Home რუბრიკები პოლიტიკა შოკისმომგვრელი დასკვნა ქართულ დემოკრატიაზე, ანუ როგორ შექმნა სააკაშვილმა კოლონიალური ავტორიტარიზმი

შოკისმომგვრელი დასკვნა ქართულ დემოკრატიაზე, ანუ როგორ შექმნა სააკაშვილმა კოლონიალური ავტორიტარიზმი

1088

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ” ქვეყნის მნიშვნელოვან ინსტიტუტებთან დაკავშირებით დასკვნები და რეკომენდაციები წარმოადგინა, რომელშიც საუბარია, რომ ქვეყანაში კორუფციული და ბიუროკრატიული სისტემა მძვინვარებს. დასკვნაში ასევე საფუძვლიანად არის დასაბუთებული საქართველოს ეროვნულ ანტიკორუფციულ სისტემაში არსებული დისბალანსი და იმის ამოკითხვაც შეიძლება, თუ როგორ შექმნა საქართველოს პრეზიდენტმა ავტორიტარული მმართველობის გამართული სისტემა ცალკეული ინსტიტუტებისგან.

დასკვნაში ნათქვამია, რომ აღმასრულებელი შტო და სამართალდამცავი ორგანოები განსაკუთრებით ძლიერები არიან. რომ სერიოზული პრობლემაა  დაუსჯელობის სინდრომით გამოწვეული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მკაფიო ტენდენცია. სააკაშვილმა მოახერხა, რომ პარლამენტში უმრავლესობა ჰყოლოდა, დასკვნაში კარგად არის ახსნილი, თუ რა მრავალმხრივი შედეგი მიიღო ამით:P
“პოლიტიკური პარტიების სისუსტესა და აღმასრულებელი შტოს სიძლიერეს შედეგად მოაქვს ერთი პარტიის სრული დომინირება პარლამენტში, ადგილების დაახლოებით 80 პროცენტი, მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ორი მესამედიც საკმარისია. პარლამენტის ერთპარტიული შემადგენლობა მნიშვნელოვნად ამცირებს საკანონმდებლო შტოს დამოუკიდებლობას… დამოუკიდებელი პარლამენტის არქონისა და პრეზიდენტისა და მისი კაბინეტის მიმართ საკანონმდებლო შტოს ლოიალურობის შედეგად, პარლამენტი, ფაქტობრივად, ვერ იყენებს იმ ფართო უფლებამოსილებებს, რომლებიც ზედამხედველობის კუთხით აქვს…
ეს ნაკლოვანებები ამცირებს კონტროლის პალატის დამოუკიდებლობას და მის შესაძლებლობებს დარღვევის გამოვლენის მხრივ, ვინაიდან ნაკლებად სავარაუდოა, რომ არსებულმა პარლამენტმა რეაგირება მოახდინოს აღმასრულებელი შტოს მაღალ ეშელონებში კონტროლის პალატის მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე, რაც კიდევ უფრო ამცირებს აღმასრულებელი შტოს ანგარიშვალდებულებას.
ანალოგიურად, უკანასკნელი წლების მანძილზე სახალხო დამცველის დასკვნები და რეკომენდაციები მთელ რიგ შემთხვევებში უგულებელყოფილი იქნა საკანონმდებლო შტოს მიერ. პარლამენტში ერთი პარტიის თითქმის სრული დომინირება ასევე ამცირებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა შესაძლებლობას, რათა ზეგავლენა მოახდინონ პოლიტიკაზე ადვოკატირების მეშვეობით”.
დასკვნაში ასევე საუბარია, რომ საკანონმდებლო შტოს სისუსტეს მჭიდრო კავშირი აქვს სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, რადგან პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და წევრებს ნიშნავს, რომლებიც შემდგომში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვედა დონის მოსამართლეების დანიშვნის საკითხში.
საკანონმდებლო შტოს არსებული შემადგენლობა ისეთ გარემოს ქმნის, სადაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურად მოტივირებული დანიშვნების ალბათობა დიდია. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი კი ასუსტებს აღმასრულებელი შტოსა და სამართალდამცავი უწყებების ანგარიშვალდებულებას. სასამართლოს დამოუკიდებლობა კიდევ უფრო მცირდება სამართალდამცავი უწყებების მიერ მასზე განხორციელებული უკანონო გავლენის შედეგად. სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობა, თავის მხრივ, ზეგავლენას ახდენს არჩევნების მმართველი ორგანოს ანგარიშვალდებულებაზე, რადგანაც იშვიათად ხდება სასამართლოების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა დასჯა ჩადენილი დარღვევების გამო და ბიზნესის დამოუკიდებლობაზე, რადგანაც სასამართლო ვერ იცავს კერძო კომპანიებს მათ საქმიანობაში ხელისუფლების თვითნებური ჩარევისაგან.
მოკლედ რომ ვთქვათ, ქვეყნის კოლონიად ქცევის მიზეზი ის არის, რომPპარლამენტი არ არის დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და ვერ ახორციელებს ეფექტურ ზედამხედველობას. აღმასრულებელი შტოს ანგარიშვალდებულება სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი, უპირველესად, პარლამენტისა და სასამართლოს სისუსტის გამო. სასამართლო გაუმჭირვალეა და საქმიანობაში უკანონო ჩარევას განიცდის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. საჯარო სამსახური არ არის დაცული პოლიტიკური გავლენისა და ჩარევისგან, რაც ძირს უთხრის საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებლობას. იქ არ ხდება გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების მარეგულირებელი ნორმების თანმიმდევრულად და სრულად დაცვა.
შუშის შენობებში კი გადასხდნენ, მაგრამ კვლავ გაუმჭირვალეა სამართალდამცავი უწყებების საქმიანობა, მათი ანგარიშვალდებულება არ არის თანმიმდევრულად უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ამ უწყების მაღალი თანამდებობის პირებს ეხება. ადგილი აქვს პარტიულ ჩარევას სამართალდამცავი უწყებების საქმიანობაში, რასაც შედეგად სამართლებრივი დევნის შერჩევითი წარმოება და კანონის შერჩევითი აღსრულება მოაქვს. კონტროლის პალატა განიცდის პრობლემებს შესაძლებლობების მხრივ. საარჩევნო ადმინისტრაცია დამოუკიდებელი არ არის. მას არ შეუძლია პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების სათანადო რეგულირება. ვერ ახერხებს საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის სათანადოდ რეგულირებას _ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, ხმების დათვლასა და შეჯამებას, საჩივრების განხილვას.
ყველაზე გავლენიანი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები დამოუკიდებელნი არ არიან და მეტად მიკერძოებულად აშუქებენ მოვლენებს, არ არის გამჭირვალე მედიის მფლობელობა. იგი ვერ ახერხებს კორუფციის ფაქტების გამოვლენასა და საზოგადოების ინფორმირებას მმართველობის საკითხების შესახებ… მიჩნეულია, რომ მთავრობამ კონტროლი დაამყარა ქვეყნის ყველაზე გავლენიან მედია-საშუალებებზე, ნაციონალურ ტელეარხებზე, მთავრობის მომხრე ბიზნესმენის მიერ მათი შესყიდვის გზით.
ბიზნესი არ არის დაცული მის საქმიანობაში უკანონო ჩარევისგან, არ მონაწილეობს ანტიკორუფციული პოლიტიკის ფორმულირებაში, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებასთან მისი კავშირი სუსტია. სისტემაში არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი წრიულია, რომელიც ერთპიროვნულ მმართველობას ქმნის, რომლის გამოსასწორებლადაც “საერთაშორისო გამჭირვალობა _ საქართველო” რეკომენდაციებს ხელისუფლებას უხვად სთავაზობს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს სისტემა სწორედ ავტორიტარული მმართველობისთვის შეიქმნა და ეჭვგარეშეა, რომ ამ ნაკლოვანებების გამოსწორება მის შემოქმედს არ სურს.
სოფო გელაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here