მთავარი პოლიტიკა სააკაშვილმა ისევ ყველაფერი გააფუჭა

სააკაშვილმა ისევ ყველაფერი გააფუჭა

600
გააზიარეთ

,,ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ იმის მესამედი გააკეთა, რის გაკეთებაც ჯერ კიდევ შეუძლია,” _ განაცხადა ბუბა კიკაბიძემ გასულ კვირას. კაცმა რომ თქვას, ალბათ, გაცილებით ჰუმანური იქნება, ამერიკელმა პარტნიორებმა ერთი მოზრდილი ბირთვული ბომბი გვესროლონ, ვიდრე სააკაშვილმა საკუთარი ძალისხმევა გაასამმაგოს; სამჯერ მეტი ტერიტორიის დაკარგვა, სამჯერ მეტი გაჭირვება და უსამართლობა _ ამის წარმოდგენაც კი ნებისმიერ ქართველს ღრმა დეპრესიაში ჩააგდებს. არადა, იმის ალბათობა, რომ ყოველივე ეს ნამდვილად მოხდება, მაღალია როგორც არასდროს და ამას ობიექტური წინაპირობები აქვს.

სად ვართ? საით გვაქვს გზანია?
26 მაისის შოკის შემდეგ ქართულ საზოგადოებაში ისედაც მყარად დამკვიდრებული არასტაბილურობის შეგრძნება განსაკუთრებით მძაფრი გახდა. უაღერესად ბუნდოვანი პერსპექტივიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად მას აინტერესებს, თუ ,,რა მოხდება შემდეგ?”, ხოლო მიმდინარე მოვლენებზე, პოლიტიკურ აწმყოზე მსჯელობის სურვილი ნაკლებად აქვს. საზოგადოება, როგორც ჩანს, ცდილობს, მაქსიმალურად სწრაფად დაშორდეს წერტილს, სადაც ახლა იმყოფება.
ეს ძალიან ჰგავს პანიკურ გაქცევას ადგილიდან, სადაც დიდი უბედურება ტრიალებს; შუა საუკუნეებში შავი ჭირის ეპიდემიის კერებს ხალხი, ალბათ, სწორედ ასე, უკანმოუხედავად გაურბოდა. არადა, მშვენიერი მომენტია იმისთვის, რომ მკაფიოდ დავაფიქსიროთ სხვაობა პოლ გოგენის ცნობილ კითხვასა და მის ქართულ ვერსიას შორის: ერთის მხრივ, _ ,,საიდან მოვდივართ? ვინ ვართ? საით მივდივართ?”, მეორეს მხრივ კი _ ,,ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? სად ვართ? საით გვაქვს გზანია?”. კოორდინატების ზუსტად დადგენის გარეშე მომავალზე საუბარი ძალიან გაჭირდება; იმის განსაზღვრა. თუ ,,სად ვართ” დღეს, ალბათ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
პოლიტიკური პროცესი, ნუგზარ წიკლაურის კოგნიტური პროცესისგან განსხვავებით, ქაოტური, სტიქიური უბედურების მსგავსი რამ არ არის. ის შეიძლება შევადაროთ სახლს (თუ საპატიმროს?), რომელსაც გარკვეული შაბლონისა და წინასწარ დამტკიცებული გეგმის მიხედვით აშენებენ. იმის ამოცნობა, თუ რას გააკეთებენ მშენებლები ხვალ, არც ისე რთულია, თუმცა როდესაც საქმეს ხელს ცუდი მშენებელი, ძველად რომ იტყოდნენ, ,,უბადრუკი ქვისმთლელი” ჰკიდებს, სამშენებლო მოედანი ფსიქიატრიულ კლინიკას ემსგავსება. დაახლოებით ასეთი სიტუაციაა დღეს საქართველოში, თუმცა ეს არც გეგმის გაუქმებას და არც მშენებლობის შეწყვეტას ნიშნავს.
29 დეკემბერს ,,საქართველო და მსოფლიომ” 2011 წლის პოლიტიკური პროგნოზი გამოაქვეყნა. იქ (მათ შორის) განხილული იყო შიდაპოლიტიკური ცხოვრების ორი სავარაუდო ეტაპი, რომელთა მიჯნაზე, როგორც ჩანს, სწორედ ახლა ვიმყოფებით. იმ პროგნოზიდან ორი მოცულობითი ციტატის მოყვანა დაგვჭირდება, რაც პროგნოზის ფორმულირებას გაგვიიოლებს.
ციტატა: ,,2011 წელი, საკმაოდ დიდი ალბათობით, რადიკალურ ოპოზიციაზე გადამწყვეტი შეტევის, ერთგვარი პოლიტიკური ,,ზაჩისტკის” წელი გახდება, უპირველესად, ეს ნინო ბურჯანაძესა და მის პარტნიორ ორგანიზაციებს შეეხება. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამ მიმართულებით?
პირველ ეტაპზე, რომლის დაწყებას ბევრი არაფერი აკლია, ხელისუფლება, სავარაუდოდ, შეეცდება, ნინო ბურჯანაძესა და მის გარშემო გაერთიანებულ ძალებს საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალებები მაქსიმალურად შეუზღუდოს. ამასთანავე, ის ამ ბანაკში შიდა განხეთქილების პროვოცირებას შეეცდება და ხელს შეუწყობს მასზე სხვა ოპოზიციური ჯგუფების საინფორმაციო თავდასხმას, იქნება ეს ლევან გაჩეჩილაძე და ,,ქართული პარტია” თუ ირაკლი ალასანია თავისი მოკავშირეებით. ყოველივე ამის მიზანი შეიძლება არა მხოლოდ მოწინააღმდეგის დასუსტება იყოს…
ვინაიდან ამ შეტევის ობიექტი პოლიტიკურ და საზოგადოებასთან ურთიერთობის ტექნოლოგიებში ხანდახან ძლიერ მოიკოჭლებს. მან შეიძლება ადეკვატური პასუხი ვერ გასცეს ამ გამოწვევებს და შეექმნას მყარი შთაბეჭდილება, რომ ყოველ ახალ დღეს მისთვის საოპერაციო სივრცის შეზღუდვა და მის ხელთ არსებული რესურსების შემცირება მოაქვს. ასეთ სიტუაციაში, საპროტესტო აქციების აგორებასთან დაკავშირებით, ის შეიძლება შემდეგ დასკვნამდე მივიდეს: ,,რაც _ მალე, მით უკეთესი”. თუ რადიკალური ოპოზიცია პროტესტის ,,უკანასკნელ ტალღას” სათანადო მომზადების გარეშე ააგორებს, ამ სიტუაციისგან ,,მოდელირებული”, წარუმატებელი ,,ბიშკეკის” მიღება ხელისუფლებისთვის მხოლოდ ტექნიკის საქმე იქნება.
ეს მოვლენათა განვითარების ძალზე მძიმე სცენარია, რომელიც, სამწუხაროდ, შეიძლება ბევრ პოლიტიკურ ძალას აწყობდეს, რადგან მას პოლიტიკური სივრცის მათთვის სასურველი გადაფორმატება მოჰყვება. ჩემი სუბიექტური შეფასებით, მსგავსი პროცესების განვითარების ალბათობა საკმაოდ დიდია”.
ამ სავარაუდო (რაღა სავარაუდო?) გეგმის 100%-იანი რეალიზებისთვის ხელისუფლებას დასკვნით ეტაპზე სწორედ რომ ,,ტექნიკა” არ ეყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი პროპაგანდა 24-საათიან რეჟიმში გვიმტკიცებს, რომ ადგილი სახელმწიფო გადატრიალების აშკარა მცდელობას ჰქონდა, საკმარისი დამადასტურებელი ფაქტები, ისეთი, როგორიც იქნებოდა, მაგალითად, ოპოზიციონერების შეჭრა ადმინისტრაციულ შენობებში ან განცხადება ხელისუფლების აღების შესახებ, საზოგადოებამ ვერ იხილა.
ყოველივე ამის პროვოცირების მცდელობას ადგილი, როგორც ჩანს, ნამდვილად ჰქონდა.  ,,სახალხო კრებაში” იყო (სავარაუდოდ) ინფილტრირებული პროვოკატორების აქტიურობა; ასევე იყო 26 მაისს ალყაშემორტყმული მომიტინგეებისთვის პარლამენტის შენობისკენ გასასვლელის დატოვებაც, თუმცა ,,ბიშკეკის მოდელირება” მაინც ვერ მოხერხდა. ოპოზიციონერთა მხრიდან მასობრივი კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შემთხვევაში, საზოგადოება (და უცხოელი პარტნიორები) სააკაშვილის პოლიციის არაადამიანურ მოქმედებას, შესაძლოა, რაიმე გამართლებას მოუძებნიდა, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა, შესაბამისად, სადისტური დარბევის გამართლებაც შეუძლებელი შეიქნა.
ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ ტაქტიკური მომენტია, თუმცა დარბევამ და ხსენებულმა პოლიტიკურმა ,,ზაჩისტკამ” ყოველივე ამის გათვალისწინებით, ალბათ, ლეგიტიმურობის (ფართო გაგებით) 90% დაკარგა. ამ გარემოებამ კი დღის წესრიში სავარაუდო სცენარების კორექტირების საკითხი დააყენა.
როდესაც მესამე ზედმეტია
რაც შეეხება მომდევნო ეტაპს, მასზე იმავე 29 დეკემბრის პროგნოზში ,,საქართველო და მსოფლიო” წერდა: ,,2011 წლის შემოდგომა, სავარაუდოდ, პოლიტიკური სპექტრის ორპოლუსიან მოდელზე (სააკაშვილი-ალასანია) გადაწყობას დაუკავშირდება. იქნება ბევრი ხმაური, თუმცა მნიშვნელოვანწილად ეს დაპირისპირება წარმოსახვითი იქნება, როგორც ,,მოქკავშირი”- ,,აღორძინების” ბატალიები 1999 წლის არჩევნების წინ. იმ მომენტისთვის, როგორც უკვე ვთქვით, ხელისუფლება, სავარაუდოდ, რადიკალური ოპოზიციის ,,ზაჩისტკას” მოახდენს. ირაკლი ალასანია და მისი მოკავშირეები კი 2012 წლის არჩევნებისთვის მზადებას კი უფრო ადრე დაიწყებენ, ვიდრე ეს ქართველ პოლიტიკოსებს სჩვევიათ. გაისად, განსაკუთრებით შემოდგომაზე, ისინი ახალი პოლიტიკური (საარჩევნო ბლოკის კონსოლიდაცია) და მედიაპროექტების განხორციელებას შეეცდებიან.”
თუმცა იმისთვის, რომ სააკაშვილი-ალასანიას სახელობის ბიპოლარულ მოდელზე გადაწყობა მოხდეს, თამაშიდან უნდა ამოგდებულ იქნას ქართული პოლიტიკის ,,ბერმუდის სამკუთხედის” მესამე საკვანძო ელემენტი, ნინო ბურჯანაძე. პროპაგანდა დაჟინებით კი ირწმუნება, რომ მიზანი უკვე მიღწეულია, თუმცა ეს სიმართლეს, ალბათ, მაინც არ შეესაბამება. თუნდაც საინფორმაციო ასპექტი რომ ავიღოთ, ვნახავთ, რომ ბურჯანაძე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ (თუ არა #1) ნიუსმეიკერად, ახალი ამბების შემქმნელად რჩება. დღეს, აქტიური მცდელობის მიუხედავად, ირაკლი ალასანია ამ პოზიციაზე გასვლას ვერ ახერხებს ან რა ქნას ალასანიამ, როდესაც სააკაშვილი, იმის ნაცვლად, რომ ბურჯანაძე თამაშიდან გაიყვანოს, თავისი მოუზომავი ნაბიჯებით, ფაქტობრივად, აძლიერებს მას? შექმნილი ვითარება პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ,,მედიანიუსთან” საუბარში ასე შეაფასა: ,,აქციის უშედეგოდ დასრულება ,,სახალხო კრების” მიმართ საზოგადოების ნდობაზე უარყოფით გავლენას მოახდენდა, მაგრამ ხელისუფლებამ იმისთანა რამ ჩაიდინა, რომ ,,სახალხო კრების” მიმართ ნდობის საკითხი გადაფარა კარდინალურმა უნდობლობამ, პროტესტმა ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკისადმი. ამ საპროტესტო მუხტის ფონზე, მაშინ, როდესაც, ფაქტობრივად, პროტესტის მატარებელი პოლიტიკური ძალა საქართველოში,  ,,სახალხო კრების” გარდა, უკვე არც ერთი აღარ არსებობს, ვგულისხმობ აქტიურ ძალებს, რადგან დანარჩენები პასიურ მდგომარეობაში არიან. ალბათ, ,,სახალხო კრებას” აქვს იმის პერსპექტივა, რომ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიპოვოს”.
როგორც ჩანს, წინასაარჩევნო პერიოდამდე დარჩენილ მოკლე დროში ხელისუფლება შეეცდება, ,,სახალხო კრებას” ნებისმიერ ფასად (!) ,,ბულდოზერით გადაუაროს”, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საფრთხის ქვეშ დააყენებს ბიპოლარულ საინფორმაციო მოდელზე დაფუძნებულ არჩევნებს, ხელისუფლების შემდგომ გადაფორმატებას და ა.შ. სახლის მშენებლობასთან გავლებულ პარალელს თუ დავუბრუნდებით, ვნახავთ, რომ სააკაშვილმა თავისი უხეში, იმპულსური მოქმედებით (მთვრალი ბულდოზერისტის ქცევას ჰგავს) საფრთხე არქიტექტორის გეგმასა და მშენებლობის გრაფიკს უკვე შეუქმნა.
სააკაშვილის ამერიკელი მეგობრები ლათინოამერიკულ ქვეყნებში ძალიან ხშირად იყენებდნენ ორპარტიულ მოდელს, სადაც ერთმანეთთან თითქოსდა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმული, თუმცა ვაშინგტონზე ორიენტირებული ორი (საბოლოო ჯამში, მარიონეტული) ძალა უპირისპირდება ურთიერთს. ეს სისტემა არჩევანის თავისუფლებისა და დემოკრატიის ერთგულების საკმაოდ მყარ ილუზიას ქმნის. რაც უფრო გაძლიერდება აშშ-ის გავლენა საქართველოში, ამ მოდელს, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტად მივუახლოვდებით. 2012 წლის არჩევნები ამ ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად განიხილება.
ეს არ ნიშნავს, რომ 2012-ის შემდეგ სისტემა დასრულებულ სახეს მიიღებს და მასში ინტეგრირებული ოპოზიცია მმართველი ჯგუფისგან სრულიად დამოუკიდებელი ან თანაზომადი ბერკეტების მქონე გახდება. თუმცა იდეაში ამ არჩევნებს ერთპარტიულ მმართველობასთან რამდენიმე (ალბათ, უფრო სიმბოლური) ნაბიჯით უნდა დავეშორებინეთ. გარდამავალ, პოსტსაბჭოთა ეტაპზე, ფაქტობრივი ერთპარტიულობა სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთადერთ შესაძლებელ მექანიზმს წარმოადგენდა, თუმცა დღეს, შეცვლილ პირობებში, მას, კრიზისების მუდმივი წარმოქმნის გარდა, არანაირი ,,სარგებელი” აღარ მოაქვს. მართული ორპოლუსიანი სისტემა, პრინციპში, გაცილებით სტაბილურია, თუმცა ,,მესამე ძალის” გამოჩენა და გაძლიერება მის ფორმირებას აფერხებს.
რევოლუცია ისე არ მოდის
დღეს ქვეყანა, ალბათ, საინტერესო წერტილში, გზაგასაყართან იმყოფება: ან კვლავინდებურად თანდათანობითი ,,ბიპოლარული ტრანსფორმაციის” გზით წავალთ (წაგვიყვანენ), ან სააკაშვილი სომოსას როლს მოირგებს. არის კიდევ ერთი ნაკლებად სავარაუდო, თუმცა შესაძლებელი ვარიანტი: იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი ყოვლად უიმედო შეიქმნება, ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ, რომ მარიონეტების მთელი ამ თეატრის მფლობელი აამოქმედებს რეჟიმის სასწრაფოდ შეცვლის გეგმას, საქმეში ჩახედული გერმანელები რომ იტყოდნენ, “Operation Walkure “-ს დაქოქავს.
თუმცა უცხოელი პარტნიორებისთვის ყველაზე სასურველ ,,სამუშაო ვარიანტად”, ალბათ, მაინც არჩევნებთან და რეჟიმის ნელ (ასე, 7-8 წელიწადზე გაწელილ) ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული სცენარი უნდა განვიხილოთ. არადა, დღეს ყველაფერი, თითქოსდა იმაზე მიანიშნებს, რომ სააკაშვილი აღვირახსნილი დიქტატურის ჩამოყალიბების გზას მიუყვება.
სააკაშვილი სიტუაციას, ერთი შეხედვით, მყარად აკონტროლებს, თუმცა პოლიტიკურად, ალბათ, მაინც სუსტდება, ,,სისხლისგან იცლება”, თანაც სწრაფად. მან საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილთან მისასვლელი გზა, სავარაუდოდ, სამუდამოდ მოიჭრა, ხოლო 26 მაისის შემდეგ დემოკრატი მმართველის იმიჯს მას უკვე მამაზეციერიც ვერ მოარგებს.
მართალია, დახასიათება “Western-oriented“-ი (დასავლეთზე ორიენტირებული) ისევ ძალაშია, თუმცა ცალკე აღებული ის განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს; “Western-oriented“ ათასი მამაძაღლი იყო, რომელიც ვაშინგტონმა ნახმარი ხელთათმანივით სანაგვეზე მოისროლა.
ამერიკელებისთვის კი არსებითი მნიშვნელობა, სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე ფაქტორს აქვს: ა) რამდენად ეფექტურად ინარჩუნებს სააკაშვილი კონტროლს ქვეყანაზე და რამდენად მყარია მისი პოზიციები; ბ) რამდენად შორს წავა იმისთვის, რომ ვაშინგტონის სურვილები დააკმაყოფილოს; გ) რამდენად ძვირი დაუჯდება აშშ-ს კონკრეტული რეჟიმის შენარჩუნება (ან მისი შეცვლა) საგარეო-პოლიტიკურ, ფინანსურ და საიმიჯო ასპექტში, მოსალოდნელ ამონაგებთან შედარებით. სულ ეს არის, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პროცესებს ძალზე ემოციურად აღვიქვამთ, სინამდვილეში მათ უკან საბუღალტრო დოკუმენტაციასავით პროზაული გათვლები დგას, თავისი პლიუსებითა და მინუსებით, მოგებით, ზარალითა და საერთო ბალანსით.
ამ ჩამონათვალის “ბ“ პუნქტი ვაშინგტონზე მიბმულ ნებისმიერ ქართველ პოლიტიკოსს უბიძგებს, საკუთარი ქვეყანა კიდევ უფრო მორჩილი გახადოს, ფაქტობრივ კოლონიად აქციოს. სანამ თამაშის ეს წესი ძალაშია და ვიდრე ლეგიტიმურობის მთავარ წყაროდ საქართველოს მმართველებისთვის თეთრი სახლი რჩება, ჩვენ, სავარაუდოდ, ვერ მივაღწევთ ვერაფერს, გარდა იმისა, რომ ერთ მარიონეტს, მეორე, ცოტა უფრო დავარცხნილი ჩაანაცვლებს.
მართალია, ეს ძლიერ სასიხარულო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც სააკაშვილის ხელისუფლებიდან გაშვება ღირსების საქმედ იქცა, მაგრამ ,,რევოლუციას” ამას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. საუბარი რევოლუციაზე ადეკვატური, ალბათ, მხოლოდ მაშინ გახდება, თუ საპროტესტო მოძრაობას გამოკვეთილად ანტიკოლონიური, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ხასიათი ექნება და ის თამაშის წესების გადახედვისკენ იქნება მიმართული; თუმცა ვიდრე იქამდე მივალთ (თუ მივალთ), ალბათ, მაინც მოგვიწევს პასუხის გაცემა მთავარ კითხვაზე ,,სად ვართ?”, რომელსაც ასე უკანმოუხედავად გაურბივართ.
დიმიტრი მონიავა

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. მიხო მაგარიაააა

    ოღონდ გორშიიიი

    რას დარბოდა გორში მიხო:)))

    აეეე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here