Home რუბრიკები პოლიტიკა ¡Viva la Tirania, viva la República Bananera!

¡Viva la Tirania, viva la República Bananera!

სააკაშვილის ხელისუფლება რიგი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას გეგმავს. თუ მათი შეფასება ერთ წინადადებაში გახდებოდა აუცილებელი, ალბათ, ყველაზე კარგად ამისთვის გამოდგებოდა რეპლიკა ელდარ რიაზანოვის ცნობილი ფილმიდან: ,,Этот тип замахнулся на самое святое, что у нас есть… на Конституцию!”, რადგან ძირითადი კანონის 25-ე მუხლით გარანტირებული უფლებების რეალიზება მალე, როგორც ჩანს, თითქმის შეუძლებელი იქნება.
ერთი შეხდვით, უჩვეულო არაფერი ხდება: ბანანი ყვავის და ჩვენი “La Republica Bananera “ სახელმწიფოებრივი მარაზმის მორიგ სტადიაში შედის, თუმცა ცვლილებებში, რომელიც ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში უნდა შევიდეს, ალბათ, მაინც არის რაღაც გამორჩეული, რაღაც ისეთი, რასაც ,,განსაკუთრებულ ცინიზმსა და სისასტიკეს” უწოდებენ.
კანონპროექტის მომზადებაზე ქართული პარლამენტარიზმის სამმა ტიტან(იკ)მა _ პავლე კუბლაშვილმა, კახა ანჯაფარიძემ და აკაკი მინაშვილმა იზრუნეს. მაგრამ სამამულო იურისპრუდენციის ეს სამი კენტავრი, შესაძლოა, ვერ მიაღწევდა ასეთ გამაოგნებელ შედეგებს, რომ არა პროცესის მეოთხე მონაწილე, ჩიორა თაქთაქიშვილი; დოკუმენტის ნებისმიერ სტრიქონს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი აღმაფრენა ეტყობა, კანონპროექტის გარეკანზე ისევე თამამად შეგვიძლია დავწეროთ: ,,აქ იყო ჩიორა”, როგორც ბაბილონელებმა თავიანთი კანონების კოდექსზე მეფე ხამურაბის სახელი ამოტვიფრეს.
ვინაიდან კონსტიტუციის დედის რძესავით ტკბილი 25-ე მუხლის პირველი პუნქტი გვამცნობს, რომ ყველას (ძალოვანების გარდა) უფლება გვაქვს, წინასწარი ნებართვის გარეშე შევიკრიბოთ ,,საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ”, ხოლო ,,ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო”. კანონპროექტის ავტორებმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, ,,კანონსაწინააღმდეგოს” ცნება უსასრულობამდე გააფართოონ და თბილისში მიტინგის ჩატარება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახადონ.
,,კანონპროექტით დგინდება, რომ შესაბამის ორგანოს აქვს ვალდებულება, დაიცვას ბალანსი შეკრების თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ვაჭრობს და აქვს ბიზნესი იმ ადგილებში, სადაც შეკრება მიმდინარეობს. კანონში ცალსახად ჩაიწერება, რომ ამ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. ამ მიზნით შეიძლება დაწესდეს დროისა და ადგილის შეზღუდვა და მოხდეს ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება” (,,ინტერპრესნიუსი”).
რა ,,შესაბამისი ორგანო”? ,,Какого Бориса-царя?!”; რომელი ,,ბალანსი” და კოსმოსური წონასწორობა? წარმოვიდგინოთ, რომ რამდენიმე ათასი მოქალაქე შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დიქტატურა დავგმოთ, ამ დროს ,,შესაბამის ორგანოს” მიმართავს სამი ადამიანი, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ პამიდვრის გაყიდვაში ხელს ვუშლით, ხოლო კიდევ რამდენიმე ამბობს, რომ დაძინების საშუალებას არ ვაძლევთ. გამორიცხული არაა, რომ ისინი წინასწარ მომზადებული პროვოკატორები იყვნენ; რამდენიმე ათეული ასეთი ტიპის მოძებნა საქართველოში, ქვის ხანიდან მოყოლებული, პრობლემა არაა.
ამის შემდეგ ,,შესაბამისი ორგანო” ვალდებულია (!), ,,ჩვენ თავისუფლებასა და მათ უფლებებს შორის” ბალანსის დაცვა დაიწყოს. ძალიან დიდი ალბათობით, ის აქციის სხვა ადგილას გადატანას შემოგვთავაზებს. ეს სქემა, იდეაში, ხელისუფლებას ნებისმიერი მიტინგის ჩაშლის შესაძლებლობას აძლევს, თუ, ცხადია, ის უდაბნოში არ გაიმართება.
თუმცა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ უდაბნოში ვინმე მოგვასვენებს, სავარაუდოდ, ცდება. გამორიცხული არაა, ახლო მომავალში, ეგვიპტეს ცნობილი ფარაონი ამათთან შედარებით ერთ ჩვეულებრივ ეგოცენტრისტ ბავშვად მოგვეჩვენოს. ,,თუ აქციის მსვლელობის მასობრივად აქვს ადგილი იმ გარემოებას, რომ მონაწილეებს აქვთ ისეთი საგნები ან ნივთიერებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან შეუძლია შეუქმნას შეკრების ან მანიფესტაციის სხვა მონაწილეებს ან სხვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას; ასევე თუ აქვთ ცრემლსადენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების და მომწამვლელი ნივთიერებანი ან ალკოჰოლიანი სასმელები, შეკრება და მანიფესტაცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მოთხოვნისთანავე. თუ მანიფესტაცია არ შეწყდა, კანონპროექტში ცალსახად წერია, რომ ,,სამართალდამცვი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის მსვლელობის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ზომებს” (,,ინტერპრესნიუსი”).
წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც აქციას უერთდება ათიოდე “agent provocateur “-ი (მაინც რა ლამაზი ენაა ფრანგული) არყის ბოთლებით ხელში, სახელისუფლო ტელევიზიები სხვადასხვა პოზებში აჩვენებენ, ისე, რომ ,,მასობრიობის” შთაბეჭდილება შექმნან. შემდეგ ,,უფლებამოსილი პირი” მოდის და გვეუბნება, რომ დაუყოვნებლივ უნდა დავიშალოთ. ამასთანავე, ჩნდება ფანტასტიური ცნება ,,საგანი, რომელმაც სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეუქმნას”, ,,უფლებამოსილი პირის” აღგზნებულმა წარმოსახვამ შეიძლება ასეთად პრაქტიკულად ნებისმიერი საგანი განიხილოს _ დროშიდან დაწყებული, ხელჩანთითა და გამაგრილებელი სასმელის ბოთლით დამთავრებული. მან ასევე შეიძლება ჩათვალოს, რომ ჩვენი შარფებით ვინმეს დახრჩობას ვაპირებთ, იმპერატორ პავლე I-ის არ იყოს. ლოგიკას თუ მივყვებით, გამოვა, რომ აქციაზე არა მხოლოდ ხელცარიელები, არამედ ლამის შიშვლები უნდა მივიდეთ.
თუმცა ჯერ სად ვართ, ეს მხოლოდ დასაწყისია; ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსშიც შედის. უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა დაისჯება ექვსიდან თორმეტ წლამდე (ადრე 9-მდე იყო), მისი წევრობა სამიდან შვიდ წლამდე (ადრე 5-მდე იყო), თავისუფლების აღკვეთით. ზოგადად, უკანონო შეიარაღებული ფორმირება ძალიან ცუდი რამ არის, მაგრამ ყურადღება მივაქციოთ ერთ ნიუანსს: დღეს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებად ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაჯგუფება განიხილება, ცვლილებებში ცეცხლსასროლ იარაღს ემატება ,,საბრძოლო მასალა, ფეთქებადი და ადვილად აალებადი ნივთი, ასაფეთქებელი მოწყობილობა, ცრემლსადენი, რადიაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერება, ცივი იარაღი, ანდა (ციტატის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი!) ნებისმიერი მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტების დასაზიანებლად ან გასანადგურებლად”.
თვალი გადავავლოთ საგნებს ჩვენ გარშემო და ვნახავთ, რომ მათი უმრავლესობა შეიძლება განხილულ იქნას, როგორც პოტენციურად საშიში იარაღი: სანთებელა, ჩაქუჩი, მაკრატელი და ყავის ფინჯანიც კი, რომელიც ვინმემ ცხელ გულზე შეიძლება აკაკი მინაშვილს თავში გაუქანოს. ამ რაკურსით ნებისმიერი ოჯახი უკანონო შეიარაღებული ფორმირებაა, ხელოსნები კი თავიანთი ინსტრუმენტებით _ ფარბუნდო მარტის სახელობის ეროვნული გათავისუფლების ფრონტი.
ხუმრობა იქით იყოს და, თუ ეს ნორმა ,,ნებისმიერი მოწყობილობის ან საგნის შესახებ” ამოქმედდება, ხელისუფლებისთვის არასასურველი ადამიანების გასაღება უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრებად, პრაქტიკულად, უპრობლემო გახდება.
თუ ამ კანონპროექტს მიიღებენ, საკონსტიტუციო სასამართლოს, ფაქტობრივად, თავზე გადაახევენ 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებას, რომელიც ავადსახსენებელი ,,20-მეტრიანი შეზღუდვის” გაუქმებას ითვალისწინებდა; სახეცვლილი ეს ნორმა კვლავ გვიბრუნდება, აგრეთვე, მკაცრდება წესები ქუჩების გადაკეტვასთან დაკავშირებით. ხოლო თუ რომელიმე ძლიერ მონდომებული ოპოზიციონერი ყველა წესს ზედმიწევნით ზუსტად დაიცავს, იგება კიდევ ერთი ხაფანგი, რომელსაც თავს ძნელად თუ დააღწევს: ,,დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის მიმდინარეობისას ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობის, ძეგლის ან მემორიალის ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება ან მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება”.
თუ ვინმეს შეუძლია ახსნას, რას ნიშნავს ,,არქიტექტურული ან სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება” საკუთარი ხელით ნობელის პრემიაზე წარვადგენ და სიცოცხლეშივე ისტორიული მნიშვნელობის ძეგლს დავუდგამ.
ამ კანონპროექტმა დიდი აურზაური და აღშფოთება გამოიწვია. მსგავს სიტუაციებში კი, როდესაც პირობით ,,ცენტრში” (მათ შორის ,,კონსტრუქციული ოპოზიციის” მონაწილეობით) დიდი ხმაური იწყება, სამხედროები, სპორტსმენები და სხვა გამოცდილი ადამიანები დაჟინებით გვირჩევენ, ყურადღება ,,ფლანგებს” მივაქციოთ, რადგან მთავარი საფრთხე, როგორც წესი, სწორედ იქიდან მოდის, ხოლო მთელი ფოიერვერკი ჩვენ თვალწინ სწორედ ამ ფლანგური მანევრის გადაფარვას ემსახურება. ,,ფლანგზე” კი სრული კატასტროფა ხდება, თითქმის არავინ აქცევს ყურადღებას კიდევ ერთ მოსალოდნელ ცვლილებას სისხლის სამართლის კოდექსში: ,,პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ასევე მათ საცხოვრებელ შენობებზე, სატრანსპორტო საშულებებზე თავდასხმა, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა თავისუფლების 7-დან 20 წლამდე აღკვეთით, ან უვადო პატიმრობით დაისჯება” (,,პირველი”).
იმ შემთხვევაში, თუ ,,თავდასხმას” ისეთივე ფართო ინტერპრეტაცია მიეცემა, როგორც ,,წინააღმდეგობის გაწევას”, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მრავალწლიანი დატუსაღების პერსპექტივა ძალზე რეალური გახდება. ჩამონათვალში ,,ოჯახის წევრთა” შეყვანა, ფაქტობრივად, შუა საუკუნეებში გვაბრუნებს, როდესაც განსხვავებული სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებთან დაკავშირებით სხვადასხვა სამართლებრივი ნორმა მოქმედებდა. წარმოიდგინეთ, რად გადაიქცევა ნებისმიერი კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, ავტოსაგზაო შემთხვევა ან, უბრალოდ, სიტუაცია, როდესაც ვიღაც ამოუცნობი კრეტინი მოდის, გაგინებს და ქვებს გესვრის, თუ ერთ-ერთ მხარეს მეორეზე ,,თავდასხმისთვის”, ,,მისი საკუთრების ხელყოფისთვის” გაცილებით მძიმე სანქციები დაეკისრება. ფეოდალიზმია თუ მონათმფლობელობა? ან როგორ დავადგინოთ, ვინაა ხელისუფლების წარმომადგენლის ოჯახის წევრი? ალბათ, რაიმე განმასხვავებელი ნიშანი ექნებათ, მაგალითად, წითელი ჰალსტუხი ან ყვითელი შარვალი, თუ არა და ეს ნორმა სრული ძალით ვერ ამოქმედდება.
შიში ოხერია, ხოლო იმის შეგრძნება, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ადრე თუ გვიან დაგსჯიან, ალბათ, ძალიან მძაფრი რამ არის. თუმცა ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, როდესაც მსგავსი იურიდიული წინაღობების აღმართვით ძირგამომპალი რეჟიმების გადარჩენა მოეხერხებინათ; შესაძლებლობათა მაქსიმუმი აგონიის გახანგრძლივებაა.
საკონონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიღებასაც ხელისუფლება გეგმავს, ცხადყოფს, რომ ის საკუთარ თავსა და საზოგადოებას შორის ღობეს კი არა, ,,ბერლინის კედელს” აშენებს. ამით კი, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ დღეს ის იზოლირებული და ალყაშემორტყმულია. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი მომენტია და ჩამოთვლილი კანონპროექტების ავტორები, შესაძლოა, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ, თუ როგორ გაშიფრეს საკუთარი თავი როგორც საქართველოს მოსახლეობის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე.

დიმიტრი მონიავა 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here