Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს პარლამენტმა ანტიკონსტიტუციური, მართლმადიდებლობის დამარბეველი კანონი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა ანტიკონსტიტუციური, მართლმადიდებლობის დამარბეველი კანონი მიიღო

697

GEWORLD.NET:
თბილისის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გაერთიანება «ეროვნული პრობლემების ანალიტიკური დარბაზი» პასუხისმგებლობას გრძნობს დედაეკლესიის, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების წინაშე, რომ მკვეთრად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება საქართველოს პარლამენტის მიერ, მიღებული კანონის მიმართ, რომელიც ეხება საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების იურიდიული სტატუსის გათანაბრებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსთან, სახელმწიფოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან.

საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოს კონსტიტუციით ჩამოყალიბებულია საქართველოს ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულებანი, უფლება-მოსილებანი და ვალდებულებანი საგანგებო კონსტიტუციური შეთანხმებით, ე.წ. კონკორდატით, რომელსაც ხელი მოეწერა 2002 წელს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეკლესიის სახელით მისმა უწმიდესობამ, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ და საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ.
კონსტიტუციურ შეთანხმებაში ნათქვამია:
– საქართველომ მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროში აღიდგინა ისტორიული ადგილი, როგორც დამოუკიდებელმა და დემოკრატიულმა სახელმწიფომ…
– მართლმადიდებლობა, ევროპის ერთ-ერთი ტრადიციული აღმსარებლობა საქართველოში, ისტორიულად სახელმწიფო რელიგია იყო, რომელმაც ჩამოაყალიბა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურა, ეროვნული მსოფლმხედველობა და ფასეულობები.
– საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია.
– საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი ქვეყნის ისტორიაში და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან.
ამავე დროს: «კონკორდატის» პირველივე მუხლით განსაზღვრულია, რომ საქართველოს «სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ», რომ საქართველოს «ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს – სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართველოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად».
2011 წლის 4 ივნისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია მეორის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს კანონის მიღება საქართველოს რელიგიური გაერთიანებების იურიდიული სტატუსის დასარეგულირებლად, ისე, რომ შეუთანხმებელია ქართველ ხალხთან და საქართველოს საზოგადოებრიობასთან, მეცნიერებთან და, რაც მთავარია, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომლის მრევლსაც საქართველოს მოსახლეობის 90% წარმოადგენს. აღნიშნული კანონი, რომელიც უკვე მიიღეს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად აცხადებს ყველა რელიგიურ გაერთიანებას, «მჭიდრო ისტორიული კავშირის მქონეს საქართველოსთან: რომაულ კათოლიკურ ეკლესიას, სომხურ სამოციქულო წმინდა ეკლესიას, მუსლიმთა თემს, იუდეველთა თემს, საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიას».
«მათზე შესაბამისად გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ». (განმარტებითი ბარათი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე).
მართალია, კანონპროექტის განმარტებით ბარათში ახსნილია, რომ კანონპროექტის მომზადება განაპირობა საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულირების სრულყოფის აუცილებლობამ, კერძოდ იმან, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით არასათანადოდ არის მოწესრიგებული საქართველოსთან ტრადიციული კავშირის მქონე რელიგიური გაერთიანებების იურიდიული უფლებამოსილებანი, მაგრამ შეუძლებელია თვალი დავუხუჭოთ იმ რეალობასაც, რომ კანონის ამგვარი ფათი-ფუთით მიღება კვალდაკვალ მოჰყვა საქართველოში სომხეთის პატრიარქის სტუმრობასაც, რომელმაც ქართველი მსმენელისთვის ძალზედ უხერხული და საკმაოდ კადნიერი ამბიციები გამოხატა საქართველოს მიწაზე ახალი სომხური ეკლესიების მშენებლობის თაობაზე.
საკმარისია, ერთმანეთს შევადაროთ «კონკორდატი» და ამჟამად მიღებული კანონის მონაცემები, რომ თვალში გვეცეს შეუსაბამობანი კონსტიტუციური და ახალი საკანონმდებლო დებულებებისა. თუ საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული როლის შემსრულებელ ჩვენს დედაეკლესიას მინიჭებული აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, როგორღა უნდა მიენიჭოს იგივე სტატუსი ყველა დასტუმრებულ რელიგიურ გაერთიანებასა და სექტას?!
ქართველი ხალხისთვის, ისევე, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა საზოგადოებრივი გაერთიანებისთვის, ახალი და პირველი არ არის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არც სახელმწიფოს უზენაესი კანონის კონსტიტუციური ნორმებისა და კანონშემოქმედებითი ლოგიკის დარღვევა და არც მისი ანტიქრისტიანული ქმედებანი საკუთარი ხალხის მიმართ. თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა საზოგადოებრივი გაერთიანება – «თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეა» პირველი იყო, რომელიც წინ აღუდგა საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს პარლამენტის ანტიკონსტიტუციურ ქმედებას უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის გატარებაში, წინ აღუდგა სამხედრო დიქტატურას უნივერსიტეტში და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა საკონსტიტუციო სარჩელით საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობისთვის.
ვფიქრობთ, ხელისუფლების პოლიტიკური კურსი ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მიმართ გასცდა უკვე ყოველგვარ საზღვრებს და უნდა მოიძებნოს გზა საქართველოს ხელისუფლების, როგორც ხალხის მიერ ძალაუფლებამინიჭებული სუბიექტის, ეროვნული სახალხო ინტერესების სამსახურში ჩაყენებისა. უნდა მოიძებნოს გზა ხალხის რჩეულთა მიერ მიღებული კრიმინალური კანონმდებლობის აღკვეთისა. ამჟამად უკვე მიღებული კანონი სრულიად არ ითვალისწინებს ჩვენი სულიერი ცხოვრების ეროვნულ თავისებურებას, ეწევა რელიგიათა და რწმენათა თავისუფლების სპეკულაციას და მიმართულია სიცოცხლის უფლებაწართმეული ქართველი ხალხის სულიერი მეობის დაკნინებისა და დანგრევისკენ. «არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს».
ამ კანონით დოკუმენტურად გაცხადდა ჩვენი ხელისუფლების ვინაობა და მისი რეალური დამოკიდებულება საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ხალხის მიმართ. ეს კანონი არა მხოლოდ უნდა შეჩერდეს, არამედ ამ რელიგიურ გაერთიანებათა მარეგულირებელი და მართლმადიდებლობის დამარბეველი კანონის გაცნობიერებით, თვალი უნდა აეხილოს ქართულ პოლიტიკურ ცნობიერებას, რათა სიღრმისეულად ჩაწვდეს ჯორჯ სოროსის ღია სამოქალაქო საზოგადოების, ანუ «მოქალაქეთა კავშირისა» და «ნაციონალური მოძრაობის» ნამდვილ რაობას, თანასწორობითა და თავისუფლებით შენიღბულ ვინაობას, ჩვენი ქვეყნის გამანადგურებელ იდეოლოგიას.
«ეროვნული პრობლემების ანალიტიკური დარბაზის» სახელით
დენიზა სუმბაძე
ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი,
ოთარ გამყრელიძე პროფესორი,
რეზო ჩხეიძე კინორეჟისორი,
ზურაბ აბაშიძე პროფესორი,
ვაჟა თვალავაძე პროფესორი,
ზურაბ ჭუმბურიძე პროფესორი,
თენგიზ ჩხეიძე პროფესორი.
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here