Home რუბრიკები პოლიტიკა დემოკრატიის რადარიდან გამქრალი საქართველო, ანუ სტაბილური დიქტატურა ძაღლიშვილობის სანაცვლოდ

დემოკრატიის რადარიდან გამქრალი საქართველო, ანუ სტაბილური დიქტატურა ძაღლიშვილობის სანაცვლოდ

690

საქართველოში დემოკრატიის მზე ჩაესვენა. “დემოკრატიის შუქურამაც” დაკარგა ფარული ხიბლი; სააკაშვილის ავტორიტარული მმართველობის გამო ოკეანის გაღმა ფორმალურ შეშფოთებასაც აღარავინ გამოხატავს, თითქოს საქართველო დასავლეთის “რადარიდან” გაქრა… მზარდი ავტორიტარიზმი, რომელსაც სააკაშვილმა 26 მაისს ჩაუყარა საფუძველი, ისეთი სისასტიკით ამოქმედდა განსხვავებული აზრის დასათრგუნად, რომ, თუ ასე გაგრძელდა, ხელისუფლების “დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის” სიმბოლოს, ანუ “მიშუშულ” თავისუფლების ხიდს საზოგადოება მხოლოდ მტკვარში გადასახტომად თუ გამოიყენებს.
სააკაშვილმა უკვე დაამტკიცა, რომ ის არა ხელისუფალი, არამედ “ძალისუფალია” და მისი მმართველობის წყაროს არა ხალხი, არამედ სპეცრაზმის “რეზინის ხელკეტი” წარმოადგენს. ეს ჩვენი ტრაგიკული დღევანდელობაა, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს ამერიკელ და ევროპელ დემოკრატიის მქადაგებელთა სიჩუმე. როგორც ჩანს, ამჯერადაც “სიჩუმე თანხმობის ნიშანია” და დასტური, რომ დასავლეთი სააკაშვილის ავტორიტარულ მმართველობას სინდისის ქენჯნის გარეშე შეეგუა.
კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ანალიტიკოს ლინკოლნ მიტჩელის შეფასებით, ამ ეტაპზე ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიულ მმართველობას პრობლემად არ განიხილავს, რადგან მისი პრიორიტეტი საქართველოს სტაბილურობა და ავღანეთის სამხედრო მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობაა. მისი აზრით: “საქართველო რჩება არადემოკრატიულ, მაგრამ სტაბილურ ქვეყნად, მხარს რომ უჭერს ამერიკის საგარეო პოლიტიკას და სამხედროებს გზავნის ავღანეთში. ეს ამერიკას და ბევრ ევროპულ ქვეყანას ხელს აძლევს”.
მიტჩელი სააკაშვილის რეჟიმის “უძლეველობის” მიზეზებზეც საუბრობს: “ვფიქრობ, საქართველოში ბევრი არაფერი შეიცვლება. მგონია, რომ ეს ხელისუფლება საკმარისად ფესვგადგმულია… ამ ეტაპისთვის საქართველოს ხელისუფლება, იმ საგარეო დახმარების წყლობით, რომელსაც ის იღებს, ახერხებს, ძალაუფლება მუდმივად შეინარჩუნოს. სანამ დასავლეთი გააგრძელებს ფულის დაბანდებას საქართველოს ხელისუფლებაში და მისგან სანაცვლოდ დემოკრატიულობას არ მოითხოვს, ცვლილებები მოსალოდნელი არ არის”.
სააკაშვილი ავღანეთის სამხედრო მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას რომ დასავლეთთან სავაჭროდ იყენებს, ეს კარგად გამოჩნდა რომში ბაიდენთან მისი შეხვედრისას, როცა, პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ, ერთპიროვნულად მიიღო სახიფათო გადაწყვეტილება ავღანეთში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის თაობაზე. შედეგმაც არ დააყოვნა. თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენმა “სააკაშვილისადმი მადლიერება გამოხატა იმ ახალი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებში (ISAF) შეაქვს და რომელიც საქართველოს ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ISAF -ის ყველაზე დიდ კონტრიბუტორად გახდის”.
ამჟამად ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ყველაზე დიდი კონტიგენტი _ 1550 ჯარისკაცი – ავღანეთში ავსტრალიას ჰყავს. მალე  ქართული კონტინგენტი ავღანეთში 1600 ჯარისკაცამდე გაიზრდება (ამ ეტაპზე ავღანეთში 950 ქართველი ჯარისკაცი იმყოფება), ანუ “დავეწევით და გავუსწრებთ ავსტრალიას”. ალბათობის თეორიას თავი რომ დავანებოთ და მარტოდენ მარტივი არითმეტიკა მოვიშველიოთ, მეტი ჯარისკაცი, სამწუხაროდ, მეტ მსხვერპლს გულისხმობს; მსხვერპლს, რომელსაც სახელმწიფო (უფრო სწორად ხელისუფლება) საკუთარი მერკანტილური და ავნტიურისტული პოლიტიკური მიზნების უზრუნველსაყოფად წარმატებით იყენებს. ბოლო ასეთი მსხვერპლი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე აღმოჩნდა, რომელიც 27 მაისს ნაღმზე აფეთქდა. სერჟანტი ივანიაძე მე-8 ქართველი ჯარისკაცია, ვინც ავღანეთში დაიღუპა, სახელმწიფოს პატივის გარეშე დამარხული მე-8 ჯარისკაცი.
დამატებითი სამხედრო კონტინგენტის ავღანეთში გაგზავნა აბსურდული გადაწყვეტილებაა, რაც არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, მაშინ, როცა ავღანეთის სამხედრო კამპანიის წამომწყები ქვეყნის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს, სააკაშვილი კი პირიქით _ “საზარბაზნე ხორცად” სულ უფრო მეტ ჯარისკაცს აგზავნის ავღანეთის დაწყევლილ მიწაზე.
სააკაშვილის არაადეკვატურობა იქიდანაც ჩანს, რომ დამატებით კონტინგენტს გზავნის ავღანეთში, იმ დროს, როცა ამერიკის მარიონეტი _ ჰამიდ ყარზაიც კი უკიდურესად შეშფოთებულია კოალიციის ჯარების თავნებობით და მათ ოკუპანტებად გამოცხადებით ემუქრება: “იმ შემთხვევაში, თუ ნატო არ შეწყვეტს ავიაიერიშებს, რომელთა შედეგადაც ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, კოალიციურ ძალებს ოკუპანტებად მივიჩნევთ, რომლებიც ავღანეთის სურვილის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ”.
გარდა ამისა, “ნაც-პროპაგანდა” როცა მუდმივად რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობს და მომავლის მწარე რეალობას გვიხატავს, თუ ეს საფრთხე რეალურია, მაშინ გაუგებარია, რატომ იგზავნება ასე შორს, უცხო მიწაზე, სხვის ომში ქართული არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილი, რომლის უპირველეს სამხედრო ამოცანას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა წარმოადგენდეს?! თუ კი “ნაც-პროპაგანდა” მართალი აღმოჩნდა და რუსეთმა მოულოდნელად განახორციელა საქართველოზე თავდასხმა, მაშინ ვინ დაიცავს საქართველოს უსაფრთხოებას: კადაფს ვერმორეული NAთO თუ ამერიკული ჰიბრიდული სიმინდი?!
სააკაშვილმა ამ გადაწყვეტილებით დაამტკიცა, რომ მისთვის მთავარი არა ქართველი სამხედროების სიცოცხლე და სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ _ ძალაუფლების მუდმივად შენარჩუნებაა, რომლის მისაღწევადაც უკან არაფერზე დაიხევს.
ხოლო არადემოკრატიული “სტაბილურობა”, რაც ამერიკისთვის მისაღები აღმოჩნდა, სააკაშვილის რეჟიმის მიერ დამყარებულ ტერორში გამოიხატება. პრესპექტივა იმისა, რომ რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს, ჯერჯერობით არ ჩანს, რადგან, თუ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი მოახერხებს, არ დაუშვას პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია და შეინარჩუნებს “სტაბილურობას”, თუნდაც დიქტატურის გზით, მაშინ ამერიკა თვალს დახუჭავს ბევრ უკანონობაზე, მთავარია, მის ინტერესებს საფრთხე არ დაემუქროს.
მთავარია, რიჩარდ ნიქსონის არ იყოს, ამ პატარა კავკასიური ქვეყნის ხელმძღვანელი უწინდებურად “ჩვენი ძაღლიშვილი” იყოს, მთავარია, მან გააგზავნოს კონტიგენტი ავღანეთში, სცადოს ვითარების ამღვრევა ჩრდილოეთ კავკასიაში… ერთი სიტყვით, იყოს მორჩილი პროკონსული და უპირობოდ შეასრულოს მეტროპოლიის ნებისმიერი ავანტიურისტული დავალება, დანარჩენი კი… სულაც ტანკითა და ტყვიამფრვევით რომ დაერიოს საკუთარ მოსახლეობას, ამ “კავკასიელ სომოსას” წარბსაც არავინ შეუხრის, ვინაიდან მას იცავს ამერიკული ჯავშანჟილეტი, თანამედროვე ინდულგენცია, კოდური სახელწოდებით “ჩვენი ძაღლიშვილი”…
აქედან კი ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ქართველ ხალხს “თავს აყოფინებენ” კოლონიურ უღელში, თავისუფლება ისევ სანუკვარ ოცნებად და მიუწვდომელ მიზნად რჩება.
ზურაბ ჯამბურია
 
P.S. მხოლოდ დროის საკითხია, თორემ ამერიკის პოლიტიკა “სტაბილურობა და ავღანეთის სამხედრო კამპანიაში მონაწილეობა დემოკრატიის სანაცვლოდ” ქართულ საზოგადოებაში უკურეაქციას გამოიწვევს, რადგან, ერთის მხრივ, იდეალიზებული და საოცნებო ამერიკული დემოკრატია, მეორეს მხრივ კი, ამერიკული დემოკრატიის მიერ მხარდაჭერილი ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც საკუთარი ხალხისათვის განუზომელ საფრთხეს წარმოადგენს, თვითგადარჩენის ინსტიქტს უსათუოდ აამუშავებს, რაც დიდი ალბათობით ანტიამერიკულ ისტერიაში გადაიზრდება და უკმაყოფილო ხალხის “მრისხანებას”, სავარაუდოდ, იგრძნობს არა მარტო სააკაშვილის რეჟიმი, არამედ _ მისი მფარველებიც.
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here