართველობა ერთია! გავიხსენებ იოანე საბანისძის სიტყვებს: «ისმაიტელყოფილი და აწ ქართველიო», აბო ტფილელზე წერს, მას შემდეგ, რაც არაბი აბო ქრისტეს სჯულზე მოექცა, ავტორი მას უკვე ქართველად მოიხსენიებს.
მართლმადიდებლობის უარყოფით ჩვენ მოვიშლით იმ საყრდენს, რაზეც, საუკუნეებია, ვდგავართ და რაზეც დამყარებულია ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა; ახლა კი ცდილობენ, დანერგონ და განავითარონ აზრი, რომ არაა აუცილებელი, იყო მართლმადიდებელი, იყავი სხვა სარწმუნოების, სხვა სექტის მიმდევარი? მერე რა მოხდა? მაინც იქნები კარგი ქართველი, არავისზე ნაკლები!». თიშავენ მართლმადიდებლობას ეროვნებისგან, ქართველობისგან, რადგან იციან, რომ, როცა სული და სხეული ერთია ადამიანში, ესაა სიცოცხლე. სიკვდილი სულისა და ხორცის გაყრაა, რაც ბიოლოგიურ სიკვდილზე ადრე შეიძლება დაუდგეს ადამიანს. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანი სულიერად გადაგვარდება, სულიერად კვდება. გამოაცალე ერს ეკლესია, სარწმუნოება, ზნეობა, რა დარჩება? – მივიღებთ მართლა მასას, რომელიც გაითქვიფება ყველაფერში და, რასაც ჩააგონებ, იმას გაითავისებს, წინააღმდეგობას ვეღარ გაგიწევს. მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც იგივე ხდება, რადგან ერთადერთი მადლი ჭეშმარიტი ცხონებისა და სულიერი გადარჩენისა მართლმადიდებელ სარწმუნოებაშია. ამიტომ ყველა მართლმადიდებელ ქვეყანაზე ხორციელდება დარტყმები, რადგან ეკლესია – ქრისტეს მისტიკური სხეული, ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ადამიანების, ერების  გაერთიანებაა (ეკლესია ხომ კრებულს ნიშნავს). მხოლოდ ჭეშმარიტი სარწმუნოება – მართლმადიდებლობა, ეკლესია  –  ქრისტეს ეს მისტიკური სხეული, თავისი არსით ეწინააღმდეგება დამყარებულ «მსოფლიო წესრიგს» – მასონურ გეგმას «მსოფლიოს დიდი გაერთიანებისა».
გეგმა ნათელია – მოშალონ, დაანაწევრონ ჭეშმარიტი სარწმუნოება, მთლიანად შეცვალონ ადამიანთა ცნობიერება, ფსიქოლოგია! ამის მისაღწევად კი დღეს უამრავი გზა არსებობს – მასმედიის საშუალებები მთლიანად, ინტერნეტი. რას უყურებს ხალხი ტელეეკრანებიდან? მდარე ხარისხის სერიალებს, უხამს გადაცემებს ან გადაცემებს, რომლებიც გვაჩვენებენ, რომ «ქვეყანაში ყველაფერი კარგადა», ცხოვრება მშვენიერა»… ათასგვარი გზებით ხორციელდება უზნეობის პროპაგანდა!.. ზნეობაგამოცლილი, მასად ქცეული ადამიანების მართვა ხომ ადვილია!
სულიერი ადამიანი ადვილად გაარჩევს ნათელს ბნელისგან, ქრისტეს – ანტიქრისტესგან, მტერს – მოყვრისგან. ამიტომაც უნდათ, რომ მოსპონ ადამიანში სულიერება, ამას კი ვერ მიაღწევენ ადამიანში რწმენის გაქრობის, ეკლესიის დარღვევის გარეშე. სამწუხაროდ, ამ საფრთხეს ადამიანთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, თითქოს გონების თვალი აქვთ დაბრმავებული და მხოლოდ ზედაპირულად უყურებენ ყველაფერს – თანამედროვე შენობა აშენდა, ქალაქები გალამაზდა – ამ ყველაფერს გარეგნული ეფექტი აქვს. და ასე, ამ «ეფექტებით», ხიბლით, ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობთ, ეს გარეგანი «ეფექტები» თვალს ახარებს, გონებას ადუნებს, აბნელებს, სული კი ამ დროს კვდება! ამიტომ ყველა უნდა მივიდეს ეკლესიაში, რომ სულიერი თვალი აეხილოს.
– მივიდნენ ეკლესიაში. მაგრამ ვაღიაროთ: განა ეკლესია – სასულიერო იერარქია ამ საკითხებთან მიმართებაში ერთიანია? ან, ვინც ეკლესიაში დადის, ყველა მრევლია? ნაწილი ხომ, უბრალოდ, «მასაა», რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე ვერ გარკვეულა ჭეშმარიტებაში, რადგან პირდაპირ ვიტყვი – ძალიან ბევრმა სასულიერო პირმა თავისი შეუფერებელი საქციელით დააბრკოლა, ვინც, როგორც მეუფე იობმა ბრძანა, «თქვენ, სასულიერო პირებმა სწორად ვერ აღზარდეთ და ვერ მიეცით სულიერების სათანადო მაგალითი»… ხომ არ მიიჩნევთ, რომ ერის გამოკეთება, «გამოჯანმრთელება» ეკლესიის გაჯანსაღებით, სასულიერო პირების მოწოდების სიმაღლეზე დადგომით უნდა დაიწყოს?.. მორწმუნე მრევლი ხშირად ამბობს, რომ დავითისდროინდელი რუის-ურბნისის საეკლესიო კრება ნამდვილად სჭირდება ერსაც და ბერსაცო…
– რა თქმა უნდა, ერის გამოჯანმრთელება ეკლესიის გაჯანსაღებით უნდა დაიწყოს! უფრო მეტსაც გეტყვით – ალბათ, დღეს საზოგადოებისთვის, ერისთვის ყველა საფრთხეთა შორის ყველაზე დიდი საფრთხე უღირსი სასულიერი პირია. დავანებოთ თავი შემოტევებს ეკრანებიდან და სხვა, კიდევ ბევრ ერისთვის სახიფათო რამეს. ხმამაღლა ვიტყვი: ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად დამაბრკოლებელი, დამანგრეველი უღირსი სასულიერო პირია! ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ სასულიერო პირიც ადამიანია და, რა თქმა უნდა, მას აქვს ადამიანური ნაკლი და სისუსტეები, მაგრამ ნაკლიც არის და ნაკლიც! საზოგადოების ყველა წევრს ვერ მოსთხოვ, რომ ამ ნაკლსა თუ სისუსტეს გაგებით შეხედოს, გადააბიჯოს მას და ჩათვალოს მღვდლის პიროვნულ ცოდვად. ვინც ძლიერია რწმენაში, მას ვერავინ და ვერაფერი დააბრკოლებს! მაგრამ განა რამდენია ასეთი ძლიერი ადამიანი? მრევლის უმეტესობა ტაძარში ახალმოსულია, ეკლესიაში თავისი სულის სამკურნალოდ მოვიდა, მაგრამ სულიერად ვერ გაჯანსაღდება, თუ თავისი ნაკლოვანებები სწორად ვერ დაინახა. მას თავისი ნაკლი კი ჩვენ, სასულიერო პირებმა, უნდა დავანახოთ. ჩვენ ხომ სარკე ვართ? თუ ეს სარკე დასვრილია, ეს ადამიანი თავის მახინჯ სახეს დაინახავს მასში? უყურებს მღვდელს, რომელიც ქრისტეს სახეს უნდა განასახიერებდეს და, თუ სასულიერო პირი უღირსია, «მახინჯია», ისიც დაფიქრდება და იტყვის – ესაა რწმენა, ქრისტეს ეკლესია? ესაა მართლმადიდებლობა? შეიძლება ეს ადამიანი საერთოდ ურწმუნოებამ მოიცვას, სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს და შეიძლება სამუდამოდ დაიღუპოს. სამწუხაროდ, ჩვენში, სასულიერო პირებში, პირადად ჩემით დაწყებული, ბევრი რამაა მოსაგვარებელი, მეტ-ნაკლებად. ყველამ თავის თავზე აგოს პასუხი.
დავით აღმაშენებელი და მის მიერ მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრება ახსენეთ. დიახ, დავითმა, რომლის საქართველოსაც ასე მივსტირით, ერის გამთლიანება, გაჯანსაღება ეკლესიის გაჯანსაღებით დაიწყო, რადგან კარგად ესმოდა, რომ ძლიერი სახელმწიფო ვერ შეიქმნებოდა ძლიერი ეკლესიის გარეშე. ეკლესია, სულიერი საყრდენი ქვეყნისა – ეს არის სასულიერო პირთა იერარქია და ყველა მათგანი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს საქმით და არა მხოლოდ სიტყვით!
დიახ, დავითს ეს კი ესმოდა, მაგრამ დღეს არ ესმით ადამიანთა იმ კატეგორიას, ვისაც ეს ყველაზე უკეთ უნდა ესმოდეს – რომ, თუ გინდა, შენი სახელმწიფო მმართველობის სისტემა ძლიერი იყოს, ქვეყანა, ერი გაერთიანდეს, ეკლესია კი არ უნდა დაარღვიო, არამედ უნდა გააძლიერო! სამწუხაროდ, დღეს ეკლესიის სახით მეტოქეს ხედავენ და არა მოკეთეს! ეკლესიის, ყველაზე მეტად კი პატრიარქის მაღალი რეიტინგი აღიზიანებთ – რატომაა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ეკლესიას, პატრიარქს ენდობა და არა მეო!. რატომ აქვს მის სიტყვას უფრო დიდი წონა ხალხში და ჩემსას არაო! ამიტომაც გამოუცხადეს ბრძოლა პატრიარქს – იმ სამარცხვინო გადაცემებს ვგულისხმობ, პატრიარქის წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ კამპანიას. გაგიჟდნენ: «რას ქვია, პატრიარქის სიტყვა გაითვალისწინეს, ანგარიში გაუწიესო!».
არავინ იფიქროს, რომ თეოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ვგულისხმობ!.. მაგრამ ერსაც და ბერსაც უნდა უხაროდეს, როცა ერს ჰყავს ადამიანი, ვისაც უსმენს, ვისი სიტყვაც მისთვის წონადია და ზუსტად იცის, რომ ქვეყნისთვის ყოველთვის სასიკეთო რჩევას მისცემს! კიდევ ერთხელ ვიტყვი – პატრიარქი მართლაც ეპოქალური მოვლენაა და ბევრი ერი ისურვებდა, ჰყოლოდა მისნაირი გონიერი, ბრძენი სულიერი წინამძღოლი, ძალიან ბევრი გონიერი ხელისუფალი გამოიყენებდა მის პიროვნებას, გამოცდილებას, სიბრძნეს ქვეყნის წინსვლისთვის, აღორძინებისთვის, ერის გაერთიანებისთვის, სახელმწიფოს ფეხზე დადგომისთვის!
– ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მიიჩნევთ თუ არა, რომ, სანამ ჯერ კიდევ ურყევად დგას ეკლესია და მისი ავტორიტეტი საფუძვლიანად არ შერყეულა, თავისი ძალა, კარგი გაგებით, უნდა «გამოიყენოს» ერის კონსოლიდაციისთვის, სულიერი გაჯანსაღებისთვის და ჩვენ ირგვლივ მიმდინარე პროცესების ეროვნულ რელსებზე გადაყვანისთვის? არ ფიქრობთ, რომ ამის დრო უკვე მოვიდა?
– რა თქმა უნდა! უკვე დროა. «აწ დადგა ჟამი» და ერის გაჯანსაღების პროცესი უნდა დაიწყოს ერის გულიდან – ეკლესიიდან და შემდეგ ეს ჯანსაღი სისხლი უნდა გადაესხას მთელს ერს. ნაკლის დაფარვა თავის მოტყუებაა, დანაშაულია! იმის ფიქრი, რომ «კარგად ვარ და შიგნით რა ხდება, არაა საგანგაშო, გარედან მაინც არაფერი მეტყობა,» – ეს დღეს უფლის წინაშე ყველაზე დიდი დანაშაულია! მოდი, შენს თავს შეხედე პირდაპირ, თავის მოტყუებისა და ილუზიის გარეშე, და აღიარე, ვინ ხარ, ღმერთმა სად დაგაყენა, რა მისია გაკისრია ღვთისა და ერის წინაშე. ბოლოსდაბოლოს ასე აღარ შეიძლება! შენს თავს მაინც უთხარი სიმართლე!
როდემდე უნდა ვიყოთ სირაქლემის მდგომარეობაში – რომ «გარედან ყველაფერი ლამაზია; ამდენი ტაძრები და მონასტრები იხსნება, ხალხი ტაძარში დადისო». მხოლოდ ამით  რატომ ვკმაყოფილდებით? თვითკმაყოფილება მომაკვდინებელი შეიძლება იყოს ამ დროს. მეტი მოვთხოვოთ საკუთარ თავს: «იყავი მკაცრი და დაუნდობელი საკუთარი თავის და გაცილებით შემწყნარებელი სხვათა მიმართო». ყველამ საკუთარი თავიდან  უნდა დავიწყოთ და, სანამ ტალახს სხვას ვესვრით, ყველა სასულიერო პირმა საკუთარ სულში უნდა ჩავიხედოთ. ეკლესიის პრობლემა ეკლესიის შიგნით უნდა მოგვარდეს, ვიდრე ეკლესია – ქრისტეს ეს მისტიკური სხეული, ჩვენი არასწორი საქციელის, ჩვენი ცოდვების გამო არ გაიხრწნება, დალპება. ნაკლსა თუ შეცდომებს, სასულიერო პირებისას, უნდა ვაგვარებდეთ ეკლესიის, ეპარქიის შიგნით, სანამ ეს ნაკლი თუ უღირსი საქციელი ხალხში, მრევლში გავრცელდება და ეკლესიის ავტორიტეტს მთლიანად შეარყევს!..
სანამ სხეულის დაავადებული ნაწილი დაგიწყლულდება, გაიხრწნება და მოსაკვეთი გაგიხდება, მასზე გაჩენილ იარას მანამდე უნდა ვუშველოთ. ჩვენს შემთხვევაში კი პირიქით ხდება – როდესაც ხალხი აყვირდება და «ჭირი თავს ვეღარ დამალავს», მხოლოდ მერე ვამბობთ ხმამაღლა, მერე ვაღიარებთ, რომ ვიღაც სასულიერო პირი ცუდად, არასწორად მოიქცა, უღირსი საქციელი ჩაიდინა. სანამ უღირსი სასულიერო პირი, სულ მცირე, ორი ათას კაცს მაინც არ დააბრკოლებს, მანამდე ვართ ასე – «ვერ ვხედავ, არ მესმის, ყველაფერი კარგადაა»-ს მდგომარეობაში… გამოსავალი კი ისაა, აღკვეთო დაავადება, სანამ იგი მთელ სხეულს არ მოედება!
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here