Home რუბრიკები საზოგადოება ვახტანგ კომახიძე: აგვისტოს ომი ქართველი და ოსი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულია

ვახტანგ კომახიძე: აგვისტოს ომი ქართველი და ოსი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულია

990

GEWORLD.NET:
ვახტანგ კომახიძის მიერ გახმაურებულ საქმეებზე გადაღებულ ფილმებსა და ჟურნალისტურ გამოძიებებს საზოგადოება კარგად იცნობს. ასევე ცნობილია, რომ აგვისტოს მოვლენებზე გადაღებული ფილმის “ესეც ჩვენი მოგებული ომი” გამო ჟურნალისტზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სერიოზული ზეწოლა განხორციელდა და ბატონი კომახიძეც იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. მან შვეიცარიის მთავრობისგან მალევე მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. “საქართველო და მსოფლიო” ვახტანგ კომახიძეს სწორედ შვეიცარიაში დაუკავშირდა.

– ბატონო ვახტანგ, მას შემდეგ, რაც ცხინვალის რეგიონში ჩახვედით და ადგილობრივ ოფიციოზს შეხვდით, თქვენ ლამის სამშობლოს მოღალატედ შეგრაცხეს…
– სწორედ ასეთი შერაცხვების საშუალებით უპირისპირდება ავტორიტარული რეჟიმი საწინააღმდეგო აზრს. ასეთი იარლიყების გამოყენებით იშორებდა საზოგადოების ერთ ნაწილს და ატერორებდა დანარჩენს ბოლშევიკური, ნაცისტური თუ ფაშისტური რეჟიმები. თავისუფალ საზოგადოებებში ასეთ მეთოდებს ხელისუფლება ვერ მიმართავს.
– რამ გაიძულათ და რატომ ჩათვალეთ საჭიროდ, რომ ჩასულიყავით ცხინვალში? პირადად ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ფილმი “ესეც ჩვენი მოგებული ომი”… დღევანდელი გადასახედიდან (შესაძლოა, როდესაც ფილმზე მუშაობდით, ემოციები ჭარბობდა) არ ფიქრობთ, რომ ამ ფილმში მართლა არის ელემენტები, რითაც მტრის წისქვილზე ასხამთ წყალს?
– გულწრფელობის სერთიფიკატი არ არსებობს და მიმაჩნია, რომ არაკორექტულია გულწრფელობის მოთხოვნა, მაშინ, როცა შესაბამისი ეჭვის საფუძველი არ ჩანს!
საერთოდ, ქართულ-ოსური პრობლემის მიზეზი ისაა, რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ საკითხს შუასაუკუნეობრივი პოლიტიკური ცნობიერებით უდგება. საბჭოთა კავშირის ნგრევის პერიოდში ქართულმა პოლიტიკურმა წრეებმა დაიწყეს სტერეოტიპის დანერგვა, რომ ოსები შიდა ქართლში ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლდნენ, რომ ისინი ყმებად მიიღეს, რომ ცხინვალში XX საუკუნის დასაწყისში მხოლოდ რამდენიმე ოსური ოჯახი ცხოვრობდა და ა. შ. და რომ ამის გამო მათ მოკრძალებული პოლიტიკური მოთხოვნები უნდა ჰქონოდათ.
ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყმები კი არა, საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები ცხოვრობდნენ, რომლებიც დაიბადნენ და გაიზარდნენ ამ ტერიტორიაზე, რომელთა უდიდესი ნაწილი თავისი თვითმყოფადობით ინტეგრირებული იყო ქართულ კულტურასა და ტრადიციებში. საქართველო მათი სამშობლო იყო და სრული უფლება ჰქონდათ, ჩამოეყალიბებინათ კანონიერი პოლიტიკური მოთხოვნები.
ჩვენი ურთიერთობების უპირველესი მტერი სწორედ ქართველი პოლიტიკოსების მიერ დანერგილი სტერეოტიპები აღმოჩნდა, რასაც მოჰყვა ნაციონალისტური აღტკინებები ორივე მხრიდან.
ცხადია, ამ პროცესში თავი იჩინა რუსეთის როლმა, რომელიც თავის მხრივ, ავტონომიების ხარჯზე სამხრეთ კავკასიაში გავლენის შენარჩუნებას ცდილობდა, რათა არ დაეშვა მის საზღვრებთან ჩრდილოანტლანტიკური ბლოკის დაახლოება. სრული რეალობა იყო ისიც, რომ, ვარშავის სამხედრო ბლოკი ავტონომიური ტერიტორიების მოსახლეობისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელ უსაფრთხოების სისტემას წარმოადგენდა, რადგან, ნატოსა და ვარშავის ბლოკის დაპირისპირების მიუხედავად, ფორმალური უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყო და მაშინდელი პროპაგანდის საშუალებების წყალობით დასავლური სამხედრო უსაფრთხოების სისტემა მხოლოდ და მხოლოდ მტრის სახეს წარმოადგენდა. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გვქონოდა მათთან კომუნიკაცია, ქართულმა პოლიტიკამ ავტონომიურ ტერიტორიებზე არსებული საზოგადოებრივი აზრის უგულვებელყოფის გზით აიღო ისეთი პოლიტიკური კურსი, რომელშიც არ იყო გააზრებული რეგიონული და სამეზობლო უსაფრთხოების მომავალი რეგულირების საკითხები.
ძნელი სათქმელია, როდის დადგება ის დღე, როცა რუსეთს საქართველოს ავტონომიური ტერიტორიებისადმი მიკერძოებული დამოკიდებულება არ ექნება. მაგრამ, ასეთი დღე რომ დადგეს კიდეც, ეს საკმარისი პირობა არ იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ქართულ-ოსური ურთიერთობების მოწესრიგების გარეშე. დღესაც აუცილებელია კომუნიკაცია, მაგრამ კომუნიკაცია არ შედგება საკითხების ობიექტური შეფასების გარეშე. აქედან გამომდინარე, მტრის წისქვილზე წყლის დასხმა პოლიტიკური ჩადრის მორგება და “უბიწოების” ამ ფორმით წარმოჩენაა.
– მოდით, დავივიწყოთ შეფასებები, რომ თქვენ ხართ აგენტი… როგორც ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს, რომელმაც საკმაოდ გაბედული ნაბიჯი გადადგით, გკითხავთ: როგორ დაგხვდნენ სეპარატისტული მთავრობის წევრები ქართველ ჟურნალისტს?
– არ მესმის, რატომ უნდა დაივიწყოთ ასეთი მნიშვნელოვანი შეფასება აგენტობის შესახებ, თუ ის დამაჯერებელია, და არც ის მესმის, რატომ ახსენებთ მას, თუ მისი არ გჯერათ?! იქნებ, იმის მაგალითები გაქვთ, რომ შვეიცარია სხვა ქვეყნის აგენტებს იფარებს?
ცხინვალში კი, რა თქმა უნდა, დამხვდნენ როგორც ჟურნალისტს. რაც შეეხება ადგილობრივ ოფიციოზთან შეხვედრას, მათ ჩვენ შევხვდით დაკავებული ქართველი არასრულწლოვანების მონახულების მიზნით და ჩვენ ისინი მოვინახულეთ.
– თუ სწორად მახსოვს, თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, შეხვედროდით და გასაუბრებოდით რიგით მოქალაქეებს, როგორია მათი დამოკიდებულება ქართველებისადმი? როგორ გგონიათ, ქართველ და ოს ხალხს შორის ერთმანეთთან მისასვლელი ხიდი სრულად დაიწვა 2008 წელს?
– შეხვედრის დასაწყისში მათთან რუსულად ვლაპარაკობდით, შემდეგ – ქართულად და, ოსური რომ მცოდნოდა, რა თქმა უნდა, ოსურადაც ვილაპარაკებდით. საქმიანი საუბრის შემდეგ, რამდენიმე კითხვა იმასაც კი შეეხებოდა, როგორ გამოიყურებოდა თბილისი, იყო მოგონებებიც. ისეთი განცდა მქონდა, რომ საქართველო მათი ცხოვრების ნაწილი იყო და ამ თანაცხოვრების კარი კი ჩვენივე ხელით მივუკეტეთ. რა თქმა უნდა, ვგრძნობდი, რომ მძიმე სათქმელიც ჰქონდათ, მაგრამ ზრდილობიანად მოგვექცნენ.
– ფილმში არის უმძიმესი კადრები, მართლა გჯერათ, რომ ქართველებმა ჩაიდინეს ეს ყველაფერი? იქნებ, ეს ყველაფერი დეზინფორმაციაა?
– ფილმში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო რუსული და ოსური მხარის მიერ ქართველი ტყვეებისადმი არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებს.  დეზინფორმაციის გავრცელების სურვილის შემთხვევაში, ასეთი კადრები ფილმში არ იქნებოდა.
– ბატონო ვახტანგ, პირადად თქვენ რამ შეგძრათ ყველაზე მეტად, რაც ცხინვალში ნახეთ და მოისმინეთ?
– შემძრა ნგრევის მასშტაბმა და ყველაფერმა იმან, რაც ფილმშია. ამას გარდა, ოსებში იგრძნობა შიში, რომ რუსებმა არ მიატოვონ. ხალხი, რომელიც ტრადიციებით, ცხოვრების წესით უფრო ახლოსაა ქართველებთან; ხალხი, რომლის დიდი ნაწილი ნათესაურ კავშირშია ქართველ ერთან, რუსეთის ხელისშემყურედ იქცა, რადგან ქართული მხრიდან, ფაქტობრივად, არ ჩაცხრა აგრესია.
მენშევიკების მთავრობის პერიოდში, როცა გარკვეული ოსური ჯგუფის მიერ მოწყობილ ამბოხებას ქართული გვარდიის  სადამსჯელო ოპერაცია მოჰყვა, რუსები წაქეზებულ აჯანყებულებს აღარ დაეხმარნენ. სწორედ ამის გამო ოსებში არსებობს შიში, რომ, თუ რუსები მათ კვლავ მიატოვებენ, ისინი ისევ სასიცოცხლო საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. ქართულმა სახელმწიფომ ოსებს უსაფრთხოების არანაირი განცდა არ შეუქმნა. ქართულმა პოლიტიკამ ექსტრემისტები, სეპარატისტები და ნეიტრალურად განწყობილი მოსახლეობა საქართველოსთან დაპირისპირებულ ერად აქცია.
– თქვენ არაერთი სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების ავტორი ბრძანდებით, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შესახებ გადაიღეთ საკმაოდ რეზონანსული ფილმები, მაგრამ სწორედ ამ ფილმის გამო მოგიხდათ ქვეყნიდან გაქცევა, რატომ?
– მუქარა იმ ფილმსაც მოჰყვა, მაგრამ არც კი გამიხმაურებია, რადგან არასერიოზულად მივიჩნიე. ზურაბ ჟვანიაზე გადაღებული ფილმის გამო მუქარის ავტორი კი, არც მეტი, არც ნაკლები, გიგა ბოკერია იყო. მან ღიად, საერთო მეგობრების წრეში განაცხადა, რომ ამ ფილმისთვის პასუხს მაშინ მომთხოვდა, როცა ის თანამდებობაზე აღარ იქნებოდა, რადგან იმ დროს დეპუტატი იყო და საქმის გარჩევა არ შეეფერებოდა. ცხადია, ასეთ მუქარაზე რეაგირება არ იქნებოდა სერიოზული, მაგრამ ხელისუფლებაში რომ გულგრილი არ იყვნენ ჩემი საქმიანობის მიმართ, ეს ამას ადასტურებს. მუქარის გამოვლინებას არაერთხელ ჰქონია ადგილი, მაგრამ მათ ვიღებდი სიმძაფრის შესაბამისად. ცხინვალიდან დაბრუნების შემდეგ კი მუქარა რეალური იყო.
– თქვენ არამარტო ჟურნალისტი, ამ ხელისუფლების ყოფილი ჩინოვნიკიც ხართ და არცთუ მცირე წვლილი მიგიძღვით ამ ადამიანების ხელისუფლებაში მოყვანაში… ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც აბაშიძის ხელისუფლებამ სასტიკად სცემა სააკაშვილ-მერაბიშვილის მხარდაჭერისთვის… თუმცა, თუ სწორად მახსოვს, საკმაოდ გვიან გაარკვიეთ, რომ ეს თავდასხმა მერაბიშვილისა და გივი თარგამაძის მიერ იყო ორგანიზებული… ეს ხომ არ გახდა თქვენი ამ ხელისუფლებასთან დაპირისპირების მიზეზი?
– სხვათა შორის, თავდასხმის ეს ისტორიაც გამოუძიებელია. ვანო მერაბიშვილსა და გივი თარგამაძეს მაშინ არ შეეძლოთ აჭარის ტერიტორიაზე თავდასხმის ორგანიზება. უბრალოდ, მათთან დაახლოებულმა პირმა, რომელიც მაშინ ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსანი იყო, აჭარის უშიშროების მინისტრს მიაწოდა სარწმუნო ინფორმაცია, რომ მე საკმაოდ არასასურველ გადაცემას ვამზადებდი ასლან აბაშიძეზე. ამის შემდეგ გადაწყდა ჩემზე თავდასხმა და ჩემთვის მასალების წართმევა, რაც წარმატებით გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ აბაშიძის დისკრედიტაციისთვის. ჩემი აჭარაში ყოფნისა და მუშაობის შესახებ კი იცოდნენ მერაბიშვილმა და თარგამაძემ, რომელთანაც ვმეგობრობდი და, აჭარაში არსებული დაძაბული მდგომარეობის გამო, გამგზავრებამდე ვთხოვე, რაიმე გართულების შემთხვევაში დახმარება აღმოეჩინათ.
თარგამაძის “მეგობრული დახმარების” შესახებ მე მოგვიანებით შევიტყვე, მაშინ, როცა უკვე არაერთი ფილმი მქონდა მომზადებული ხელისუფლებისთვის არასასურველ ფაქტებზე. ამიტომ ამ ინციდენტის ხელისუფლებასთან დაპირისპირების საბაბად წარმოჩენა უადგილოა.
ხელისუფლების ჩინოვნიკობაც, ვფიქრობ, უსაფუძვლო ბრალდებაა.  “ვარდების რევოლუციის” ავტორებს სურდათ “რუსთავი 2”-ის გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად გადაკეთება. ამიტომ მაშინ დაიხურა არაერთი გადაცემა, მათ შორის “60 წუთიც”, სადაც მაშინ ვმუშაობდი. პარალელურად მთხოვეს, მემუშავა უშიშროების სამინისტროში. ვმუშაობდი სამი თვის განმავლობაში და უკანონო დავალებები არ შემისრულებია.
– თქვენ უშიშროების სამინისტროში ერთ-ერთ სამმართველოს ხელმძღვანელობდით. რატომ დატოვეთ თანამდებობა?
– ჩემ თვალწინ მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა, შეიძლება ითქვას, დანაშაული მაღალჩინოსნების მხრიდან. შესაბამისი მტკიცებულებებით მივმართე სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელებს. რადგან ეს ფაქტები რეაგირების გარეშე დარჩა, სამინისტრო დავტოვე.
– დავუბრუნდეთ ისევ აგვისტოს ომის თემას, ვისი ინიციატივითა და მითითებითაც მოხდა 2008 წლის 8 აგვისტოს საომარი მოქმედებების დაწყება. რა იყო ამის მოტივი?
– ამის შესახებ გარკვევით წერია ჰეიდი ტალიავინის დასკვნაში და ვერავინ იტყვის, რომ იგი მიკერძოებულია. ამ დოკუმენტში გაანალიზებულია კონფლიქტის ისტორიული კონტექსტი, ჩართული მხარეების ინტერესები, მაგრამ 2008 წლის 8 აგვისტოს ომის დაწყებაში ბრალდებულია ქართული მხარე. დღეს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი თვალს ხუჭავს დასკვნის ამ ნაწილზე, რადგან, პრიმიტიული პატრიოტული დოქტრინის მიხედვით, საკუთარი დანაშაულის აღიარება სამშობლოს ღალატად მიიჩნევა.
რეალურად, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ქართული მხარე 2008 წლის 8 აგვისტომდე ცეცხლზე ნავთს ასხამდა ცხინვალის მისადგომებთან განხორციელებული “ჰუმანიტარული აგრესიით”, ალტერნატიული ადმინისტრაციით, სხვადასხვა სპეცოპერაციებით. ხუთდღიანი ომის სავალალო შედეგების გამო კი ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ სააკაშვილი რუსეთის თამაშს თამაშობდა.
ომის დაწყების მოტივს, ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, კონფლიქტური რეგიონის შემოერთება წარმოადგენდა. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს გადაწყვეტილება სრულიად ავანტიურისტული იყო. სააკაშვილი ქვეყნის გაერთიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობით მოვიდა ხელისუფლებაში და, საომარი მოქმედებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, იგი თავისი დანაპირების მნიშვნელოვან ნაწილს აასრულებდა – ჩამოირეცხავდა პასუხისმგებლობას დარბეული 7 ნოემბრის, კონტროლირებადი სასამართლოს, განადგურებული მედიისა და გაყალბებული არჩევნების გამო. დამარცხების შემთხვევაში კი, რაც კონფლიქტში რუსეთის ჩარევას აუცილებლად მოჰყვებოდა, საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის ვალდებულების ბუნდოვანი ვადით გადავადებას ახერხებდა. ამიტომ იყო ომის წამოწყება ავანტიურისტული გადაწყვეტილება.
– შესაძლოა, ქართველმა პოლიტიკოსებმა და სამხედრო სპეციალისტებმა ვერ გათვალეს ამ ფატალური შეცდომის შედეგები, მაგრამ ნუთუ ეს ვერ გაითვალისწინეს იმ უცხოელმა მრჩეველებმა, რომლებიც, როგორც დღეისთვის ოფიციალურადაა ცნობილი, იმ დროს ასობით იყვნენ საქართველოში და თითქმის ყველა უწყებას კონსულტაციას უწევდნენ?
– საქმეც ისაა, რომ დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი ფორმებისკენ მოუწოდებდა. მაგრამ მშვიდობიანი დარეგულირების ვადები არ შეესაბამებოდა სააკაშვილის საარჩევნო დაპირებებსა და ხელისუფლების გახანგრძლივების გეგმებს. შესაბამისად, უცხოური რჩევები ყოველთვის არ იყო ხელსაყრელი სააკაშვილისთვის. მაგალითად, ცნობილია დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე. საქართველოს ენერგოსექტორის მართვაში კი რუსული კომპანიების წილი საკმაოდ მაღალია.
დასავლური რეკომენდაციები არ მუშაობს, რადგან ეგრეთ წოდებული სახელმწიფო კაპიტალიზმის პირობებში ხელისუფლებისთვის რუსულ კომპანიებთან ურთიერთობა უფრო კომფორტულია, ვიდრე თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებს მიჩვეულ კომპანიებთან. ამაში დარწმუნება სახელმწიფოსა და კომპანიების კონფლიქტების სტატისტიკის თვალის გადავლებითაც შეიძლება.
-პროექტზე “კოკოითი ფანდარასტ”, ისევე, როგორც სანაკოევზე, ათეულობით მილიონი დაიხარჯა, თქვენ იყავით ცხინვალში და იცით ადგილობრივების დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ, რა შედეგი მოგვიტანა ამ პროექტმა და “სანაკოევებმა”?
– იგორ გიორგაძე რას წარმოადგენს საქართველოსთვის? რატომ უნდა ყოფილიყო ცხინვალისთვის სანაკოევი მომხიბლავი? მით უმეტეს, რომ გიორგაძეს მსოფლმხედველობა არ გამოუცვლია, სანაკოევმა კი “შეიცვალა”.  საერთოდ, ჯერ კიდევ 2004 წელს სამშვიდობო პროცესი იმდენად იყო გაღრმავებული, რომ ცხინვალის მისადგომებთან ატეხილ სამხედრო აქტიურობას საომარი გაგრძელება არ მოჰყვა. სწორედ “სანაკოევის პროექტის” მსგავსი ავანტიურისტული ღონისძიებების შემდეგ გახდა იოლად შესაძლებელი კონფლიქტის გაღვივება.
– თქვენ შვეიცარიას სთხოვეთ პოლიტიკური თავშესაფარი და არცთუ დიდხანს მოგიწიათ ლოდინი, მაშინ, როდესაც ზოგიერთი ყოფილი ჩინოვნიკი (მაგალითად, მიხეილ ქარელი) ამ “სიამოვნებას” დიდხანს ელოდა… ზოგადად, როგორი დამოკიდებულებაა ევროპაში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისადმი? კვლავ “დემოკრატიის შუქურად” მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლება თუ ევროპამ ვარდისფერი სათვალე მოიხსნა?
– არ მგონია, რომ ევროპას სათვალეების ფერის შერჩევა უჭირდეს. მას აქვს თავისი ენა და ამ ენით ყოველთვის საკმარისს ამბობს. სხვა საქმეა, როგორ ფუთავდა ქართული პროპაგანდა დასავლეთის ნათქვამს.
– არ ნანობთ ცხინვალში ჩასვლას? ცხადია, აცნობიერებთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თქვენ საქართველოში დაბრუნება არ გეღირსებათ. ღირდა კი ეს ყველაფერი ამად? რამე შეცვალა თქვენმა ფილმმა?
– თქვენ ფიქრობთ, რომ კობა ნაყოფიას ფილმმა შეცვალა სამყარო? პროპაგანდას შეუძლია გარკვეული პერიოდით მოაპირკეთოს რეალობის ფასადი, მაგრამ ფაქტებს ვერ შეცვლის. აგვისტოს ომი ქართველი და ოსი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია, რასაც რუსეთის აგრესიაც მოჰყვა და ეს ვერ მოხდებოდა ქართული სამხედრო მოქმედებების გარეშე. სანამ ამ დანაშაულის შესანიღბად პროპაგანდა იმოქმედებს, პრობლემის გადაწყვეტის გზას ვერ დავადგებით. რაც შეეხება ჩემს საქართველოში დაბრუნებას, ეს სააკაშვილის პერიოდში ბევრ ადამიანს ვერ ეღირსება, რაც ამ ხელისუფლების კიდევ ერთი პოლიტიკური დანაშაულია. ჩემი ფილმი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში აჩვენეს. ეს ბევრად ფასეულია, მოქალაქეობრივი და პროფესიული ვალდებულებების თვალსაზრისით, ვიდრე ქართველი და ოსი ხალხის ტრაგედიაზე აგებული ჰოლივუდური მასკარადი.
ესაუბრა მანანა ჩხეიძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here