Home რუბრიკები ისტორია ქ. თბილისში 2011 წლის 15 ივნისს ე. წ. ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარების...

ქ. თბილისში 2011 წლის 15 ივნისს ე. წ. ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარების შესახებ გამართული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მონაწილეთა ერთობლივი განცხადება

აშკარაა, რომ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების მიერ ინიცირებული ჩერქეზული წარმოშობის ხალხთა ე. წ. გენოციდის თემის განხილვა სახელმწიფო სტრუქტურების დონეზე და ამ ე. წ. გენოციდის ოფიციალური და საზეიმო აღიარება პარლამენტის მიერ განპირობებულია საქართველოსა და რუსეთს შორის ამჟამად არსებული ურთულესი სიტუაციით. საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს გამოუცხადა ერთგვარი “ცივი ომი“, უკვე დიდი ხანია, ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის მუდმივ ოპონენტებად იქცნენ, რაც ხშირ შემთხვევაში ელემენტარული დიპლომატიური ეთიკის ფარგლებსაც კი სცილდება.
კონფერენციის მიზანი მხოლოდ იმის დადგენა იყო, თუ რამდენად შეიძლება, საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა ე. წ. გენოციდთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იყოს საქართველოს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის, ანუ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისი.
ჩვენ გავითვალისწინეთ საკითხის ამგვარი დასმისთვის შესაძლო კრიტიკა ჩვენი მისამართით. მავანთ შეიძლება უარყონ ჩერქეზული ხალხების საკითხის განხილვის ანტირუსული სარჩული და განაცხადონ, რომ ე. წ. გენოციდის აღიარება ჭეშმარიტების დადგენისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის გაკეთდა, რაც თავისთავად უნდა მოვიაზროთ საქართველოს ინტერესების შესაბამისად. მაგრამ ირკვევა, რომ საქართველოში საკითხი არ იქნა სიღრმისეულად განხილული, ხოლო ხელისუფლების მიერ მოწვეულ ქართველ მკვლევართა ჯგუფს, რომლის დასკვნების საფუძველზეც პარლამენტმა ფორმალურად აღიარა ე. წ. გენოციდი, არ გააჩნია იმის კომპეტენცია, ამა თუ იმ მოვლენას მისცეს ისეთი პრობლემური კვალიფიკაცია, როგორიც გენოციდია.
რუსეთის იმპერიის მიერ ჩრდილოეთ კავკასიის, მათ შორის, ყაბარდოს შემოერთება დრამატული, მაგრამ ამასთან მსოფლიო ისტორიისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. რუსეთის მიერ კავკასიის მთიანეთის დაპყრობა და ათვისება ოსმალეთის იმპერიის გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა, ოსმალეთი კი რუსეთთან ამ გეოპოლიტიკურ ჭიდილში, როგორც ცნობილია, რელიგიურ ფაქტორს აქტიურად იყენებდა. ჩერქეზული ხალხების ზერელე, ფორმალური, მაგრამ მაინც ისლამიზაცია საკმარისი იყო იმისათვის, რომ ისინი რუსეთს აქტიურად დაპირისპირებოდნენ, ოსმალური იმპერიის წაქეზებით. რუსეთის იმპერიას ყაბარდო-ჩერქეზთა მიმართ იმაზე მეტი არაფერი ჩაუდენია, რაც არ ჩაუდენიათ ევროპელ კოლონიზატორებს ყველა დანარჩენ კონტინენტზე. დასავლეთის კოლონიზატორული პოლიტიკის პირობებში მსოფლიოში სისხლის ზღვა დადგა, მრავალი ცივილიზაცია და კულტურა გადაშენდა, აღარ არსებობს ბევრი ეთნოსი და ენა, რომლებიც უწინ არსებობდა. მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ თანამედროვე სახელმწიფოებმა დაიწყონ მსოფლიო ისტორიის ცალკე აღებული ვრცელი ეპიზოდების კვალიფიცირება გენოციდად. გამოდის, რომ მთელი მსოფლიო ისტორია გენოციდის უამრავი ფაქტისგან შედგება, რაც თავად ამ ტერმინის გაუფასურებასა და ნიველირებას ახდენს, არღვევს მის განსაკუთრებულობას, სიმძიმეს უკარგავს მას.
რაც შეეხება ე. წ. ჩერქეზთა გენოციდის აღიარების სარგებლობა-მავნებლობას საქართველოსათვის,  ჩვენი აზრით, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქართულ სახელმწიფოს აყენებს რამდენიმე სერიოზული პრობლემის წინაშე, რომლებიც თავს იჩენს როგორც ახლო, ისე შორეულ პერსპექტივაში.
პირველი. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც გამოიჩინა “ორიგინალობა” და აღიარა ე. წ. ჩერქეზთა გენოციდი. მოსალოდნელი არ არის, რომ რომელიმე სხვა სახელმწიფო საქართველოს მხარს აუბამს. ამრიგად, გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს მარგინალიზაციისკენ საერთაშორისო არენაზე.
მეორე. რუსეთის ფედერაციაში ჩრდილოკავკასიელ ხალხებს, მათ შორის, ჩერქეზებს, ყაბარდოელებს, ადიღელებს _ აქვთ საკუთარი ავტონომიური რესპუბლიკები, რომლებიც მოსკოვის დოტაციებზე არიან დამოკიდებულნი. ამ რესპუბლიკებს არავითარი ინტერესი არ გააჩნიათ, აუმხედრდნენ რუსებს ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებით. თურქეთისა და არაბული ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ჩრდილოკავკასიელებს აქვთ თავიანთი ავტონომიები, სკოლებში მშობლიურ ენებზე განათლების მიღების საშუალება, უმაღლესი სასწავლებლები, ეროვნული კულტურის კერები.… მოსწონს საქართველოს ხელისუფლებას თუ არა, ეს ხალხები ლოიალურად არიან განწყობილი რუსეთის მიმართ და არ ამჟღავნებენ ტენდენციას, აჰყვნენ საქართველოს ხელისუფლებას, რაც ისევ და ისევ ამ უკანასკნელს აგდებს უხერხულ მდგომარეობაში და ამით საქართველოს ინტერესები ზარალდება. საქართველო ვარდება ერთგვარად კომიკურ ვითარებაში, როდესაც იგი ცდილობს, ჩრდილოკავკასიელ ხალხებს მოახვიოს თავისი შეხედულებები მათ საკუთარ ისტორიასთან დაკავშირებით. მაგრამ საფრთხე მხოლოდ ამაში არ მდგომარეობს. სავსებით შესაძლებელია, რომ “გენოციდის აღიარებამ” საქართველოს მიმართ აღნიშნული ხალხები უფრო ნეგატიურად განაწყოს, რადგან მათ შეუძლიათ, ეჭვი შეიტანონ ქართული მხარის გულწრფელობაში და იგი მათსა და რუსეთს შორის ეროვნებათაშორის შუღლის ჩამოგდებისა და პროვოკაციის მცდელობაში დაადანაშაულონ. თბილისში მოწვეული ზოგიერთი უცხოური დიასპორის წარმომადგენლის აზრი ვერ გადაფარავს ჩრდილოკავკასიელთა რეალურ განწყობებს. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია. საქართველოს შეიძლება ბევრად უფრო აქტიურად “შეახსენონ”, რომ ჩრდილოკავკასიელთა ძალისმიერი დამორჩილება ხშირ შემთხვევაში ქართველთა ხელით ხორციელდებოდა და აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების ხსენებული გადაწყვეტილებით “გენოციდში” ქართველების დადანაშაულების წინაპირობა შეიქმნა.
მესამე. საქართველოს ხელისუფლება არ ითვალისწინებს, რომ რუსეთის იმპერიას თავის დროზე არანაკლებ რთული ურთიერთობა ჰქონდა აფხაზ ეთნოსთან, რომლის დიდი ნაწილი აიყარა და ოსმალეთში გადავიდა. აფხაზებს ისტორიის ეს მონაკვეთიც კარგად ახსოვთ, მაგრამ მთლიანობაში აფხაზები რუსეთის მიმართ მეტად ლოიალურად არიან განწყობილნი და მძიმე ისტორია მათ ხელს არ უშლით, ორიენტაცია რუსეთზე აიღონ და არა საქართველოზე. საქართველოს ხელისუფლების ლოგიკით, თუკი ე. წ. ჩერქეზთა გენოციდი იქნა აღიარებული, მაშინ აფხაზთა მუჰაჯირობაც “გენოციდად” უნდა შეფასდეს. საქართველოს ხელისუფლება აღიარებს “აფხაზთა გენოციდს” თუ არ აღიარებს, იგი 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური და 2008 წლის ქართულ-ოსური ომის შემდეგ ერთობ გროტესკულ ვითარებაშია მოქცეული.
მეოთხე. ჩერქეზთა “გენოციდის” საკითხი 1990-იანი წლებიდან მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის შექმნილმა საერთაშორისო სტრუქტურებმა წამოჭრეს, ამ პროცესში ძალიან მალე დაუფარავად ჩაერთნენ აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლები (მაგალითად, პოლ ჰენზე), გამოიცა ტენდენციური მასალები ე. წ. ჩერქეზთა გენოციდთან დაკავშირებით, ადიღეურ-ჩერქეზული დიასპორების წარმომადგენლებს აშშ-მა და ევროკავშირმა გრანტები გამოუყვეს,… ხოლო 2010 წლის ნოემბრის ბოლოს ამერიკული ჯეიმსთაუნის ფონდისა და ილიას უნივერსიტეტის ორგანიზებით თბილისში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „მიჩქმალული ერები _ ბოროტმოქმედებები გრძელდება. ჩერქეზები და ჩრდილოკავკასიელი ხალხები წარსულსა და მომავალს შორის“. სწორედ ამ კონფერენციაზე მიიღეს მიმართვა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისადმი. ყოველივე ეს იძლევა საფუძველს, ვთქვათ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ე. წ. ჩერქეზთა გენოციდის აღიარება ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილია, არ არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და ემსახურება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად დაძაბვას. ამასთან, რა თქმა უნდა, როგორც ეს უკვე ნაწილობრივ აღინიშნა, აშშ თვითონ არ აპირებს წინა პლანზე გამოჩნდეს და რაიმე “გენოციდი” აღიაროს ჩრდილოეთ კავკასიაში.
მეხუთე. ე. წ. ჩერქეზთა გენოციდის აღიარება უხერხულობას ქმნის მეზობელ სომხეთთანაც, რომლის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თურქეთში სომეხთა გენოციდის აღიარება. საქართველოში ე. წ. ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხი დააყენეს ჩერქეზთა ერთ-ერთი დიასპორის ცალკეულმა წარმომადგენლებმა, რომლებსაც ოფიციალურ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში არავითარი სტატუსი არ გააჩნიათ. განსხვავებით ე. წ. ჩერქეზული გენოციდისგან, სომხების გენოციდის აღიარების საკითხს აყენებს სომეხთა სახელმწიფოს (როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის) ოფიციალური ორგანოები და ეს ზოგიერთი სახელმწიფოს პარლამენტმა აღიარა, საქართველოს კი ეს ნაბიჯი არ გადაუდგამს. ჩვენ არ ვაფასებთ, მართებული იქნება თუ არა სომეხთა გენოციდის აღიარება საქართველოს მიერ, მაგრამ ფაქტია, რომ პრიორიტეტი ცალმხრივად მიენიჭა ჩერქეზთა საკითხს. ამ ფონზე “ჩერქეზთა გენოციდის” აღიარებამ შეიძლება სომხეთის, ისევე, როგორც გავლენიანი სომხური დიასპორების გაკვირვება, განაწყენება და გააქტიურება გამოიწვიოს, რაც ქართულ მხარეზე შესაბამისი ზეწოლის პროვოცირებას მოახდენს.
მეექვსე. ლოგიკის მიხედვით, ჩვენი საკუთარი ისტორიის გადასახედიდან უნდა შევაფასოთ გარკვეული ეპიზოდები “გენოციდად”. საქართველოში ისტორიული მეხსიერება არ ჩამკვდარა და ერს ახსოვს მრავალსაუკუნოვანი ეროვნული უბედურება, რომელიც საქართველოს ისტორიაში “ლეკიანობის” საერთო სახელწოდებით შევიდა, როდესაც ჩრდილოკავკასიური ტომები რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სისტემატიურად არბევდნენ ქართულ სამეფო-სამთავროებს და ამან ასეულობით ათასი ქართველის გატაცების, დამონების, ხოცვა-ჟლეტის აურაცხელი ფაქტი განაპირობა. ქართველ ხალხს ისიც ახსოვს, რომ ამ საშინელებისგან ხსნას ქართველი მეფეები რუსეთის იმპერიასთან მჭიდრო თანამშრომლობაში ხედავდნენ და საბოლოოდ სწორედ რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კავკასიის მიერთებამ შეწყვიტა საქართველოს ხალხისა და მიწა-წყლის დაუნდობელი ძარცვა და გაჩანაგება.
ჩვენ, კონფერენციის მონაწილეები, მივიჩნევთ, რომ ისტორიული მეხსიერების აფორიაქების მცდელობა ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივების მიზნით, სისხლიანი კონფლიქტების პროვოცირება და მათი გამოყენება ცალკეული ქვეყნების გეოპოლიტიკურ ინტერესებში კატეგორიულად მიუღებელია. ეს განსაკუთრებით სახიფათოა კავკასიაში _ მრავალეროვნულ რეგიონში, რომლის ხალხებს ერთმანეთთან ურთიერთობის რთული ისტორია აქვთ. საქართველოს ხელისუფლების სწრაფვა, კავკასიის რეგიონში შორეული ქვეყნების ინტერესები და მითითებები განახორციელოს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საკუთარ ხალხს და ართულებს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას, რაც ცალსახად მიუღებელია და დაგმობის ღირსია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here