Home რუბრიკები ისტორია მამუკა არეშიძე: საქართველოს მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარება დასავლეთის კარნახით მოხდა

მამუკა არეშიძე: საქართველოს მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარება დასავლეთის კარნახით მოხდა

კავკასიის საკითხების ექსპერტის – მამუკა არეშიძის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ წამოჭრილმა იდეამ, როგორც ქართულ, ისე აფხაზურ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. აღნიშნული იდეის განხორციელებაზე, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, კავკასიაში არსებულ ვითარებაზე “საქართველო და მსოფლიოს” მამუკა არეშიძე ესაუბრა.
– საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარება რას მოუტანს საქართველოს?
– ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარება დასავლეთის კარნახით მოხდა. ჩერქეზების გენოციდის აღიარებით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ მიიღო დამატებითი ქულები, ჩერქეზების თვალში დასავლეთის ერთ-ერთი დაკვეთაც შეასრულა, მაგრამ უარყოფითი შედეგი მივიღეთ უამრავი. როგორც ყოველთვის, საქართველო ჩვენი ამბიციურობის გამო, იყო და არის გარკვეული ცდების ლაბორატორია. ანტისაბჭოთა გამოსვლებიც პირველად საქართველოში დაიწყო. სხვები ჩვენს შეცდომებზე სწავლობენ. სავარაუდოდ, გენოციდის აღიარებას ახლა სომხები მოითხოვენ.
– როგორ უნდა მოიქცეს საქართველო ამ შემთხვევაში?
– არ ვიცი. შესაძლოა, ქართველებსა და სომხებს შორის დაძაბულობის ახალი კერა გაჩნდეს. ჩერქეზების გენოციდის პოლიტიკური აღიარების კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. დღეს ჩვენ გაგვიჩნდა პრობლემები არამარტო სომხებთან და ოსებთან, არამედ პონტოელ ბერძნებთან (რომლებიც საქართველოდან გაასახლეს), თურქ მესხებთან, ქურთებთან, რომლებიც ასევე ითხოვენ მათი გენოციდის აღიარებას. რუსეთს შეუძლია საერთაშორისო დონეზე პრობლემები შეგვიქმნას, იმიტომ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება გამოჩნდა კონიუნქტურული. თუ არადა, ყველას გენოციდი უნდა ვაღიაროთ, რაც შეუძლებელია. მძიმე მდგომარეობაში ჩავიგდეთ თავი და არ ვიცი, ქართული დიპლომატია ამ საკითხს თავს როგორ გაართმევს.
– თქვენ არ გამორიცხეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის დაწყების შესაძლებლობა. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში საქართველო?
– თუ ომი დაიწყო, ეს ომი აუცილებლად იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე გადის კომუნიკაციური სისტემა, რომელიც ორივე ქვეყანას სჭირდება. გარანტია აქვს ვინმეს, რომ დაპირისპირებული მხარეები ჩვენს ქვეყანაში დივერსიულ აქტებს არ მოაწყობენ?
– სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ომის დაწყების რეალურ საფრთხეს ხედავთ?
– მალე სომხებს, რუსებსა და აზერბაიჯანელებს შორის ყაზანში გაიმართება შეხვედრა. აზერბაიჯანის ხელისუფლება პირდაპირ აცხადებს – თუ შედეგი ამ შეხვედრიდანაც ვერ მივიღეთ, სამხედრო გზით პრობლემების მოგვარების გარდა, სხვა გზა არ გვრჩებაო.
– საქართველოს სომხეთის პატრიარქი გარეგინ მეორე სტუმრობდა, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, სომხური ეკლესიების დაბრუნებისა და სომხური ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების საკითხი წამოჭრა. რა შედეგები მოჰყვება ამ ვიზიტს?
– გარეგინ მეორეს ავტორიტეტი საკმაოდ დაცემულია სომხეთში. მას ახლა სჭირდებოდა დემარში, ამიტომ ჩამოვიდა თბილისში და მოითხოვა ეკლესიების დაბრუნება. ამ მიზანს ემსახურებოდა ჯავახეთში მისი ვიზიტიც. მანამდე არც ერთი სომეხი პატრიარქი არ ყოფილა ჯავახეთში. არც ის უნდა  დაგვავიწყდეს, რომ მისი ავტორიტეტის ვარდნას ხელს ისიც უწყობს, რომ სომხებს ორი საპატრიარქო აქვთ – ეჩმიაძინსა და კილიკიაში, სადაც ერთობა არ აქვთ.
სომხურმა მხარემ არ მიიღო საქართველოს პატრიარქის წინადადებები და სომხებმა 16 ივლისს დანიშნეს სინოდის სხდომა, სადაც აუცილებლად დააყენებენ საკითხს საქართველოდან ჯავახეთის ეპარქიის გამოყოფის თაობაზე. არასასიამოვნო ეპიზოდი გველოდება. ამას მოჰყვება მათი გენოციდის აღიარების მოთხოვნა…
– ცოტა ხნის წინათ თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი უნდა განიხილოს. დავუშვათ და აღიარა საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ამ ნაბიჯით რა შედეგს მიაღწევს ქვეყანა?
– დღეს რა ვითარებაა? აფხაზეთთან არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ და, უკვე მერამდენე წელია, არაფერი იცვლება. ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რა მდგომარეობაა დღეს აფხაზეთში. აფხაზებს რთული დემოგრაფიული ვითარება აქვთ. უკეთესი პირობების საძებნელად ბევრი აფხაზი ქვეყნიდან მიდის, მათ ადგილს კი სხვა ეთნიკური ჯგუფები იკავებენ. ვფიქრობ, სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით, ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების დაწყების დროა. თუ გვინდა, აფხაზეთის დაბრუნების ერთი შანსი მაინც გვქონდეს, ისეთი რამ  უნდა შევთავაზოთ აფხაზებს, რაც მათ ჩვენს იძულებით მოკავშირეებად აქცევს.
– რა გახდა აღნიშნული განცხადების საფუძველი, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხთან დაკავშირებით ხედავთ ხელისუფლების ან საზოგადოების მზაობას?
– არამარტო ამ საკითხში, საერთოდ აფხაზეთთან დაკავშირებით მე ვერ ვხედავ საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების მზაობას. ყველა  ელოდება, რომ აფხაზეთს ჩვენ თვითონ კი არა, საერთაშორისო თანამეგობრობა  დაგვიბრუნებს.
– საქართველოს ხელისუფლებამ რომ აღიაროს კიდეც აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რა რეაქცია ექნება ქართულ საზოგადოებას, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მტკივნეულად აღიქვამს?
– ვიცი, ჩემნაირად ბევრი ფიქრობს, მაგრამ რატომღაც ყველა ჩუმადაა და თავის ავტორიტეტს უფრთხილდება. ხელისუფლებაც კი (რომელსაც დარწმუნებული ვარ, ამ თვალსაზრისით რაღაც მონახაზები აქვს) ვერ ბედავს ვერაფრის თქმას, ვერ ბედავს ვერც ოპოზიცია. მახსოვს, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძე ამბობდა, კონფედერაციის იდეა რომ წამოვაყენო, ხალხი გამგლიჯავსო. მაგრამ დღეს სხვა რეალობაა. არადა, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას, რაღაცით ხომ უნდა დავიწყოთ? ის, რომ ეს საკითხი ასე მარტივად არ გადაწყდება, გასაგებია და ის, რომ აფხაზები შეიძლება ჩვენს წინადადებას  საერთოდ არ დასთანხმდნენ, ესეც შესაძლებელია.
– თქვენ გაქვთ აფხაზებთან ურთიერთობა, როგორია რიგითი აფხაზების დამოკიდებულება ქართველებისადმი?
– აფხაზებს უარყოფით დამოკიდებულება აქვთ ქართველებისადმი, მაგრამ, ვანუატუასა და ვენესუელასთან ერთად საერთაშორისო ასპარეზზე რომ ვერ გავლენ, ცხადია. ხოლო ჩვენ რასაკვირველია, ჩვენს პირობებს წამოვაყენებთ. თუ საქართველო აღიარებს აფხაზების დამოუკიდებლობას, მაშინ მათაც უნდა შეასრულონ რამდენიმე პირობა და ვიდრე ისინი ჩვენს პირობებს არ შეასრულებენ, არავითარ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს.
– თუ შეგეხმიანათ ვინმე საქართველოს ხელისუფლებიდან ან აფხაზეთიდან ამ იდეის გახმიანების შემდეგ?
– ქართულ და აფხაზურ ინტერნეტფორუმებზე უნისონში მიმდინარეობს ჩემი ლანძღვა-გინება. Facebook-ზე მომდის საშინელი წერილები, ძალიან საინტერესოა, რომ ზოგი კრემლის აგენტად, ზოგიც სააკაშვილის აგენტად მიმიჩნევს.
აფხაზეთში გაჩნდა ისეთი ხასიათის პუბლიკაციები, როგორიცაა მაგალითად – პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ აფხაზეთის დაბრუნების “ეშმაკური გეგმა” შემოგვთავაზა, ანუ ფიქრობენ, რომ ეს მათთვის წამგებიანია, მაგრამ მზად ვარ, ეს ყველაფერი ავიტანო.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჟურნალისტებისგან შევიტყვე, როგორც იციან ხოლმე, ისე, რომ საქმის კურსშიც არ არიან, ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუწყიათ საუბარი, თითქოს მე მინდა, დავაკანონო ოკუპირებული ტერიტორიები. არადა, პირიქით – აფხაზეთის დაბრუნება მინდა.
– თქვენ ამბობთ, რომ იცოდით, რა რეაქცია მოჰყვებოდა თქვენს წინადადებას. რატომ გაახმიანეთ ეს იდეა და რატომ მაინც და მაინც ახლა?
– აფხაზეთში ახლა საპრეზიდენტო არჩევნებია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხის განხილვას. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩემს წინადადებას სხვა აზრიც აქვს. შეიძლება სულ არ დაიწყოს მოლაპარაკებები, მაგრამ აფხაზებს ეცოდინებათ, რომ საქართველოში ასეთი განწყობაა. როდესაც მეკითხებით – ილუზორულია თუ არა ჩემი წინადადება, მე კარგად ვხედავ, რომ ამ იდეის განხორციელება ამ ეტაპზე, შესაძლოა, შეუძლებელი ჩანდეს, მაგრამ იმასაც კარგად ვხედავ, რომ დღეს არსებული პოლიტიკით აფხაზეთი დაკარგული გვაქვს და მისი დაბრუნების არანაირი შანსი არ არსებობს.
ესაუბრა
შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here