Home რუბრიკები საზოგადოება გადამწყვეტი ბრძოლა მართლმადიდებლობასთან თუ “ნაციონალური შეთქმულება” სომხური აქცენტით?

გადამწყვეტი ბრძოლა მართლმადიდებლობასთან თუ “ნაციონალური შეთქმულება” სომხური აქცენტით?

759

GEWORLD.NET: საქართველოს პარლამენტი ზაფხულში, როგორც წესი, რიგგარეშე სესიაზე არაპოპულარული გადაწყვეტილებების მისაღებად იკრიბება ხოლმე. თუმცა, რატომ მხოლოდ პარლამენტი? ხელისუფლების სხვა შტოებიც ზუსტად ასე იქცევიან: შორს რომ არ წავიდეთ, “სამშობლოდან” მთელი ჟურნალისტური კორპუსის გამოძევებაც სწორედ ზაფხულში განხორციელდა. ამჯერად პარლამენტი სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების პროექტს განიხილავს, რომელიც ხუთი რელიგიური ორგანიზაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. პირველი მოსმენით ეს პროექტი უკვე ნაჩქარევად მიიღეს.

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა უკვე განაცხადა, რომ ამ საკითხის განხილვა უნდა შეჩერდეს. შეჩერება რომ სდომებოდათ, 1 ივლისს, საგაზაფხულო სესიის დახურვის შემდეგ, რიგგარეშე სესიას არ მოიწვევდნენ და საკითხს საშემოდგომო სესიის გახსნისას, სექტემბერში მიუბრუნდებოდნენ. ასეც რომ არ იყოს, კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება მისი პრინციპების მიღებას ნიშნავს, ხოლო მეორე და მესამე მოსმენისას მხოლოდ სარედაქციო ცვლილებებია შესაძლებელი. პატრიარქისა და სრულიად საქართველოს გულისწყრომას ის იწვევს, რომ უკვე მერამდენედ ჩვენი ხელისუფლება ხალხის აზრს არაფრად დაგიდევთ და გადაწყვეტილებებს ისე იღებს, რომ მადლი იქნებოდა, პარლამენტის ფასადზე დავიწყებული კომუნისტური პლაკატი დაგვეკიდებინა: «პარტია ჩვენი მესაჭეა»! პატრიარქის მოთხოვნაა, გაიმართოს საჯარო დებატები, თუნდაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, რათა ჩამოყალიბდეს საერთო საზოგადოებრივი აზრი და მოხდეს კონსენსუსი მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი და კონსტიტუციური შეთანხმება კი წლების განმავლობაში განიხილებოდა და მას საერთაშორისო ექსპერტიზაც ჩაუტარდა. «თავის მხრივ, ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას და მათი უფლებების განხორციელებას, მაგრამ ამ პროცესს სათანადო გაგრძელება არ მოჰყოლია, ანუ ხელისუფლების მხრიდან არ შექმნილა მრავალმხრივი სახელმწიფო კომისია, სადაც საკითხი იქნებოდა შესწავლილი და შეჯერებული», – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში. 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის მე-9 მუხლში ნათლად არის ნათქვამი, რომ სახელმწიფო ცნობს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში. 2001 წლის 30 მარტის ცვლილებით, ამ მუხლს დაემატა პუნქტი, რომლის თანახმადაც ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე მოწესრიგდებოდა. 2002 წლის 14 ოქტომბერს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს პრეზიდენტმა და კათოლიკოს-პატრიარქმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციურ შეთანხმებას. 2003 წლის შობას, 7 იანვარს, გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის #1 ბრძანებულება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების მომზადების მიზნით 5 კომისიის შექმნის თაობაზე, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამართლებრივი და ქონებრივი ურთიერთობების მოწესრიგების ღონისძიებათა კომისიისა და ეკლესიისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ნაწილობრივი კომპენსაციის საკითხების შემსწავლელი კომისია. «ვარდების რევოლუციის» შემდგომ ეს ბრძანებულება გაუქმდა და ეკლესიისთვის კონსტიტუციური შეთანხმებით გარანტირებული პუნქტების შესრულება სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილების საგნად იქცა. ახლა თეა თუთბერიძე და მისი სულიერი ძმები სწორედ იმ ვალდებულებების ეპიზოდურ შესრულებას აპროტესტებენ, რომელთა შესახებაც კომისიებს უნდა ემსჯელათ. 2009 წელს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის ფიცის დადების ცერემონიალზე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: «იმ პირობებში, როდესაც ყველა სხვა ჯგუფის უფლებები დაცული უნდა იყოს, კონკორდატი უნდა ამოქმედდეს ისე, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის როლსა და ფუნქციას საქართველოს ისტორიაში საგანგებოდ გაესვას ხაზი». სიტყვა «ისტორია» ისე ხშირად მოიხსენიება ამ კონტექსტში, რომ უთუოდ იმსახურებს ყურადღებას. კონსტიტუციური შეთანხმების პირველი მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, «საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს». რატომ არის აქ ნახსენები ფორმულირება «ისტორიულად ჩამოყალიბებული»? იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული კანონმდებლობით საჯარო სამართლის იურიდიული პირი განსაზღვრულია როგორც «საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას». მართლაც, ანეკდოტური ხასიათი ექნებოდა, რომ თექვსმეტსაუკუნოვანი მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით «შექმნილიყო». არანაკლები ანეკდოტი იქნებოდა, რომ მას საქმიანობა «სახელმწიფოს კონტროლით» განეხორციელებინა, ამიტომაც შეირჩა ფორმულირება, რომელიც ხაზს უსვამდა საქართველოს ეკლესიის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ბუნებას, იგი სუბიექტად იყო მოხსენიებული და არა – «პირად». ახლა ისიც ვიკითხოთ, იმ ხუთ რელიგიურ ორგანიზაციას რაში სჭირდება «სახელმწიფოს კონტროლი» და იმის დაფიქსირება, რომ, მაგალითად, კათოლიკური ეკლესია საქართველოში «პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შეიქმნას»? «ქართული პარტიის» დღევანდელი თავმჯდომარე, იმჟამად სახალხო დამცველი სოზარ სუბარი საკუთარ ანგარიშში პარლამენტს იმაზე მიუთითებდა, რომ საქართველოში სხვადასხვა კონფესიები არათანაბარ მდგომარეობაში არიან და ამის გამოსწორებას მოითხოვდა. დღეს ამ თვალსაზრისით საქმე კიდევ უფრო უარესად გვაქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს; 2005 წლის 6 აპრილს საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა სამოქალაქო კოდექსის 1509 მუხლში, რომლის საფუძველზეც რელიგიურ გაერთიანებებს რეგისტრაციის შესაძლებლობა მიეცათ კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით. «იეჰოვას მოწმეები» სწორედ ამ სტატუსით დარეგისტრირდნენ. კათოლიკური ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიისა და ლუთერულ-ევანგელური ეკლესიის მესვეურებმა უარი განაცხადეს ამ სტატუსზე, რადგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს. გამოდის, რომ კონფესიათა თანაბრობის მომხრე საქართველოს პარლამენტი სტატუსის მიხედვით ახარისხებს სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებს: ზოგი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება, ზოგი – კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი, ზოგი კი – საერთოდ უსტატუსო. მართლაც, რატომ შეირჩა ეს ხუთი რელიგიური ორგანიზაცია და რას ნიშნავს ფორმულირება: «რომლებსაც გააჩნიათ მჭიდრო ისტორიული კავშირი საქართველოსთან»? რა დააშავეს, მაგალითად, ცეცხლთაყვანისმცემლებმა და რას ამბობს ამაზე ზარატუსტრა? თუმცა რომაული კათოლიკური ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმანთა და იუდეველთა თემების გარდა, ამ ჩამონათვალში არიან ბაპტისტები, რომელთა «მჭიდრო ისტორიული კავშირი საქართველოსთან» ას წელსაც არ ითვლის. მათ შეყვანას ტრადიციული რელიგიური ორგანიზაციების ჩამონათვალში ერთადერთი ახსნა აქვს: 2003 წლის ნოემბერში რევოლუციის წინა დღეებში რუსთაველზე შეკრებილ მომიტინგეებს ბაპტისტთა მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი საკუთარი ხელით უსხამდა ცხელ კაკაოს. იგი თავს რეფორმირებული მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად მიიჩნევს. ამავე დროს, დასავლეთის ბაპტისტებისგან განსხვავებით, რომლებიც საერო ტანსაცმელსა და «საყოველთაო მღვდლობას» აღიარებენ, სონღულაშვილი მართლმადიდებლურ სამოსსა და პანაღიას ატარებს. ერთი შეხედვით მისი მართლმადიდებლისგან გამორჩევა გაგიჭირდება. ამავე დროს, საკუთარ დამსახურებად იმასაც მიიჩნევს, რომ 2003 წელს უსამართლობაზე თვალი არ დახუჭა: «როცა ვიდექი პარლამენტის წინ, ჩოლოქთან, შემდეგ ბათუმის უნივერსიტეტთან, არ ვფიქრობდი, რომ წარმოვადგენ ბაპტისტურ ეკლესიას. მსურდა, ჩემი ხმა ქრისტიანობის ხმა ყოფილიყო». ქრისტიანობის ეს «ხმა» დუმდა, როცა სანდრო გირგვლიანი მოკლეს, როცა პატიმრები საკნებში ჩახოცეს, როცა 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდნენ, «იმედი» დაარბიეს და პატრონს წაართვეს. ეს ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გამიგრძელდეს, ამიტომ აქ შევჩერდეთ. სახალხო დამცველობის ჟამს არაერთხელ დამიცავს ბაპტისტები, როცა მათ ავიწროებდნენ. ახლაც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალადობა დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანის მიმართ, მით უფრო აღმსარებლობის ნიშნით. მაგრამ მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს – ღმრთისა; ყოველთა სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრისას საქართველოში სომხეთის ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების საკითხი დააყენა. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა სომეხთა კათალიკოსს ზუსტად ისეთივე მოთხოვნა წაუყენა. სომხეთის პარლამენტი არდადეგებზეა, ქართველი პარლამენტარები კი რიგგარეშე სესიაზე სასწრაფო წესით იღებენ «ისტორიულ» კანონპროექტს. ნანა დევდარიანი P.S. მღელვარება იმაზე, რომ ამ პროექტით სხვა კონფესიები საქართველოში მართლმადიდებლობას გაუთანაბრდა, უსაფუძვლოა. საერთოდ, ქაღალდზე დაწერილის გაფეტიშება არაგონივრულია. საბჭოთა პერიოდში ასეთი ანეკდოტი დადიოდა: ებრაელს ჰკითხეს, რა ეროვნებისა ხარო. უპასუხა, პასპორტში რუსი მიწერიაო. – ეგ კარგია, მაგრამ არ დაგავიწყდეს, როგორც წესი, ყბაში გირტყამენ და არა პასპორტშიო! – გააფრხილეს ქაღალდზე აღიარებული «რუსი».  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here