Home რუბრიკები პოლიტიკა ფრანგული გილიოტინა მიხეილ სააკაშვილისთვის

ფრანგული გილიოტინა მიხეილ სააკაშვილისთვის

1471

გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მიეწიაო, დაღმართზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ჩნდება სულ უფრო მეტი ნიშანი იმისა, რომ ჩვენი მდგომარეობა საგარეო არენაზე რთულდება, სააკაშვილის ხელისუფლებას კი ამ ვითარების გამოსწორებისთვის სათანადო რესურსი არ აქვს. სამამულო დიპლომატიის ზოგად ოლიგოფრენიულობას თავი რომც დავანებოთ, ფაქტია, ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ისე უსწორდება, როგორც მოსისხლე მტერს, უცხოელი პარტნიორები არა მხოლოდ ხელებს, არამედ დანარჩენ კიდურებსაც შეაწმენდენ. გასულ კვირას, ამ ტენდენციის ერთ-ერთი ნათელი გამოვლინება საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს სკანდალური ინტერვიუ გახდა.
 
ორმოდან – ორმოში, წუმპიდან – წუმპეში
ვიდრე ფრანგი დიპლომატის გამაოგნებელ განცხადებებამდე მივალთ, ყოველი შემთხვევისთვის აღვნიშნოთ, რომ ბოლო დროს, განსაკუთრებით კი 26 მაისის შემდეგ, სააკაშვილს ქვას ესვრის ყველა, ვისაც კი არ ეზარება. “საქართველოში ყველა მსხვილი ბიზნესი კონტროლდება ხელისუფლების ან მათთან დაახლოებული პირების მიერ,” – განაცხადა დისკუსიაზე “კარნეგის ფონდში” ბრიტანელმა ექსპერტმა თომას დე ვაალმა, რომელიც დღემდე სააკაშვილის ასე თუ ისე ერთგულ (მაქსიმუმ ორგულ) გულშემატკივრად ითვლებოდა. “მისი თქმით, საქართველოში ბოლო დროს განსაკუთრებით იგრძნობა დემოკრატიის ხარისხის გაუარესება, რაც გამოიხატება როგორც ბიზნეს-გარემოსთან, ასევე მედიასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით” (“ამერიკის ხმა”).
ამ ღირსმა ჯენტლმენმა სააკაშვილს ზემოთქმული არ აკმარა, დაეწია და “National Interest-ის ფურცლებიდან კიდევ ერთი ქვა სტყორცნა: “საქართველოს შემთხვევაში შემაშფოთებელია ის, რომ მმართველი პარტია არა მხოლოდ მთავრობასა და პარლამეტს, არამედ ყველა რეგიონულ ხელისუფალს აკონტროლებს”. მართალია, შემდეგ ავტორმა ტონი შეარბილა და დასძინა, რომ “სააკაშვილი ჰოსნი მუბარაქი არ არის”, თუმცა საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები ამ დღეებში ელაპარაკებიან სააკაშვილს არა მხოლოდ როგორც მუბარაქს, არამედ – როგორც ჩომ­ბეს და მობუტუს ერთად აღებულს და მოუწოდებენ, “დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული და დაპატიმრებული მშვიდობიანი დემონსტრანტები და 2011 წლის 26 მაისს მშვიდობიან შეკრებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ ყველა სახის ადმინისტრაციული ბრალდება და ჯარიმა გააუქმოს. დაუყოვნებლივ დაიწყოს ამომწურავი და მიუკერძოებელი გამოძიება ძალის გა­დამეტებით გამოყენების, საპატიმროებში დემონსტრანტთა მიმართ ცუდი მოპყრობის გამო და ძალადობაში დამნაშავენი სასამართლოს გადასცეს. ყველა დაზარალებული კომპენსაციით, რე­პარაციითა და რეაბილიტაციით უზრუნველყოს” და ა.შ. (მიმართვას ხელს აწერენ “მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ”, “ჰელსინკის ნორვეგიის კომიტეტი”, “ადამიანის უფლებების სახლი”, “ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ფედერაცია”).
სააკაშვილის ხელისუფლების პასუხი ამ მოწოდებებზე ძნელი ამოსაცნობი არ იყო. მაგალითად, რეკომენდაციას “გადახედოს 2009 წლის შეკრებებისა და მანიფესტაციის კანონს, რომელიც აწესებს შეზღუდვებს შეკრებებისა და დემონსტრაციების უფლებაზე, რათა ამ უფლებით თავისუფალი და დაუბრკოლებელი სარგებლობა უზრუნველყოს”, მან ისეთი დრაკონული კანონპროექტით უპასუხა, რომელიც საქართველოში საპროტესტო აქციების ჩატარებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის (ეს თემა დღევანდელ ნომერში ვრცლად განიხილება).
საინტერესოა, რომ ეს იყო არა მხოლოდ ჩამოთვლილი ორგანიზაციების, არამედ გაეროს ადამინის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის რეკომენდაცია. კიდევ ერთი, ირიბი პასუხი “Amnesty International”-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების შეშფოთებაზე, 14 ივნისის დემონსტრაციული ნაბიჯი იყო, როდესაც სახალხო დამცველს ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული ანგარიშის წარდგენა პარლამენტის თითქმის ცარიელ დარბაზში მოუხდა. “ინტერპრესნიუსის” ცნობით, მას ჯერ 39 დეპუტატი უსმენდა, რამდენიმე წუთში კი მათი რაოდენობა 28-მდე შემცირდა; არადა, მის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე რეგისტრაცია 82 დეპუტატმა გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ტუღუშმა კანონდარღვევის უამრავი ამაზრზენი ფაქტი ჩამოთვალა, ხოლო საპარლამენტო ოპოზიციამ მათზე გა­მოძიების დაწყება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა, პარლმენტმა სახალხო დამცველის ანგარიში მხოლოდ ცნობად მიიღო.
ეს საკმაოდ ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილის ხელისუფლება “დემოკრატიობანას” თამაშს და მასთან დაკავშირებულ რიტორიკას სულ უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს, თანაც ამისთვის რესურსი პრაქტიკულად აღარ დარჩა. სქემა ძალზე მარტივია და “მესამე სამყაროში” არაერთგზის აპრობირებული: ავტორიტარული რეჟიმი მხარდაჭერას მხოლოდ თავისი პროამერიკულობისთ­ვის მოითხოვს; ყველაფერს წყვეტს ძალადობა, მხოლოდ ძალადობა და არაფერი ძალადობის გარდა. ამ ანტიდემოკრატიულ ტენდენციებზე მსჯელობისას, პროფესორმა ლინკოლნ მიტჩელმა “RFE/RL”-თან საუბარში თქვა: “ეს გახდება დაბრკოლება არა მხოლოდ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, არამედ, საბოლოო ჯამში, ამერიკასთან ურთიერთობაშიც პრობლემებს შექმნის”.
მართალია, პატივცემულ პროფესორს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი ბარელი სისხლი უნდა დაიღვაროს საქართველოში იმისთვის, რომ სააკაშვილის ურთიერთობა ვაშინგტონთან გაფუჭდეს, თუმცა აქ, ალბათ, სხვა რამ არის მნიშვნელოვანი.
საერთაშორისო ურთიერთობებში “მესამე სამყაროს” ავტორიტარული რეჟიმი, რომლის ჩამოყალიბებას საქართველოში ძალიან ცოტა აკლია, განიხილება როგორც არარაობა, რომლის მიმართ ცივილიზებულ სახელმწიფოს შეუძლებელია რაიმე სერიოზული ვალდებულებები ჰქონდეს. საფრანგეთის წარმომადგენლების ბოლოდროინდელი განცხადებები, სავარაუდოდ, სწორედ ასეთ მიდგომაზე მიანიშნებს. უშუალოდ 26 მაისის დარბევის შემდეგ, 27-ში ნიკოლა სარკოზიმ შემდეგი განცხადება გააკეთა: “რაც შეეხება ჩემს ქართველ მეგობრებს, მე მჯერა, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ 2008 წლის შეთანხმებასთან დაკავშირებით. მათ კარგად იციან, რომ ეს შეთანხმება დაიდო მაშინ, როდესაც საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარე იყო და ამიტომ ახლა საქართველო სრულიად თავისუფალია რუსეთისგან (“la Georgie d`aujourd`hui est totalemen libre de la Russie”)”. ერთი შეხედვით, ამ განცხადებას 26 მაისთან არაფერი საერთო არ აქვს, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტმა პრაქტიკულად იდეალურად შეარჩია დრო, რათა (ფაქტობრივად) დაეფიქსირებინა, რომ ოფიციალური თბილისის განსხვავებული მოსაზრება აღნიშნულ თემაზე დიდად არ აინტერესებს.
იმ მომენტში, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებას ხელში სისხლიანი ხელკეტი ეჭირა, მას სარკოზისთან არ მარტო პოლემიკის გამართვის, არამედ მისი განცხადების კომენტირების თავიც არ ჰქონდა. ხოლო მოგვიანებით, შესაძლოა იმისთვის, რომ “შერიფის და ინდიელების” ურთიერთობების ნიუანსები საბოლოოდ გარკვეულიყო, ელჩმა ერიკ ფურნიემ ჟურნალ “თბილისელებს” ძალზე ნიშანდობლივი ინტერვიუ მისცა.
ჯობდა, გილიოტინა ეხმარა
როგორც ჩანს, იმ დღეს ერიკ ფურნიემ გადაწყვიტა, “Appeler un chat un chat” (“კატისთვის კატა ეწოდებინა”, ანუ ყველაფრისთვის თავისი სახელი დაერქმია). 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებებ­თან დაკავშირებით, მან დაახლოებით ისეთივე აქცენტები დასვა, როგორც სარკოზიმ: “მათი დამსახურებაა კონფლიქტის შეწყვეტა და რუსული სამხედრო ძალების გასვლა მათ მიერ დაკავებული ზონებიდან. ეს დიდხანს გაგრძელდა და გადაუჭრელი პრობლემებიც რჩება, მაგრამ არსებობს ჟენევის ფორმატი დიალოგის გასაგრძელებლად”.
ალბათ, მიშელ პლატინისაც შეშურდებოდა ის ელეგანტურობა, რომლითაც ელჩმა გვერდი აუარა ოფიციალური თბილისის თეზისს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსები ომამდელ პოზიციებს არ უბრუნდები­ან და ამით შეთანხმებას არღვევენ. ან სხვა რა უნდა ექნა, როდესაც მისი ქვეყნის მეთაური საქვეყნოდ აცხადებს:
“ახლა საქართველო სრულიად თავისუფალია რუსეთისგან”.
თუმცა გაცილებით რეზონანსული ფურნიეს სხვა განცხადება გამოდგა:
“ვინ წამოიწყო ომი? ვინ ისროლა პირველმა ცხინვალის მიმართულებით? თქვენ ვერ შეძლებთ ისტორიის ხელახლა დაწერას და პასუხისმგებლობის ძებნას სხვაგან და არა იქ, სადაც ის არის. ამასთან დაკავშირებით, თუ ცოტა შორს მოვძებნით, ახსნა-განმარტება უნდა მოსთხოვოთ მენშევიკურ რესპუბლიკას, რომელმაც 1921 წელს ოსეთის მოსახლეობა გაჟლიტა (4000 დაღუპული, 25000 ლტოლვილი) და არა საფრანგეთს ან სხვა სახელმწიფოებს. ამ საქმეში რეალური პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მხარის ნაციონალიზმს, რომელიც ევროპის ომების უმრავლესობის საფუძველი იყო, რომელიც, საბედნიეროდ, გადავლახეთ და ავირჩიეთ სხვა ღირებულებები, რომლებიც წარმოსახვითი ერების ოცნებებზე მაღლა დგას”.
ამ განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ მოკრძალებული კდემამოსილებით თუ კდემამოსილი მოკრძალებით, მოკლედ, ფართოდ გახელილი თვალებით თქვა: “ძალიან ძნელია ნებისმიერი სახის შეფასების გაკეთება მანამ, სანამ ჩვენ არ გავესაუბრებით თავად ელჩს და არ ვკითხავთ, თუ რა იგულისხმა მან ან რა ფორმით იყო ამ ტიპის განცხადება გაკეთებული. მითუმეტეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ ქვეყნის წარმომადგენელზე, რომელსაც წამყვანი როლი ჰქონდა რუსეთ-საქართველოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაში”.
ნინო კალანდაძის ზოგადი მოკრძალებულობის გამო “თავისუფლება ბარიკადებზე” ამჯერად პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ განასახიერა: “წესით, ხელისუფლებამ, ერიკ ფურნიე პერსონა ნონ გრატად უნდა გამოაცხადოს და მას საქართველოს დატოვება უნდა მოსთხოვოს”, – განუცხადა მან “კვირის პალიტრას”.
კაცმა რომ თქვას, მთელ ამ სიტუაციას ძალიან მოუხდებოდა სცენა ლუის ბუნიუელის “ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლიდან” ცნობილი დიალოგით:
“- მესიე, თქვენ რესპუბლიკა მირანდას შეურაცხყოფა მიაყენეთ!
– მე კი ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ რესპუბლიკა მირანდა პატივისცემას არ იმსახურებს!”.
ვიდრე ელჩის განცხადების არსებით განხილვაზე გადავალთ, ერთ ნიუანსს აუცილებლად უნდა შევეხოთ. თუ ვინმე “წარმოსახვითი ერის” ხსენებაზე გამწარდება და იმის გახსენებას დაიწყებს, რომ ქართველების, როგორც ერის, ისტორია გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე მესიე ერიკის შორეული წინაპრები თავის ხლოდვიგთან ერთად ხეებიდან ჩამოძვრებოდნენ, ალბათ, უნდა გა­ითვალისწინოს, რომ ფრანგული სიტყვა “ნატიონ (და მის უკან მდგომი ცნება) ერს ახალი დროის სახელმწიფოებრიობასთან მჭიდრო კავშირში განიხილავს. ფურნიე ამ შემთხევაში, ალბათ, უფრო “წარმოსახვით”, თანამედროვე გაგებით, “არშემდგარ” სახელმწიფოზე საუბრობდა.
რაც შეეხება აგვისტოს ომის დაწყებას, აქ ფურნიეს მოსაზრება არ განსხვავდება “ტალიავინის კომისიის” პოზიციისგან: “მისიის თვალსაზრისით, ომი გამოიწვია საქართველომ, როდესაც შეუტია ცხინვალს მძიმე არტილერიით, 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამით” და ახალი ამაში არაფერია. მაგრამ მენშევიკების დროინდელ ამბებზე საუბარი დასავლელი დიპლომატის მხრიდან მართლაც უპრეცედენტოა და სააკაშვილის ხელისუფლებისთვის, სავარაუდოდ, შოკისმომგვრელი იყო. რატომ გააკეთა ეს განცხადება საფრანგეთის ელჩმა?
შენ ეს გინდოდა, ჟორჟ დანდენ…
როდესაც ქართველი პარლამენტარები ჩერქეზების გენოციდის საკითხს განიხილავდნენ, წინდახედული ხალხი მათ აფრთხილებდა, რომ ამას მოსკოვის მხრიდან მკვეთრი საპასუხო ნაბი­ჯი მოჰყვებოდა. 1920 წლის ამბები წინა პლანზე კრემლს აგვისტოს ომის დროსაც არ წამოუწევია, თუმცა ახლახან მოსკოვში ამ საკითხის განხილვა მეცნიერების დონეზე (საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ბაზაზე) დაიწყო, შემდეგ შესაბამის დადგენილებას, ალბათ, რუსი პარლამენტარები განიხილავენ.
აქამდე მსოფლიოში ამ თემაზე პრაქტიკულად არ საუბრობდნენ, თუმცა თუ საქმეში რუსეთის საინფორმაციო მანქანა ჩაერთვება, ვითარება, ცხადია, შეიცვლება. ეს კი, თავის მხრივ, კოკოითის ხელისუფლე­ბას შესაძლებლობას მისცემს, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი საზღვარგარეთ მისთვის გაცილებით ხელსაყრელ საინფორმაციო ფონზე წამოაყენოს. ვერაფერს ვიზამთ, “tu l’as voulu, Georges Dantin!” (შენ მართლა ეს გინდოდა, ჟორჟ დანდენ, როდესაც “ჩერქეზული საკითხი” წამოწიე?!)
ისე, როდესაც თავის დროზე ოსებმა დაიწყეს საუბარი, რომ 1920-ში მათ სასტიკად გაუსწორდნენ, მათთვის, როგორც მინიმუმ, უნდა მოგვესმინა, შემდეგ, ალბათ, შეგვექმნა ქართველი, ოსი და, შესაძლოა, უცხოელი ისტორიკოსებისგან შემდგარი კომისია, რომელიც ჭეშმარიტების დადგენაზე იმუშავებდა. ასეთ საქმეებში იმის გამოძიება, თუ რა მოხდა სინამდვილეში, რას აკეთებდა როგორც ერთი, ისე მეორე მხარე, შეგროვებული ინფორმაციის გააზრება შერიგების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. ორი მოძმე ერის ურთიერთობის ისტორიაში კითხვის ნიშნების დატოვება კი, უბრალოდ, არ შეიძლება. დღეს, ომის შემდეგ, საუბარი პრობლემების ერთობლივ, მშვიდობიან გადაწყვეტასა და შერიგებაზე შეიძლება ერთობ არააქტუალურად მოგვეჩვენოს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ გზას ალტერნატივა არ აქვს.
რაც შეეხება, ერიკ ფურნიეს განცხადებას, მის მიღმა შეიძლება ძალიან მარტივი პოლიტიკური ქვეტექსტი იდგეს: “თამაშის წესები შეიცვალა. თქვენი ხმა არ გავიგონო!”
როგორც უკვე ვთქვით, პატარა ქვეყნის, პირობითი “რესპუბლიკა მირანდას” ავტორიტარულ რეჟიმს საერთაშორისო არენაზე ხმის ამოღების უფლება, ფაქტობრივად, არ აქვს, თუნდაც საქმე მის სასიცოცხლო ინტერესებს ეხებოდეს. ადეკვატურ, დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას კუთხეში ასე ვერავინ დააყენებდა, მაგრამ სააკაშვილი 26 მაისის სახელობის ხელკეტით ხელში დღეს გაცილებით დაუცველ პოზიციაში იმყოფება.
სააკაშვილთან საუბარი დასავლელ პარტნიორებს, როგორც ჩანს, უკვე საუკეთესო კოლონიურ სტილში შეუძლიათ: “შერიფს ინდიელების პრობლემები არ ეხება” და “ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ”. ეს, ალბათ, “ქართული დიპლომატიის მორიგი გამარჯვებაა”, მორიგი აღმაფრენა, მორიგი ტრიუმფი…
დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here