მთავარი პოლიტიკა 2018 – კრიზისებისა და ილუზიების წელი

2018 – კრიზისებისა და ილუზიების წელი

686
გააზიარეთ
2018 – კრიზისებისა და ილუზიების წელი

2018 წელი დასასრულს მიუახლოვდა. მთავარი მის პირველ ნახევარში მმართველი პარტიის კრიზისი იყო, მეორეში _ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ახლა უფრო მნიშვნელოვნად და დრამატულად გვეჩვენება, ვიდრე 2018 წლის ნებისმიერი სხვა მოვლენა, მიუხედავად იმისა, რომ მათ არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა.

იანვარი სასამართლოს რეზონანსული გადაწყვეტილებით დაიწყო _ გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს (05.01); 28 ივნისს ამას დაემატა განაჩენი ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე (6 წლით თავისუფლების აღკვეთა); 18 დეკემბერს კი დამნაშავედ სცნეს ყოფილი თანამდებობის პირები ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე. მნიშვნელოვანი იყო სააპელაციო სასამართლოს ორი გადაწყვეტილებაც _ მან ძალაში დატოვა გამამტყუნებელი განაჩენი ფოტოგრაფებისა (09.01) და ნავთლუღის სპეცოპერაციის (27.07) საქმეებზე. ამის მიუხედავად, სააკაშვილის მოწინააღმდეგეების დიდი ნაწილი კვლავ მიიჩნევს, რომ ძველი რეჟიმის მაღალჩინოსნებს არ სჯიან.

10 იანვარს გარდაიცვალა 2017 წლის 26 დეკემბრის სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი. მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა მისი ოჯახის მიერ გამართული აქციები; ხელისუფლება, თავის მხრივ, ჩატაევის ჯგუფის საქმეზე დაკითხვა-დაპატიმრებებს განაგრძობდა და ამტკიცებდა, რომ სპეცოპერაციის დროს ყველაფერი სწორად გაკეთდა. შემდგომ მაჩალიკაშვილის თემა მჭიდროდ დაუკავშირდა საპროტესტო აქციებს, რომლებიც ზაზა სარალიძემ შვილის მკვლელობის ცუდი გამოძიების გამო დაიწყო.

თებერვლის პირველ ნახევარში ინტერესი გამოიწვია უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის დეპორტაციამ (13.02); მთავრობამ დააანონსა შეღავათები მცირე მეწარმეებისთვის (16.02), ხოლო ტელეკომპანიების ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ შესწორებებს კანონში “მაუწყებლობის შესახებ”, რომელიც “საზოგადოებრივ მაუწყებელს” გარკვეულ უპირატესობებს ანიჭებდა. პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა 21 თებერვალს დაძლია.

23 თებერვალს ცნობილი შეიქნა, რომ ცხინვალის იზოლატორში არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა. დაიწყო კრიზისი, რომელმაც უარყოფითად იმოქმედა საქართველო-რუსეთის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებზე და სიტუაციაზე კონფლიქტის ზონაში.

მარტის დასაწყისში ტატუნაშვილის საქმეზე გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართა. ნაციონალებმა ის რბილი ტონალობისთვის გააკრიტიკეს. ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემამდე (21.03) ეს თემა საინფორმაციო სივრცეში მთავარ ადგილს იკავებდა.

თვის ბოლოს საზოგადოება დაინტერესდა ბრალდებებით ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე მანდილოსანმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მსგავსი თემების საჯარო განხილვა საქართველოში პირველად მოხდა, ამიტომ სკანდალი რეზონანსული გამოდგა (მის დაწყებამდე 3 დღით ადრე ომბუდსმენმა დევდარიანი “საზმაუს” სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა).

აპრილში ზემოთ ნახსენებ საბჭოში ოპოზიციის კვოტით ნინია კაკაბაძე აირჩიეს (04.04), რომელსაც ხმა უმრავლესობის წარმომადგენელთა ნაწილმაც მისცა. ამის შემდეგ დეპუტატი გედი ფოფხაძე დაუპირისპირდა ფრაქციის ხელმძღვანელებს და თქვა, რომ უმრავლესობას დატოვებს. მას მხარი ზოგიერთმა სხვა დეპუტატმაც დაუჭირა და დაიწყო საკმაოდ მწვავე კონფლიქტი. ექსპერტები საუბრობდნენ კვირიკაშვილის, ქუმსიშვილისა და კალაძე-კობახიძის ტანდემის ინტერესებზე, მაგრამ ძალიან ბუნდოვნად, ფაქტების გარეშე. ცხადი მხოლოდ ის იყო, რომ მხარეები ჩიხში შევიდნენ და კრიზისის დაძლევა არ შეუძლიათ, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში (26.04) წარმოჩინდა, როგორც ნაბიჯი სიტუაციის დალაგებისკენ.

5 აპრილს ტყიბულში 6 მეშახტე დაიღუპა. 16 ივლისს _ კიდევ ოთხი. საზოგადოების მწვავე რეაქციიდან გამომდინარე, ხელისუფლება იძულებული შეიქნა, ზომები მიეღო _ დაეკავებინა შახტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, გააქტიურებულიყო შრომის ინსპექციის შექმნის მიმართულებით და ა.შ., თუმცა სპეციალისტები ხშირად ამბობენ, რომ ბოლოდროინდელი ცვლილებები არასაკმარისია.

მაისი დაიწყო სასაცილო და სატირალი ეპიზოდით პარლამენტში (02.05), როდესაც ყოველწლიური მოხსენების შემდეგ, რეგლამენტზე უთანხმოების გამო, პრეზიდენტმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ეს იყო ერთგვარი ილუსტრაცია იმ ურთიერთობისა, რომელიც მარგველაშვილს მმართველ პარტიასთან ოთხი წლის განმავლობაში ჩამოუყალიბდა. მას, უპირველესად, უიმედო უნაყოფობა ახასიათებდა, თუმცა დაპირისპირება დემოკრატიული პლურალიზმის ილუზიასაც ქმნიდა და ამ მხრივ ივანიშვილის წისქვილზე ასხამდა წყალს.

12 მაისს პოლიციამ ღამის კლუბებში ანტინარკოტიკული რეიდი ჩაატარა, ამას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა და დაიწყო ე.წ. ბასიანის კრიზისი. მის კვალობაზე ხელისუფლების რიგმა წარმომადგენლებმა შემდეგი პოზიცია დაიკავეს: დაძაბულობის განმუხტვის მთავარი საშუალება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაა. მარიხუანის ლეგალიზაციას მხარი ღიად დაუჭირა ბერა ივანიშვილმა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი მოგვიანებით მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის ერთ-ერთი და, სავარაუდოდ, მთავარი სულისჩამდგმელი გახდა, მაგრამ პროცესი ეკლესიისა და კონსერვატიული საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი პოზიციის გამო შეფერხდა.

“ბასიანის კრიზისისას” გაიზარდა დაძაბულობა ლიბერალური (“თეთრი ხმაური” და სხვ.) და ნაციონალისტური (“ქართული მარში” და სხვ.) რადიკალური ორგანიზაციების ურთიერთობებში. ის 17 მაისსაც გამოვლინდა, როდესაც თბილისში ლგბტ-ის უფლებების დამცველთა და მათი ოპონენტების აქციები გაიმართა. ამ პერიოდში ავანსცენაზე გამოჩნდა ,,ეროვნული ერთობის წევრი” გიორგი ჭელიძე, რომელიც შემდგომ (01.09) იარაღის უკანონო ფლობისთვის დააკავეს.

დამოუკიდებლობის მეასე წლისთავის ღონისძიებები მაისს საზეიმო ნოტზე დაასრულებდა, რომ არა განაჩენი ხორავას ქუჩაზე მომხადარი მკვლელობის საქმეზე, რომლის გამოცხადების შემდეგ ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციები დაიწყო (31.05). პირველი მიტინგი ხალხმრავალი გამოდგა, ხოლო საზოგადოების პოზიცია _ ძალზე რადიკალური; მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იძულებული შეიქნა, გადამდგარიყო.

ივნისის დასაწყისში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში, აქციები გრძელდებოდა, მაგრამ მონაწილეების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა მას შემდეგ, რაც “ნაცმოძრაობა” პროცესებში ღიად ჩაერთო. აქციების შეწყვეტის შემდეგ პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი გადადგა (რეალურად ივანიშვილმა გადააყენა).

საკადრო ცვლილებები მხოლოდ ეკონომიკურ ბლოკს შეეხო, მაგრამ მთავარია, რომ მმართველ პარტიაში მკვეთრად შეიცვალა ძალთა ბალანსი. კვირიკაშვილისა და ქუმსიშვილის დაცემამ გავლენის სფეროების გადანაწილება გამოიწვია, რომლის ერთ-ერთი გამოძახილი გახდა საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებული უთანხმოება. რაღაც მომენტში შეიქმნა დისბალანსი კალაძე-კობახიძის სასარგებლოდ, ამავე დროს ავანსცენაზე დამკვიდრდნენ მამუკა ბახტაძე (“ეკონომიკური პრემიერი”) და გიორგი გახარია (“ძალოვანი პრემიერი”).

ივლისში ივანიშვილმა ვრცელ ინტერვიუში (24.07) ნაწილობრივ აღწერა კვირიკაშვილის გადადგომით გამოწვეული ხანგრძლივი კონფლიქტი და საზოგადოება ფრიად გაღიზიანდა იმის გამო, რომ მის შესახებ თითქმის არაფერი იცოდა. ამავე თვეში დაიწყო საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელება. მოგვიანებით ცხადი შეიქნა, რომ მარგველაშვილისა და უსუფაშვილის კონსულტაციები უშედეგო იქნება, ხოლო ელისაშვილმა არჩევნებისგან დისტანცირება ამჯობინა. შესაბამისად, პირობით “მესამე ძალას” მეტ-ნაკლებად ძლიერი კანდიდატი არ ეყოლება და “ქოც-ნაცური” პოლარიზაცია გარდაუვალია.

აგვისტოში მოსახლეობამ შეიტყო, რომ მმართველ პარტიაში ზურაბიშვილის კანდიდატურაზე უთანხმოებაა, რაც შემდეგი დასკვნისკენ უბიძგებდა: ივანიშვილის “მეორედ მოსვლის” მიუხედავად, პარტიაში სიტუაცია ვერ ლაგდება.

23 აგვისტოს დაიწყო “წლის ვიზიტი”. თბილისში ანგელა მერკელი ჩამოვიდა. “ვერცხლის მედალი” ამ მხრივ, ალბათ, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის, ვიზიტს (26.10) უნდა მივანიჭოთ. ამ და სხვა კონტაქტებს რაიმე გარღვევა არ მოჰყოლია, მაგრამ მთლიანობაში “ქართული ოცნება” განაგრძობდა სვლას დასავლეთისკენ და დისტანცირებას რუსეთისგან. ეს პროცესი წლის ბოლოს (16.12) ლოგიკურად დააგვირგვინა კონსტიტუციის 78-ე მუხლის ამოქმედებამ, რომელიც ხელისუფლებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას ავალდებულებს.

აგვისტო-სექტემბრის ორ დღეს უმძიმესი ემოციები დაუკავშირდა _ 2008 წლის ომის მე-10 და სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავს.

სექტემბერმა საქართველოს ისტორიაში ყველაზე ბინძური წინასაარჩევნო დაპირისპირებით ჩაიარა. ნაკლებად სავარაუდოა, ვინმეს იმ პერიოდის განცხადებების გახსენება სურდეს. საექსპერტო საზოგადოებაში და საზოგადოდ მოსახლეობაში გაჩნდა განცდა, რომ ხელისუფლება ამჯერად იოლად ვერ გაიმარჯვებდა, რაც მკაფიოდ აისახა მედიასა და სოცქსელებში.

ოქტომბერში ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა საჯაროდ დაადანაშაულა “ქართული ოცნების” ლიდერები შანტაჟსა და რეკეტში. ყველამ როდი აღიქვა ოქუაშვილი უმანკო მსხვერპლად, მაგრამ სკანდალმა მაინც იმუშავა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ, რადგან მის კორუფცირებულობასთან დაკავშირებული ეჭვები გაამყარა. ამას მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერები დაემატა. ხელისუფლება ბრალდებებს მოუქნელად იგერიებდა, სიტუაციას მისი კანდიდატის ნეგატიური იმიჯი ართულებდა, მაგრამ პირველი ტურის შედეგი (“ოცნებამ” 15-20%-ით ნაკლები აიღო, ვიდრე ელოდა), სავარაუდოდ, არა მხოლოდ ამ პრობლემების, არამედ საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე დაგროვილი შეცდომების შედეგს წარმოადგენდა. ადეკვატურობა მმართველ პარტიას, ალბათ, სწორედ 2016 წლის ტრიუმფმა დააკარგვინა.

ნოემბერი “ქართული ოცნებისთვის” მობილიზაციის თვედ იქცა. ის იძულებული შეიქნა, წასულიყო უპრეცედენტო ნაბიჯებზე (ვალების განულება და სხვ.) და ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის ძალზე მაღალი ფასი გადაეხადა. მის საბედნიეროდ, “ნაცმოძრაობა” ამ პერიოდში გაცილებით ცუდად მოქმედებდა, ვიდრე პირველი ტურის წინ. ორივე მხარე აქტიურად ცდილობდა, მიეღო ეკლესიისა და გაღიზიანებული “კონსერვატიული უმრავლესობის” მხარდაჭერა. ეს ახლო მომავალში შეიძლება “კონსერვატიული რენესანსის” ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად იქცეს. ამასთანავე, ორივე პარტია, სავარაუდოდ, შეეცდება მართვადი “მესამე ძალა” შექმნას, რადგან ისინი დარწმუნდნენ, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი “პირველსა” და “მეორეს” ვერ იტანს.

დეკემბერი, ალბათ, “არშემდგარი რევოლუციის” თვედ უნდა გამოცხადდეს. სააკაშვილს აშკარად არ ეყო რესურსი იმისთვის, რომ ხელისუფლება “ქუჩიდან” შეეცვალა ან თუნდაც ერთი ხალხმრავალი მიტინგი გაემართა, რაც ერთობ პარადოქსულია იმის გათვალისწინებით, რომ ვაშაძემ მეორე ტურში თითქმის 800 000 ხმა მიიღო. არჩევნებისგან განსხვავებით, ქუჩაში ნაციონალების შედეგი “ნული მთელი ნული მეათედია”. ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ქვეყანა საახალწლო პაუზის რეჟიმში გადავიდა.

2018 წელს საზოგადოებამ იგრძნო, რომ მისი და ხელისუფლების ურთიერთობა ძველებურად არ და ვერ გაგრძელდება. 2019 წლის დასაწყისში მთავარი გამოწვევა მისთვის სწორედ ურთიერთობის ახალი ფორმის მოძებნა გახდება. 2018-ში ქართულ პოლიტიკაში მოკვდა რაღაც ძველი, მაგრამ ახალი არ დაბადებულა. ყველა მიიჩნევს, რომ “ხვალიდან” ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს, თუმცა არავინ იცის, როგორი იქნება ის.

დიმიტრი მონიავა

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. სტატიას აშკარად აკლია დეკემბრის მოვლენები- პატრიოტთა ალიანსის ორი გრანდიოზული აქცია ბათუმსა და თბილისში,რომლებმაც ფაქტობრივად გადაწყვიტეს არჩევნების მე- 2 ტურის ბედი

  2. 2018 წელი კრიზისების წელი იყო ნამდვილად. რა ვაი უშველებელი ჭირს ამ ქვეყანას ამნირი რომ, საქართველო მარტო სიღატაკესთან, გაუნათლებლობასთან, ჭირთან და უბედურებასთან ასოცირდება აგერ უკვე 30 წელია, რატომ? არ უნდა ისმებოდეს კითხვები?? არ უნდა იქმნებოდეს ამ თემაზე ნორმალური და დალაგებული კითხვები მედიის მხრიდან?? მარტო ეს ინტერნე გაზეთი მომწონს მთელს ათასობით ,,ახლადგამომცხვარ” მასმედიასა და ინტერნეტში, რადგან ნორმალური საკითხებზე იწეება და ნორმალური სტატიები იდება აქ. დიდი ხანია ჩვენი ქვეყანა ორმხხრივი თუ სამხრივი ჩაგვრის მსხვერპლები ვართ. დიდი რუსეთი, მერე ამერიკაც ჩაერთო თავისი ,,იდეეებით” აქეთ თურქეთი როგორც ,,მეგობარი” და მართლა თავს არ ვუყადრებდით არასოდეს,, მეზობელი” აზერებიც ძალიან მადა მომძლავრებულები უფათურებენ ჩვენს სახელმწიფოში ხელებს და აჯაფსანდალი გვაქ, ამიტოა საწყალი ქართველი ხალხი ბეციბვით და შტერივით გზააბნეული დავეხეტებით და რა გვინდა და რა ცხოვრება გვინდა ვეღარ გაგვიგია. მთავრობა გვყავს დოიდი ქორ_ვაჭარი, ერგება ყველა მტრის პრობკას და ამიტომ სიტუაციურად ეცვლება გეზიც და ქვეყნის ,,დაგეგმარების” უბრალოდ გამოსავალი ისაა რომ მღვდლებზე კი არა ცოცხალ ღმერთზე ვილოცოთ და ვირწმუნოთ ჭშმარიტი ღმერთი და არა სოროსლი მღვდელ-მსახურების. ამათი ბრალია რაც გვჭირს. არ ამხელენ ტარტაროზებს და ამიტოა ტარტაროზები რო გვაწამებენ დაუსრულებლად. მხოლოდ დევნილი მღვდლების მჯერა.პათოსიც. რა ცოდოები ვართ. ჩვენ წინაშე მორალური ზიანისთვის მთელმა კაცობრიობამ და მთელმა სამყარომ უნდა აგოს პასუხი ნაგვების გროვაში ვართ ხალხი. 2019 წელი იქნება უბედურების წელი.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here