Home რუბრიკები ისტორია სიცრუის ფასი და ევროპული ორპირობა

სიცრუის ფასი და ევროპული ორპირობა

“არავინ ისე არ არის დაბრმავებული, როგორც ის, ვისაც არ სურს, დაინახოს”
ინგლისური ანდაზა 
თუ ინგლისი განადგურდება, მე ვეღარ დავრაზმავ გერმანელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ. მაშასადამე, ჯერ რუსეთი უნდა განადგურდეს.
ადოლფ ჰიტლერი, 1941 წლის თებერვალი
აღმოსავლეთის წინააღმდეგ ომში ჩვენი ბრალი ასპროცენტიანია. ეს იყო ვერაგული და არაპროვოცირებული აგრესია.
ჰანს ფრიჩე, მესამე რაიხის რადიოპროპაგანდის ხელმძღვანელი
ნაწილი I. ნაციზმის აჩრდილი კვლავ დაეხეტება ევროპაში
2011 წლის 22 ივნისს 70 წელიწადი შესრულდა დიდი სამამულო ომის დაწყებიდან. 70 წელიწადი _ ცოტაა თუ ბევრი? ჯერ კიდევ ცოცხლობენ იმ მოვლენათა მომსწრენი და მონაწილენი. მაგრამ მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე უკვე აღარ არის სსრკ, ხოლო გაერთიანებული გერმანია კვლავ წარმოგვიდგა ევროპის წამყვანი ქვეყნის რანგში.
ჰიტლერის მიერ დასავლეთ ევროპის დაპყრობიდან შვიდი ათეული წლის შემდეგ, ევროპარლამენტმა (თითქოს არ იყოო ფაშისტური ოკუპაცია, უმძიმესი დანაკარგები, ფეხქვეშ გათელილი ეროვნული სუვერენიტეტი) წინადადებით მიმართა ევროკავშირის ქვეყნებს _ 23 აგვისტო აღენიშნათ, როგორც “სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის ევროპული დღე”, რითაც ტოლობის ნიშანი დასვა სსრ კავშირისა და მესამე რაიხის ხელმძღვანელთა მოქმედებას შორის მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობის პროცესში.
თითქოს არ იყო ნიუნბერგის პროცესი, რომელმაც განაჩენი გამოუტანა ფაშისტურ კაცთმოძულეობას.
ჰიტლერისა და მის მომხრეთა იდეები ღრმად ყოფილა ფესვგადგმული თვითკმაყოფილ ევროპაში. ბეჭდურ გამოცემებში, რადიო და ტელეარხებზე ატრიალებენ ყალბ დოკუმენტებს, რომლებიც 70-ზე მეტი წლის წინათ შეთითხნეს რიბენტროპისა და გებელსის უწყებებში. ამ სიყალბეებს ემატება უცხოელი და ისტორიის შინნახადი რევიზიონისტების უნიჭობა და ავადმყოფური ფანტაზიები, რომლებიც, ეტყობა, ყოველ დილით ჰიტლერის “მაინ კამფზე” ლოცულობენ და ოკეანისგაღმელი დამკვეთებისა და ინვესტორების დღეგრძელად ყოფნას შეჰღაღადებენ.
ორიოდე წლის წინათ ნამდვილი იდეოლოგიური ბრძოლა გაიმართა ავადსახსენებელი “მოლოტოვ-რობენტროპის” პაქტის, მისი “საიდუმლო” დანართებისა და იოსებ სტალინის “ბრალეულობის” შესახებ “მსოფლიო სისხლიანი სასაკლაოს” მოწყობის თაობაზე.
ისტორიული მივიწყებულობიდან გამოათრიეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა, რომელიც ამ უწყებამ 1941 წლის 21 ივნისს გამოუგზავნა საბჭოთა მთავრობას, რომელშიც სიყალბეში გაწაფული გებელსისა და გიმლერის უწყებების “ანალიტიკოსები” ფიურერის კარნახით ცდილობდნენ ადოლფ ჰიტლერის “პრევენტული” მოქმედების გამართლებას: “ბოლშევიკური მოსკოვი აპირებს, ზურგში დაარტყას ნაციონალ-სოციალისტურ გერმანიას, რომელიც იბრძვის თავისი არსებობისთვის. გერმანია არ აპირებს თავისი აღმოსავლეთი საზღვრების წინააღმდეგ მიმართულ ამ მუქარას არ უპასუხოს და ხელფეხშეკრული იყოს. ამიტომ უბრძანა ფიურერმა გერმანიის ვერმახტს, მოიგერიოს ეს საშიშროება მის განკარგულებაში არსებული ყველა შესაძლებლობით”.
ამ “ყველა არსებული შესაძლებლობით საშიშროების მოგერიებას” საბოლოო ჯამში შეეწირა 26,6 მილიონი საბჭოთა ადამიანი _ არა მხოლოდ წითელი არმიის მებრძოლები, არამედ უბრალო მოქალაქენი: ქალები, კაცები, მოხუცები, ბავშვები.
სენსაციების მოყვარული ცრუისტორიკოსები, საბჭოთა ხელმძღვანელობის დადანაშაულების სურვილით ატაცებულები, შეგნებულად ივიწყებენ, რომ არა ვინმე სხვა, არამედ მომავალი “ყველა გერმანელის ფიურერი” თავის წიგნში წერდა იმ ბრძოლის შესახებ, რომელსაც სლავი, ებრაელი და სხვა მეორეხარისხოვანი ერების წინააღმდეგ აწარმოებდა, არიელთა კანონიერი “უფლების” თაობაზე, ჰქონდეთ სასიცოცხლო სივრცე აღმოსავლეთით და უფრო მეტიც _ იყვნენ მსოფლიოს ბატონ-პატრონები. ეს და ბევრი სხვა უბედურება არაადამიანური ფორმებით განახორციელეს გერმანელებმა ჰიტლერის მმართველობის 12 წლის განმავლობაში.
“ბარბაროსას” გეგმის შემუშავების შესახებ ბრძანება ჰიტლერმა ჯერ კიდევ 1940 წლის ივლისში გასცა, საბოლოოდ კი დეკემბერში დაამტკიცა. იდეოლოგიურ საფარად და მსოფლიო საზოგადოებრიობის დეზინფორმაციის მიზნით, ჰიტლერმა გამოსცა სპეციალური დირექტივა, შეიმუშავა სპეციალური სადეზინფორმაციო ოპერაცია, რომელიც გერმანული პედანტურობით განახორციელა გებელსის, გიმლერისა და რიბენტროპის უწყებებმა საბჭოთა კავშირზე თავდასხმის წინა პერიოდში. განახორციელეს შესაშური პროფესიონალიზმით, იმდენად წარმატებულად, რომ დღევანდელი “სიმართლის მძებნელები” სიყალბეთა ამ დახვავებას ჭეშმარიტებად აღიქვამენ. ამიტომ უპრიანი იქნება, გავიხსენოთ, რას ლაპარაკობდა ნიუნბერგის პროცესზე რაიხის პროპაგანდის მინისტრის, დოქტორ გებელსის მარჯვენა ხელი ჰანს ფრიჩე. თავის ჩვენებებში მან განაცხადა, რომ “დაიწყო ფართო ანტისაბჭოთა პროპაგანდისტული კამპანია, რათა დაერწმუნებინათ საზოგადოებრიობა, ეს ომი გერმანიის კი არა, საბჭოთა კავშირის ბრალია… არავითარი საფუძველი იმისა, რომ დაგვედანაშაულებინა საბჭოთა კავშირი გერმანიაზე თავდასხმის მზადებაში, ჩვენ არ გაგვაჩნდა”.
გამოდის, რომ გამარჯვების 66 წლისთავზეც კი ნაციზმთან ომი დამთავრებული არ არის. შეიცვალა მხოლოდ ომის ფორმები: დღეს მიმდინარეობს ბრძოლა არა ტერიტორიების დასაპყრობად, არამედ იმ ადამიანების შეგნების შესარყვნელად, ვინც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს. “სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა დღის” შესახებ წინადადებაც უნდა განვიხილოთ იმ საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის ჭრილში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, და როგორც ამ შემოთავაზების ინიციატორები ამბობენ, მიმართულია პოსტსაბჭოთა ქვეყნების საზოგადოებრივი აზრის “დეტოტალიზაციისკენ”.
სამხედრო ტყვეები ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირში
ტერმინი “ტყვეები” საერთაშორისო სამართალში ახსნილია როგორც “ძალადობრივი, ნებაყოფლობითი ან გარკვეული პირობებით ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის _ ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელთა გადასვლა მოწინააღმდეგე სახელმწიფოს, მისი შეიარაღებული ძალების, სხვა ძალოვანი სტრუქტურებისა და სპეციალური ორგანოების ხელში, რასაც თანსდევს “თავისუფალის” სამართლებრივი სტატუსის “ტყვეთი” შეცვლა”. ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც ჩაფიქრებული აქვს ომის დაწყება, წინასწარ ფიქრობს მომავალ სამხედრო ტყვეებზე, ქმნის ერთგვარ სამართლებრივ და მატერიალურ ბაზას საომარ მოქმედებათა მონაწილეების ამგვარი კატეგორიის ადამიანებისთვის.
ასე იყო გერმანიაშიც. მომავალი სამხედრო ტყვეებისთვის გამიზნული ბანაკების აღდგენა ნაცისტურ გერმანიაში 1939 წელს დაიწყეს, პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ბანაკების დახურვიდან 17 წლის შემდეგ.
გერმანულ-ფაშისტურმა ხელმძღვანელობამ, რომელსაც ჩაფიქრებული ჰქონდა ტოტალური ომის გაჩაღება მსოფლიო ბატონობის მოსაპოვებლად, შექმნა სხვადასხვა ტიპის ბანაკების ფართო ქსელი სამხედრო ტყვეების მოსათავსებლად. ამ ქსელში შედიოდა: შესაკრები პუნქტები (ბანაკები), გადაგზავნის ბანაკები, მუდმივი (სტაციონარული) ბანაკები ჯარისკაცებისა და სერჟანტებისთვის, და ოფიცრებისთვის; ცალკე ბანაკები მფრინავებისა და მეზღვაურებისთვის, ძირითადი მუშათა ბანაკები, მცირე მუშათა ბანაკები. საბჭოთა ტერიტორიაზე შეღწევის კვალზე გადაგზავნის ბანაკები ტრანსფორმირდებოდა მუდმივ ბანაკებად. ამასთან, თითოეული ბანაკი ჯარისკაცებისა და სერჟანტებისთვის მას დაქვემდებარებული მუშათა ძირითადი ბანაკების ქსელის ბაზა ხდებოდა.
პირველი მსოფლიო ომისგან განსხვავებით, XX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს სამხედრო ტყვეთა ბანაკების აღდგენის პროცესში ნაცისტები ფართოდ იყენებდნენ ხუთწლიან გამოცდილებას, რომელიც მათ შეიძინეს “რეჟიმის მტრების” გასათავისებელი საკონცენტრაცო ბანაკების მშენებლობის პროცესში. და ეს მაშინ, როცა გერმანია მიერთებული იყო ჰააგის (1907 წელი) და ჟენევის (1929 წელი) კონვენციებს, რომელთა მიხედვით სამხედრო ტყვეების ბანაკები განიხილებოდა როგორც საომარ ოპერაციებში მათი შემდგომი მონაწილეობის აღკვეთის ადგილები, ხოლო სამხედრო ტყვეობა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, დანაშაულად არ ითვლებოდა. არასრული მონაცემებით, ოკუპირებულ ქვეყნებში გერმანიას სხვადასხვა ტიპის 22 ათასი ბანაკი ჰქონდა.
პასუხისმგებლობა ბანაკებში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შენახვასა და სამხედრო ტყვეების გამოყენებაზე ფაშისტური გერმანიის შეიარაღებულ ძალებში განაწილებული იყო ვერმახტის უმაღლეს მთავარსარდლობასა და სახმელეთო ჯარების მთავარსარდლობას შორის.
იმაზე, თუ რა ბედს უქადდნენ ამ ბანაკებში გამომწყვდეულ სამხედრო ტყვეებს ჰიტლერი და მისი დამქაშები, შეიძლება ვიმსჯელოთ მრავალრიცხოვანი დირექტივით, ბრძანებით, ინსტრუქციით და სახელმძღვანელო მითითებით, რომლებიც უხვად გაიცემოდა როგორც საბჭოთა კავშირზე თავდასხმამდე, ისე ომის დაწყების შემდეგ.
ამ თვალსაზრისით, უწინარეს ყოვლისა, საინტერესოა ჰიტლერის 1941 წლის 13 მაისის დირექტივა და მისი დამატება, რომელიც 1941 წლის 6 ივნისს გამოსცა და ცნობილია “კომისრების შესახებ ბრძანების” სახელით, კეიტელის, გიმლერის დირექტივები, ბრძანებები და ინსტრუქციები, და, განსაკუთრებით, ვერმახტის განკარგულება “ყველა სამხედრო ბანაკში საბჭოთა სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის შესახებ” (1941 წლის 8 სექტემბერი).
არც ერთ გერმანელ სამხედროს ილუზიები რომ არ შექმნოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მომავალი ომის მიზნებზე, ამოცანებსა და მეთოდებზე, ჰიტლერმა ჯერ კიდევ 1941 წლის 30 მარტს ვერმახტის უმაღლესი ოფიცრების წინაშე რაიხსკანცელარიაში წარმოთქმულ სიტყვაში განაცხადა: “ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჯარისკაცულ ამხანაგობაზე. კომუნისტი არასოდეს იყო და არ იქნება ჩვენი ამხანაგი. ლაპარაკია გამანადგურებელ ბრძოლაზე. ჩვენ იმისთვის კი არ ვომობთ, რომ მტერი შევინარჩუნოთ”. მოგვიანებით, ფაშისტური რაიხის ხელმძღვანელებთან თათბირზე, რომელიც 1941 წლის 16 ივლისს გაიმართა, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომზე რომ ლაპარაკობდა, ჰიტლერმა აღნიშნა: “გიგანტური სივრცე, ბუნებრივია, რაც შეიძლება მალე უნდა დავამშვიდოთ. ყველაზე უკეთ ამის მიღწევას შევძლებთ, ყველას დახვრეტით, ვინც თუნდაც ალმაცერად შეგვხედავს”.
ვერხმატის უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბის უფროსმა გენერალ-ფელდმარშალმა კეიტელმა, სამხედრო დაზვერვის უფროსის, ადმირალ კანარისის მოხსენებითი ბარათი 1941 წლის სექტემბერში რომ წაიკითხა, სადაც ლაპარაკი იყო საბჭოთა სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობაზე და ნათქვამი იყო, რომ “უიარაღო ან დაჭრილი ტყვეების მკვლელობა ეწინააღმდეგება სამხედრო კონცეფციას; ამასთან, ომში ჩართული ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს, რომ ტყვედჩავარდნილი მათი ჯარისკაცები დაცული იქნებიან სასტიკი მოპყრობისაგან”, წააწერა: “მოსაზრება შეესაბამება ჯარისკაცულ გაგებას რაინდული ომის შესახებ. აქ კი ლაპარაკია მსოფლმხედველობის განადგურებაზე, ამიტომ ვიწონებ ამ (ე.ი. სადამსჯელო) ღონისძიებებს და ვიცავ მათ”.
როცა კითხულობ “ბრძანებას კომისრების შესახებ”, აშკარა ხდება, რომ გერმანია მზად იყო, ამოეწყვიტა იმ ქვეყნის არმიის გარკვეული ჯგუფი, რომელთანაც დადებული ჰქონდა თავდაუსხმელობის პაქტი!
დირექტივიდან: “პოლიტიკური კომისრებისადმი მოპყრობის შესახებ”.
“ბოლშევიზმთან ბრძოლაში მტრის მიერ ჰუმანურობის ან საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის იმედი არ უნდა გვქონდეს! ჩვენი ტყვეების მიმართ განსაკუთრებულად არაადამიანურ მოპყრობასა და სისასტიკეს უნდა ველოდოთ ყველა ჯურის კომისრებისგან, წინააღმდეგობის ამ ნამდვილი მატარებლებისგან.
ჯარებმა უნდა შეიგნონ:
1. ამჟამინდელ ომში ამ ელემენტების დანდობა და მათ მიმართ საერთაშორისო წესების დაცვა უადგილოა. ისინი ჩვენი უსაფრთხოებისა და ჩვენ მიერ ხელში ჩაგდებული მხარეების მოსახლეობის სწრაფი გათავისუფლებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ.
2. პოლიტიკური კომისრები ომის წარმოების ბარბაროსული მეთოდების ინიციატორები არიან. ამიტომ მათ წინააღმდეგ დაუყოვნებლივ და დაუნდობლად უნდა ვიმოქმედოთ. თუ ისინი შეიარაღებულ წინააღმდეგობას გაგვიწევენ, დაუყოვნებლივ უნდა გავანადგუროთ იარაღის ძალით…”
გავიხსენოთ, რომ კაციჭამიური დოკუმენტები ხელმოწერილია სსრ კავშირზე თავდასხმამდე! თუ როგორ სრულდებოდა ეს ბრძანება, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ვერმახტის რიგითის, რუდი მახკის ჩვენებიდან: “კაპიტანმა ფინკელბერგმა ომამდე ორი დღით ადრე ჩვენს ასეულში წაიკითხა მოხსენება წითელი არმიის შესახებ… მან თქვა, რომ ტყვედ არავის აყვანა საჭირო არ არის _ ზედმეტი მჭამელები არიან და საერთოდ ეს არის რასა, რომლის ამოწყვეტა პროგრესია. კომისრები, რომელთა ამოცნობა შეიძლება სახელოზე დაკერებული ვარსკვლავით, ადამიანის სახის მქონე ნამდვილი ეშმაკები არიან და უნდა განადგურდნენ, უყოყმანოდ უნდა დაიხვრიტონ. ამ ბრძანების შეუსრულებლობა საკუთარი სიცოცხლის ფასი დაგვიჯდება”.
“ბრძანება კომისრების შესახებ” იმ ბრძანებების მთელი სერიის ნაწილია, რომლებიც აწესრიგებს ვერმახტის ქცევას აღმოსავლეთში, და განაცალკევებს ჯარების კომპეტენციის სფეროს საიდუმლო პოლიციისა და უშიშროების სამსახურის (CD) კომპეტენციის სფეროებისგან.
რაიხის მტრების განადგურება გეიდრიხის საბრძოლო ბრძანებების მიხედვით ეკისრებოდა CD-ის ჯარებს, მაგრამ კეიტელის (ვერმახტი) და ბრაუხუჩის (სახმელეთო ჯარები) ქვეშევრდომებსაც სრული უფლება ეძლეოდათ, მონაწილეობა მიეღოთ დახვრეტებში. რაიხსფიურერ გიმლერის #8 და #9 ბრძანებები სამხედრო ტყვეებისთვის წითელი არმიის პოლიტშემადგენლობისა და ებრაელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის წინასწარ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი იყო.
ნაწილი II. “ისინი ჩვენი ამხანაგები არ არიან…”
შეგახსენებთ, რომ ეს განაცხადა ჰიტლერმა კომუნისტებზე საუბრისას თავის სიტყვაში, რომელიც 1941 წლის 30 მარტს წარმოთქვა აღმოსავლეთის ფრონტის სარდლებისა და შტაბების უფროსების წინაშე გამოსვლის დროს.
“ბოლშევიზმი ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის შეურიგებელი მტერია. გერმანელი ჯარისკაცის წინაშე პირველად დგას მოწინააღმდეგე, რომელიც არა მარტო ჯარისკაცური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც აღზრდილია ბოლშევიზმის სულისკვეთებით, ნაციონალ-სოციალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მას სისხლსა და ხორცში აქვს გამჯდარი. იგი წარმართავს ამ ბრძოლას ნებისმიერი საშუალებით: საბოტაჟით, ძირგამომთხრელი პროპაგანდისტ, ცეცხლის წაკიდებით, მკვლელობით. ამიტომაა, რომ ბოლშევიკების ჯარისკაცმა დაკარგა უფლება, მოეპყრან მას ჟენევის კონვენციის თანახმად, როგორც ჭეშმარიტ ჯარისკაცს.
…საბჭოთა ჯარისკაცი გარეგნულად რაგინდ უწყინარი ჩანდეს, ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა შური იძიოს ყოველივე გერმანულზე. გასათვალისწინებელია, რომ სამხედრო ტყვეებმა მიიღეს შესაბამისი მითითებები ტყვედ ყოფნის პერიოდში მოქცევის შესახებ. მათ მიმართ გვმართებს უაღრესი სიფხიზლის, უდიდესი სიფრთხილისა და უმწვავესი უნდობლობის გამოჩენა.
დაცვის ნაწილებს ეძლევა შემდეგი ძირითადი მითითებები:
დაუნდობელი დასჯა პროტესტისა და დაუმორჩილებლობის უმცირესი ნიშნების გამოვლენის დროს. წინააღმდეგობის ჩასახშობად დაუნდობლად იარაღის გამოყენება. სამხედრო ტყვეებს, რომლებიც გაიქცევიან, გაუფრთხილებლად უნდა ესროლო მიზანში მოხვედრის მტკიცე სურვილით”.
ვერმახტის 257-ე დივიზიის შტაბის სპეციალურ დირექტივაში ნათქვამია, რომ სამხედრო ტყვეებმა უნდა იცოდნენ, რომ “დაკითხვის დაწყებისთანავე მათ სცემენ…” საგულდაგულო დაკითხვა ნიშნავს “რეზინის ხელკეტით ან მათრახით ოცდახუთამდე დარტყმას”. პირები, რომლებიც ასე მკაცრად დაიკითხნენ, “ლიკვიდირებულ უნდა იქნან… უნდა დაიმარხონ ისე, რომ ნათესავებმა ვერ იპოვონ მათი საფლავები და არ ამოთხარონ მათი გვამები”.
ასეთი ბრძანებები და ინსტრუქციები ასობითაა. ისინი თავმოყრილია და გამოქვეყნებულია მსოფლიოს მრავალ ენაზე გამოცემულ წიგნებსა და კრებულებში.
საილუსტრაციოდ იმისა, თუ რას ნიშნავდა ამ ბრძანებებისა და ინსტრუქციების პედანტური შესრულება, გთავაზობთ მხოლოდ ერთ მაგალითს.
ქვედა საქსონიაში საბჭოთა ტყვეების მისაღებად გამოყოფილი იყო ვერმახტის უმსხვილესი პოლიგონის ტერიტორია ცნობილ ლიუნებურგის ვერან, ჭაობიან ველზე ელბისა და ბერგენის შუამდინარეთში. აქ გამართეს სამი ბანაკი _ ვიტცენდორფის, ბერგენ-ბელზენისა და ერბკესი.
1941 წლის ნოემბრის ბოლოს აქ ჩამოიყვანეს რამდენიმე ათასი საბჭოთა სამხედრო ტყვე.
ბანაკი მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება დარქმეოდა ამ ადგილს. როცა 1941 წლის ივლისში აქ ჩამოაყენეს პირველი ეშელონები ტყვე წითელარმიელებით, ტერიტორია შემოღობილი იყო მავთულხლართით და ბარაკის სახსენებელიც არსად იყო. სამივე ბანაკი გათვალისწინებული იყო 30 ათასი წითელარმიელისთვის. მაგრამ იმავე წლის გვიან შემოდგომაზე მარტო ერთ _ ბერგენ-ბელზენის ბანაკში მოთავსებული იყო 20 ათასი კაცი. მხოლოდ ზამთრის პირზე დართეს ნება, გაეთხარათ მიწურები, რომელთა ძირზე წყალი დგებოდა. ტყვეებს ეძლეოდათ ერთი პური ათ კაცზე ერთ დღე-ღამეში სამყოფად. მაგრამ ამ ნორმასაც არ არიგებდნენ ყოველდღიურად, ხოლო პური რაღაც ერზაცი იყო, რაზეც მიგვითითებს გერმანიის მომარაგების მინისტრის 1941 წლის 24 ნოემბრის თათბირის ოქმის ამონაწერი. საკითხი ეხება წითელი არმიის მეომრებისა და საბჭოთა სამოქალაქო პირების საკვებით მომარაგების საკითხს: “რუსებისთვის სპეციალური პურის მომზადების ცდებმა დაგვანახა, რომ ყველაზე მომგებიანია 50 პროცენტი მსხვილად დაფქვილი ჭვავის, 20 პროცენტი შაქრის ჭარხლის ნარჩენების, 20 პროცენტი ცელულოზური ფქვილისა და 10 პროცენტი ჩალის ან ფოთლების ფქვილის ნაზავი. ჩვეულებრივ, საკვებად გამოუყენებელი ცხოველების ხორცი ვერ დააკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნილებას. ამიტომ რუსების კვება უნდა უზრუნველვყოთ ცხენისა და უხარისხო ხორცით”.
ჰიტლერული გერმანიის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ ათი ათასობით მამაკაცს, რომლებსაც ელემენტარული საარსებო პირობები არ ჰქონდათ, სიკვდილი წინასწარ დაუგეგმა. ერთი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეთა მიერ მეორე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ ამგვარი მოპყრობის შედეგმაც არ დააყოვნა: მავთულხლართით შემოღობილ ზონაში მთელი ბალახი და ხეების ქერქი ტყვეებმა შეჭამეს, ხოლო გუბეებიდან წყლის სმამ (სხვა საშუალება არ ჰქონდათ) დიზენტერიის ეპიდემია გამოიწვია, შემდეგ _ ტიფი.
ქვემო საქსონიის პოლიტიკური განათლების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 1941 წლის ზამთრის პირისთვის ბერგენ-ბელზენის ტყვეთა ბანაკში მოთავსებული 20 ათასი წითელარმიელიდან 1942 წლის თებერვლისთვის 18 ათასზე მეტი კაცი დაიღუპა. ერბკეს ბანაკში _ 12 ათასი, ვიტცენდორფში _ 14 ათასი. დეკემბრის განმავლობაში ყოველდღიურად 200-დან 400-მდე ტყვე ჯარისკაცი იღუპებოდა. 1942 წლის მარტში, როცა აქ მოთავსებული ტყვეები თითქმის მთლიანად ამოწყდნენ, ერბკე და ვიტცენდორფის ბანაკები გააუქმეს. ვერმახტის სტატისტიკით, 1942 წლის 1 მაისისთვის რუსებისთვის განკუთვნილ ბერგენ-ბელზენის ბანაკში დარჩენილი იყო მხოლოდ 2097 ტყვე წითელარმიელი!
შედარებისთვის: ამ ბანაკების არსებობის მთელი პერიოდის მანძილზე (1939-1945 წლები) დაიხოცნენ სხვა ქვეყნების სამხედრო ტყვეები: ბრიტანელი _ 28 კაცი, ამერიკელი _ 28 კაცი, ფრანგი _ 133 კაცი, სერბი _ 82 კაცი, ბელგიელი _ 35 კაცი, იტალიელი _ 561 კაცი, პოლონელი _ 26 კაცი, თითო-თითო _ კანადელი და დანიელი, ერთი კაცი _ სამხრეთ აფრიკიდანაც კი. შემაძრწუნებელია საბჭოთა სამხედრო ტყვეების გერმანელთა ბანაკებში მოკვდინების მასშტაბები!
ფიზიკურ გაჭირვებას მორალურიც ემატებოდა: საბჭოთა ტყვეთა ბანაკებში რეგულარულად ჩადიოდნენ ესეს-ის წარმომადგენლები “პარტიული მოღვაწეების, მნიშვნელოვანი პიროვნებების, ინტელიგენტების, ებრაელებისა და აზიელების გამოსარჩევად”. 1941 წლის მხოლოდ შემოდგომაზე ასე “გამოარჩიეს” და სიკვდილის ბანაკ ზაქსენჰაუზენში გააგზავნეს ან ადგილზე დახვრიტეს, მინიმუმ, 1500 სამხედრო ტყვე ბერგენ-ბელზენის, ერბკესა და ვიტცენდორფის ბანაკებში. 1942 წლის შემოდგომაზე 450 სამხედრო ტყვე ერბკეს ბანაკიდან მოწამლეს ესეს-ის საკონცენტრაციო ბანაკ ნოიგამის დროებით გაზის კამერაში.
1942 წლის გაზაფხულისთვის 3,4 მილიონი საბჭოთა სამხედრო მოსამსახურიდან, აგრეთვე, სამოქალაქო პირიდან, რომლებიც გერმანელთა ტყვეობაში აღმოჩნდნენ, შიმშილისგან, სიცივისგან, ეპიდემიებისგან დაიღუპა, დაიხვრიტა ან დაახრჩეს გაზის კამერებში ორ მილიონამდე ადამიანი. ტყვეების სამმართველოს მონაცემებით, 1944 წლის 1 მაისისთვის დახოცილი საბჭოთა ტყვეების რაოდენობამ 3 მილიონ 291 ათას 157-ს მიაღწია. მათგან ბანაკებში მოკვდა 1 მილიონ 981 ათასი კაცი, დახვრეტილია და გაქცევის მცდელობის დროს მოკლულია 1 მილიონ 30 ათას 157 კაცი, დაიღუპა “გზაში” _ 280 ათასი კაცი.
გერმანელების მონაცემებით, ფაშისტურ ტყვეობაში აღმოჩნდა 5,7 მილიონი საბჭოთა ადამიანი, მათგან დაიღუპა 3,3 მილიონზე მეტი, ანუ 58 პროცენტი.
ამრიგად, რა დანაკარგებიც განიცადეს მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნებმა, ცნობილია, რაგინდ შეეცადონ ფალსიფიკატორები მათ შეცვლას.
მაგრამ სწორედ სიყალბითა და ციფრების მანიპულაციებით ცდილობენ ისტორიის გამყალბებლები მედროვეთა ხომალდების აფრების ავსებას მათთვის დაკვეთილი ზურგის ქარით.
გაგრძელება იქნება
იური მატვიენკო, თადარიგის პოლკოვნიკი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here